ფარნავაზ I
(სპარს. ფარნა – დიდება, ლათ. Pharnabazus I) — იბერიის პირველი[კ 1][კ 2][კ 3] მეფე, ხოლო „მოქცევაჲ ქართლისაჲს“ მიხედვით: იბერიის მეორე მეფე ძვ. წ. IV საუკუნეში. ფარნავაზი ქართლის უკანასკნელი მამასახლისის, სამარას ძმისშვილია. იგი საქართველოს პირველი გამაერთიანებელი და ფარნავაზიანთა დინასტიის დამფუძნებელია.
იხ.ვიდეო
ფარნავაზი იყო მამით ქართლოსიანი, მცხეთის უკანასკნელი მამასახლისის — სამარას ძმის შვილი. ფარნავაზის მამა კი მსახურობდა სპარსეთის მეფის დარიოს III-ის კარზე სადაც შეირთო ცოლად მეფის ასული. ალექსანდრე მაკედონელის მიერ სპარსეთის აღების შემდეგ ფარნავაზის მშობლები მცხეთაში დაბრუნდნენ სამარა მამასახლისთან თავის შესაფარებლად. სპარსეთის აღების შემდეგ ალექსანდრემ კავკასიაზეც გამოიწია და მცხეთის აღებისას მოკლა ფარნავაზის მამა და ბიძა, ხოლო მცხეთაში დასვა აზო. საფრთხის თავიდან აცილების მიზნით ფარნავაზის დედა თავის მცირეწლოვან შვილებთან (ფარნავაზი 3 წლის იყო) ერთად იძულებული გახდა გახიზნულიყო ჯერ სარმატიაში ხოლო შემდეგ გადასულიყო სპარსეთში. უკვე 20 წლის ფარნავაზი თავის ორ დასთან და დედასთან ერთად ბრუნდება მცხეთაში და ვინაობის გაუმხელად უახლოვდება აზოს.
ერთხელაც ფარნავაზი სიზმარს ნახულობს რომელიც წინასწარმეტყველებასავით აუსრულდება, როდესაც დიღმის გამოქვაბულში ნადირობისას იპოვნის თვალუწვდენელ განძს, რომლითაც დაგეგმავს აზონის ჩამოგდებას და ფარნავაზიანთა დინასტიის გავრცელებას სრულიად ივერიაზე. ის იმოყვრებს ჯერ კოლხეთის მამასახლისს ქუჯს გაატანს რა ცოლად მის უმცროს დას, ხოლო შემდეგ უფროს დას ათხოვებს სარმატ მთავარზე. ამ ორი დიდი კავშირით ფარნავაზი მიიწევს აზონის ჩამოსაგდებად. შეშინებული აზო გარბის ჯავახეთში, კერძოდ არტაანში და იქ ჰურის ციხეში აფარებს თავს. ფარნავაზი უბრძოლველად იღებს მცხეთას და შემდეგ უკავშირდება სელევკიდების მეფეს, სელევკოს დიდს, და უთვლის განძს, რათა არ მიემხროს აზონს მრძოლაში. სელევკიდთა მეფის განდგომის შემდეგ აზონი იძულებული ხდება საშველად მიმართოს საბერძნეთს (თრაკია-მაკედონიის მეფეს, ლისიმაქეს), რომელიც დასახმარებლად უგზავნის მას არმიას.
ერთის მხრივ ფარნავაზი გაერთიანებული ძალით, ხოლო მეორეს მხრივ აზო საბერძნეთის არმიით შეებრძოლენ ქაჯეთის ციხესთან, სადაც აზო მოიკლა, ხოლო ბერძნები კი განიდევნენ რეგიონიდან. საბოლოოდ ფარნავაზმა თავი ქართლის მეფედ გამოაცხადა, ხოლო სამეფო ნიშნები და ინვესტიტურა ანტიოქოს I-გან მიიღო.
გამარჯვებულმა ფარნავაზმა დაიწყო სახელმწიფო რეფორმების გატარება. ქართლი დაიყო ადმინისტრაციულ ერთეულებად – საერისთავოებად. ერისთავებს ევალებოდათ საერისთავოში ჯარის შეკრება და მისი სარდლობა, ხარკის აკრეფა, სხვადასხვა ადმინისტრაციული საკითხის გადაწყვეტა. სულ შეიქმნა რვა საერისთავო.
- არგვეთის საერისთავო („მისცა მცირით მთითგან, რომელ არს ლიხი, ვიდრე ზღუ[რ]ადმდე [ეგრისისა], რიონს ზემოთ“);
- კახეთ, კუხეთ, ჰერეთის საერისთავო („მისცა არაგჳთგან ვიდრე ჰერეთამდე, რომელ არს კახეთი და კუხეთი“);
- ხუნანის საერისთავო („მისცა ბერდუჯის მდინარითგან ვიდრე ტფილისამდე და გაჩიანთამდის, რომელ არს გარდაბანი“)
- სამშვილდის საერისთავო („მისცა სკჳრეთისა მდინარითგან ვიდრე მთამდე, რომელ არს ტაშირი და აბოცი“);
- წუნდის საერისთავო („მისცა ფანვარითგან ვიდრე თავადმდე მტკურისა, რომელ არს ჯავახეთი და კოლა და არტანი“);
- ოძრხეს საერისთავო („მისცა ტასისკარითგან ვიდრე არსიანთამდის, ნოსტის თავითგან ზღუამდის, რომელ არს სამცხე და აჭარა“);
- კლარჯეთის საერისთავო („მისცა არსიანითგან ზღუამდე“);
- ეგრისის საერისთავო („ხოლო ეგრის წყალს ქუემოთ დარჩა ბერძენთა ... მისცა ქუჯის ქუეყანა ეგრის წყალსა და რიონს შუა, ზღჳთგან მთამდე, რომელსა შინა არს ეგრისი და სუანეთი“).
სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი პროვინცია – შიდა ქართლი, დაექვემდებარა სპასპეტს. სპასპეტი მეფის შემდეგ მეორე პირი იყო სამეფოში და ერისთავებიც პირადად მას ემორჩილებოდნენ.
ფარნავაზმა შემოიღო ახალი კერპი: „ამანვე ფარნავაზ შექმნა კერპი დიდი სახელისა ზედა თვისისა. ესე არს არმაზი, რამეთუ ფარნავაზს სპარსულად არმაზ ერქვა“. არმაზი საერთო ქართული უზენაესი ღვთაება გახდა, ამასთანავე ფარნავაზმა შეინარჩუნა აზოს მიერ მოტანილი კერპები – გაცი და გაიმი.
ქართლის ცხოვრება ფარნავაზს მიაწერს ქართული დამწერლობის შექმნასა და ქართული ენის სახელმწიფო ენად გამოცხადებას: „ამან განავრცო ენა ქართული და არღა იზრახებოდა სხვა ენა ქართლსა შინა თვინიერ ქართულისა“. მანამდე ქართლში ექვს ენაზე საუბრობდა ხალხი: ქართულ, სომხურ, ებრაულ, ბერძნულ, ხაზარულ და ასურულ ენებზე. ფარნავაზმა ააგო არმაზის ციხე და მცხეთას გალავანი შემოარტყა.
ფარნავაზ მეფემ 65 წელი იმეფა და გარდაიცვალა ძვ. წ. 237 წელს. დაკრძალეს არმაზის კერპის სიახლოვეს. ცოლად ჰყავდა დურძუკის ქალი რომლისაგანაც ეყოლა ძე, მისი ტახტის მემკვიდრე — საურმაგ I.
მზის დაბნელება
ძველი სტილით, ძვ. წ. 281 წლის 6 აგვისტოს, მთელი ამიერკავკასიის ტერიტორია მზის დაბნელებამ მოიცვა. ამავე დღეს დაფიქსირდა ბუნიობა. სავარაუდოა, რომ სწორედ აღნიშნული თარიღი დაედო საფუძვლად ძველ ქართულ წარმართულ კალენდარულდღესასწაულს — არმაზობას.
წინამორბედი: შეიქმნა სამეფო | იბერიის მეფე ძვ. წ. 284 – ძვ. წ. 219 ძვ. წ. 299 – ძვ. წ. 234 | შემდეგი: საურმაგ I |
წინამორბედი: აზონი | ქართლის მეფე ძვ. წ. 284 – ძვ. წ. 234 | შემდეგი: საურმაგ I |
წინამორბედი: აზონი | საქართველოს მეფე ძვ. წ. 302 – ძვ. წ. 237 | შემდეგი: საურმაგ I |
წინამორბედი: აზონი | ივერიის მეფე ძვ. წ. 302 – ძვ. წ. 237 | შემდეგი: საურმაგ I |
წინამორბედი: აზო | არმაზ-მცხეთის მეფე ძვ. წ. 272 – ძვ. წ. 206 | შემდეგი: საურმაგ I |
პიტიახში — სახელმწიფოს ერთ-ერთი უმაღლესი მოახლე ადრინდელ სასანიანთა ირანში, ქართლის სამეფოსა (იბერია) და სომხეთში პიტიახში (bitaxš) სპარსული წარმოშობის სიტყვაა, მაგრამ დღემდე ამ ტერმინის, არც მისი სომხური ფორმის (bdeašx) და არა ქართული „პიტიახშის“ ეტიმოლოგია და მის მიერ აღნიშნული სახელოს ფუნქციები საბოლოოდ დადგენილი არ არის.
დიმიტრი ბაქრაძის სიტყვებით:
„სომხური პიტიახში, ბერძნული petiax ნიშნავს „საზღვრის მცველსა“. პატიახშებად იწოდებოდნენ გუგარის ანუ ჩვენის სომხეთის მთავარნი.“ |
ყველაზე ადრინდელი სპარსული წარწერების მიხედვით (262 შაბურ I-ის ტრილინგვა და ნარსის პაიკულის ბილინგვა), პიტიახშის ერთ-ერთი პირველი ადგილი ეკავა ირანის სამეფო კარის დიდმოხელეებს შორის. ზოგიერთი მკვლევარი ფიქრობს, რომ პიტიახში იყო მეფისნაცვალი, ხოლო ზოგი მას პროვინციის მმართველად მიიჩნევს. „მოქცევაჲ ქართლისაჲ“, მაგარლითად, „პიტიახშის“ ტირულით მოიხსენიებს შაჰის მიერ IV საუკუნის ქართლის გამგებლად გამოგზავნილ ირანელ მმართველს.
სომხური წყაროების მიხედვით, ბდეშხი სანაპირო ოლქის მმართველი იყო. ზოგი მეცნიერის აზრით, სომხეთში ოთხი სადეშხო იყო, მაგრამ უფრო სარწმუნო ჩანს ცნობები მხოლოდ აღძნიქისა და გუგარქის ბდეშხების შესახებ.
არმაზისხევის სამაროვანის გათხრების შედეგად გამოცლინებულ ბერძნულ-არამეულ წარწერებში (ახ. წ. I-III სს.) მოხსენიებული არიან ქართლის პიტიაზშები შარაგესი, ბერსუმა, ასპარუგი, ჯავახი, პუბლიკიოს აგრიპა. აღსანიშნავია, რომ ბილინგვის არამეულ წარწერაში აგრიპა ფარსმან მეფის ეზოსმოძღვრად არის მოხსენიებული, ხოლო ბერძნული ტექსტში პიტიახშად.
სიმონ ჯანაშიას აზრით, რასაც სხვა მკვლევარებიც იზიარებენ, აღნიშნულ წარწერებში „პიტიახში“ ქართული „ერისთავის“ აღსანიშნავად უნდა იყოს გამოყენებული. ამ მოსაზრებით, „პიტიახშები“ ანუ „ერისთავები“ არიან ცალკეული პროვინციის გამგებლები. გიორგი მელიქიშვილის აზრით, ტერმინი „პიტიახში“, ჩანს, ქართლში „ერისთავის“ პარალელურად იხმარებოდა სამხედრო-სამოხელეო არისტოკრატიის უმაღლესი ფენის წარმომადგენელტა აღსანიშნავად. გამოთქმულია აგრეთვე მოსაზრება, რომ „პიტიახში“ (რომელიც ჯერ კიდევ აქემენიდთა ხანაში უნდა შემოსულიყო ირანიდან) ქართლში ეწოდებოდა მთავარსარდალსა და უმაღლეს მსაჯულს, რომელიც სტრაბონის აღწერილობაში მეფის შემდგომ მეორე პირად არის მოხსენიებული. ქართული წყაროების მიხედვით, ამ მოხელეს „სპასპეტი“ (შიდა ქართლის ერისთავი და ამასთან ყველა ერისთავთა მთავარი) ეწოდება.
თ. გამსახურდია „პიტიახშსა“ და „სპასპეტს“ შორის იგივეობას ხედავდა, რაც შეეხება ისტორიული ქვემო ქართლის მემკვიდრეობით ხელისუფალთ, რომლებიც V-Vი საუკუნეებში ქართულ-სომხური წყაროებით პიტიახშის წოდებას ატარებდნენ, ფიქრობენ, რომ ეს ტიტული მათ დაუმკვიდრდათ იმ დროიდან, როდესაც ეს ოლქი ერთხანს პოლიტიკურად სომხეთში შედიოდა და მისი მმართველები პიტიახშის ანუ სომხურად ბდეშხის წოდებას ატარებდნენ.