ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -
ხვარაზმი
არქეოლოგიური გათხრები აფიქსირებენ, რომ ძველი ხორეზმის ტერიტორიაზე ძვ.წ. IV—III ათასწლეულში ნეოლითური ხანის მეთევზეებისა და მონადირეების კელტემინარულ კულტურას. ამ კულტურის პირდაპირი მემკვიდრეა ძვ.წ. II ათასწლეულის ბრინჯაოს ხანის ტაზაბაგიაბის მიწათმოქმედთა და მესაქონლეთა კულტურა. ანტიკური ავტორები ადასტურებენ აგრეთვე, ხორეზმის მცხოვრებთა სავაჭრო ურთიერთობას კოლხეთის ხალხებთან ამუდარიისა და კასპიის ზღვის გავლით, რომელზედაც გაედინებოდა შუააზიური და ინდური საქონელი კავკასიასა და ევქსინის პონტოზე (Εὔξενος Πόντος — შავი ზღვის ძველბერძნული სახელი). ეს დასტურდება, აგრეთვე, მატერიალური კულტურის ძეგლებით, რომლის ელემენტები გვხვდება შუა აზიის, შუამდინარეთისა და კავკასიის უძველესი ძეგლების არქეოლოგიური გათხრებისას.
ალ-ბირუნის თანახმად, წელთააღრიცხვის ძველხორეზმული სისტემები ხორეზმის არსებობას ძვ.წ. XIII საუკუნიდან იწყებენ. რიგი მკვლევარებისა ძველ ხორეზმთან აიგივებენ ავესტაში მოხსენიებულ ჩრდილოეთის ქვეყანას, «აირიანემ-ვეჯოს». გადმოცემის თანახმად, აქ დაიბადა ზოროასტრიზმის ფუძემდებელი ლეგენდარული ზარათუშთრა.
ძვ.წ. I ათასწლეულის დასაწყისში ის დაკავშირებულია ამირაბადის კულტურასთან. ამ პერიოდის ქალაქები წარმოადგენს პირუტყვის შესანახ უზარმაზარ თავშესაფრებს, სადაც ათასობით ადამიანი ცხოვრობდა. ასეთი დასახლებების აღწერა მოცემულია ავესტაში.
სახელწოდება ხორეზმი პირველად გვხვდება ძვ.წ. VIII—VII საუკუნეებში. არსებობს სახელწოდების მრავალნაირი ინტერპრეტაცია: ერთი ეტიმოლოგიით „მკვებავი მიწა“, მეორეთი - „დაბალი მიწა“. ზოგიერთი თვლიდა, რომ სახელწოდება ხორეზმი ითარგმნება, როგორც „ხურიტების ქვეყანა“ — ხვარიზამი. დაახლოებით ძვ.წ. VIII—VII საუკუნეებში ხორეზმი იწყებს თავისი ისტორიის ახალ ერას, როცა ხორეზმელებმა ალ-ბირუნის გადმოცემით დაიწყეს წელთაღრიცხვა მეფეთა მმართველობიდან. ამ პერიოდიდან ხორეზმი ხდება ძლიერი ცენტრალიზებული სახელმწიფო, რაზეც მეტყველებენ ძვ.წ. VIII—VI ს.ს. გრანდიოზული ნაგებობანი და საირიგაციო შენობები.
იხ. ვიდეო
ძვ.წ IV — ახ.წ.I ს.ს. ხორეზმი ძლიერი სახელმწიფო იყო.
ძველი ხორეზმის მმართველებიდან, ჯერჯერობით, შემორჩენილია მხოლოდ იმ მმართველთა სახელები, რომელთაც თავისი სახელით აქვთ მოჭრილი მონეტები. ესენია, არტავი - ძვ.წ. I საუკუნის მმართველი, არტრამუში ძვ.წ. II — ახ. წ. III ს.ს. მმართველი, ვაზამარი III ს. მეორე ნახევრის მმართველი და სხვ.
ამ პერიოდში აიგო მრავალი გამაგრებული ქალაქი მძლავრი კედლებითა და კოშკებით, რომლებიც წარმოადგენენ უდაბნოს მხრიდან ოაზისის საზღვრების დამცავი ციხე-სიმაგრის ერთიან სისტემას. აღმოჩენილი საბრძოლო მასალები ადასტურებს, რომ ამ პერიოდში დიდ როლს ასრულებდა სახალხო ლაშქარი და ჯერ კიდევ არ არსებობდა პროფესიული ჯარი. დაახლოებით ძვ.წ. 175 წელს ხორეზმი შევიდა კანგიუის შემადგენლობაში.
ძვ. წ. I ს, უკანასკნელ მესამედში კანგიუის შემადგენლობაში ხორეზმი გვევლინება, როგორც დასავლეთის ჰუნების უძლიერესი მოკავშირე. ამ დროისათვის ხორეზმის ხელისუფლება ვრცელდება ჩრდილო-დასავლეთით დიდ მანძილზე. „ხანის უმცროცი დინასტიის ისტორიის“ ცნობებით, ჩვ. წ. დასაწყისიდან ხორეზმი (რომელიც მოიხსენება აქ, როგორც კანგიუი „კანგლების ქვეყანა“) იმორჩილებს ალანთა ქვეყანას, რომელიც იმ დროისათვის გადაჭიმული ყოფილა ჩრდილოეთ არალისპირეთიდან აღმოსავლეთ აზოვისპირეთამდე.
სავარაუდოდ, ახ.წ. I-II ს.ს. ხორეზმი იმყოფებოდა ქუშანის სამეფოს გავლენის ქვეშ. IV ს. დასაწყისში ფადიშაჰ აფრიგის დროს ხორეზმის დედაქალაი ხდება კიატი. მომდევნო IV-VIII ს.ს. ხორეზმი ქალაქები გაპარტახებული ჩანს. 305-995 ხორეზმს მართავს აფრიგიდების დინასტია, რომლის წარმომადგენლები ატარებდნენ ხორეზმშაჰის ტიტულს. 567-658 წწ. ხორეზმი იყო თურქთა ხაკანატის დაქვემდებარებაში.
1043 წელს ხვარაზმი სელჩუკებმა დაიპყრეს. XI ს.დასასრულიდან ურგენჩში ე.წ. დიდი ხვარაზმშაჰების დინასტია. თექეშ იბნ ილ-არსლანმა (1172-1200) ხვარაზმი სელჩუკებისაგან გაათავისუფლა. (1194) თექეშის ვაჟის მუჰამად II ალა ალ-დინის (1200-1220) დროს ხვარაზმშაჰების სახელმწიფოს საზღვრები გადაჭიმული იყო კასპიის ზღვის ჩრდ. სანაპიროდან სპარსეთის ყურეში და კავკასიიდან ჰინდუქუშამდე. 1220 წელს ჩინგიზ-ყაენის ჯარების თვდასხმის შედეგად ხვარაზმშაჰების სახელმწიფო დაიშალა, ხვარაზმი ოქროს ურდოში მოექცა. XIV ს. II ნახევარში ხვარაზმის კულტურამ ახალი აღმავლობა განიცადა. 1388 წელს თემურლენგმა ურგენჩი დაანგრია და მთელი ხვარაზმი დაიმორჩილა. თითქმის საუკუნე გრძელდებოდა ხვარაზმისათვის ბრძოლა თემურიდებსა და ოქროს ურდოს ყაენებს შორის. 1512 წელს ხვარაზმს მართავდა ჯუჩის შთამომავლობის დინასტია (XVII ს. ბოლომდე) მოგვიანებით კი — უზბეკი სარდლები იყვნენ ყუნღირათის ტომიდან, თუმცა ტახტზე ფორმალურად ჩინგიზ-ყაენის შთამომავლები იყვნენ. XVII ს.დასაწყისში ხვარაზმის დედაქალაქი იყო ხივა, რომლის არქიტექტურული ანსამბლები გვიანდელი ფეოდალური ხვარაზმის არქიტექტურისა და დეკორატიულ-მონუმენტური ხელოვნების ნიმუშებს წარმოადგენს.
იხ. ვიდეო
1218 ჩინგიზ-ხანმა ელჩობა გააგზავნა ხორეზმში წინადადებით - კავშირი შეეკრათ. ხორეზსმშაჰი ალა ად-დინ მუჰამედ II-მ უარყო ეს წინადადება იმ მიზნით, რომ მონღოლები არ იყვნენ საიმედო პარტნიორები და ოტრარის მმართველის, კაირ ხანის წინადადებით ელჩები ჩამოახჩო. ჩინგიზ ხანმა მოითხოვა კაირ ხანის გადაცემა, მაგრამ პასუხად მუჰამედმა კვლავ ჩამოახრჩო ერთ-ერთი ელჩი წარგზავნილთაგან. 1219 წლის გაზაფხულზე, ჯერ კიდევ არ ჰქონდა ჩინეთი დაპყრობილი ბოლომდე, ჩინგიზ ხანმა 200 ათასიანი ლაშქარი გაგზავნა ხორეზმში. ხორეზმშაჰმა ვერ გაბედა გენერალური ბრძოლის გამართვა. მას არც კი გამოუცხადებია მობილიზაცია, მთელი თავისი ლაშქარი უცვლელად დატოვა სახელმწიფოს სხვადასხვა ქალაქებსა და ციხესიმაგრეებში გადანაწილებული მცირე-მცირე ჯგუფებად. ამის გამო ხორეზმის ყველა მსხვილი ქალაქი ერთი მეორის მიყოლებით ეცემოდა მონღოლთა შემოტევისას. ყველა მათგანი განადგურდა და ხორეზმელთა უმრავლესობა დაიხოცა. ხორეზმშაჰმა გადარჩენილი ჯარის ნაწილებით, ჯერ თავის ირანულ სამფლობელოებს შეაფარა თავი, შემდეგ კი მცირე რაზმით გაიქცა კასპიისპირა ოლქში და გარდაიცვალა კუნძულ აბესკუნზე (კუნძული, ამჟამად, მთლიანად წყალის ქვეშ არის მოქცეული), მდინარე მტკვრის დელტაში, კასპიის ზღვაში. ხორეზმშაჰების სახელმწიფომ არსებობა შეწყვიტა.
ხორეზმ-შაჰის ვაჟი ჯალალ ად-დინ მანგუბერდი 1231 წლამდე აგრძელებდა ბრძოლას მონღოლთა წინააღმდეგ. მან ორჯერ გაანადგურა მონღოლთა არმია თანამედროვე ავღანეთის ტერიტორიაზე, მაგრამ დამარცხებულ იქნა თავად ჩინგიზ-ხანის მიერ მდინარე ინდთან. ამის შემდეგ ჯალალ ად-დინ მანგუბერდი გარდაიცვალა კავკასიაში. ხორეზმ-შაჰების უკანასკნელი მემკვიდრე ანუშტეგინიდების დინასტიიდან იყო საიფ ად-დინ კუტუზი, რომელმაც მცირე ხნით შეძლო 1259 წელს მოსულიყო ეგვიპტის ხელისუფლების სათავეში. მისმა ჯარებმა საბოლოოდ, შეძლეს შეეჩერებინათ მონღოლთა წინსვლა 1260 წელს აინ-ჯალუტის ბრძოლაში.
1220 წელს ხორეზმი შევიდა მონღოლთა იმპერიაში, მოგვიანებით კი ჯუჩის ულუსში. ამ პერიოდში ხელახლა აშენდა ურგენჩი. ის გახდა ცენტრალური აზიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სავაჭრო ცენტრი. ხორეზმულმზ კულტურამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ოქროს ურდოს კულტურულ განვითარებაში.
1359 წელს ხორეზმმა სუფი-ყუნგრადების მეთაურობით კვლავ მოიპოვა დამოუკიდებლობა. 1370 წლამდე ხორეზმის მეთაური იყო ჰუსეინ სუფი, ტონგრადის ვაჟი ყუნგრადების დინასტიის. 1372 წელს ხორემის წინააღმდეგ გაილაშქრა თემულრ-ლენგმა, მისი ჯარი გამოვიდა ქალაქ სამარყანდიდან, აიღო ქალაქი ბუხარა და ხორეზმელთა ციხე კიატი. ჰუსეინ სუფიმ დიდხანს ვერ გაუძლო წინააღმდეგობა და ალყაშემორტყმულ ხორეზმში გარდაიცვალა. გარდაცვალების შემდეგ კი ტახტზე ავიდა მისი უმცროსი ძმა იუსუფ სუფი. 1376 წელს ხორეზმი შევიდა თემურის იმპერიაში, მისი მმართველები კი გაიქცნენ ოქროს ურდოში.
ხორეზმი XVI-XVIII საუკუნეებში
1505 წელს ხორეზმი შევიდა მუჰამედ შეიბანი-ხანის სახელმწიფოში. მდინარე ამუდარიის კალაპოტის ცვლილების გამო დედაქალაქი 1573 წელს გადატანილ იქმა ქალაქ ხივაში. XVII საუკუნიდან რუსულ ისტორიოგრაფიაში სახელმწიფოს დაარქვეს ხივის სახანო. სახელმწიფოს ოფიციალურ სახელწოდებას კი წარმოადგენდა ძველი სახელწოდება - ხორეზმი. 1511 - 1770 ხორეამის მმართველი იყო შიბანიდების დინასტია.
ხორეზმი XVIII-XIX საუკუნეებში
1770-ანი წლებიდან ხორეზმის ხელისუფლებაში მოვიდნენ უზბეკური წარმომავლობის ყუნგრადების დინასტია. დინასტიის დამფუძნებელი იყო მუჰამედ ამინ-ბიი. ამ პერიოდში დედაქალქ ხივაში აიგო ხორეზმის არქიტექტურის შედევრები. 1873 წელს მუჰამედ რაჰიმ-ხან II-ის მმართველობის დროს ხორეზმი გახდა რუსეთის ვასალი. 1920 წლამდე გაგრძელდა ყუნგრადების მმართველობა. ისინი საბჭოთა თურქესტანთან ორი ომის შემდეგ წითელი არმიის გამარჯვების შედეგად ჩამოგდებულ იქნენ ტახტიდან.
იხ. ვიდეო