ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -
საღვთო რომის იმპერია
(გერმ. Heiliges Römisches Reich), 1512 წლიდან გერმანელი ერის საღვთო რომის იმპერია (ლათ. Sacrum Imperium Romanum Nationis Germanicae ან ლათ. Sacrum Imperium Romanum Nationis Teutonicae; გერმ. Heiliges Römisches Reich Deutscher Nation) — სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი, რომელიც არსებობდა 962 წლიდან 1806 წლამდე და აერთიანებდა ევროპის ბევრ ტერიტორიას. უმაღლესი აყვავების პერიოდში იმპერიის შემადგენლობაში შედიოდა: გერმანია, რომელიც წარმოადგენდა იმპერიის ბირთვს, ჩრდილოეთი და ცენტრალური იტალია, ნიდერლანდები, ჩეხეთი, ასევე საფრანგეთის ზოგიერთი რეგიონი. 1134 წლიდან ფორმალურად შედგებოდა სამი სამეფოსაგან: გერმანიის, იტალიისა და ბურგუნდიის სამეფოებისგან. 1135 წლიდან იმპერიის შემადგენლობაში შევიდა ჩეხეთის სამეფო, რომლის ოფიციალური სტატუსიც იმპერიის შემადგენლობაში საბოლოოდ დარეგულირდა 1212 წელს სიცილიის ოქროს ბულით.
იმპერია დაარსდა 962 წელს აღმოსავლეთ ფრანკების მეფის, ოტო I დიდის მიერ და განიხილებოდა, როგორც ანტიკური რომის იმპერიისა და კარლოს დიდის ფრანკთა იმპერიის პირდაპირი გაგრძელება. ერთიან სახელმწიფოდ გადაქცევის პროცესები იმპერიაში მისი არსებობის მთელი ისტორიის მანძილზე არ დამთავრებულა, ამიტომ იგი რჩებოდა დეცენტრალიზებულ წარმონაქმნად, რომელსაც ჰქონდა რთული ფეოდალური იერარქიული სტრუქტურა და რომელიც აერთიანებდა რამდენიმე ასეულ ტერიტორიულ-სახელმწიფოებრივ წარმონაქმნს. იმპერიის სათავეში იდგა იმპერატორი. საიმპერატორო ტიტული არ იყო მემკვიდრეობითი. იგი ენიჭებოდა კურფიურსტების კოლეგიის არჩევნების შედეგების მიხედვით. იმპერატორის ძალაუფლება არასდროს არ ყოფილა აბსოლუტური და ყოველთვის იზღუდებოდა გერმანიის უმაღლესი არისტოკრატიის, ხოლო XV საუკუნის მიწურულიდან — რაიხსტაგის მიერ, რომელიც იცავდა იმპერიის მთავარი წარჩინებული წოდებების ინტერესებს.
იხ. ვიდეო
თავისი არსებობის ადრეულ პერიოდში იმპერიას ჰქონდა ფეოდალურ-თეოკრატიული სახელმწიფოს ხასიათი, ხოლო იმპერატორები ქრისტიანულ სამყაროში უმაღლეს ძალაუფლებაზე პრეტენდირებდნენ. პაპის ტახტის გაძლიერებამ, იტალიის დაპყრობისათვის მრავალსაუკუნოვანმა ბრძოლამ და ამავდროულად გერმანიის ტერიტურიული მთავრების ძალაუფლების გაზრდამ მნიშვნელოვნად დაასუსტა იმპერიის ცენტრალური ძალაუფლება. გვიან შუა საუკუნეებში ბატონობდა დეზინტეგრაციის ტენდენციები, რომლებიც საღვთო რომის იმპერიას ნახევრადდამოუკიდებელი წარმონაქმნების კონგლომერატად გადაქცევაში ემუქრებოდა. თუმცა XV საუკუნის მიწურულსა და XVI საუკუნის დასაწყისში განხორციელებულმა „საიმპერიო რეფორმამ“ განამტკიცა ქვეყნის ერთიანობა და შექმნა ახალი ბალანსი იმპერატორისა და წარჩინებული წოდებების ძალაუფლებებს შორის, რამაც იმპერიას საშუალება მისცა, შედარებით წარმატებით გაეწია კონკურენცია დასავლეთ ევროპის ეროვნული სახელმწიფოებისთვის. რეფორმაციის კრიზისისა და ოცდაათწლიანი ომის გადალახვა მოხერხდა იმპერატორის შემდგომი ძალაუფლების შეზღუდვისა და წარჩინებული წოდებების საყოველთაო რაიხსტაგის იმპერიის კონსტრუქციის მთავარ ელემენტად გადაქცევის ხარჯზე. ადრეული ახალი ისტორიის დროინდელი იმპერია უზრუნველყოფდა ერთიანი სახელმწიფოს ფარგლებში რამდენიმე რელიგიის თანაარსებობასა და მისი სუბიექტების დამოუკიდებლობის შენარჩუნებას, ასევე პრივილეგირებული წოდებების ტრადიციული წესებისა და პრივილეგიების დაცვას. თუმცა იმპერიამ დაკარგა ექსპანსიის, ცენტრალური ხელისუფლების გაძლიერებისა და დაპყრობითი ომების წარმოების შესაძლებლობა. შიდა კონსოლიდაციისა და საკუთარი სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბების დროს მსხვილი გერმანული სამთავროების განვითარება ეწინააღმდეგებოდა იმპერიის გაყინულ სტრუქტურას, რამაც XVIII საუკუნეში გამოიწვია ცენტრალური ინსტიტუტების პარალიზება და საიმპერიო სისტემის დაშლა. საღვთო რომის იმპერიამ იარსება 1806 წლამდე და განადგურდა ნაპოლეონის ომების მსვლელობისას, როდესაც შეიქმნა რაინის კავშირი, ხოლო იმპერიის უკანასკნელი იმპერატორი ფრანც II ტახტიდან გადადგა.
საღვთო რომის იმპერია თავისი არსებობის მთელი რვაას ორმოცდაათი წლის განმავლობაში რჩებოდა ფეოდალური ტიპის იერარქიულ სახელმწიფოებრივ წარმონაქმნად. მას არასდროს მიუღია ეროვნული სახელმწიფოს სახე, როგორც ინგლისსა და საფრანგეთს, ასევე არ მიუღწევია მართვის სისტემის ცენტრალიზაციის მაღალი საფეხურისთვის. იმპერია თანამედროვე გაგებით არ იყო არც ფედერაცია, არც კონფედერაცია. იგი მოიცავდა ამ სახელმწიფო მოწყობის ფორმების ელემენტებს. იმპერიის სუბიექტური შემადგენლობა გამოირჩეოდა უკიდურესი მრავალფეროვნებით: ნახევრადდამოუკიდებელი ვრცელი საკურფიურსტოები და საჰერცოგოები, სამთავროები და საგრაფოები, თავისუფალი ქალაქები, პატარა სააბატოები და საიმპერიო რაინდების სამფლობელოები — ყველა მათგანი იმპერიის სრულუფლებიანი სუბიექტი იყო, რომელიც ქმედუნარიანობის სხვადასხვა დონეს ფლობდა. იმპერატორის ძალაუფლება არასდროს იყო აბსოლუტური, იგი ქვეყნის უმაღლეს არისტოკრატიასთან ნაწილდებოდა. უფრო მეტიც, სხვა ევროპული სახელმწიფოებისგან განსხვავებით, იმპერიის მცხოვრებლები უშუალოდ კი არ ექვემდებარებოდნენ იმპერატორს, არამედ ჰყავდათ თავიანთი მმართველი — საერო ან სასულიერო მთავარი, საიმპერიო რაინდი ან ქალაქის მაგისტრატი, რამაც ქვეყანაში ძალაუფლების ორი დონე ჩამოაყალიბა: საიმპერიო და ტერიტორიული — რომლებსაც ხშირად ერთმანეთთან კონფლიქტი ჰქონდათ.
იმპერიის ყოველი სუბიექტი, განსაკუთრებით ისეთი ძლევამოსილი სახელმწიფოები, როგორებიცაა ავსტრია, პრუსია, ბავარია, ფლობდა დამოუკიდებლობის ფართო დონეს საშინაო საქმეებში და გარკვეულ პრეროგატივებს საგარეო პოლიტიკაში, თუმცა სუვერენიტეტი ისევ იმპერიის ატრიბუტად რჩებოდა, ხოლო საიმპერიო დაწესებულებებსა და იმპერიის სამართლის ნორმებს სავალდებულო ძალა ჰქონდათ (ზოგჯერ, მართალია, მხოლოდ თეორიულად) იმპერიის შემადგენელი ყოველი სახელმწიფოებრივი წარმონაქმნისთვის. საღვთო რომის იმპერიისთვის დამახასიათებელი იყო მნიშვნელოვანი როლი ეკლესიისა, რომელიც ამ სახელმწიფოებრივ წარმონაქმნს სძენდა თეოკრატიის ელემენტებს, თუმცა ამავდროულად იმპერიის სტრუქტურამ რეფორმაციის შემდეგ ევროპაში პირველად უზრუნველყო რამდენიმე კონფესიის ხანგრძლივი მშვიდობიანი თანაცხოვრება ერთიანი სახელმწიფოს ქვეშ. საღვთო რომის იმპერიის განვითარება მიმდინარეობდა დეზინტეგრაციისა და ინტეგრაციის ტენდენციების გამუდმებული ბრძოლების პირობებში. პირველს უმეტესწილად გამოხატავდნენ მსხვილი ტერიტორიული სამეფოები, რომლებიც დროდადრო სუვერენული სახელმწიფოების ნიშნებს იძენდნენ და რომლებიც იმპერატორის ძალაუფლებისგან განთავისუფლება სურდათ, ხოლო მთავარ მაკონსოლიდირებელ ფაქტორებად გამოდიოდნენ საიმპერატორო ტახტი, საიმპერიო დაწესებულებები და ინსტიტუტები (რაიხსტაგი, საიმპერიო სასამართლო, 1495 წლის „მიწის ზავის“ სისტემა), კათოლიკური ეკლესია, გერმანული ეროვნული თვითცნობიერება, იმპერიის სახელმწიფო სტრუქტურის წარჩინებული წოდებების წყობის პრინციპი, ასევე იმპერიული პატრიოტიზმი (გერმ. Reichspatriotismus) — საზოგადოების ცნობიერებაში დამკვიდრებული ერთგულება იმპერიისა და იმპერატორისადმი (როგორც იმპერიის მმართველის, და არა კონკრეტული დინასტიის წარმომადგენლისადმი).
იხ. ვიდეო
საღვთო რომის იმპერია წარმოიქმნა 962 წელს და პრეტენდირებდა ანტიკური რომის იმპერიისა და კარლოს დიდის ფრანკთა იმპერიის მემკვიდრეობაზე. ამგვარად იგი ცდილობდა გამხდარიყო უნივერსალური სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი, რომელიც გააერთიანებდა ევროპის მთელ ქრისტიანულ სამყაროს. ოტო I დიდი, საღვთო რომის იმპერიის პირველი მონარქი, იყენებდა ტიტულს imperator Romanorum et Francorum (ლათ. რომაელებისა და ფრანკების იმპერატორი). მიუხედავად იმისა, რომ იმპერიის ბირთვი ყოველთვის გერმანია იყო, მის სიმბოლურ ცენტრს რომი წარმოადგენდა: ამ ქალაქში XVI საუკუნემდე ტარდებოდა იმპერატორების კორონაცია და სწორედ რომიდან, შუა საუკუნეების წარმოდგენების მიხედვით, მომდინარეობდა მათი ღვთიური ძალაუფლება. ტიტული „რომის იმპერატორი“ (ლათ. imperator augustus Romanorum) გამოიყენებოდა ჯერ კიდევ ოტო II-ის მიერ (973-983), ხოლო სიტყვათშეთანხმება „რომის იმპერია“ პირველად მოიხსენიეს 1034 წლის წყაროებში. ამავდროულად, ამ ტიტულის გამოყენება ძლიერ კამათს იწვევდა აღმოსავლეთ რომის იმპერიაში (ბიზანტიაში), სადაც თვლიდნენ, რომ მხოლოდ მათ იმპერატორს ჰქონდა რომის იმპერატორად წოდების უფლება.
საღვთო რომის იმპერიის მონარქები პრეტენდირებდნენ მის ტერიტორიაზე უზენაეს საღმრთო ძალაუფლებასა და ევროპის ქრისტიანული ეკლესიის მფარველობაზე. თავდაპირველად ეს არ მოითხოვდა ტიტულატურაში ცალკეულ მოხსენიებას, თუმცა ინვესტიტურისთვის ბრძოლის დამთავრებისა და სულიერ სფეროში რომის პაპის უზენაესობის იდეის გავრცელების შემდეგ იმპერიის სახელწოდებაში დაამატეს სიტყვა „საღვთო“ (ლათ. Sacrum; პირველად, სავარაუდოდ, 1157 წელს), რითიც ხაზს უსვამდნენ ეკლესიასთან მიმართებაში იმპერატორების პრეტენზიებს.[კ 2] ეპითეტ „საღვთოს“ გამოყენება არა მმართველის, არამედ სახელმწიფოებრივი წარმონაქმნის მიმართ, როგორც ჩანს, იყო ნოვაცია, რომელიც იმპერატორ ფრიდრიხ I ბარბაროსას კანცელარიაში გაჩნდა[2] (1152—1190). თვითონ სახელწოდება „საღვთო რომის იმპერია“ მის ლათინურ ვერსიაში Sacrum Romanum Imperium პირველად გაჩნდა 1254 წელს, ხოლო მისი ეკვივალენტი გერმანულ ენაში (გერმ. Heiliges Römisches Reich) — კიდევ ერთი ასწლეულის შემდეგ, კარლ IV-ის მმართველობის დროს (1346—1378).
იმპერატორის ტიტულში „გერმანულ ერზე“ მითითება გამოიყენებოდა XV საუკუნის შუა წლებიდან, როდესაც არაგერმანული მიწების უდიდესი ნაწილი იმპერიამ დაკარგა და განიხილებოდა, როგორც ეროვნული გერმანული სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი. ამ ტიტულის გამოყენების პირველი მტკიცებულება მოცემულია იმპერატორ ფრიდრიხ III-ის 1495 წლის კანონში მიწის ზავის შესახებ. იმპერიამ სახელწოდების საბოლოო ფორმა მიიღო XVI საუკუნის დასაწყისში: 1512 წელს მაქსიმილიან I-მა თავის მიმართვაში რაიხსტაგისადმი ოფიციალურად პირველად გამოიყენა სახელწოდება „გერმანელი ერის საღვთო რომის იმპერია“ (გერმ. Heiliges Römisches Reich Deutscher Nation).
XVIII საუკუნის შუა წლებში იმპერიამ დაკარგა ყოველგვარი გავლენა იტალიაში, იმპერატორმა — თავისი პრეროგატივები საეკლესიო სფეროში, ხოლო დეზინტეგრაციის ტენდენციებმა, ფაქტობრივად, გერმანია გადააქცია ნახევრადდამოუკიდებელი სამთავროების კონგლომერატად. ამან ვოლტერს საშუალება მისცა, განეცხადებინა, რომ საღვთო რომის იმპერია აღარ იყო „არც საღვთო, არც რომის, არც იმპერია“. თავის უკანასკნელ დოკუმენტებში (1803 წლის „იმპერიის დეპუტაციის საბოლოო დადგენილება“ და 1806 წლის ფრანც II-ის „მანიფესტი იმპერიის დაშლის შესახებ“) სახელმწიფო მოიხსენიებოდა „გერმანიის იმპერიად“ (გერმ. Deutsches Reich).
იქიდან გამომდინარე, რომ თავისი არსებობის თითქმის მთელი პერიოდის განმავლობაში საღვთო რომის იმპერია დასავლეთ ევროპაში წარმოადგენდა ერთადერთ სახელმწიფოებრივ წარმონაქმნს, რომლის მონარქიც ატარებდა ტიტულს „იმპერატორი“, ის უფრო ხშირად ცნობილი იყო, უბრალოდ, როგორც იმპერია. რუსეთის XVIII საუკუნის დოკუმენტებში გამოიყენება ასევე სახელწოდება „ცესარია“. XIX საუკუნეში, გერმანიისა და ავსტრიის იმპერიების წარმოქმნის შემდეგ, მათი წინამორბედის აღსანიშნავად გამოიყენებოდა სახელწოდება „ძველი იმპერია“. იქიდან გამომდინარე, რომ 1933—1945 წლების გერმანიაში ნაცისტური რეჟიმის აღსანიშნად არაოფიციალურად იყენებდნენ ტერმინს „მესამე რაიხი“, საღვთო რომის იმპერიის მიმართებაში ზოგჯერ იყენებენ აღნიშვნას „პირველი რაიხი“.
იდეა იმპერიისა (ლათ. imperium), ერთიანი სახელმწიფოსი, რომელიც მთელ ცივილიზებულ და ქრისტიანულ სამყაროს გააერთიანებდა, საფუძველს იღებდა ძველი რომიდან, ხელმეორედ დაიბადა კარლოს დიდის დროს და რჩებოდა კაროლინგების ფრანკთა სახელმწიფოს დაცემის შემდგომაც. საზოგადოებრივ ცნობიერებაში იმპერია განიხილებოდა, როგორც ღვთის სასუფევლის მიწიერი განსახიერება, სახელმწიფოს ორგანიზების საუკეთესო მოდელი, რომლის დროსაც მმართველი ხელს უწყობს ქრისტიანულ ქვეყნებში მშვიდობისა და სიწყნარის შენარჩუნებას, იცავს და ზრუნავს ეკლესიის აყვავებაზე, ასევე ორგანიზებას უწევს საგარეო საფრთხეებისგან თავდაცვას. იმპერიის ადრეულშუასაუკუნოვანი კონცეფცია ვარაუდობდა სახელმწიფოსა და ეკლესიის გაერთიანებას და მჭიდრო ურთიერთმოქმედებას იმპერატორსა და რომის პაპს შორის, რომლებიც ახორციელებდნენ უზენაეს საერო და სასულიერო ძალაუფლებას. მიუხედავად იმისა, რომ კარლოს დიდის იმპერიის დედაქალაქი იყო აახენი, იმპერიის იდეა, უპირველეს ყოვლისა, დაკავშირებული იყო რომთან, დასავლეთის ქრისტიანობის ცენტრსა და, „კონსტანტინეს ნაბოძვარის“ მიხედვით, მთელ ევროპაში პოლიტიკური ძალაუფლების წყაროსთან.
კარლოს დიდის სახელმწიფოს დაშლის შემდეგ, IX საუკუნის შუა წლებში იმპერატორის ტიტული შენარჩუნდა, თუმცა მისი მატარებლის რეალური ძალაუფლება შემოიფარგლებოდა მხოლოდ იტალიით, გარდა რამდენიმე მოკლევადიანი შემთხვევისა, როცა გაერთიანდა ფრანკთა ყველა სამეფო. რომის უკანასკნელი იმპერატორი, ბერენგარ I გარდაიცვალა 924 წელს. მისი სიკვდილის შემდეგ იტალიაში ძალაუფლებას რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში ინაწილებდნენ ჩრდილოეთ იტალიისა და ბურგუნდიის რიგი არისტოკრატიული გვარების წარმომადგენლები. თვითონ რომში პაპის ტახტი აღმოჩნდა ადგილობრივი პატრიციატის სრული კონტროლის ქვეშ. იმპერიის იდეის აღორძინების წყარო X საუკუნეში გახდა გერმანია.
ჰაინრიხ I ფრინველმჭერისა (919—936) და განსაკუთრებით ოტო I-ის მმართველობის დროს (936—973) გერმანიის სამეფო მნიშვნელოვნად განმტკიცდა. სახელმწიფოს შემადგენლობაში შევიდა მდიდარი ლოთარინგია, კაროლინგების ყოფილ საიმპერიო დედაქალაქთან — აახენთან ერთად. გერმანიამ მოიგერია უნგრელების თავდასხმები (955 წლის ბრძოლა მდინარე ლეხზე), დაიწყო აქტიური ექსპანსია ელბის შემოგარენისა და მეკლენბურგის სლავური მიწების მიმართულებით. თანაც დაპყრობებს თან ახლდა ენერგიული მისიონერული მოღვაწეობა სლავურ ქვეყნებში, უნგრეთსა და დანიაში. ეკლესია გადაიქცა გერმანიის სამეფო ძალაუფლების მთავარ საყრდენად. ტომობრივი საჰერცოგოები, რომლებიც აღმოსავლეთფრანკული სამეფოს ტერიტორიული სტრუქტურის მთავარ შემადგენელ ნაწილს წარმოადგენდა, ოტო I-ის დროს დაექვემდებარა ცენტრალურ ხელისუფლებას. 960-იანი წლების დასაწყისში კარლოს დიდის იმპერიის ყველა სახელმწიფო-მემკვიდრეს შორის ოტო გახდა ყველაზე ძლევამოსილი მმართველი და მიიღო ქრისტიანული ეკლესიის დამცველის რეპუტაცია.
961 წელს რომის პაპმა იოანე XII-მ ოტოს სთხოვა, დაეცვა იგი იტალიის მეფის, ბერენგარ II ივრეელისს წინააღმდეგ და იმპერატორის გვირგვინს შეჰპირდა მას. ოტომ დაუყოვნებლივ გადალახა ალპები, დაამარცხა ბერენგარი და გამოცხადდა ლანგობარდების (იტალიის) მეფედ, შემდეგ კი რომისკენ აიღო გეზი. 962 წლის 2 თებერვალს ოტო I-ს მირონი სცხეს და იმპერატორად აკურთხეს. ეს თარიღი ითვლება საღვთო რომის იმპერიის დაარსების თარიღად. თუმცა თვითონ ოტო დიდი, როგორც ჩანს, მიზნად სულაც არ ისახავდა ახალი იმპერიის დაარსებას და საკუთარ თავს განიხილავდა კარლოს დიდის მემკვიდრედ, რომელიც წარმოადგენდა რომის იმპერიის მემკვიდრეს და პრეტენდირებდა ქრისტიანული ეკლესიის მფარველის როლზე. ფაქტობრივად, იმპერიის გვირგვინის გერმანელი მონარქებისკენ გადასვლა ნიშნავდა აღმოსავლეთ ფრანკთა სამეფოს (გერმანია) საბოლოო განცალკევებას დასავლეთფრანკულისაგან (საფრანგეთი) და გერმანულ და ჩრდილოიტალიურ ტერიტორიებზე ახალი სახელმწიფოებრივი წარმონაქმნის შექმნას.