ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -
მონტენეგრო
ან ჩერნოგორიის რესპუბლიკა (სერბულ-ხორვატული ენის კირილურ ვარიანტზე Црна Гора / ლათინურ ვარიანტზე Crna Gora. წარმოითქმის როგორც [ცრნაგორა]) — ქვეყანა სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში. დასავლეთიდან ესაზღვრება ადრიატიკის ზღვა და ხორვატია, ჩრდილოეთიდან — ბოსნიასა და ჰერცეგოვინა, აღმოსავლეთიდან — სერბეთი, ხოლო სამხრეთიდან — ალბანეთი. 13,812 კმ² ფართობის მქონე ქვეყნის მცხოვრებთა რიცხვი 2011 წლის აღწერის მიხედვით 620,079-ია. მონტენეგროს დედაქალაქი და უდიდესი ქალაქია პოდგორიცა, ხოლო ძველი დედაქალაქი ცეტინიე ქვეყნის კულტურული და ისტორიული ცენტრია.
1878 წელს, მონტენეგრო-ოსმალეთის ომის შემდეგ, ბერლინის კონგრესზე მონტენეგროს დე იურე დამოუკიდებლობა აღიარეს. 1905 წლიდან მონტენეგრო სამეფო იყო. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, ქვეყანა იუგოსლავიის ნაწილი გახდა, ხოლო იუგოსლავიის დაშლის შემდეგ, სერბეთთან ერთად სერბეთისა და ჩერნოგორიის რესპუბლიკა ჩამოაყალიბა. 2003 წლის 21 მაისს ჩატარებული რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე ამავე წლის 6 მაისს მონტენეგრო დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოცხადდა.
2017 წლის 5 ივნისს მონტენეგრო ჩრდილოატლანტიკური ალიანსის 29-ე წევრი ქვეყანა გახდა. ქვეყანა ასევე გაეროს, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის, ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის და ევროსაბჭოს წევრია. მონტენეგრო ხმელთაშუა ზღვის კავშირის ერთ-ერთი დამფუძნებელი ქვეყანაა.
მსოფლიო ბანკის კლასიფიკაციის მიხედვით, მონტენეგრო საშუალოზე მაღალი შემოსავლის ქვეყანად მიიჩნევა.
იხ. ვიდეო მონტენეგროში ჩინეთისგან აღებული სესხით მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძვირდღირებული მაგისტრალი შენდება, რომელიც უკვე სკანდალში გაეხვა. არსებობს ვარაუდი, რომ ამ სესხის დაბრუნება არ იქნება ადვილი. ისმის კითხვა - ხომ არ გაება მონტენეგრო ჩინური ვალის ხაფანგში?
ქვეყნის ორივე სახელწოდება (მონტენეგროცა და ჩერნოგორიაც) ერთსა და იმავეს, — „შავ მთას“ აღნიშნავს. ფორმა „ჩერნოგორია“ ქართულ ენაში რუსული ენის საშუალებით შემოვიდა და მონტენეგროს მიერ დამოუკიდებლობის მოპოვებამდე გამოიყენებოდა.
XX საუკუნის დასაწყისის ქართულ პრესაში იხმარებოდა სახელწოდება მთაშავეთი.
XIV საუკუნეში Crna Gora მხოლოდ ერთი ტომის პაშტროვიჩების ტერიტორიას ეწოდებოდა. XV საუკუნეში ზეტას სათავადოს ხელისუფლებაში ჩერნოევიჩების გვარის მოსვლის შემდეგ უკვე დღევანდელი მონტენეგროს დიდი ნაწილის დასახელებად გამოპიყენებოდა.
ისტორია
ჩერნოგორია როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო ჩამოყალიბდა XVIII საუკუნეში. იგი იყო პირველი ბალკანური სახელმწიფო, რომელიც გამოეყო ოსმალეთის იმპერიას. ქვეყნის დედაქალაქი იყო ცეტინე.
პირველი მსოფლიო ომის შემდეგ მონტენეგრო იუგოსლავიის სამეფოს შემადგენლობაში შევიდა.
მონტენეგრო იუგოსლავიის ფედერაციული რესპუბლიკის შემადგენლობაში
1992 წელს იუგოსლავიის დაშლის შემდეგ მონტენეგროში რეფერენდუმი ჩატარდა, რომლის მონაწილეთა 96%-მა სერბეთთან გაერთიანებას დაუჭირა მხარი. რეფერენდუმს ბოიკოტი გამოუცხადეს ქვეყნის კულტურულმა უმცირესობებმა, მუსლიმებმა, ალბანელებმა და კათოლიკეებმა, რომლებიც მხარს მონტენეგროს დამოუკიდებლობას უჭერდნენ. მათ განაცხადეს, რომ გამოკითხვა არადემოკრატიულ პირობებში ჩატარდა. რეფერენდუმი მონიტორინგის გარეშე ჩატარდა, ამიტომაც მის სამართლიანობასთან დაკავშირებით არც ერთი მიუკერძოებელი განცხადება არ გაკეთებულა. მონტენეგრომ სერბეთთან ერთად იუგოსლავიის ფერედაციული რესპუბლიკა ჩამოაყალიბა.
1991-1995 წლებში მიმდინარე ბოსნიისა და ხორვატიის ომების დროს, მონტენეგროს შეიარაღებული ძალები სერბეთის ჯარებს ხორვატიის ქალაქ დუბროვნიკზე შეტევის დროს შეუერთდნენ. მათ მიერ ჩატარებული ოპერაციები ადამიანის უფლება მუდმივი და ფართომასშტაბიანი დარღვევებით ხასიათდებოდა. მონტენეგროელი გენერალი პავლე სტრუგარი დუბნროვნიკის დაბომბვაში მონაწილეობისთვის გაასამართლეს. მონტენეგროს პოლიციამ დააპატიმრა ბოსნიელი ლტოლვილები სერბთა ბანაკებში გადაიყვანა, სადაც ისინი სისტემატური წამების შემდეგ სიკვდილით დასაჯეს.
1996 წელს მონტენგროს მთავრობამ მილო დუკანოვიჩის ხელმძღვანელობით სერბეთთან ურთიერთობა გაწყვიტა, რომელსაც იმჟამად სლობოდან მილოშევიჩი მართავდა. მონტენეგროს მთავრობამ ეროვნულ ფულის ერთეულად ჯერ გერმანული მარკა, შემდეგ კი ევრო მიიღო, თუმცა არ გამხდარა ევროზონის ქვეყანა. ქვეყნის მომდევნო მთავრობები დამოუკიდებლობას ემხრობოდნენ, შესაბამისად მათი მმართველობის პერიოდში სერბეთთან დაძაბული ურთიერთობით ხასიათდებოდა.
2002 წელს სერბეთი და მონტენეგრო თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულების გაგრძელებას დასთანხმდნენ. მათ აწარმოეს მოლაპარაკებები იუგოსლავიის ფედერაციული რესპუბლიკის სტატუსთან დაკავშირებით და გადაწყვიტეს, რომ ეს უკანასკნელი უფრო დეცენტრალიზებული სახელმწიფო ყოფილიყო. 2003 წელს მისი სახელწოდება სერბეთი და მონტენეგრო გახდა. ბელგრადში დადებული ხელშეკრულება მომდევნო სამი წლის მანძლზე მონტენეგროში დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმის ჩატარებას კრძალავდა.
დამოუკიდებლობა და უახლესი ისტორია
2006 წლის 21 მაისს მონტენეგროში სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის საკითხზე რეფერენდუმი ჩატარდა. რეფერენდუმში მონაწილეობა 419,240-მა ადამიანმა, სრული ელექტორატის 86.5%-მა მიიღო; მათგან 230,661 (55.5%) მხარს უჭერდა მონტენეგროს დამოუკიდებლობას, ხოლო 185,002 (44.5%) წინააღმდეგი იყო. 55%-იანი ბარიერის მცირედი ნიშნულით გადალახვით, სულ რაღაც 2,300 ხმით მოპოვებულ გამარჯვებას ევროკავშირის მიერ დადგენილი წესის მიხედვით ვალიდურობის შემოწმება სჭირდებოდა. მონტენეგროს დამოუკიდებლობა აღიარეს სერბეთმა, ევროკავშირისა და გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივმა წევრმა ქვეყნებმა.
რეფერენდუმზე მონიტორინგს ხუთი საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია ახორციელებდა, რომელსაც ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია ხელმძღვანელობდა. ჯამში სადამკვირვებლო პროცესში მონაწილეობა დაახლოებით 3,000-მა დამკვირვებლობა მიიღო.
მონტენეგროს დამოუკიდებლობა ქვეყნის პარლამენტმა 2006 წლის 3 ივნისს გამოაცხადა.
2015 წელს ჟურნალისტური გამოძიების კავშირმა სახელწოდებით ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის მხილების პროექტი მონტენეგროს ყოფილი პრეზიდენტი და იმჟამინდელი პრემიერ-მინისტრი მილო დუკანოვიჩი „ორგანიზებულ დანაშაულში ჩართულ წლის ადამიანად“ გამოაცხადა. ამ მოვლენის შემდეგ მონტენეგროს ქუჩებში დუკანოვიჩის გადადგომის მოთხოვნით დემონსტრაციები დაიწყო.
2012 წლიდან მონტენეგრო ევროკავშირთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. 2018 წელს ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაცია 2022-დან[13] 2025 წელს გადაიდო.
2019 წელს მონტენეგროში დაიწყო სახალხო პროტესტი მოქმედი პრეზიდენტი მილო დუკანოვიჩისა და პრემიერ-მინისტრი დუსკო მარკოვიჩის მიმართ, რომლებიც სოციალ-დემოკრატთა პარტიის წევრები არიან და ხელისუფლებაში 1991 წლიდან იმყოფებიან.
გეოგრაფია
მონტენეგრო ჩ. გ. 41° და 44° და ა. გ. 18° და 21°-ს შორის მდებარეობს. მისი მოსაზღვრე ქვეყნებია: ხორვატია, ბოსნია და ჰერცოგოვინა, სერბეთი, კოსოვო და ალბანეთი.
მონტენეგრო დუნაის დაცვის საერთაშორისო კომისიის წევრია. ქვეყანაში მდინარის 2,000 კილომეტრიანი მონაკვეთია მოქცეული.
გეოგრაფიული რეკორდები:
- უმაღლესი მწვერვალი — ზლა კოლატა — 2,535 მ
- უდიდესი ტბა — სკადარი — 391 კმ²
- უღრმესი კანიონი — მდინარე ტარას კანიონი — 1,300 მ
- უდიდესი ყურე — კოტორის ყურე
პოლიტიკა
მილო დუკანოვიჩი პრეზიდენტი | დუსკო მარკოვიჩი პრემიერ-მინისტრი |
მონტენეგრო დამოუკიდებელი და სუვერენული რესპუბლიკაა, რომელშიც 2007 წლის 22 ოქტომბერს მიღებული კონსტიტუცია მოქმედებს. ამ უკანასკნელის მიხედვით, მონტენეგრო „დემოკრატიულ, სოციალური სამართლიანობის მქონე, კანონის უზენაესობაზე დაუძნებულ სახელმწიფოა“.
სახელმწიფოს მეთაურია პრეზიდენტი, რომელსაც ხუთ წელიწადში ერთხელ პირდაპირი არჩევნების შედეგად ირჩევენ. პრეზიდენტს გასცემს განკარგულებებს, ნიშნავს საპარლამენტო არჩევნების თარიღს, წარადგენს პრემიერ მინისტრობისა და საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამერთლეობის კანდიდატურებს, ნიშნავს რეფერენდუმს, ასევე მას აქვს ამნისტიის უფლება. პრეზიდენტის რეზიდენცია ქალაქ ცეტინიეში მდებარეობს.
ქვეყნის ხელისუფლების აღმასრულებელი ორგანოა მთავრობა, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს.
მონტენეგროს საკანონმდებლო ორგანოა ერთპალატიანი პარლამენტი, რომელიც იღებს კანონებს, ახდენს ხელშეკრულებების რატიფიკაციას, ნიშნავს მინისტრებსა და მოსამართლეებს და ასრულებს კონსტიტუციით დადგენილ ყველა სხვა ვალდებულებას. პარლამენტის წევრობისთვის არჩევნებში 6,000 ხმის მოპოვებაა საჭირო. მონტენეგროს დღევანდელი პარლამენტი 81 წევრისგან შედგება.
2020 წელს Freedom House-მა პრეზიდენტი მილო დუკანოვიჩის მიერ სახელმწიფოს მიტაცებასა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაზე განცხადება გააკეთა. 2003 წლის შემდეგ პირველად მონტენეგრო არა დემოკრატიულ, არამედ ჰიბრიდული რეჟიმის ქვეყნად მიიჩნევა.
საერთაშორისო ურთიერთობები
მონტენეგროს საგარეო პოლიტიკის მთავრი სტრატეგიული მიზანი ევროკავშირში გაერთიანებაა. ქვეყნისათვის ასეთივე მნიშვნელოვანი მიზანი იყო ნატოში გაერთიანება, როგორც სტაბილურობისა და უსაფრთხოების გარანტია, რაც მონტენეგროს სხვა სტრატეგიული მიზნების მიღწევას კიდევ უფრო შეუწყობდა ხელს. ქვეყანა ნატოს წევრი 2017 წლის 5 ივნისს გახდა. მონტენეგროს მთავრობის აზრით, ნატოში ინტეგრაცია ევროკავშირში ინტეგრაციას კიდევ უფრო დააჩქარებს.
ადმინისტრაციული დაყოფა
მონტენეგრო 23 მუნიციპალიტეტადაა დაყოფილი, მათ შორის 21 რაიონული, ხოლო 2 ურბანული მუნიციპალიტეტია.
მოსახლეობა
2018 წლის აღწერის მიხედვით, მონტენეგროში დაახლოებით 622 ადამიანი ცხოვრობს,[21] ხოლო მოსახლეობის სიმჭიდროვე კმ²-ზე 45 ადამიანია.
მონტენეგრო ეთნიკურად მრავალფეროვანი ქვეყანაა. ძირითადი ეთნიკური ჯგუფები არიან მონტენეგროელები, სერბები, ბოსნიელები, ალბანელები და ხორვატები.
მონტენეგროს ოფიციალური ენაა ჩერნოგორიული. ასევე გამოიყენება სერბული, ბოსნიური და ხორვატული ენები.
საუკუნეთა მანძილზე მონტენეგრო კულტურულ გზაგასაყარზე იმყოფებოდა. დღეისათვის ქვეყანაში მუსლიმური და ქრისტიანული კულტურების უნიკალურ თანაარსებობას ვხვდებით.
რელიგიებს შორის მონტენეგროში ყველაზე ფართოდ მართლმადიდებლური ქრისტიანობაა გავრცელებული. ისტორიულად მონტენეგროელები სერბეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წევრები იყვნენ. 1993 წელს მონტენეგროს მართმადიდებლური ეკლესია დაარსდა, თუმცა მას ოფიციალური აღიარება არ მოუპოვებია.
მეორე უდიდესი რელიგიაა ისლამი, რომელსაც ქვეყნის მოსახლეობის 19% აღიარებს. 2004 წლის აღწერის მიხედვით, ალბანელთა ერთი მესამედი კათოლიციზმის, ხოლო ორი მესამედი სუნიტური ისლამის მიმდევრები არიან.
ეკონომიკა
მონტენეგრო გარდამავალი ეკონომიკის ქვეყანაა და მისი ეკონომიკა ძირითადად მომსახურების სფეროზეა ორიენტირებული. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემების მიხედვით, 2019 წელს მონტენეგროს მშპ $5.424 მილიარდი, მშპ მსყიდველობითი უნარის პარიტეტთან მიმართებით $12.516 მილიარდი, ხოლო მშპ ერთ სულ მოსახლეზე $20.083 იყო.
2007 წელს მონტენეგროს მშპ 10.7%-ით, ხოლო 2008 წელს 7.5%-ით გაიზარდა. 2007 წელს სერვისის სექტორმა მშპ-ს 72.4% აწარმოა, ინდუსტრიულმა სექტორმა – 17.6%, ხოლო სოფლის მეურნეობამ – 10%. მონტენეგროში 50,000 შინამეურნეობა აღირიცხება, შესაბამისად სწორედ ამდენი ოჯახის შემოსავალი სოფლის მეურნეობას ეყრდნობა.
2012 წელს მონტენეგრომ 182,3 მილიონი ევროს ღირებულების საქონლის ექსპორტი მოახდინა. მისი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორებია: ხორვატია, სერბეთი, ბოსნია და ჰერცოგოვინა და უნგრეთი. ამავე წელს მონტენეგროს იმპორტმა 864,9 მილიონი ევრო შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი იმპორტიორები არიან: სერბეთი, საბერძნეთი, ბოსნია და ჰერცოგოვინა.
ინფრასტრუქტურა
მონტენეგროს სარკინიგზო ქსელის ძირითადი ხაზი ბელგრადი-ბარის სარკინიგზო ხაზია, რომელიც ქვეყანას სერბეთთან აკავშირებს. მონტენეგროს მთავარი შიდა სარკინიგზო ხაზია ნიკსიში-პოდგორიცა, რომელიც რეკონსტრუქციის შემდეგ 2012 წელს გაიხსნა.
მონტენეგროში ორი საერთაშორისო აეროპორტია, ესენია: პოდგორიცას აეროპორტი და ტივატის აეროპორტი. 2008 წელს ორივე აეროპორტი ერთად 1.1 მილიონ მგზავრს მოემსახურა.
მონტენეგროს მთავარი პორტია ბარის ნავსადგური, რომელიც 1906 წელს აშენდა, ხოლო მეორე მსოფლიო ომის პერიოდში თითქმის სრულად დაინგრა, რის შემდეგაც 1950 წელს რეკონსტრუქციის შედეგად აღადგინეს. პორტს წელიწადში 5 მილიონი ტონა ტვირთის მიღება შეუძლია.
იხ. ვიდეო