ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -
საქართველოს ოქროს ხანა
ისტორიული პერიოდი მაღალ შუა საუკუნეებში, XI საუკუნის ბოლოდან XIII საუკუნემდე საქართველოს სამეფოში. ამ დროს ქვეყნის ძალაუფლებამ და განვითარებამ მწვერვალს მიაღწია. გარდა ამისა, სამხედრო ძალით გაფართოებამ გამოიწვია შუა საუკუნეების ქართული არქიტექტურის, ფერწერისა და პოეზიის აყვავება, რომელიც გამოიხატა საეკლესიო ხელოვნების განვითარებითა და პირველი საერო ლიტერატურული ნამუშევრების შექმნით.
ოქროს ხანა, რომელიც ორ საუკუნეზე დიდ ხანს გაგრძელდა, დაასრულა მომთაბარეთა (როგორებიცაა მონღოლები) შემოსევებმა და ქვეყანაში მათ მიერ გავრცელებულმა შავმა ჭირმა. საქართველო უფრო მეტად შესუსტდა კონსტანტინოპოლის დაცემის შემდეგ, რადგან ამან ბიზანტიის იმპერია, საქართველოს ტრადიციული მოკავშირე, საბოლოოდ გაანადგურა. შედეგად, XV საუკუნის ბოლოს საქართველო დაიშალა და იზოლირებულ ანკლავად გადაიქცა, რომელიც მნიშვნელოვნად ჩამოსცილდა ქრისტიანულ ევროპას და თურქ-ირანული მეზობელი სახელმწიფოებით გარშემორტყმული აღმოჩნდა. საქართველოს ოქროს ხანა ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი პერიოდია, რადგან ამ დროს მისმა ძლიერებამ ზენიტს მიაღწია და დამადასტურებელია ქართველი ერის ანტიკურობისა, რომელსაც საბერძნეთთან და რომთან დიდი კავშირები ჰქონდა
იხ. ვიდეო როგორი იყო ოქროს ხანა საქართველოში
საქართველოს ოქროს ხანა დაიწყო დავით IV აღმაშენებელის მეფობის პერიოდიდან. დავით IV ტახტზე 1089 წელს 16 წლის ასაკში ავიდა, მას შემდეგ, რაც მამამისი — გიორგი II, შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, იძულებული გახდა შვილის სასარგებლოდ ტახტზე უარი ეთქვა. დავითს ძალიან მძიმე მემკვიდრეობა ერგო: ქვეყანა დარბეული იყო მტრის შემოსევებისაგან, თურქ-სელჩუკთა მომთაბარე ტომები სახლდებოდნენ დაპყრობილ ტერიტორიებზე და ქართველ ხალხს ფიზიკური განადგურების საფრთხეს უქმნიდნენ, დიდგვაროვანი ფეოდალები მეფეს ხშირად არ ემორჩილებოდნენ, საქართველოს მეფის ხელისუფლება ლიხის ქედის აღმოსავლეთით არ ვრცელდებოდა.
დავითმა თავისი ოცდათექვსმეტწლიანი მმართველობის განმავლობაში შეძლო საბოლოოდ დაესრულებინა ფეოდალური საქართველოს გაერთიანების პროცესი, სელჩუკი დამპყრობლები ქვეყნიდან განედევნა, საქართველო რეგიონის უძლიერეს სახელმწიფოდ ექცია და მემკვიდრეებისათვის გადაებარებინა ქვეყანა, რომელიც გადაჭიმული იყო „ნიკოფსითგან დარუბანდისა საზღურადმდე და ოვსეთიდგან სოერად და არეგაწადმდე“. პიროვნული ღირსებებისა და ქვეყნისა და ერის წინაშე უდიდესი დამსახურებისათვის, ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ დავით აღმაშენებელი წმინდანად შერაცხა და მისი ხსენების დღედ 8 თებერვალი (ძველი სტილით 24 იანვარი) დააწესა.
სამეფომ აყვავება განაგრძო დავით IV-ის შვილის, დემეტრე I-ის მეფობისას. საქართველო დარჩა ცენტრალიზებულ სახელმწიფოდ, რომელსაც ძლიერი სამხედრო ძალა ჰყავდა. დემეტრემ რამდენიმეჯერ დაამარცხა განჯაში გამაგრებული მუსლიმები და ქალაქის კარიბჭე ნადავლის სახით ჩაიტანა გელათის მონასტერში.
დემეტრე I-ს წვლილი მიუძღვის ქართული რელიგიური პოლიფონიის განვითარებაში. მას ეკუთვნის ცნობილი საგალობელი „შენ ხარ ვენახი“, რომელსაც დაწერიდან 900 წლის შემდეგ, დღესაც გალობენ ეკლესიებში.
დემეტრე I ტახტზე შეცვალა მისმა შევილმა, გიორგი III-მ 1156 წელს. ტახტის დაკავებისთანავე დაიწყო წარმატებული კამპანია ქალაქ აჰლათის სელჩუკი სულთნის წინააღმდეგ. მან გაათავისუფლა სომხეთის მნიშვნელოვანი ქალაქი დვინი თურქი დამპყრობლებისგან და ამ ტერიტორიაზე განმთავისუფლებლის სახელით შევიდა. გიორგი ცდილობდა განემტკიცებინა კავშირი აღმოსავლეთ რომის იმპერიასთან, ამისთვის ქალიშვილი მიათხოვა მანუელ კომნენოსს, იმპერატორ ანდრონიკე I-ის შვილს.
ოქროს ხანის ზენიტი
1179 წელს მეფე გიორგიმ საკუთარი შვილი, თამარი თანამოსაყდრედ გამოაცხადა. 1184 წელს, მეფე გიორგის გარდაცვალების შემდეგ, ქვეყანაში რთული ვითარება შეიქმნა; ფეოდალურმა არისტოკრატიამ დაიწყო ბრძოლა დაკარგული პოლიტიკური პრივილეგიების აღსადგენად. 1185 წელს გავლენიან ფეოდალთა ერთმა ჯგუფმა თამარს, მისი სურვილის წინააღმდეგ, შერთო ანდრეი ბოგოლიუბსკის შვილი იური, რომელიც ქართულ წყაროებში ცნობილია „გიორგი რუსის“ სახელით. ორი-ორნახევრი წლის შემდეგ თამარი განქორწინდა და იური საქართველოდანაც განდევნეს. მეფე თამარი მეორედ დაქორწინდა დაახლოებით 1189 (ან 1187) წელს დავით სოსლანზე.
თამარის დროს საქართველო კავკასიის უძლიერეს სახელმწიფოდ იქცა. ისტორიკოსთა ერთი ნაწილის აზრით, ეს ძლიერება არ ემყარებოდა ქვეყნის შინაგან საწარმოო ძალთა განვითარებას, გაერთიანებული ფეოდალური მონარქიის ეკონომიკური ძლიერების ძირითად წყაროს სამხედრო ნადავლი და ხარკი შეადგენდა და ქვეყნის გაერთიანება ეფემერული ხასიათისა იყო. ისტორიკოსთა მეორე ნაწილის აზრით, გაერთიანებული საქართველოს სიძლიერე შესაფერის სოციალურ-ეკონომიკურ ბაზისს ემყარებოდა. თამარის მეფობის პერიოდში რამდენიმე მნიშვნელოვანი ბრძოლა გაიმართა, რომელთაგან განსაკუთრებით აღსანიშნავია 1195 წლის შამქორისა და 1203 წლის ბასიანის ბრძოლები.
თამარის პოლიტიკურ წარმატებასთან ერთად, მის დროს საქართველო ეკონომიკურად მნიშვნელოვნად განვითარდა. დადასტურებულია, რომ იმ პერიოდში სასოფლო-სამეურნეო საქმეში აქტიურად გამოიყენებოდა წყლის წისქვილი. დაწინაურებული იყო სოფლის მეურნეობა, რასაც იმდროინდელ საქართველოში არსებული მრავალი სარწყავი არხი ადასტურებს. თამარის დროინდელ საქართველოში, დიდი სარწყავი არხები იყო გაყვანილი ტირიფონის ველზე (იხ. ტირიფონის არხი), რუის-ურბნისის მიდამოებში, მუხრანში (იხ. მუხრანის არხი), სამგორში, კახეთსა და საქართველოს სხვა ადგილებში. ეს ყველაფერი კარგ პირობებს ქმნიდა მარცვლეული კულტურის, მევენახეობის და მეხილეობა-მებაღეობის განვითარებისთვის. ამავე პერიოდში აგებდნენ, აგრეთვე საქალაქო წყალსადენებსაც.
მაღალგანვითარებულ სოფლის მეურნეობასთან ერთად დაწინაურებული იყო ხელოსნობაც, რაც, თავის მხრივ, ვაჭრობის განვითარების საფუძველს ქმნიდა. განვითარებული იყო საშინაო და საგარეო ვაჭრობა. ხელოსნური წარმოებისა და ვაჭრობის დაწინაურებამ საქალაქო ცხოვრების აღმავლობა განაპირობა. ამ პერიოდის საქალაქო ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ცენტრები იყო თბილისი და ქუთაისი. ამ პერიოდის საქართველოში, განსაკუთრებით, განვითარებული იყო თიხის ჭურჭელის წარმოება. თამარის დროს, უბრალო თიხის ჭურჭელთან ერთად დიდი რაოდენობით მზადდებოდა მოჭიქული ჭურჭლები. საქართველოში აგრეთვე ფართოდ იყო გავრცელებული სპილენძისა და ოქრო-ვერცხლის ჭურჭლის წარმოება
თამარ მეფის დროინდელ საქართველოს, მნიშვნელოვანი სავაჭრო ურთიერთობები ჰქონდა მეზობლებთან – არაბეთთან, ბიზანტიასთან და სხვა სახელმწიფოებთან. საქართველოში მუსლიმანური ქვეყნებიდან იმპორტის სახით შემოჰქონდათ, სხვადასხვა სახის ქსოვილები
სოციალური თვალსაზრისით, XII საუკუნეში გაქრა არსებითი განსხვავება „გლეხსა“ და „ყმას“ შორის. გლეხი უკვე ფეოდალის მიწაზე მუშაობდა და მის სასარგებლოდ ბეგარას იხდიდა და სხვა სამსახურ-ვალდებულებებს ასრულებდა. გლეხობის ფართო და მრავალფეროვანი სოციალური ფენა რიცხობრივად იზრდებოდა. ერთიანი საქართველოს სიძლიერე შესაბამის სოციალურ-ეკონომიკურ ბაზისს ემყარებოდა
თამარის ეპოქა მეტად მნიშვნელოვანი ეტაპია ხელოსნური წარბოებისა და ვაჭრობისთვის, საერთოდ საქალაქო ცხოვრების განვითარებაში. ამ პერიოდის ქალაქები ქვეყნის ან რეგიონის პოლიტიკურ და ამასთან ერთად სავაჭრო და სახელოსნო ცენტრებს წარმოადგენდნენ. ქალაქები დაინტერესებულები იყვნენ ფეოდალური კარჩაკეტილობის ლიკვიდაციით და ყოველგვარად უჭერდნენ მხარს ქვეყნის გაერთიანება ცენტრალიზაციას.
XII საუკუნის საქართველოში საქალაქო ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ცენტრები თბილისი და ქუთაისი იყო. დაწინაურებული იყო ქალაქები: რუსთავი, ატენი, გორი, ჟინვანი, დმანისი, არტანუჯი, ახალქალაქი, ახალციხე, ბარალეთი, თმოგვი, ოლთისი, სამშვილდე, ოძრხე, ხუნანი, არტაანი, თუხარისი, ხორნაბუჯი, თელავი, ვარციხე, შორაპანი, პეტრა, ბათუმი, ფოთი, ცხუმი, ბიჭვინთა, ნიკოფსი. ასევე იყო ქალაქური ტიპის დასახლებები — დაბები: მცხეთა, უჯარმა, ჭერემი, მანგლისი, აწყური, ლორე, ნაჭარმაგევი, გეგუთი, ბოლნისი, ჟალეთი, გაგი, ბოჭორმა და სხვ. აღნიშნული დასახლებები აქტიურად მონაწილეობდნენ საქართველოს ეკონომიკურ ცხოვრებაში.
აღნიშნული პერიოდის საქართველოში დაწინაურებული ჩანს ხელოსნობის სხვადასხვა დარგი: მეთუნეობა-მეკეცეობა, მეჭურჭლეობა, მჭედლობა, კალატოზობა, დურგლობა, მეხამლეობა, ოქრომჭედლობა, მეპურეობა, მენელსაცხებლობა, წიგნების გადაწერა, აკინძვა და სხვ. ხელოსნობის სხვადასხვა დარგის ფართოდ გავრცელებასა და განვითარებას მოწმობს არა მარტო ისტორიული წერილობითი წყაროები, არამედ ამ პერიოდის ხელოსნობისა და მატერიალური კულტურის ძეგლები.
საქართველოს ქალაქებში, რომლებიც ხელოსნურ წარმოებასთან ერთად, სავაჭრო ცენტრებიც იყვნენ, მნიშვნელოვანი ადგილი ეკავათ ვაჭრებს. ისინი ხელოსნობის ნაწარმს ასაღებდნენ. ამასთან ვაჭრები საქალაქო ცხოვრების მნიშვნელოვანი საკითხის გადაჭრაში მონაწილეობდნენ. ზოგჯერ მათ სახელმწიფო საქმეებსაც ანდობდნენ. საქართველოს ქალაქები აქტიურად მონაწილეობდნენ საგარეო ვაჭრობაშიც. ნიშანდობლივია, რომ XI-XIII სს. დოკუმენტების მიხედვითმოხმარების თითქმის ყველა საგანი იყიდებოდა.
შუა საუკუნეების საქართველოს მჭიდრო სავაჭრო კავშირები ჰქონდა არაბებთან, ირანთან, ბიზანტიასთან, სომხეთთან, ეგვიპტესთან, ჩინეთთან, რუსეთთან და სხვ. ქვეყნებთან. მუსლიმური ქვეყნებიდან იმპორტის სახით შემოჰქონდათ სხვადასხვა სახის ქსოვილები, ნელსაცხებლები, შაქარი, ძვირფასი თვლები, ცხენის მოკაზმულობა, სხვადასხვა ძვირფასი ლითონები და სხვ. ბიზანტიიდან შემოჰქონდათ ქსოვილები („ბერძნული“), ოქროქსოვილები, სამღვდელთმსახურო ნივთები და სხვ.
მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა ექსპორტსაც. აქედან გაჰქონდათ სხვადასხვა სახის ქსოვილები — მატყლის, აბრეშუმისა და ბამბის ნაწარმი, კერამიკის ნივთები. ჩვენ უხვად გვხვდება უცხოური ფული (მონეტები) საქართველოში და პირიქით, ქართული ფული სხვა ქვეყნებში, რაც თავის მხრივ ცხოველ სავაჭრო ურთიერთობებზე მიუთითებს.
XII საუკუნის საქართველო მდიდარი იყო, ფულის კურსი — მტკიცე. ეს თავის მხრივ უზრუნველყოფდა ფულის მყარ და ინტენსიურ მიმოქცევას. აქტიური ფინანსური პოლიტიკა ეკონომიკის წარმატებით განვითარებას განაპირობებდა. ყოველივე ამას კი საქართველო პოლიტიკური და კულტურული ცხოვრები მაღალ ასპარეზზე გაჰყავდა
თამარის ეპოქის მნიშვნელოვანი საინჟინრო ნაგებობებია შიომღვიმე-სხალტბის წყალსადენი, ბესლეთისა (სოხუმი), დანდალოს (აჭარა) და რკონის (შიდა ქართლი) ხიდები. განვითარებული იყო ციხესიმაგრეთა მშენებლობის საქმე. ისინი მიუვალ ადგილებში შენდებოდა. აღსანიშნავია სამხრეთ საქართველოს ციხესიმაგრეები: ხერთვისი, აწყური, ოქროს ციხე, თმოგვი და სხვები.
მნიშვნელოვანად განსხვავდება თამარის დროინდელი კედლის მხატვრობა ადრინდელისაგან. ამ პერიოდის საქართველოში ფერწერის რამდენიმე მიმართულებას გამოყოფენ. ერთია ტაო-კლარჯეთში ჩამოყალიბებული მონომენტური ძეგლები (ოთხთა ეკლესიის, იშხნის, ხახულის, ოშკის, ტბეთის ფრესკები). მისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება თამარის პერიოდში დავითგარეჯას მონასტერში შესრულებული ფრესკები. აგრეთვე მნიშვნელოვანია რაჭის სოფელ ზემო კრიხის ეკლესიის მხატვრობა, სადაც სვანეთის ძეგლების მსგავსად, ადგილობრივი ფეოდალების პორტრეტებიცაა.
XII საუკუნის დასაწყისიდან საქართველოში ფართოდ ვითარდება საერო მწერლობა, შეიქმნა საერო პოეზია. თამარის პერიოდში შექმნილი საერო მწერლობიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია შოთა რუსთაველის ვეფხისტყაოსანი.
იხ. ვიდეო 10 საინტეერესო ფაქტი საქართველოს ოქროს ხანის შესახებ