ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -
ტერენტი გრანელი
ქვეყნისა და ხალხის მხურვალე მოტრფიალე ტერენტი იმ ინტელიგენციის მხარეზე დადგა, რომლის მიზანი რუსეთის იმპერიალისტური რეჟიმისაგან განთავისუფლება იყო. იგი წერდა: „ეროვნული თავისუფლება ეს უდიდესი პრობლემაა ამა თუ იმ ერის ცხოვრებაში... დაე ყველამ გაიგოს, რომ ჩვენ გვწყურია თავისუფალი ცხოვრება, და არავის ნებას არ მივცემთ აბუჩად აიგდოს ჩვენი უზენაესი უფლებები“.
ოცი წლის ტერენტი მთელი სერიოზულობით მსჯელობს ეროვნულ პრობლემაზე:
„ამ დაბაში (იგულისხმება ოჩამჩირე) იშვიათად ნახავთ ქართულის მცოდნე პირებს... ნუთუ ამ ხალხს არ შეუგნია ქართული ენის სიდიადე, ნუთუ მათ არ აინტერესებთ სამშობლო ენა. თვითმპყრობელობის დროს ქართული ენის უცოდინარობას ნიკოლოზის მთავრობას ვაბრალებდით, დღეს ვის უნდა დავაბრალოთ?! თამამად შეიძლება ითქვას, რომ ყველა ეს ჩვენს გულგრილობას და გადაგვარებას ადასტურებს. გახსოვდეთ, რომ თქვენ სამშობლო გავალებთ თქვენი მშობლიური ენის შესწავლას. ამისათვის, ჩემი აზრით, წერაც ზედმეტია“.ეს ტერენტის წერილების მხოლოდ მცირე ნაწილია.
იხ. ვიდეო ტერენტი გრანელის პოეზია სიყვარული ❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤
თბილისი და სამწერლო-პუბლიცისტური კარიერა
ტერენტის სწავლა სწყუროდა. იაკობ შანავას დახმარებით დაითანხმა მამა და, უფროს დასთან მაშოსთან ერთად, 1918 წელს თბილისს გაემგზავრა. ამავე წელს გარდაეცვალა მამა. უსახსროდ დარჩენილი ტერენტი მუშაობას იწყებს თბილისის რკინიგზის სადგურზე ჯერ ვაგონების გადამბმელად, ხოლო შემდეგ კონდუქტორად. მაგრამ აქ დიდხანს ვერ ჩერდება. რამდენიმე თვის შემდეგ იგი მუშაობას იწყებს ნაციონალ-ფედერალისტების გაზეთ „სახალხო საქმის“ რედაქციაში, შიკრიკად. ამავე გაზეთის მდივანმა სიმონ ყაუხჩიშვილმა დაუბეჭდა ტერენტის თავისი პირველი ლექსი“. სიმონ ყაუხჩიშვილი იგონებს:
„"ეს იყო 1918 წელს... იმ ხანებში ჩვენთან სამუშაოდ მოეწყო ერთი ახალგაზრდა, სახელად ტერენტი. მის მოვალეობას შეადგენდა საქმიანი ქაღალდების სტამბაში წაღება... ერთხელ ჩვენ ორნი ვიყავით ოთახში. უცბად შუაზე გადაკეცილი ქაღალდი დამიდო მაგიდაზე, თვითონ კი გარეთ გავარდა. ქაღალდი გავხსენი. ვხედავ, შესანიშნავი ლექსია. არ მეგონა, თუ ტერენტი ლექსებს წერდა. გავბედე და არავისთვის მიკითხავს, ისე დავბეჭდე... ქართულ პოეზიაში მისი პირველი ნაბიჯების დამლოცველი მე ვიყავი“.“ |
პოეტმა ფსევდონიმი „გრანელი“ 1919 წელს დაირქვა. ამ ფსევდონიმის არჩევას, ტერენტის დების მაშო და ზოზია კვირვკელიების გადმოცემით, საფუძვლად დაედო ლათინური სიტყვა „granum“, რაც მარცვალს ნიშნავს. პოეტს ეს სიტყვა გადატანითი მნიშვნელობით აურჩევია:
„„მეც პატარა, ობოლი მარცვალი, სამყაროს უმცირესი ნაწილი ვარო“.“ |
მეორე გადმოცემის თანახმად, ტერენტი ეტრფოდა ოპერა - „აბესალომ და ეთერი“ - მარეხის პარტიის შემსრულებელ იტალიელ მომღერალ ქალს, გვარად გრანელს და მისი პატივისცემით აურჩევია ეს ფსევდონიმი. მაგრამ სიყვარული უოღბლო აღმოჩნდა, ორი წლის უცნაური სიყვარულის შემდეგ მსახიობი თავის სამშობლოში გაემგზავრა. ფსევდონიმმა - გრანელი - შემოინახა ტერენტის სპეტაკი სიყვარულის ისტორია.
ამ დროს ქართულ პოეზიაში მომძლავრებული იყო სიმბოლისტური მიმდინარეობა. ვერც ტერენტი ასცდა მოდერნიზმს და, სიმბოლისტური პოეზიით გატაცებულმა, 1919 წელს გამოსცა სამხატვრო-სალიტერატურო გაზეთი „ია“ და ჟურნალი „კრონოსის სარკე“. ჟურნალში დაბეჭდილ მის სონეტებსა და რეცენზიას, სადაც ვალერიან გაფრინდაშვილის „დაისები“ არის შეფასებული, აშკარად ეტყობა სიმბოლისტური ესთეტიკის კვალი.
1919 წელს გალაკტიონი სცემს „არტისტულ ყვავილებს“. ტერენტი გრანელმა მაშინვე იგრძნო და აღიარა გალაკტიონ ტაბიძის პოეტური სიდიადე, მისი სიახლე. თავის მხრივ, გალაკტიონიც არანაკლებ აფასებდა ტერენტი გრანელის პოეტურ ტალანტს.
იხ. ვიდეო გულიდან სისხლის წვეთები
სამწერლო კარიერის დასაწყისი
1920 და 1921 წლებში ტერენტი გრანელმა გამოსცა ლექსების ორი პატარა წიგნაკი: „პანაშვიდები“ (რომელშიც გობრონ აგარელის ლექსებიც არის დაბეჭდილი) და „სამგლოვიარო ხაზები“. საკუთარმა ხელწერამ და მომწიფებულმა შემოქმედებითმა ხმამ მკაფიოდ იჩინა თავი მის პირველსავე ლექსებში. პირველი წარმატებებით აღფრთოვანებულმა პოეტმა 1922 წელს გამოსცა ლექსების მოზრდილი წიგნი „სულიდან საფლავები“. ამ კრებულს შესანიშნავი რეცენზიები უძღვნეს ტრისტან მაჩაბელმა, პაატა ორბელიანმა და კონსტანტინე გამსახურდიამ. ჭაბუკი პოეტი მართავს ლიტერატურულ საღამოებს. პოეტს აღტაცებით ხვდებიან ყველგან.
იხ. ვიდეო ტერენტი გრანელი - ისევ სიშორე ❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤
ტერენტი გრანელი რუსთაველის გამზირზე ხშირად უნახავთ პოეზიის მოყვარულ ახალგაზრდებთან. პოეტი აღტაცებით ესაუბრებოდა მათ პოეზიისა და მუსიკის დანიშნულებაზე, ესთეტიკურ იდეალებზე, ტერენტი გრანელი წერდა: „ხელოვნების ცხოველმა შუქმა უნდა გაანათოს ჩვენი ცხოვრების ბნელი კუნჭულები, აამოძრაოს ადამიანის შემოქმედება და თვალწინ გადაუშალოს საუცხოო სურათები სილამაზისა, სიმშვენიერისა და ჭეშმარიტებისა, უნდა მძლავრად ამეტყველდეს ჭეშმარიტი ხელოვნება, თორემ ლამის ადამიანი მხეცად იქცეს უმაღლეს განცდათ მოკლებული და ბოროტების მორევში სავსებით გადავარდნილი“
ტერენტი ბევრს კითხულობს, განსაკუთრებით პოეზიას. კარგად იცნობს მსოფლიო ლიტერატურის კორიფეებს, რუსულ მწერლობას, ფრანგ სიმბოლისტთა შემოქმედებას: ბაირონის, შელის, მიუსეს, ნოვალისის, ომარ ხაიამის პოეზიას, ნიცშეს ფილოსოფიას. მისი საყვარელი რუსი პოეტებია პუშკინი, ბლოკი, ტიუტჩევი, ფეტი, ნადსონი. მშვენივრად კითხულობს ბლოკისა და ესენინის ლექსებს, გრძნობს მათთან სულიერ ნათესაობას. მიუხედავად იმისა, რომ დოსტოევსკის აღმერთებს, უჭირს მისი რომანების კითხვა. თუ ზოგიერთ ზედმეტობას ჩამოვაცილებთ, დოსტოევსკის ხელოვნება და აზრები გენიალურიაო.
მეგობარი პოეტის გობრონ აგარელის რჩევით ხშირად ესწრება უნივერსიტეტში სერგი დანელიასა და გრიგოლ წერეთლის ლექციებს ანტიკურ პოეზიასა და ფილოსოფიაზე. მის განსაკუთრებულ აღფრთოვანებას თურმე ანაქსიმანდრესა და ანაქსაგორას კოსმოლოგიური შეხედულებები იწვევდა.
იხ. ვიდეო ტერენტი გრანელი - ეჭვინობა ვნებაზე ❤❤❤❤❤❤❤
ნაზი ბუნების ტერენტი მეტად ზრდილი და თავაზიანი, გულახდილი, უშუალო და თავმდაბალია. თავისებური ხასიათი აქვს: ხან ბავშვივით აზიზია, ხანაც უმიზეზოდ ჭირვეული და იჭვიანი, უფრო ხშირად კი სათნო და გულუბრყვილო. წყნარია. ხმამაღლა იშვიათად იცინის. ბილწსიტყვაობა სძაგს. მისი ყველაზე სალანძღავი სიტყვაა: შენ პოეზიისა რა გაგეგებაო. საერთოდ ძუნწი მოსაუბრეა. საკმარისია პოეზიაზე ჩამოვარდეს საუბარი, რომ მისი თვალები ელვარე ნაკვერცხლებს დაემსგავსოს. ამ დროს იგი დაუნდობელია და პირში მთქმელი.
ამ პერიოდში გრანელი დიდ ხელმოკლეობას განიცდის, არსად არ მსახურობს. საქმის გაკეთების ეშინია. თავად არ იცის, რითი უნდა ირჩინოს თავი, ან სად უნდა გაათიოს ღამე. ამაყია, არავის აგებინებს თავის გასაჭირს. არ უყვარს საუბარი პირად ცხოვრებაზე. ჰონორარს აიღებს თუ არა, მაშინვე ხელგაშლით ხარჯავს, უყვარს მეგობრების გამასპინძლება, თუმცა, ასეთი შემთხვევა მეტად იშვიათია
იხ. ვიდეო ტერენტი გრანელი
ერენტი გრანელის პოეზიამ მწვერვალს 1924 წელს მიაღწია. ამ პერიოდში გამოსცა მან ახალი ლექსების წიგნი „Memento mori“. თავდაპირველად წიგნის სათაური უნდა ყოფილიყო „გაფრენილი დღეები“, თუმცა იმდროინდელი საქართველოს ვითარების გამო მან წიგნს სახელი შეუცვალა „MEMENTO MORI“. იგი დილაუთენია სტამბაში წავიდა, კრებულს სახელი შეუცვალა და „MEMENTO MORI“(ლათ:გახსოვდეს სიკვდილი) დაარქვა. ამავე წელს რუსთაველის თეატრში ტერენტი გრანელს დიდი სალიტერატურო საღამო გაუმართეს და საგანგებო გაზეთიც მიუძღვნეს, სადაც ივანე გომართელი, გიორგი ნადირაძე, კონსტანტინე კაპანელი, ვასილ ბარნოვი, პლატონ კეშელავა და სხვები მაღალ შეფასებას აძლევენ ტერენტი გრანელის პოეზია1926 წელს ტერენტი გრანელმა ლექსების უკანასკნელი წიგნი გამოსცა. 1928 წლიდან კი იწყება პოეტის მკვეთრი სულიერი დეპრესია. ამ პერიოდის წერილები, სადღიურო ჩანაწერები და ლირიკა, მოწმობენ მის სულიერ მსხვრევას. რა თქმა უნდა, ტერენტი გრანელი კარგად გრძნობდა თავის ამ უდიდეს პიროვნულ-ადამიანურ ტრაგედიას და ეს უფრო ამძაფრებდა მის ტრაგიზმს. აკაკი ანდრიაშვილი იგონებს: „ტერენტის დაეწყო კოშმარული ჰალუცინაციები. ეჩვენებოდა, ვითომ იქ, სადაც იატაკი მიწურისა იყო, შუაღამისას მისი გარდაცვლილი მამა წამოიწევდა. მერე დაიწყებდა ტერენტისთან საუბარს, მაგრამ არა პირდაპირ, უშუალოდ, არამედ ვითაც მესამე პირის მეშვეობით. ეს ვიღაც მესამე პირი გადასცემდა ტერენტის მამის ნათქვამს. საჭირო იყო რაიმე ზომების მიღება, თორემ ტერენტი საშინელი საფრთხის წინაშე იყო“
„...ფიროსმანივით მიტოვებულმა და მივიწყებულმა, მძიმედ დაავადებულმა ტერენტი გრანელმა სამუდამ დახუჭა თვალები 1934 წლის 10 ოქტომბერს „არამიანცის“ საავადმყოფოში. რამდენიმე კაცისაგან შემდგარმა პროცესიამ პოეტის ცხედარი პეტრე-პავლეს სასაფლაოს მიაბარა. ტერენტი გრანელის ცხედარი 1987 წელს გადაასვენეს დიდუბის პანთეონში.“