понедельник, 12 ноября 2018 г.
9 აპრილის ტრაგედია
9 აპრილის ტრაგედია
1989 წლის 9 აპრილს, თბილისში მომხდარი სისხლიანი მოვლენები, რაც გამოიხატა საბჭოთა არმიის მიერ ანტი-საბჭოთა, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაციის დარბევაში, რის შედეგადაც დაიღუპა 21 ადამიანი, ასობით კი დაიჭრა, მოიწამლა და დასახიჩრდა.
მიტინგის დარბევა
3:30 საათისთვის ოპერაციის ხელმძღვანელის გენერალ- პოლკოვნიკ ი. როდიონოვის მიერ დამტკიცებული გადაწყვეტილების თანახმად, ლენინის მოედანზე განლაგდა ჯარი, რომელსაც დაევალა მთავრობის სახლის წინ მოედანსა და რუსთაველის პროსპექტიდან რესპუბლიკის მოედნამდე მომიტინგეთა გაძევება. მის შემადგენლობაში იყო:
- განსაკუთრებული დანიშნულების ცალკეული მოტომსროლელი დივიზიის მე-4 მოტომსროლელი პოლკი (გდცმდ-ის მე-4 მმპ), ქ. მოსკოვი — 650 ადამიანი;
- განსაკუთრებული დანიშნულების მილიციის რაზმი (გდმრ), ქ. პერმი — 120 ადამიანი;
- გდმრ, ქ. ვორონეჟი — 40 ადამიანი;
- მილიციის უმაღლესი სკოლა (მუს), ქ. გორკი — 450 ადამიანი;
- მე-8 მოტომსროლელი პოლკი (მე-8 მმპ), ქ. თბილისი — 650 ადამიანი, საქართველოს სსრ შსს — 250 ადამიანი;
- საჰაერო- სადესანტო პოლკი (სსპ) — 440 ადამიანი.
ოპერაციაში მონაწილეობდა 2550 ადამიანი, 6 ჯავშანტრანსპორტიორი, დესანტის 8 საბრძოლო მანქანა, 4 სახანძრო მანქანა და 2 სანიტარული ავტომობილი.
ოპერაციის დაწყების წინ გენერალ-მაიორმა ი. ეფიმოვმა ქვედანაყოფთა მეთაურებს ზეპირად დაუსახა შემდეგი ამოცანები:
მე-4 მოტომსროლელი პოლკი უნდა გასულიყო რუსთაველის პროსპექტზე და ლენინის მოედნიდან რესპუბლიკის მოედნამდე განედევნა მომიტინგები — სასტუმრო „ივერიამდე”.
ი. ეფიმოვის წერილობითი განმარტებით, რაც დადასტურდა შსს კომისიის მიერ, მინისტრის მოადგილის ვ. ტრუშინის თავმჯდომარეობით, მე-8 მოტომსროლელი პოლკის წინაშე დასმული ამოცანა ჩამოყალიბებული იყო სხვაგვარად, ვიდრე გადაწყვეტილებაშია, კერძოდ:
მე-8 მოტომსროლელი პოლკი — ოპერაციის დაწყებისას ორი ბატალიონით უნდა გასულიყო მთავრობის სახლის წინ მოედანზე, ჩიტაძისა და ჭიჭინაძის ქუჩებით და უნდა განეცალკევებინა მოშიმშილეთა ჯგუფი მოედანზე მყოფი ხალხის ძირითადი მასისგან.
მილიციის უმაღლესი სკოლა (ქ. გორკი) უნდა გადაადგილებულიყო მე-4 მოტომსროლელი პოლკის მიყოლებით და გადაეკეტა რუსთაველის პროსპექტზე მიმდებარე ქუჩებიდან გასასვლელები.
ანალოგიური ამოცანა დაისვა განსაკუთრებული დანიშნულების მილიციის რაზმების წინაშეც. სახანძრო ნაწილის მეთაურს დაევალა ხანძრის ჩაქრობა, თუ გაჩნდებოდა. მითითებული ჰქონდა, განსაკუთრებული ყურადღება მიექციათ ჯარის თანმხლები ჯავშანტექნიკისთვის. მომიტინგეთა წყლით დაშლა გადაწყვეტილებაში ეწერა, მაგრამ შემდგომ ის გაუქმდა ი. ეფიმოვისა და შ. გორგოძის მიერ.
საჰაერო-სადესანტო პოლკს (ორი ბატალიონის შემადგენლობით) უნდა ემოძრავა მე-4 მოტომსროლელი პოლკის უკან. მისი ამოცანა იყო მთავრობის სახლის წინ მოედნის, რუსთაველის პროსპექტისა და მისი მიმდებარე ქუჩების დაცვა. ეს პოლკი მზად უნდა ყოფილიყო, აუცილებლობის შემთხვევაში მე-4 მოტომსროლელ პოლკს დახმარებოდა.
დაკისრებული ამოცანების შესასრულებლად შინაგანი ჯარი ეკიპირებული და შეიარაღებული იყო: ჩაჩქანით, ჯავშანჟილეტით, რეზინის ხელკეტით, პირადი შემადგენლობის 50%-ს ჰქონდა ფარი, ოფიცრებს – პირადი იარაღი (პისტოლეტი „ПМ”) ორი გამზადებული მჭიდით. მე-4 მოტომსროლელი პოლკის შემადგენლობაში მოძრაობდა დაჯგუფება სპეცსაშუალებით „ჩერიომუხა”, რომელიც უშუალოდ ამ პოლკის მეთაურის მოვალეობის დროებით შემსრულებელს, პოდპოლკოვნიკ ა. მ. ბაკლანოვს ექვემდებარებოდა.
2:50 საათზე მომიტინგეთა წინაშე გამოვიდა ქ. თბილისის შინაგან საქმეთა სამმართველოს უფროსი, პოლკოვნიკი რ. გვენცაძე და შეკრებილებს მოუწოდა, დაშლილიყვნენ, ვიდრე ჯარი გამოიყენებდა ძალას. მისი სიტყვებით, მომიტინგეებმა მას არ მისცეს საშუალება, გამოსულიყო მიკროფონით, რის გამოც იძულებული გახდა ესარგებლა მეგაფონით.
მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება თხოვნით მიემართათ პატრიარქისათვის, რათა მისი ლოცვა-კურთხევით დაშლილიყო მიტინგი. ამისათვის მათ საქართველოს პატრიარქთან ცნობილი სპორტსმენი და ამავე დროს პოლიციელი მერაბ ღუდუშაური გაგზავნეს.
3:30 საათზე ღამით, მიტინგის დარბევამდე მთავრობის სახლის წინ მომინტიგეების წინაშე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II გამოვიდა, რომელმაც მოუწოდა მომიტინგეებს დაპირისპირების თავიდან აცილების მიზნით გადაენაცვლათ ქაშვეთის ეკლესიაში.
„სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა. ჩვენთან არს ღმერთი! თქვენ იცით, რომ საუკუნეების განმავლობაში მრავალი განსაცდელი უნახავს საქართველოს და მრავალგზის უფალსა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს გადაურჩენია საქართველო. აი დღესაც ჩვენ ვდგავართ რეალური საშიშროების წინაშე. მე მოვედი იმისათვის, რომ დაგლოცოთ თქვენ. მთელი საქართველო ხედავს თქვენს თავდადებას, მთელი საქართველო ხედავს თქვენს ღვაწლს, მაგრამ ამავე დროს ჩვენ არ შეგვიძლია არ დავინახოთ ის რეალური საშიშროება, რომელიც დგას ჩვენს წინაშე. აი ამიტომ მე მოვედი აქ, რომ დაგლოცოთ, რომ დამთარდეს ეს შეყრილობა. მე მოვედი იმისათვის, რომ წავიდეთ ტაძარში და მადლობა შევსწიროთ ღმერთს გადარჩენისათვის. მე ახლა მაცნობეს, რომ საშიშროება რეალურია. შეიძლება ამ საშიშროებამდე დარჩა სულ რამდენიმე წუთი. ამიტომ, ჩემო სულიერო შვილებო, გეძლევათ ლოცვა-კურთხევა, რომ აბრძანდეთ ახლა და წავიდეთ ქაშვეთის წმინდა გიორგის ეკლესიაში და მადლობა შევსწიროთ უფალს. თქვენ ნუ იფიქრებთ იმას, რომ მე მთხოვა მთავრობამ. ახლა მოვიდნენ ჩემთან წარმომადგენლები, რომელთაც მითხრეს, რომ ეს საშიშროება რეალურია და მე ნება არ მქონდა არ მოვსულიყავი და ეხლა თქვენთან ერთად არ ვყოფილიყავი.“ |
კათოლიკოსის გამოსვლა დუმილით მოისმინეს, კეთილგონიერებისკენ მისი მოწოდების შემდეგ ჩამოვარდა შვიდწუთიანი სიჩუმე, რასაც მოყვა „მამაო ჩვენოს” ერთობლივი ლოცვა. მომიტინგეები ინარჩუნებდნენ წესრიგს, სიმშვიდეს, არ იყო შიშის ხილული ნიშნები, ბევრი მღეროდა და ცეკვავდა. შემდეგ გამოვიდა არაფორმალების ერთ-ერთი ლიდერი ი. წერეთელი, რომელმაც მოუწოდა, არ დაშლილიყვნენ, არ გაეწიათ წინააღმდეგობა, შეენარჩუნებინათ სიმშვიდე, ყველაზე უკეთესი კი იქნებოდა, დამსხდარიყვნენ („მსხდომარებს არ ურტყამენ!”). ბევრი დაჯდა კიდეც, ძირითადად, მთავრობის სახლის კიბეებთან. წერეთელმა მოწოდება 3:59 საათზე დაასრულა.
4:00-ზე გენერალ- პოლკოვნიკმა ი. როდიონოვმა მომიტინგეთა განდევნის ოპერაციის დაწყების ბრძანება გასცა. როგორც ფოტოგრაფი იური როსტი იხსენებდა, ლენინის მოედნიდან წამოვიდნენ ჯავშანტრანსპორტიორები, მათ მოჰყვებოდნენ ძერჟინსკის დივიზიისა და შინაგანი ჯარის სპეცრაზმელები ფარებითა და ხელკეტებით შეიარაღებულნი. დარბევა გაფრთხილების გარეშე დაიწყო.
4:05 საათზე რუსთაველის პროსპექტზე, მთავრობის სახლთან ოთხი ჯავშანტრანსპორტიორი გამოჩნდა. ისინი პროსპექტის მთელი სიგანეზე მოძრაობდნენ, ხალხმა დაუბრკოლებლად გაატარა ისინი. ნაწილმა მთავრობის სახლთან, ნაწილმა კი მხატვრის სახლსა და ქაშვეთის ტაძართან გადაინაცვლა. ჯავშანტექნიკის კვალდაკვალ მოდიოდა ჯარისკაცთა წყება, რომელიც 4:07 საათზე შეჩერდა მიჯნაზე: მხატვრის სახლში შესასვლელი — მთავრობის სახლის წინ, მარჯვენა გაზონი. ამ დროს მომიტინგეთა ძირითადი მასა მთავრობის სახლის კიბესთან რჩებოდა.
პოდპოლკოვნიკმა ა. ბაკლანოვმა მეგაფონით წინადადება მისცა მიტინგის მონაწილეებს, გაეთავისუფლებინათ რუსთაველის პროსპექტი და გააფრთხილა, რომ უარის შემთხვევაში ძალას გამოიყენებდნენ. უნდა აღინიშნოს, რომ ეს გაფრთხილება ბევრმა ვერ გაიგონა ხმაურის გამო.
საწყის პოზიციაზე, ჯარის გასვლასთან ერთად, მომიტინგეებმა დაიწყეს მოედნის დატოვება, მაგრამ მათ არ მიეცათ საკმარისი დრო დაშორიშორებისთვის. ამასთან, არც ის იყო მიღებული მხედველობაში, რომ მოედნიდან თითქმის ყველა გასასვლელი გადაკეტილი იყო, ანუ ევაკუაციის გზები მკვეთრად იყო შეზღუდული. 3 წუთის შემდეგ გაგრძელდა მოედნიდან ხალხის განდევნის ოპერაცია.
მე-4 მოტომსროლელი პოლკის საჯარისო რიგებმა დაიწყეს მომიტინგეთა შევიწროება როგორც მთავრობის სახლისკენ, ისე რუსთაველის პროსპექტის გაყოლებით. ამასთან, მიტინგის მონაწილეთა დიდი ნაწილი, რომელიც მთავრობის სახლის მარცხენა მხარეს იმყოფებოდა, კვლავ ადგილზე რჩებოდა, უნებურად ხელს უშლიდა ფრონტიდან შევიწროებული ადამიანების თავისუფლად გასვლას. სიტუაცია სერიოზულად გართულდა, როცა ამ დროს მე-8 მოტომსროლელი პოლკის 1-მა ბატალიონმა, გენერალ-მაიორ ი. ტ. ეფიმოვის ზეპირი ბრძანების შესაბამისად, ჭიჭინაძის ქუჩიდან მოედნის მიმართულებით დაიწყო მოძრაობა. ერთი მხრივ, სამხედრო მოსამსახურეთა მოძრაობამ და მეორე მხრივ, ადამიანთა მასების სიმჭიდროვის ზრდის გამო მომიტინგეთა წინააღმდეგობამ გამოიწვია ხალხის ჭყლეტის დაწყება მარცხენა გაზონთან.
სწორედ აქ დაიღუპა და დაშავდა მოქალაქეთა ყველაზე დიდი რაოდენობა. იმ პირთა შორის, რომლებმაც ტრავმები მიიღეს, ბევრი მილიციის მუშაკი და სამხედრო მოსამსახურე იყო.
ამ ეტაპზე მომიტინგეთა ნაწილი, ფაქტობრივად, გაიჭედა სამხედრო მოსამსახურეებსა და იმ დემონსტრანტებს შორის, რომლებმაც ვერ მოასწრეს გასვლა. მოხდა გააფთრებული შეტაკება. ინსტრუქციების უხეში დარღვევებით, მიტინგის დასაშლელად ხელკეტების, მომწამლავი ნივთიერებებისა და ბარების გამოყენება, ფაქტობრივად, საბჭოთა ადამიანების მიმართ სასტიკ ანგარიშსწორებად იქცა.
გენერალ ი. ეფიმოვის განმარტებით, რუსთაველის პროსპექტზე ჯარის გადაადგილების დროს, მთავრობის სახლთან გზის გაგანიერების გამო, მარცხენა ფლანგი თითქოსდა გაშიშვლდა, რამაც, მისი სიტყვებით, შექმნა მომიტინგეთა არა მხოლოდ სამხედრო მოსამსახურეთა ზურგში შეღწევის, არამედ მათი ალყაში მოქცევის საშიშროება.
გარღვევის აღმოსაფხვრელად, გენერალ ი. ეფიმოვის თხოვნით, გენერალმა ი. როდიონოვმა გამოყო მედესანტეთა ასეული, რითაც საბჭოთა არმიის სამხედრო მოსამსახურეებმა დაიწყეს მათთვის უჩვეულო ფუნქციების შესრულება, მან უხეშად დაარღვია გენერალური შტაბის დირექტივა არმიის ქვედანაყოფებზე მხოლოდ განსაკუთრებულად გამოყოფილი ობიექტების დაცვის ამოცანების დაკისრების შესახებ. კომისიის აზრით, ამ სიტუაციაში არ იყო მომიტინგეთა განდევნის ოპერაციის ჩაშლის რეალური საფრთხე, ისევე, როგორც არ იყო მედესანტეთა ასეულის ჩართვის აუცილებლობა.
4:21 საათისთვის მთავრობის სახლის წინ მოედნის გაწმენდა დასრულდა. მე-8 მოტომსროლელი პოლკის 1-ლი ბატალიონი შეუერთდა მე-4 მოტომსროლელ პოლკს, რომელიც განაგრძობდა მომიტინგეთა განდევნას.
ოპერაციის ამ ეტაპზე შინაგანმა ჯარმა, რუსთაველის პროსპექტზე მიტინგის მონაწილეთა აქტიური წინააღმდეგობის დაძლევისას, გამოიყენა სპეცსაშუალება „ჩერიომუხა”. შინაგანი ჯარის ხელმძღვანელობის მოხსენების მიხედვით, სპეცსაშუალებები გამოყენებული იყო – პირველი მიჯნა: ჯორჯიაშვილის ქუჩა – ლ. უკრაინკას ქუჩა; მეორე მიჯნა: ლუნაჩარსკის ქუჩა – ჭავჭავაძის ქუჩა; მესამე მიჯნა: კავშირგაბმულობის სახლის წინ.
რესპუბლიკის მოედნის მისადგომებთან გაზრდილი წინააღმდეგობის გამო (გასასვლელი ჩახერგილი იყო ტროლეიბუსებით და ავტობუსებით), პოდპოლკოვნიკმა ა. მ. ბაკლანოვმა დამოუკიდებლად გასცა არატაბელური ნაკეთობა К-51-ის (რომელიც შეიცავდა მომწამვლელ ნივთიერება სი-ეს-ს) გამოყენების ბრძანება. გამოიყენეს ოთხი „გრანატა”, მათგან ერთმა არ იმუშავა.
განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს პოდპოლკოვნიკ ა. ბაკლანოვის თვითნებური გადაწყვეტილება К-51-ის გამოყენების შესახებ, რაც მან შემდგომ დამალა მისი გამოყენების ფაქტი. დაშავებულთა ჩვენებით, ისინი მოიწამლნენ უფრო ადრე (უშუალოდ მთავრობის სახლსა და ქაშვეთის ტაძართან).
განდევნის ოპერაციის დასრულებისას მიტინგის ერთ-ერთი მონაწილე ცეცხლსასროლი იარაღით თავში დაიჭრა.
სპეცსაშუალებები მე-4 მოტომსროლელმა პოლკმა გამოიყენა მოქმედი დარიგების დარღვევით (იხ. სსრკ შსს 1970 წ. №0507 ბრძანების №1 დანართი21). სპეცსაშუალებების გამოყენების პირველი მიჯნიდან რუსთაველის პროსპექტის ბოლომდე საცხოვრებელი სახლებია (სასტუმრო „თბილისიდან” დაწყებული). დარიგების მე-III განყოფილების 23-ე პუნქტში აღნიშნულია სპეცსაშუალებების გამოყენებამდე მშვიდობიანი მოსახლეობის გაფრთხილების შესახებ და მათ ევაკუაციაზეც კი. მაგრამ გენერალმა ი. ტ. ეფიმოვმა უგულებელყო ეს მოთხოვნა და გასცა „ჩერიომუხას” საცხოვრებელ რაიონში გამოყენების ბრძანება. იგივე ხდებოდა შემდგომ მიჯნებზეც. არის ცნობები, რომ სამხედრო მოსამსახურეები შეიჭრნენ საცხოვრებელ კვარტლებში და გამოიყენეს სპეცსაშუალება „ჩერიომუხა”.
სპეცსაშუალება „ჩერიომუხას” გამოყენება მათ ოფიციალურად აღიარეს ა.წ. 13 აპრილს, ისიც უცილობელი სამხილების ზეწოლის ქვეშ.
შემდგომ ეტაპობრივად მოხდა „ჩერიომუხას” სხვადასხვა მოდიფიკაციისა და სი- ეს გაზის (ნაკეთობა К-51) გამოყენების აღიარება.
ხანგრძლივი დროის განმავლობაში საბჭოთა არმიის სარდლობის წარმომადგენლები ასევე უარყოფდნენ მესანგრეთა ხელბარების გამოყენებას.
ჯ. პატიაშვილი იხსენებდა, რომ „როგორც რესპუბლიკის ხელმძღვანელი, მხოლოდ ოპერაციის დასრულების შემდეგ ვიგებ, რომ აქციის დაშლაში ქართულ მილიციას მონაწილეობა არ მიუღია. პირველადი ინფორმაციით მატყობინებენ, რომ ოპერაცია მსხვერპლით დამთავრდა. გარდაცვლილია სამი ადამიანი: ორი ქალი და ერთი მამაკაცი. მაშინვე ვურეკავ გორგოძეს. კითხვაზე — რატომ დაიღუპნენ უდანაშაულო ადამიანები? — შს მინისტრი არანაკლებ აღშფოთებული მპასუხობს: —როდიონოვმა ფიზიკური შეურაცყოფა მომაყენა და იმ მომენტში იარაღია არ მქონდა თორემ ვესვროდი! ამის შემდეგ ჩემს კაბინეტში გააფთრებული შემოდის გაფითრებული როდიონოვი და თითქმის ისტერიკაში ჩავარდნილი მეუბნება: — როგორც შეთანხმებული ვიყავით და როგორც სქემით იყო გაწერილი, ოპერაცია ისე არ ჩატარდა. გორგოძემ ქართული მილიცია არ გამოიყვანა და შედეგად ჯარი და მომიტინგეები ერთმანეთის პირისპირ აღმოჩნდნენ“.
ღამის ოთხი საათიდან თბილისის №1 საავადმყოფოში სასწრაფო დახმარების მანქანებმა ინტენსიურად დაიწყეს დაჭრილებისა და გვამების მიყვანა. მთავარი ექიმის ბრძანებით, მიმღებ განყოფილებასთან შექმნილი მაღალკვალიფიციური ექიმებით დაკომპლექტებული ბრიგადა სასწრაფო დახმარების მანქანებშივე ადგენდნენ დაზარალებულთა დაზიანების ხასიათს და შესაბამის განყოფილებებში ანაწილებდნენ.
როგორც იხსენებდა ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის 1 ქირურგიული კათედრის დოცენტი, მორიგე ექიმი მიხეილ თეთროქალაშვილი, „იმ საბედისწერო ღამეს კლინიკამ მიიღო 63 დასახიჩრებულ-მოწამლული და 14 გვამი. დაღუპულთა შორის მხოლოდ ორსღა ეტყობოდა სიცოცხლის უკანასკნელი ნიშნები. დაზარალებულთა უმეტესი ნაწილი ტოქსიკურ მდგომარეობაში იმყოფებოდა, იყვნენ გაბრუებულნი, აღენიშნებოდათ გულის რევის შეგრძნება, ჰქონდათ დაჟეჟილობები და ჭრილობები თავის არეში და ტანის ზედა სარტყელში. მათი თქმით, ეს დაზიანებები მიყენებული იყო ხელკეტებითა და სასანგრე ნიჩბებით. დღეს კიდევ ერთი გოგონა დაიღუპა მოწამვლის ნიადაგზე, ერთიც მეტად მძმე მდგომარეობაშია. მისი გადარჩენის მხოლოდ თეორიული შანსი თ არსებობსდა ისიც, სამწუხაროდ, უმცირესი. გაზით მოწამლულები მეორე დღეს უფრო მძიმედ შეიქმნენ, რადგან მათ ორგანიზმზე შეესხურათ მავნე ნივთიერება“.
ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის 1 ქირურგიული კათედრის გამგის ვახტანგ ფიფიას ცნობით, „№1 ქირურგიულ და გულ-მკერდის ქირურგიულ განყოფილებაში სამი დაზარალებული მოიყვანეს ტოქსიკური ნიშნებით. მათი გადმოცემით ორი მომწამვლელი გაზი გამოუყენებიათ 9 აპრილს უბედურების ჩამდენთ: ერთი, რომელსაც დეზოდორანტის მაგვარი ალონებით ასხურებდნენ. და მეორე, რომლებსაც შორ მანძილზე ისროდნენ, რის შედეგადაც გაზის კაფსულები ფეთქებოდნენ. ამ გზით მოწამლულ ავადმყოფებს ცრემლის დენისა და პირღიბინების შემდეგ, გასაგება რომ ვთქვათ, ეყებათ გამოლენჩება, მოძრაობა შეუძლებელია, წნევა — მაღალი“.
დღისით სავადმყოფოები გადავსებული იყო დაზარალებულებისაგან, რომელთაც ბლაგვი და მჭრელი იარაღით ჰქონდათ მიყენებული ჭრილობები და რომელბიც მოწამლულები იყვნენ ექიმებისათვის უცნობი ტოქსიკური გაზით, რომელიც იწვევდა ქავილსა და ჰაერის უკმარისობას. ქლოროპიკრინის ბაზაზე დამზადებული აირის მაღალმა კონცენტრაციამ გამოიწვია მრავალი სასიკვდილო შედეგი.
მოგვიანებით, გარდაცვლილთა ცხედრები გადაასვენეს სიონის საკათედრო ტაძარში, სადაც მოსახლეობა უკანასკნელ გზაზე აცილებდა 9 აპრლის გმირებს.
მთავრობის სასახლის წინ მოედანზე მომხდარი უბედურების გამო საქართველოს სსრ შნინაგან საქმეთა სამინისტროს ლაზარეთში მოხვდა ოცდათექვსმეტი დაზარალებული. აქედან შვიდი მძიმე მდგომარეობით.
დაზარალებულთა რიცხვში ასევე მოხვდა 90-მდე ჯარისკაცი.
თბილისის პროკურატურის ცნობით, ქალაქში 9 აპრილს მომხდარ ტრაგიკულ მოვლენებთან დაკავშირებით, აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, რომელსაც იძიებდა პროკურატურა. აღძრული საქმის გამო დაპატიმრებულ იყვნენ ხუხანაიშვილი, კოსტავა, ჭანტურია, სარიშვილი და გამსახურდია.
10:25 საათზე დღისით ჯ. პატიაშვილი კვლავ აბარებს ანგარიშს კრემლს:
დაღუპულთა სია
- აზა ადამია, 22 წლის
- ნათია ბაშალეიშვილი, 16 წლის
- ეკა ბეჟანიშვილი, 16 წლის
- ნატო გიორგაძე, 23 წლის
- თამუნა დოლიძე, 28 წლის
- თინა ენუქიძე, 70 წლის
- ნინო თოიძე, 25 წლის
- ზაირა კიკვიძე, 61 წლის
- მანანა ლოლაძე, 33 წლის
- თამარ მამულიშვილი, 50 წლის
- ვენერა მეტრეველი
- მამუკა ნოზაძე, 22 წლის
- ნანა სამარგულიანი, 41 წლის
- შალვა ქვასროლიაშვილი, 35 წლის
- მარინა ჭყონია-სამარგულიანი, 31 წლის
- ელისო ჭიპაშვილი, 25 წლის
- თამარ ჭოველიძე, 16 წლის
- ნოდარ ჯანგირაშვილი, 40 წლის
- მზია ჯინჭარაძე, 43 წლის
- მანანა მელქაძე, 23 წლის
- გია ქარსელაძე, 25 წლის
ანალოგები
ბაქოს ტრაგედია – 1990 წლის 20 იანვარი
ვილნიუსის ტრაგედია – 1991 წლის 13 იანვარი
ბირთვული კლუბი
- ალჟირში
- არგენტინაში
- ბრაზილიაში
- ეგვიპტეში
- ფრანკოს შემდგომ ესპანეთში
- ლიბიაში
- მექსიკაში
- ჩაუშესკუს პერიოდის რუმინეთში
- საუდის არაბეთში
- ასადების შემდგომ სირიაში
- ტაივანში
- შვეიცარიაში
- შვედეთიში
- ტიტოს პერიოდის იუგოსლავიაში
- სამხრეთ კორეაში
უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი)
ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет - უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი) ინგლ. Ancient Aliens Ancient Aliens არის ამერიკული...
-
ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет - აფრო-ამერიკელები აფრო-მარეკილების ჯგუფი 1905-10წწ არიან ამ...