ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -
ჰორმონები
(ბერძ. ὁρμή) — ეწოდება მოლეკულებს, რომელთაც უჯრედებს შორის ინფორმაცია გადააქვთ. ყველა მრავალუჯრედანი ორგანიზმი წარმოქმნის ჰორმონებს მისი უჯრედების მოქმედების კოორდინირებისათვის. ჰორმონები ორგანიზმის უჯრედებს შორის ინფორმაციის გადაცემის ქიმიური საშუალებაა, განსხვავებით ნერვებისგან, რომლებიც ინფორმაციას სუსტი ელექტრული მუხტის გატარების საშუალებით გადასცემენ.
ჰორმონის ფუნქცია იმაში მდგომარეობს, რომ იგი მიმღებ უჯრედს გარკვეულ სიგნალს აწვდის, ამის შედეგი კი უკვე ამ უჯრედში სიგნალის გარდაქმნაზეა დამოკიდებული.
ყველაზე მეტად ცნობილია ის ჰორმონები, რომლებიც ხერხემლიანი ცხოველების ენდოკრინულ ჯირკვლებში გამომუშავდება, თუმცა სინამდვილეში ჰორმონებს ცხოველთა სხეულის პრაქტიკულად ყოველი ქსოვილი და ორგანოთა სისტემა გამოიმუშავებს.
ხშირ შემთხვევაში ჰორმონის მოლეკულების გადაადგილება სისხლის საშუალებით ხდება. ასეთი ჰორმონების სეკრეცია (გამოყოფა)მათი წარმომქმნელი უჯრედების (ჯირკვლების)მიერ ჩვეულებრივ უშუალოდ სისხლის მიმოქცევის სისტემაში ხდება. ასეთ ჰორმონებს ენდოჰორმონები ეწოდება. არსებობს აგრეთვე ექტოჰორმონები, ანუ ჰორმონები, რომელიც უჯრედშორის სითხეში გამოიყოფა და სამიზნე უჯრედებს (იმავე ან სხვა ქსოვილსა თუ ორგანოში) ჩვეულებრივი დიფუზიის საშუალებით აღწევს.
იხ. ვიდეო
რეცეპტორებთან ურთიერთქმედება
ჰორმონის მიერ სამიზნე უჯრედისათვის სიგნალის გადაცემა უმეტეს შემთხვევაში რეცეპტორთან მისი ურთიერთქმედების საშუალებით ხდება. რეცეპტორი შეიძლება განთავსებული იყოს მიმღები უჯრედის როგორც ზედაპირზე, ასევე მის ციტოპლაზმაში.
- უმეტესი ჰორმონების, მათ შორის ცილოვანი ჰორმონების რეცეპტორი მიმღები უჯრედის მემბრანაში ზის. ჰორმონთან მისი ურთიერთქმედების შედეგად ციტოპლაზმაში რეაქციათა ჯაჭვი გაეშვება, რომელიც ხშირად ცილების ფოსფორილირებასთან ან დეფოსფორილირებასთან, იონური არხების ცვლილებებთან, ან მეორადი საინფომაციო მოლეკულის (მაგ. ციკლური ამფ) წარმოებასთან არის დაკავშირებული.
- მცირე ზომის ჰორმონების, მათ შორის სტეროიდული და თიროიდული ჰორმონების რეცეპტორები მიმღები უჯრედის ციტოპლაზმაში იმყოფება და მასთან ჰორმონი მხოლოდ უჯრედში შეღწევის შემდეგ ურთიერთქმედებს. წარმოიქმნება ჰორმონ–რეცეპტორის ლიგანდი, რომელიც გადალახავს უჯრედის ბირთვის მემბრანას, შეაღწევს ბირთვში და ურთიერთქმედებს დნმ–თან, რითაც გენების გააქტიურებას ან დათრგუნვას იწვევს. ამდენად ჰორმონი საბოლოო ჯამში ცილების სინთეზზე ზემოქმედებს.
ჰორმონების მოქმედება
ჰორმონების მოქმედების შედეგი სხვადასხვა შეიძლება იყოს:
- ზრდის სტიმულირება ან დათრგუნვა;
- უჯრედის კვდომის (აპოპტოზის) გამოწვევა ან შეჩერება;
- იმუნური სისტემის გააქტიურება ან დათრგუნვა;
- მეტაბოლიზმის რეგულირება;
- მომზადება გარკვეული ქმედებისათვის (მაგ. ბრძოლა, გაქცევა, შეჯვარება);
- მომზადება ცხოვრების გარკვეული ფაზისათვის (მაგ. მომწიფება, ფეხმძიმობა, მენოპაუზა);
- რეპროდუციული ციკლის კონტროლი.
ხშირად ერთი ჰორმონი სხვა ჰორმონების წარმოქმნას და გამოყოფას არეგულირებს.
ჰორმონების ფიზიოლოგია
უმეტეს უჯრედებს აქვს ერთი ან რამდენიმე ისეთი მოლეკულის წარმოების უნარი, რომელიც სხვა უჯრედებს ზრდის, ფუნქციის, მეტაბოლიზმის ცვლილების სიგნალს აძლევს. ენდოკრინული ჯირკვლები კი ამ საქმიანობისათვის სპეციალიზირებული ორგანოებია. როგორც წესი, ისინი მთელი ორგანიზმის რეგულირებას ახორციელებენ, თუმცა შეიძლება უფრო ვიწრო დანიშნულებაც ჰქონდეთ.
ჰორმონების წარმოქმნის სიჩქარე ჰომეოსტაზის სისტემით კონტროლდება, როგორც წესი უარყოფითი უკუკავშირის საშუალებით.
ჰორმონების გამოყოფა შეიძლება გააქტიურდეს ან დაითრგუნოს შემდეგი ფაქტორების ზეგავლენით:
- სხვა ჰორმონებით (მასტიმულირებელი ან სეკრეციის გამომწვევი ჰორმონები);
- იონებისა და საკვები ნივთიერებების კონცენტრაციით ციტოპლაზმაში, აგრეთვე დამჭერი გლობულინების რაოდენობით;
- ნერვული ან მენტალური აქტივობით;
- ცვლილებებით გარემოში, მაგ. განათების, ან ტემპერატურის ცვლილებით.
ჰორმონების განსაკუთრებულ ჯგუფს შეადგენს ე.წ. ტროპული ჰორმონები, რომლებიც სხვა ჯირკვლების მიერ ჰორმონების სეკრეციის სტიმულირებას ახდენს. მაგალითად, თიროიდ–მასტიმულირებელი ჰორმონი (TSH), რომელსაც ჰიპოფიზი გამოჰყოფს, ფარისებრი ჯირკვლის ზრდასა და გააქტიურებას იწვევს , რის შედეგადაც თიროიდული ჰორმონების სეკრეცია მატულობს.
იხ. ვიდეო
ქიმიური კლასიფიკაცია
ქიმიური აგებულების მიხედვით ხერხემლიანთა ჰორმონები სამ კლასად იყოფა:
- ამინო–წარმოებულები, ამინომჟავა თიროზინის ან ტრიფტოფანის წარმოებულები. მაგ.: კატეხოლამინები და თიროქსინი.
- პეპტიდური ჰორმონები ამინომჟავების ჯაჭვებისგან შედგება. მცირე პეპტიდური ჰორმონების მაგალითებია TRH და ვაზოპრესინი. თუ პეპტიდში ამინომჟავათა რაოდენობა ასეულები ან მეტია, ეს უკვეცილაა. ცილოვანი ჰორმონების მაგალითებია ინსულინი და ზრდის ჰორმონი. უფრო რთული სტრუქტურაა აქვთ გლიკოპროტეინებს, რომლებიც ცილის მოლეკულისა და კარბოჰიდრატის ჯაჭვის ნაერთს წარმოადგენენ. ასეთი ჰორმონების მაგალითებია მალუტეინიზებელი ჰორმონი, ფოლიკულ–მასტიმულირებები ჰორმონი და თიროიდ–მასტიმულირებელი ჰორმონი
- ლიპიდების (მაგ. ლინოლინის ან არაქიდონის მჟავის) და ფოსფოლიპიდების წარმოებულები. ძირითადად ეს სტეროიდული ჰორმონებია, მაგ: ტესტოსტერონი და კორტიზოლი, რომელთა უმთავრეს წყაროს სასქესო ჯირკვლები და თირკმელზედა ჯირკვლები წარმოადგენს.
ფარმაკოლოგია
ბევრი ჰორმონი და მათი ანალოგი სამკურნალო საშუალებად გამოიყენება. ყველაზე ფართო გამოყენება აქვთ:ესტროგენებს და პროგესტაგენებს (ჰორმონალურ კონტრაცეპციასა და ჰორმონალურ ჩანაცვლებით თერაპიაში), თიროქსინს (ჰიპოთიროიდიზმის წინააღმდეგ) და სტეროიდებს (აუტოიმუნური დაავადებებისა და სუნთქვის მოშლილობისას). ინსულინს იყენებს დიაბეტით დაავადებულთა დიდი ნაწილი. ადრენალინი ს ფარმაკოლოგიური ეკვივალენტი თვალის მკურნალობაში გამოიყენება , სტეროიდები და D ვიტამინი კი ფართოდ გამოიყენება დერმატოლოგიურ კრემებში.
ჰორმონის "ფარმაკოლოგიური დოზა" ჯანმრთელ ორგანიზმში ჰორმონის ნორმალურ რაოდენობას ბევრად აღემატება და მისი მოქმედებაც ჰორმონის ბუნებრივი მოქმედებისაგან შეიძლება განსხვავდებოდეს. ამის მაგალითია ანთების ჩაცხრობა გლუკოკორტიკოიდების ფარმაკოლოგიური დოზებით.
იხ. ვიდეო ჰორმონები როგორ მოქედებს წონაზე