ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -
ჩარლი ჩაპლინი
სერ ჩარლზ სპენსერ ჩაპლინი, უმც. (ინგლ. Sir Charles Spencer Chaplin Jr.; უკეთ ცნობილი, როგორც ჩარლი ჩაპლინი ინგლ. Charlie Chaplin დ. 16 აპრილი, 1889 — გ. 25 დეკემბერი, 1977) — ინგლისელი კომედიური მსახიობი, ჰოლივუდის კინემატოგრაფიის ადრეულ-შუა პერიოდში ყველაზე განთქმული შემსრულებელი, ასევე რეჟისორი. იგი გახდა ყველაზე ცნობილ ვარსკვლავთაგან ერთ-ერთი პოპულარული პირველ მსოფლიო ომამდე. ჩაპლინი იყენებდა მიმიკურ და იმპროვიზებულ მსახიობურ ხერხებს. იგი აგრეთვე წარმატებით შევიდა ხმოვანი ფილმების ეპოქაში. ჩაპლინის ყველაზე ცნობილი პერსონაჟია მაწანწალა, რომელიც მან პირველად განასახიერა „კისტოუნის“ ფილმში „საბავშვო ავტორბოლა ვენეციაში“, 1914 წელს. 1914 წლის აპრილიდან, მოკლემეტრაჟიანი ფილმის, „ოცწუთიანი სიყვარულიდან“, მოყოლებული, ჩარლი ჩაპლინმა თვითონ დაიწყო ფილმებისთვის სცენარის დაწერა, ასევე თვითონვე უწევდა ფილმს რეჟისორობას, 1916 წლიდან პროდიუსერობაც ითავა, ხოლო 1918 წელს მის ფილმებში თავისი შექმნილი კომპოზიციებიც გამოჩნდა. 1919 წელს, დაგლას ფერბენკსის, მერი პიკფორდისა და დევიდ უორკ გრიფიტის დახმარებით დააარსა კინოსტუდია United Artists..
1999 წელს ამერიკულმა ფილმის ინსტიტუტმა ჩაპლინი დაასახელა რიგით მეათე ყველა დროის საუკეთესო მამაკაც მსახიობად. 2008 წელს მარტინ სიფი წიგნის, „ჩაპლინი: ცხოვრება“, განხილვაში წერს:
„ჩაპლინი არ იყო უბრალოდ 'დიდი', იგი გიგანტური იყო. 1915 წელს იგი შეიჭრა ომებით გახლეჩილ მსოფლიოში, მოუტანა რა კომედია, ღიმილი და ნუგეში, იმ დროს, როდესაც სამყარო იხლიჩებოდა პირველი მსოფლიო ომის გამო. შემდეგი 25 წლის მანძილზე, დიდი დეპრესიისა და ადოლფ ჰიტლერის აღზევების პერიოდში, იგი კვლავ აგრძელებდა თავის საქმეს. იგი უფრო დიდი იყო, ვიდრე ვინმე სხვა. საეჭვოა, მოუტანია თუ არა ოდესმე სხვა პიროვნებას მასზე მეტი გართობა, სიამოვნება და ნუგეში ამდენი ადამიანისათვის - მაშინ, როდესაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებოდათ. |
ჩარლი სპენსერ ჩაპლინი დაიბადა 1889 წლის 16 აპრილს ოლვორთში, ლონდონი. მისი მშობლები-მამა ჩარლზ სპენსერ ჩაპლინი უფროსი და დედა-ჰანა ჩაპლინი მიუზიკ-ჰოლის (ბრიტანული თეატრი 1850-1960) მსახიობები იყვნენ. დედა სცენაზე ლილი ჰარლის სახელით გამოდიოდა . სწორედ მშობლების პროფესიამ აზიარა ჩარლი მუსიკას და სცენას ადრეული ბავშვობიდანვე.
ჩარლზ უფროსი და ჰანა ერთმანეთს დასცილდნენ როცა ჩარლი ჯერ კიდევ 3 წლის იყო (მოგვიანებით უფროსმა ჩაპლინმა მეორე ცოლი შეირთო და მასთან ერთი ვაჟი შეეძინა) და ბავშვის ერთადერთი პატრონი დედა აღმოჩნდა. 1891 წლის ცენზის მიხედვით, პატარა ჩარლი ცხოვრობდა დედამისსა და თავის უფროს ნახევარძმასთან, სიდნეისთან ერთად ბერლოუს ქუჩაზე, უოლვორთში.
მალე ჰანა ჩაპლინმა ხმა დაკარგა და ამის გამო, იძულებული იყო 1896 წელს სცენა დაეტოვებინა. ოჯახი წარმოუდგენელ სიღატაკეში აღმოჩნდა. მატერიალური გასაჭირის და პირადი ტრაგედიის გამო ჰანა ჩაპლინს ფსიქიკური დაავადების ნიშნები აღმოაჩნდა, რის გამოც იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს, ბავშვები კი დროებით მამას მიაბარეს, მაგრამ მალე ჩარლის მამა ლოთობისგან გარდაიცვალა (1901 წელს). განკურნებულმა ჰანამ საავადმყოფოდან გამოსვლის შემდეგაც ვერ შესძლო შვილების რჩენა და ამის გამო, ლამბეთის თავშესაფარს მიაშურა. მოგვიანებით, ძმები ობოლთა თავშესაფარში გადაიყვანეს.
ჩარლი სცენაზე პირველად 1894 წელს, 5 წლის ასაკში ავიდა, როცა დედამისს მოულოდნელად ხმა წაერთვა სიმღერის დროს. პატარა ჩარლის გამოსვლამ დიდი მოწონება დაიმსახურა და იხსნა წარმოდგენა ჩავარდნისაგან. 1898 წელს ჩარლი ხვდება ბავშვთა საცეკვაო ჯგუფში The Eight Lancashire Lads. 1903 წელს ჩარლიმ უკვე „მუდმივი“ სამსახურიც იშოვნა (ჩარლი ადრეულ ასაკშივე მუშაობდა ბევრ ადგილას: გაზეთების გამყიდველად, მხერხავებთან, ექიმის დამხმარედ, დამლაგებლად-თუმცა ასაკის გამო ყველგან დროებით)-თეატრში დაიწყო მსახიობად მუშაობას და მიიღო როლი სპექტაკლში „შერლოკ ჰოლმზი“. ჩარლის არ ჰქონდა არავითარი განათლება და ეშინოდა, ეს სამსახურიც არ დაეკარგა, რადგან გამართულად კითხვაც კი არ შეეძლო. როლის სწავლაში მას თავისი ძმა დაეხმარა. 16 წლის ასაკში ჩარლი ვიოლინომ გაიტაცა და რეგულარულ მეცადინეობას მოჰკიდა ხელი, ხანდახან დღეში 16 საათის განმავლობაშიც კი. დამხმარე გაკვეთილებს ის ნაცნობებისგან იღებდა.
იხ. ვიდეო
1908 წლიდან დაიწყო ჩარლის სამსახიობო კარიერა - მან მსახიობის როლი მიიღო ფრედ კარნოს სამსახიობო დასში, რომელთან ერთადაც 1910-12 წლებში მიემგზავრება ამერიკის ტურნეში, შტატებში. ჩარლით ინტერესდება მაკ სენეტი. ამ უკანასკნელმა 1913 წლის 23 სექტემბერს გააფორმა კონტრაქტი ჩარლისთან და მიიწვია თავის სტუდიაში, „კისტოუნში“ გადასაღებად. ჩარლის პირველი ფილმი იყო „ცხოვრების სახსარი“ 1914 წლის 2 თებერვალი. მალევე ჩარლი თავს ანებებს „კისტოუნს“ და გადადის „ესენეის სტუდიაში“.
1921 წელს აწყობს ევროტურს. მეორე ტურს ევროპაში 1931 წელს აწყობს პრემიერით „City Lights“ („დიდი ქალაქის ჩირაღდნები“). ხოლო მესამედ ევროპაში იყო 1936 წელს ფილმით „Modern Times“.
1922 წელს ჩაპლინმა აიშენა ბინა ბევერლი ჰილსში, ვინაიდან რადგანაც აქამდე ის მეგობრებთან, ნაცნობებთან ცხოვრობდა… პირველი ხმოვანი ფილმი ჩაპლინისა არის „The Great Dictator“ რომლის პრემიერაც იყო 1940 წლის 15 ოქტომბერს… ეს ფილმი ჩაპლინის უკანასკნელი ფილმია სადაც ის მონაწილეობას იღებს როგორც ღატაკი და მაწანწალა …
1952 წელს ჩაპლინი ქმნის ფილმს „Limelight“… ფილმი ხელოვან ადამიანზე და საერთოდ ხელოვნებაზე… ჩარლი მიემგზავრება შვეიცარიაში ვევე-ში (Vevey) სადაც ის წერდა მუსიკას და გაახმოვანა თავისი ფილმი (სიცოცხლის ბოლო პერიოდი მან ამ ქალაქში გაატარა) „The Gold Rush“ რომელიც 1925 წელს გადაიღო
ცხოვრების მანძილზე, ჩაპლინმა მიიღო კინომატოგრაფიული ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის სამი ჯილდო. კინოაკადემიის პირველ ცერემონიაზე, რომელიც ჩატარდა 1929 წლის 16 მაისს, ჩაპლინმა მიიღო საპატიო ორდენი სცენარის ავტორობის, რეჟისურის, პროდიუსერობისა და მსახიობობისთვის ფილმში ცირკი (1928) 1972 წელს იგი დაბრუნდა აშშ-ში, რათა მიეღო შემდგომი საპატიო წოდება, ამ შემთხვევაში კინოსამყაროში მიღწეული საერთო წარმატებისთვის. მომდევნო წელს ჩაპლინის რამპის ჩირაღდნების მუსიკამ მიიღო კინოაკადემიის ჯილდო ნომინაციაში „საუკეთესო მუსიკა ფილმისთვის“. მიუხედავად ოცი წლის გასვლისა, რამპის ჩირაღდნები ლოს-ანჟელესში არ გამოცემულა 1972 წლამდე, შესაბამისად, კინოაკადემიის დაჯილდოებას არ ჰქონდა უფლება აქამდე წარედგინა იგი ცერემონიაზე. 1940 წლის ოსკარის ცერემონიაზე, ჩაპლინი ნომინირებული იყო კატეგორიებში საუკეთესო მსახიობი მამაკაცი და საუკეთესო სცენარი ფილმისთვის დიდი დიქტატორი, ხოლო 1947 წელს მესიე ვერდუს სცენარისთვის.
2009 წელს ჩარლი ჩაპლინის ხუთი სრულმეტრაჟიანი ფილმი იქნა დამატებული ეროვნული ფილმების რეესტრში: „ემიგრანტი“ (1917), „ოქროს ციებცხელება“ (1925), „დიდი ქალაქის ჩირაღდნები“ (1931), „ახალი დროება“ (1936), და „დიდი დიქტატორი“ (1940). ასევე არჩეული იქნა ფილმი „აჩვენე ხალხს“ (1928). ჩაპლინმა, მის მიერ მოძრავ ფილმებში გაწეული სამუშაოსთვის, მიიღო საპატიო ვარსკვლავი ჰოლივუდის დიდების ხეივანში.
1964 წელს ჩაპლინმა გამოსცა თავისი მემუარები, რომლის საფუძველზეც შეიქმნა ბიოგრაფიული ფილმი „ჩაპლინი“ (გადაღებული 1992 წელს)
ჩაპლინი გარდაიცვალა 1977 წლის 25 დეკემბერს, თავის სახლში, ვევეში