მარტვილის მუნიციპალიტეტი
ადმინისტრაციულ-ტერიტორიული რაიონი სამეგრელოს და ზემო სვანეთის მხარეში. რაიონის ტერიტორია 1917-მდე შედიოდა ქუთაისის გუბერნიის სენაკის მაზრაში მარტვილის მუნიციპალიტეტის სახელით, 1921-დან სენაკის მაზრაში. 1930-დან დამოუკიდებელი რაიონია. 1936-90 წლებში გეგეჭკორის რაიონი ერქვა. ჩრდილოეთით ესაზღვრება ლენტეხის, აღმოსავლეთით ხონისა და ცაგერის, სამხრეთით — სენაკის და აბაშის, დასავლეთით ჩხოროწყუს რაიონები
- ადმინისტრაციული ცენტრი: ქალაქი მარტვილი
- ფართობი - 880,6 კმ2
- კლიმატი - ნოტიო სუბტროპიკული
- ქალაქი - 1
- სოფელი - 20
- მანძილი თბილისამდე - 279 კმ
- მანძილი ზუგდიდამდე - 80 კმ
- უახლოესი პორტი ქალაქი ფოთი - 70 კმ
- უახლოესი რკინიგზის სადგური - ქ. აბაშა
- უახლოესი აეროპორტი-ქუთაისი, კოპიტნარი - 40 კმ
- ქალაქის მოსახლეობა - 6696
- სოფლის მოსახლეობა - 40637
- მოსახლეობა - 47333 კაცი
- მათ შორის:
- ქალი - 24915
- კაცი - 22418
მოსახლეობის რიცხოვნობა — 56 ათასი კაცი (2004წ.); სიმჭიდროვე — 49 კაცი კვ.კმ-ზე. რაიონში 77 დასახლებული პუნქტია: 1 ქალაქი და 76 სოფელი
მოსახლეობის ეროვნული შემადგენელობა: 1) ქართველი - 99,5 % 2) რუსი - 0,3 % 3) აფხაზები - 0,1% 4) სხვა დანარჩენი - 0,1 %
ღირსშესანიშნაობანი
- თამაკონის ციხე
- აბედათის ციხესიმაგრე
- ნოღის ციხე
- მარტვილის მონასტერი-ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი VII ს, ჩიქოვანების ეკლესია XIIს.
- ნახარებაოს წმ. გიორგის სახელობის ეკლესია XIIს. წმ. ანტონ ჭყონდიდელის საფლავი.
- ოფუცხოლე - დადიანების საბანაო ადგილი.
- სოფელი გაჭედილი - მოთენას მღვიმე - ისტორიული მღვიმე, ტბა, საბანაო ადგილები.
- სოფელი ბალდა - ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესია XIIIს. ბილიკი მთაში.
- ჩანჩქერი „ჟუჟღი“ - ჩანჩქერი ხავსიან კლდეზე. მდინარე აბაშის ხეობა, ბზის ტყე.
- „ონიორე“ - ჩანჩქერი მდინარე აბაშაზე, მდინარე აბაშის სათავე, კარვების გასაშლელი ადგილი.
- „ტობის“ მღვიმე (სოფ. ბალდა) – 234 მ სიმაღლის „ტობის“ ჩანჩქერი, ტბები, დარბაზები.
- სოფელი სალხინო - ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესია XVIII ს. დადიანების სასახლე, ისტორიული მარანი.
- მდ. წაჩხურუს ხეობა, „ხიზნების მღვიმე“ (ისტორიული მღვიმე-ნამოსახლარი).
- წაჩხურუს მთავარანგელოზის სახელობის ეკლესია XVIII ს. გადმოსახედი ადგილები, მდ. წაჩხურუს ხეობა
მარტვილი დიდი ისტორიული და კულტურული წარსულის კერაა. აქ უძველესი დროიდან ენთო განათლებისა და კულტურის ჩირაღდანი. მეათე საუკუნეში ჭყონდიდში მოღვაწეობდნენ დიდი ჰიმნოგრაფები იოანე მინჩხი და სტეფანე სანანოიძე. მარტვილში, იგივე ჭყონდიდში, იწერებოდა და ვრცელდებოდა, უნიკალური სასულიერო თუ საერო ნაწარმოებები. უეჭველია, რომ აქ აღიზარდა მწიგნობართუხუცესის, მოძღვართ-მოძღვარის გიორგი ჭყონდიდელის ზედამხედველობითა და მისივე იდეებით, საქართველოს უბრწყინვალესი სიუზერენი დავით აღმაშენებელი. ამ კერას უკავშირდება დიდი მოძღვრის ანტონ ცაგარელ-ჭყონდიდელის მოღვაწეობაც, რომელმაც მარტვილში შექმნა ქართული სახელმძღვანელო ლოგიკასა და ფსიქოლოგიაში.
„სამეგრელოში მარტვილს ჰქონდა ისეთივე მნიშვნელობა, როგორც რომის ქალაქს ფრანგთა შორის დასავლეთის ეკლესიაში“ წერდა გაზეთი „ივერია“ 1878 წელს. 1963-66 წლებში გეგეჭკორის რაიონს შეერთებული ჰქონდა აბაშის რაიონი.
,ჭყონდიდი
(მეგრულად „დიდი მუხა“) — წარმართული სალოცავი ხე-კერპი ძველ საქართველოში, „ხე-მცენარეთა თაყვანისცემის საუკეთესო დამამტკიცებელი საბუთი ძველ საქართველოში“. აღმართული იმ ადგილას სადაც მარტვილის ეკლესიის სატრაპეზო აშენდა მას შემდეგ, რაც ეს მუხა „ამოჰკვეთა ანდრია მოციქულმა, ოდეს მეგრელნი მოაქცია“. ტაძარში ჩაყოლებული წარმართული საკერპო ტაძრის ქვები და ქანდაკებანი ანტიკური ხანის სარიტუალო დანიშნულების არქეოლოგიური მონაპოვარია. ჭყონდიდის მუხას მთელი ეგრისი სცემდა თაყვანს. მისი გაშლილი ტოტების ჩრდილში ხდებოდა დედისერთა ყრმის მსხვერპლად შეწირვის ცერემონიალი - მზისა და მთვარის კეთილი ნებით, თუთაშხას (ორშაბათს, მთვარის დღეს). თათბირზე უხუცესნი ყრმას შეარჩევდნენ და ბჟას დღას (მეგრ. მზის დღეს, კვირას, სვან. მიძ-ლადეღ) საზეიმო ვითარებაში ეტლით მიყვანილ ყრმას სწირავდნენ მუხას (ჭყონს), ერთადერთ ცნობილ ხე-კერპს საქართველოში (თუმცა სვანეთში, სოფლის მოედანზე, სვიფზე მუდამ იდგა ხოლმე რომელიმე დიდი ხე, რომელსაც აგრეთვე წმინდა ხედ თვლიდნენ). ეს იყო მაშინ, როცა საქართველოში კერპთა, ბომონთა თაყვანისცემის დიდი ტრადიცია იყო. თაყვანს სცემდნენ განსაკუთრებით მუხას, ურთხელას, ფიჭვს, ცაცხვს. მუხის თაყვანისცემის ნიმუშია ჭყონდიდი. ეს დიდი მუხა, „საქართველოს დოდონი“, მდგარა იმ ალაგას სადაც ახლა იხ ლინკზე მარტვილის ძველი ტაძარია. მუხის ძირთან აღმართული ტაძრის წინ ფოთლის შრიალში ხალხი ღმერთს შეჰღაღადებდა.
მარტვილის მონასტერი
უხსოვარი დროიდან ჭყონდიდი წარმართული რელიგიური ცენტრი იყო. მაღალ ბორცვზე იდგა ბომონი ჭყონის (მუხის) უზარმაზარი ხე. იგი წარმოადგენდა ნაყოფიერების, გამრავლებისა და ოჯახის კეთილდღეობის მფარველ კაპუნიას წარმართულ სალოცავს, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა თაყვანს სცემდა, აქაური ქურუმები-ჭყოინდარები კი ჩვილებს სწირავდნენ. პირველი ეკლესია სწორედ აქ მდებარე მუხის ადგილას აშენებულა (თარიღი უცნობია) ანდრია პირველწოდებულის სახელზე, რომელმაც სამეგრელოში ქრისტიანობა იქადაგა. მე-7 საუკუნეში აშენდა მარტვილ-ჭყონდიდის ტაძარი, რომლის ტრაპეზი დაფლულ სიწმინდეს - მოჭრილ მუხის ფესვებს დაეფუძნა. ტაძარი თავდაპირველად ჯვრის ტიპის ნაგებობა ყოფილა. თურქ-არაბთა შემოსევებმა ძლიერ დააზიანა იგი.
X საუკუნეში გიორგი მეორემ ხელახლა საფუძვლიანად შეაკეთებინა იგი. სავარაუდოდ, ამის გამო მიაწერს „ქართლის ცხოვრება“ გიორგის მარტვილის ეკლესიის აღშენებას. გიორგი მეფემ ტაძარი საეპისკოპოსო კათედრად გამოაცხადა. ტაძრის ჯვრის ტოტები მოშალეს და მოუშენეს ეკვდერები. მხოლოდ აღმოსავლეთშია ხელუხლებლად შემორჩენილი წახნაგოვანი შვერილი, ორივე მხრივ ღრმა ნიშნით. ტაძარს შერჩა სახელი მარტვილი, ეპისკოპოსებს კი ჭყონდიდელები ეწოდათ.
იხ. ვიდეო მარტვილი სული წმინდა
მე-10 საუკენეში აქ მოღვაწეობდა იოანე მინჩხი — ჰიმნოგრაფი. ბაგრატ მეოთხემ ჭყონდიდი სამოღვაწეო კათედრად მიუჩინა გიორგი მთაწმინდელს. „ქართლის ცხოვრების“ ცნობით ბაგრატ IV მარტვილის მონასტერშია დამარხული.
მონასტერში იყო კრიპტერია - გადამწერ ბერთა სამყოფი. ითარგმნებოდა წიგნები, იქმნებოდა ორიგინალური ნაწარმოებები.
„მთავარი ტაძარი აგებულია მცირე, გალავნით შემოზღუდულ მოედნის შუა. იგი VI−VII საუკუნეთა მიჯნაზეა აგებული. X საუკუნეში აფხაზეთ-ქართლის სამეფოს მეფემ გიორგი II-მ აღადგინა ტაძარი და „შექმნა საეპისკოპოსოდ და განაშუენა იგი სიმრავლითა”. ამის შემდეგ „საყდარი ჭყონდიდისა” იყო განთქმული და „წარჩინებული სამღვდელო-მოძღვრო საყდარტა შორის სამეფოსა”-თა, გვაცნობებს მატიამე. ამ დროსაა აგებული დიდ მინაშენი ტაძრის დასავლეთ მხარეს.
ძეგლმა ძლიერ გადაკეთებული სახით მოაღწია ჩვენამდე. იგი რამდენიმეჯერ შეკეთებულ იქნა ძველადაც და XIX საუკუნეშიც. დღეს განსაკუთრებით არის შეცვლილი ნაგებობის გარეგანი სახე. სამხრეთისა და ჩრდილოეთის ფასადები ახალ კედლებშია ჩასმული. აღმოსავლეთისა და დასავლეთის ფასადებიდან უპირატესად ქვედა ნაწილებია დარჩენილი პირველადი სახით. მთლიანად აღდგენილია გუმბათიც.
იატაკი დაფენილია ფილებით, რომლებიც ცენტრში სხივისებურად განლაგებული, იგი ძველი ხანიდანაა შერჩენილი. ტრაპეზი შესრულებულია XVIII საუკუნეში.
ცენტრალურ გუმბათოვან ნაგებობას, რომელსაცაქვს ოთხი ნახევარწრიული მკლავი (აბსიდი) ყოველ მხარეს და გუმბათქვეშა კვადრატის კუთხეებში მრგვალი ნიშები, სადაც მოწყობილია გასასვლელები მცირე ოთახებში, ახასიათებს შიდა სივრცის რთული, მაგრამ მკაფიო ფორმები. გუმბათქვეშა თაღების სისტემა ქმნის მსუბუქ გადასვლას კვადრატული ფუძიდან მრგვალ გუმბათზე.
აღმოსავლეთისა და დასავლეთის ფასადების შემონახული დეკორატიული მორთულობა რელიეფური სარტყელების სახით.
დასავლეთი მინაშენის ზედა ნაწილში დაცულია დიდი რელიეფური გამოსახულება ძველი ქართული წარწერით. რელიეფი შესრულებულია X საუკუნეში.
მთავარი ტაძრის სამხრეთ-დასავლეთით აღმართულია სვეტად წოდებული შენობის ნანგრევები. სვეტის ქვედა ნაწილში იყო გასასვლელი, ზევით კი სენაკი და ეკლესია. ისტორიკოსის ცნობით, XI საუკუნის დასაწყისში აქ ცხოვრობდა მესვეტე. ჯერ კიდევ XIX საუკუნის შუა წლებში აქ იმყოფებოდა მეუდაბნოე.
მცირე, აზიდული პროპორციების მოხდენილი ორსართულიანი ნაგებობა კათედრალური ტაძრის ჩრდილოეთითაა აღმართული. პირველ სართულზე მოწყობილია გასასვლელი, რომელიც ამავე დროს ეკვდერის დანიშნულებას ასრულებდა. ზემოთ გუმბათოვანი ეკლესიაა.“ | |
(რ. მემფისაშვილი, "მარტვილი", თბ., 1961) |
არქიტექტურა
მარტვილის ტაძარი გეგმით ძალიან ჰგავს მცხეთის ჯვრის ტაძარს, მაგრამ არ იმეორებს მას. ხუროთმოძღვარმა აქ მიმართა თემის თავისუფალ ინტერპრეტაციას და ფაქტობრივად დამოუკიდებელი მხატვრული ნაწარმოები შექმნა. შენობის გეგმაში შეტანილია ზოგი ცვლილება: გუმბათის დიამეტრი უფრო მცირეა, კუთხის ნიშები კი -უფრო დიდი. გაზრდილია აფსიდების მკლავების სიღრმე, გადიდებულია კუთხის სათავსების ზომა. შეცვლილია აგრეთვე კვადრატიდან მრავალწახნაგოვანზე გადასვლის გუმბათქვეშა სისტემაც - ტრომპებს აქ ერთიმეორეზე გადმოკიდებული პატარა კამარების რიგირთ შექმნილი საფეხურისებრი სახე აქვთ. მიუხედავად იმისა, რომ მარტვილის ტაძარი ჯვრის ტაძარზე მცირეა, ცალკეულ ნაწილთა შეფარდების ცვლილებების შედეგად შექმნილია დიდი და მსუბუქი შინაგანი სივრცის შთაბეჭდილება, სხვაგვარია ფასადთა რელიეფებიც. ცალკეული დამოუკიდებელი კომპოზიციების ნაცვლად აქ უწყვეტი ფრიზებია, შესრულების ხასიათი კი უფრო დეკორაციულია. ფიგურები და მცენარეული ორნამენტი ერთიან ნახატშია ჩართული და გარკვეულ რიტმულ დანაწევრებას ექვემდებარება. ფრაზებზე ბიბლიისა და სახარების სიუჟეტებია გამოსახული (მაგ., დანიელი ლომთა ხაროში, სამსონი და ლომი, ქრისტეს ამაღლება 4 ანგელოზის მიერ და სხვა).
X საუკუნეში, აფხაზთა მეფის გიორგი II-ის დროს, ეკლესია საფუძვლიანად გადააკეთეს: დაუმატეს გარეთა კედლები, ამოიყვანეს ახალი გუმბათის ყელი, ამიტომ იგი გარედან აღარ მოგვაგონეს ჯვრის ტიპის ძეგლს. დასავლეთის ეგვტერიც ასევე X საუკუნისაა. ინტერიერი სხვადასხვა დროს (XVI-XVII სს.) არის მოხატული. ტაძარში შემორჩენილია მე-14, მე-16, და მე-17 საუკუნის ფრესკები. მისი მშვენებაა საკურთხევლის კონქში წარმოდგენილი მარტვილის ღვთისმშობელი. ტაძრის გვერდით დგას მცირე ორსართულიანი ეკლესია (დაახლოებით X ს.).
Комментариев нет:
Отправить комментарий