ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -
ქართველთა ლაშქრობა ირანში
ლაშქრობის დაწყების თარიღად, მიუხედავად იმისა რომ იგი თამარ მეფის გარდაცვალების თარიღთან ერთად დავის საგანია ისტორიოგრაფიაში, ძირითადად მიჩნეულია 1210 წელი. გამოთქმულია ასევე მოსაზრებები რომ ლაშქრობა მოეწყო 1206-1207, 1209-1210 ან 1212-1213 წლებში.
ერთადერთი წერილობითი ისტორიული წყარო, რომელიც სპარსეთის დალაშქვრის შესახებ გვამცნობს არის „ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი“. მასში დაწვრილებით არის მოთხრობილი როგორც ლაშქრობის დაწყების, ასევე მისი განვითარების შესახებ. მატიანის მიხედვით ლაშქრობის ინიციატორები იყვნენ საქართველოს ამირსპასალარი, ანუ თანამედროვე გაგებით სამხედრო მინისტრი ზაქარია მხარგრძელი, მსახურთუხუცესი ივანე და ვარამ გაგელი რომლებიც ეახლნენ თამარს და მოახსენეს:
„ძლიერო ხელმწიფეო შარავანდედთა შორის უმეტეს აღმობრწყინებულო! იხილე და განიცადე სამეფო თქუვენი და ცან სიმხნე და სიქველე სპათა შენთა; გულისხმა ყავ, რამეთუ მრავალნი ახოვანნი, მხნენი და რჩეულნი იპოებიან სპათა შენთა შორის, რამეთუ არა არს წინააღმდგომი მათი. აწ ბრძანოს მეფობამან თქუენმან, რათა არა ცუდად დავიწყებასა მიეცნეს სადმე სპათა შენთა საქმენი, არამედ აღვამხედროთ ერაყს, რომ-გურსა ზედა, რომელ არს ხუარასანი, და ცნან ყოველთა სპათა, აღმოსავლეთისათა, ძალი და სიმხნე ჩუენი. და უბრძანე სპათა საქართველოსათა მზა იყვნენ ლაშქრობად ხუარასანს. დაღათუ არავინ ქართველთაგანი მიწევნულ არს ხუარასანს და ერაყს, არამედ ბრძანე, რათა ნიკოფსით დარუბანდამდე აღიჭურნენ და მზა იყვნენ!“ |
თამარმა ამის თაობაზე დარბაზის წვევა ბრძანა სადაც სრულიად საქართველოს დიდებულებს სიტყვით მიმართა.დარბაზმაც ერთხმად მოიწონა მხარგრძელთა სახლის ინიციატივა. სექტემბრის დასაწყისში, მაშინ როცა „მოიწია არე სთვლისა" და ტფილისში დასრულდა ჯარების შეყრა. თამარმა გულდასმით შეამოწმა მეომრების ცხენკეთილობა და შეიარაღება. შემდეგ მოატანინა „გორგასლიან-დავითიანი“ ალამი, შეავედრა ვარძიის ღვთისმშობელს და გადასცა ამირსპასალარ ზაქარიას. დაიძრა ქართული მხედრობა ერანისაკენ შემდეგი მარშრუტით:
ჯერ „ჩავლეს პირი ნახჭევნისა და გავიდეს ჯუღას და რახსსა და შევლეს ვიწრო იგი ხევი დარდუზისა“. აქედან მიადგნენ ადარბადაგანის დიდ ქალაქს მარანდს. მარანდელებს დროზე შეუტყვიათ ქართველთა მოახლოება და მახლობელ მთებში გახიზნულან. ქართველმა სარდლებმაც ასე ივარაუდეს, რომ მარანდელთა ლაშქარი მთებში იქნებოდა ჩასაფრებული. ამიტომ გამოჰყვეს 500 რჩეული მეომარი, ყველა „დიდებული და აზნაური“, უსარდლეს „კაცი მხნე“, თაყაიადინ თმოგველი და გაგზავნეს ქალაქს ზემოთ წამომართულ მაღლობზე, მტრის დასაზვერავად. თმოგველის რაზმი პლატოზე ავიდა. აზერბაიჯანლებმა, იხილეს რა ქართველთა სიმცირე, გულმოცემულები მაშინვე მთელი ძალებით მივარდნენ მათ. უთანასწორო შებრძოლება ქართველთა სრული გამარჯვებით დამთავრდა.
იხ. ვიდეო ქართველთა ლაშქრობა ირანში 1210 წელი
მარანდის დაჭერის შემდგომ ქართველები გაემართნენ თავრეჟისაკენ (თავრიზი). მოსალოდნელი იყო, რომ ესოდენ დიდი ერანული ქალაქი უომრად არ დანებდებოდა მტერს, მაგრამ „ვითარ ესმა თავრეჟს მყოფთა მისვლა ქართველთა ლაშქრისა, განკრთეს და ძრწოლამან შეიბყრნა ყოველი მკვიდრნი თავრეჟისანი“, მაშინვე ქალაქის მესვეურებმა ელჩობა გააწყვეს და ქართველებს შემოაგებეს. სარდლებმა დიდძალი ხარკის, ძღვენის, ოქროს და ცხენისა და ჯორ-აქლემის სანაცვლოდ თავრიზელებს მშვიდობა აღუთქვეს.
ადარბადაგანი ჩაათავეს და მიანას (მიანე) მიადგნენ. მიანის მელიქს უკვე შეეტყო თავრეჟის უბრძოლველი მორჩილება და თვითონაც ქედდადრეკითა და ნებაყოფლობითი ხარკის გაღებით გადაწყვიტა საკუთარი თავისა და ქვეყნის გადარჩენა. ქართველებსაც სიამოვნებით მიიღეს მიანელთა შემოთავაზება. მელიქმაც „სტუმართათვის“ მოიღო „ოქრო და ვერცხლი და ქვანი ძვირფასისანი. აღავსნა მანცა ყოვლითა სიმდიდრითა“ ქართველნი. ამირსპასალარმა მიანაშიც დატოვა მცველი-ციხიონი და ახლა ზანგანისკენ დასძრა ლაშქარი.
ზანგანი (ზენჯანი) მანამდე „მცირე ქალაქი“ იყო, ალიზის კედლებით გარშემორტყმული, მაგრამ მის მესვეურებს ქართველთა ერანში შემოჭრის ამბავი რომ შეუტყვიათ, „ქალაქი ძლიერად გაუმაგრებიათ“ და როგორც კი მტერი მოადგათ, „იწყეს ფიცხლა ბრძოლა“.
ზაქარიამ ზანგანის კედლები ჯარებს უბნებად მიუზომა და უბრძანა, „რათა შესთხარონ“. ყველაზე უწინარეს მესხმა მეომრებმა „შეხურიტეს“ და შეანგრიეს ზღუდე და პირველნი შეიჭრნენ ქალაქში, შეიჭრნენ „შინა და იწყეს ხოცად და სრვად ვინცა მეომარი იყო, ხოლო ქალსა, ბავშვსა და მხცოვანსა ხელსაც არ ახლებდნენ“. ამასობაში, ქართველთა სხვა ნაწილებმაც შეანგრიეს თავის „წილხვედრი ზღუდენი და ქალაქში შეიჭრნენ“.
დილით ადრე ისევ განაგრძეს გზა, სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ. მიადგნენ დიდ ირანულ ქალაქს ყაზმინს (ყაზვინი). ყაზმინელები დანებდნენ. ქართველებმა აიღეს დიდი ალაფი და უსისხლოდ აიყვანეს მძევლები. მოგვიანებით, უფრო აღმოსავლეთით, ყაზვინთან და აჰვრთან ახლოს ბრძოლაც გაიმართა, საიდანაც გამარჯვებულები ისევ ქართველები გამოვიდნენ.
ასე მიიწევდა ქართული არმია წინ. აიღეს ქალაქი გურგანი (გორგანი, დღევანდელი ირანის გულისტანის პროვინციის ცენტრი), რომელიც კასპიის ზღვის აღმოსავლეთითაა და დალაშქრეს ტერიტორია „უშინაგანესისა რომ-გურისა“. შემდგომი წინსვლა ქართველებმა ზამთრის მოახლოებისა და ალაფის სიმძიმის გამო ვეღარ შეძლეს.
გმირებმა სამშობლოში დაბრუნება გადაწყვიტეს. ასე უზომოდ დატვირთული ჯარი უკანა გზაზე მოადგა ქალაქ მიანას და მოიკითხა სარდალმა თავისი ხუთასკაციანი გარნიზონი. მიანას მელიქმა, რომელიც ძღვენით წინ შეეგება ქართული ჯარის სარდლობას, უპასუხა: „თავრეჟს წარვიდნენ მუნ დატოვებულთა მცველთა თანა“. ძალიან გაუკვირდათ ქართველებს ბრძანების გარეშე პოსტის მიტოვება ციხიონისგან. ამ დროს კი გამოჩნდა ერთი ჯარისკაცი მიანაში დატოვებული გარნიზონის ხუთასი მეომრიდან, რომელმაც აუწყა ქართულ სარდლობას საშინელი სიმართლე.
როცა ქართული არმია შუა ხორასანში იმყოფებოდა, ვიღაცას მიანას მელიქისთვის მიეტანა ამბავი, „დიდი სულტნის“ მიერ გილანელთა დახმარებით ქართველთა განადგურების შესახებ. მიანას სულთანს და მის დიდებულებს ძალიან გახარებიათ. უსარგებლიათ და მოულოდნელად, ვერაგულად თავს დასხმიან ქართულ გარნიზონს და დაუტყვევებიათ. მერე კი ყველა დაუხოცავთ, მათ შორის ბევრი წამებით. ერთი მეომარი საქმეზე გასული ყოფილა და შემთხვევით გადარჩენილა და დამალულა. გადარჩენილმა უამბო ზაქარია ამირსპასალარს, თუ როგორ აწამებდნენ ქართველებს მიანელები, როგორ ხოცავდნენ, როგორ კიდებდნენ ძელზე, როგორ გააძვრეს ცოცხლად ტყავი ზოგიერთ დატყვევებულ ქართველს. ზაქარია მხარგრძელის ბრძანებით მაშინვე შეიპყრეს მიანას მელიქი და ქალაქის თავკაცებთან და მკვლელთა ამალასთან ერთად იქვე დახოცეს, ქალაქი კი დაარბიეს და გაანადგურეს.
სამშობლოსკენ გზაზე ქართულმა არმიამ ხელახლა გაიარა ადარბადაგანზე. უჟენის (უჩენი) მცხოვრებნი შემოხვდნენ დიდძალი ძღვენით, მერე ისევ თავრეჟელნი (თავრიზელნი) გაეგებნენ „ძღუენითა ურიცხვითა, და მოართუეს სიმდიდრე აურაცხელი“. შემოვიდნენ საქართველოს სამფლობელო საზღვრებში. გადმოიარეს რახსი, ნახიჩევანი. მდიდარი ნადავლიდან წინასწარ უძვირფასესი აარჩიეს და თამარს გამოუგზავნეს. ტფილისი დიდი ზეიმით შეეგება ძლევამოსილ მხედრობას. გაეგება თამარიც. „დედოფალთდედოფალმა“ შეყარა „დარბაზისერნი“. მეფეთმეფის ტახტის წინაშე ყველანი „დასხდეს წესისაებრ“. გამარჯვებულებმა „მოიღეს არმაღანი ურიცხვი და დადეს მეფის წინაშე“. ქველმოქმედმა მეფემ ტროფეის ნაწილი ღარიბებს და გლახაკებს დაურიგა, ნაწილიც კი ჯარისკაცებს შორის განაწილდა.
ლაშქრობიდან მოტანილი ალაფით საქართველოს სამეფო ხაზინა უაღრესად გამდიდრდა, ირანის ჩრდილოეთი ნაწილი კი, ე. წ. ირანის აზერბაიჯანი, საქართველოს ყმადნაფიცად იქცა: მან ყოველწლიური ხარკის ძლევა იკისრა.