ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -
M777
ავსტრალია
2008 წელს ავსტრალიის თავდაცვის ძალებმა გამოთქვა სურვილი აშშ-ისგან 57 ერთეული M777A2-ის შეძენის შესახებ, რომელთა საერთო ღირებულება დაახლოებით US$248 მილიონი იყო. შემდგომში, ავსტრალიის არმიამ შეისყიდა 35 ქვემეხი, რომლითაც ჩაანაცვლა ავსტრალიის სამეფო არტილერიის 1-ლი პოლკის, მე-4 პოლკის და მე-8/მე-12 პოლკის შეიარაღებაში არსებული მოძველებული 155 მმ M198 და 105 მმ L119 Hamel-ის ტიპის სისტემები. პირველი M777A2 ქვეყანამ 2010 წლის ბოლოს მიიღო. დამატებით 19 ჰაუბიცას ავსტრალია პირდაპირ ამერიკული მწარმოებლისგან შეიძენს, რის შედეგადაც, მთლიანობაში, 6 ბატარეის დაკომპლექტება შეეძლება. იმავდროულად, ავსტრალიის არმიამ შეისყიდა 155 მმ მართვადი საბრძოლო მასალა, კერძოდ, M982 „ექსკალიბური“ და XM1156 ზუსტი დამიზნების ხელსაწყო (Precision Guidance Kit).
ბრაზილია
2010 წელს ბრაზილიის საზღვაო ძალები განიხილავდა M777-ს, როგორც ერთ-ერთ ვარიანტს მოძველებული 155 მმ M114A1 ჰაუბიცების ჩასანაცვლებლად ბრაზილიის საზღვაო ქვეითთა კორპუსისთვის, თუმცა, საბოლოო შეთანხმება არ მიღწეულა.
კანადა
2005 წლის დეკემბერში კანადის სამეფო ცხენოსანი არტილერიის 1-ლმა პოლკმა განახორციელა თავიანთი პირველი 6 ერთეული 155 მმ M777-ების საინაუგურაციო გასროლა. აღნიშნული 6 ქვემეხი კანადამ აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსისგან, საერთაშორისო სამხედრო შესყიდვების (FMS) ფარგლებში აშშ-სა და კანადას შორის არსებული კონტრაქტით მიიღო. მათი პირველი გასროლა 1-ლი პოლკის A ბატარეამ განახორციელა ბაზა შაილოზე (Shilo), შემდეგ კი ჰაუბიცები ავღანეთში, ოპერაცია Archer-ის მხარდასაჭერად გადაისროლეს და 2006 წლის დასაწყისში ყანდაარში, კანადური ძალების ოპერაციის რაიონში განათავსეს. ეს იყო M777-ის პირველი გამოყენება საბრძოლო ვითარებაში. იმავე წლის ზაფხულში აღნიშნულმა ჰაუბიცებმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს პანჯუაის ბრძოლაში, როცა უკანდახევაში მყოფ თალიბანის ელემენტებს მცირე რაოდენობის გასროლებით უმძიმესი ზიანი მიაყენეს. ბრძოლის ყველაზე მძიმე ფაზის დროს დაღუპული 72 ამბოხებულიდან უმეტესობა მხოლოდ ორი M777-დან განხორციელებული საარტილერიო ცეცხლის შედეგად განადგურდა. შემოდგომისთვის კანადური M777-ები უკვე იყო აღჭურვილი ცეცხლის მართვის ციფრული სისტემებით (DGMS), რამაც საგრძნობლად გაზარდა მათი სიზუსტე და შესაძლებელი გახადა მათი გამოყენება კანადური და ამერიკული სახმელეთო შენაერთების ახლო საცეცხლე მხარდაჭერისთვის. მათი გამოყენება იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ იმავე წელს კანადამ BAE-ს დამატებით 6 ქვემეხი შეუკვეთა. 2009 წლის მაისში კანადის მთავრობამ გააფორმა შეკვეთა 25 ჰაუბიცაზე, რითიც საერთო რაოდენობა 37 გახდა. გრძელდება DGMS სისტემის გაუმჯობესება კომუნიკაციის სისტემების დამატებით.
ინდოეთი
ინდოეთის არმიამ 145 ერთეული M777-ის შეძენის სურვილი 2010 წელს გამოთქვა, საერთო ღირებულება 30 მილიარდი უნდა ყოფილიყო (US$394 მილიონი). 2012 წლის 11 მაისს ინდოეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა 145 ჰაუბიცის შეძენის გეგმა US$660 მილიონად აშშ-ის საერთაშორისო სამხედრო შესყიდვების ფარგლებში. აღნიშნული გეგმა წარედგინა ინდოეთის ფინანსთა მინისტრს და უშიშროების კომიტეტს. 2013 წლის 2 აგვისტოს ინდოეთმა 145 ერთეული ქვემეხის შესყიდვა ამჯერად US$885 მილიონად მოითხოვა, თუმცა, 2014 წლის 24 თებერვალს შესყიდვა ისევ გადაიდო. 2014 წლის 11 მაისს შესყდვის გეგმას დაეთანხმა თავდაცვის სამინისტრო, თუმცა, იმავე წლის 11 ივლისს მთავრობამ განაცხადა, რომ მაღალი ფასის გამო ქვემეხებს აღარ შეიძენდა. 2014 წლის 22 ნოემბერს პრიცესი განახლდა, ამჯერად, „დაამზადე ინდოეთში“ პროგრამის ფარგლებში. 2015 წლის 13 მაისს თავდაცვის სამინისტრომ გამოყო ₹29 მილიარდი 145 ჰაუბიცის შესაძენად აშშ-ისგან. იმავე წლის 15 დეკემბერს სამინისტრომ განაცხადა, რომ ამის შემდეგ კიდევ 500 ერთეული M777-ის შეძენა სურდა.
2016 წლის 26 ივნისს ცნობილი გახდა, რომ 145 ჰაუბიცას ინდოეთი US$750 მილიონად შეიძენდა. იმავე წლის ნოემბრის ბოლოს – დეკემბრის დასაწყისში შეთანხმება საბოლოოდ გაფორმდა. შეთანხმების თანახმად, BAE Systems-მა ინდოეთს 25 ერთეული ჰაუბიცა მიაწოდა, ხოლო დამატებით 120 ინდოეთში, Mahindra Defence Systems Limited-ის მიერ აიწყობოდა.
ინდოეთის არმიამ სრულ საბრძოლო მზადყოფნაში მყოფი პირველი 2 ჰაუბიცა 2017 წლის 18 მაისს, ნიუ-დელიში მიიღო.[ 2017 წლის 2 სექტემბერს გავრცელდა ცნობა, რომ ერთ-ერთი ჰაუბიცის ლულა კალიბრაციის პროცესში სროლისას დაზიანდა. ინდოეთის არმიამ M777 ჰიმვიჯაის წვრთნების დროს, არუნაჩალ-პრადეშში გამოიყენა. წვრთნებში ახლადჩამოყალიბებული ინტეგრირებული საბრძოლო დაჯგუფებები მონაწილეობდნენ.
ინდოეთს, მთლიანობაში, 7 საარტილერიო პოლკის შექმნა აქვს დაგეგმილი, რომელთაგანაც თითოეულში 18 ჰაუბიცა იქნება. პირველი მათგანი 2020 წლის ბოლოს ჩამოყალიბდა და მას 15 ქვემეხი BAE Systems-მა, ხოლო დამატებით 3 Mahindra Defense Systems Limited-მა მიაწოდა.
2020 წლის ივლისში ჩინეთთან დაძაბულობის ზრდის ფონზე, რაც ლადაქის გაერთიანებული ტერიტორიის და ოკუპირებული ტიბეტის საზღვარზე ჩინეთის აგრესიულ ქმედებებს უკავშირდებოდა, ინდოეთმა დამატებით „ექსკალიბურის“ ჭურვების შეძენის შესახებ განაცხადა.
საუდის არაბეთი
2011 წელს საუდის არაბეთმა შეუკვეთა 36 ერთეული M777A2, ასევე, 17 136 მსხვრევად-ფუგასური ჭურვი და 2 304 შორი მოქმედების რეაქტიული ჭურვი. ქვეყანამ, აგრეთვე, შეიძინა HMMWV მანქანები საბრძოლო მასალის და გათვლის ტრანსპორტირებისათვის, თუმცა, არ შეუძენია „ექსკალიბურის“ მარკის საბრძოლო მასალა.
აშშ
M777-მა აშშ-ის არმიასა და საზღვაო ქვეითთა კორპუსში M198 ჰაუბიცა 2005 წლიდან ჩაანაცვლა. 2014 წლიდან აშშ-ის სამხედრო ძალებმა M777-ის გაუმჯობესებული ვარიანტების მიღება დაიწყეს, რომლებიც აღჭურვილი იყო ახალი თხევად-კრისტალური დისპლეით, განახლებული ოპერაციული სისტემით, დენის ახალი წყაროთი და ლულის სენსორებით, რომლებიც ადგილზე ბალისტიკური გამოთვლებისთვის გამოიყენება. შემდგომი გაუმჯობესების სახით დაგეგმილია ახალი სენსორული ეკრანის დამატება გათვლის მეთაურისთვის, ახალი კომპიუტერი და ციფრული რადიოსადგური.
არმია
ჩრდილოეთ კაროლინაში, ფორტ ბრეგში განლაგებული მე-18 საველე-საარტილერიო ბრიგადა პირველი ქვედანაყოფი იყო, რომელმაც სატესტო XM777 ჰუბიცა გამოსცადა. საცდელ სროლებში ბრიგადის 321-ე საველე-საარტილერიო პოლკის 1-ლი და მე-3 ბატალიონები მონაწილეობდნენ. პირველი პროტოტიპები, ასევე, გამოსცადა 377-ე საჰაერო შეტევის პოლკმა, რომელიც 1998 წელს ასევე მე-18 საველე-საარტილერიო ბრიგადის შემადგენლობაში შედიოდა. 2008 წლის 2 იანვარს მე-11 საველე-საარტილერიო პოლკის მე-2 ბატალიონის B ბატარეის მე-2 ოცეული გახდა ამერიკის არმიის პირველი ქვედანაყოფი, რომელმაც M777 ბრძოლაში გამოიყენა ოპერაცია „ერაყის თავისუფლების“ ფარგლებში. 2007 წლის ივნისში M777-ის A2 მოდიფიკაცია მიიღო 321-ე პოლკის მე-3 ბატალიონმა. იმავე წლის დეკემბერში ქვედანაყოფი ავღანეთში გადაისროლეს და 2008 წლის იანვარში მათ პირველად გამოიყენეს M777 ავღანეთში, ოპერაცია Enduring Freedom-ის დროს. 2008 წლის აპრილში M777 გამოცდა დაიწყო მე-8 საველე-საარტილერიო პოლკმა ფორტ უეინრაიტში, ფეარბენკსში, ალასკაში. 2008 წლის 20 ივლისს პენსილვანიის ეროვნული გვარდიის 28-ე ქვეითი დივიზიის 108-ე საველე-საარტილერიო პოლკი გახდა ეროვნული გვარდიის პირველი ქვედანაყოფი, რომელმაც შეიარაღებაში მიიღო და გაისროლა M777. 2017 წელს ISIL-ის ნაღმმტყორცნელთა პოზიციის მიმართულებით სროლების დროს ჭურვის სახაზინო ნაწილში აფეთქების შედეგად გარდაიცვალა 2 ამერიკელი ჯარისკაცი და დაშავდა მათი გათვლის რამდენიმე წევრი. M777-თან დაკავშირებული წვრთნების დროს რამდენიმე ინციდენტს ჰქონდა ადგილი, მათ შორის, 2014 წლის თებერვალში ერთ-ერთი შემთხვევა 321-ე პოლკის მე-3 ბატალიონის ჯარისკაცის გარდაცვალებით დასრულდა, მანამდე კი, 2011 წელს კემპ ლეჟენში (ფორტ ბრეგის ტერიტორიაზე) წვრთნების დროს ერთი საზღვაო ქვეითი დაიღუპა.
2017 წლის მაისში აშშ-ის არმიამ განაცხადა შვედური BONUS-ის ტიპის ჭურვების შეძენის შესახებ, რომელიც შუალედური ვარიანტი იყო ამერიკული კლასტერული საბრძოლო მასალის ჩანაცვლებისთვის. საბოლოო მიზანს წარმოადგენს 1%-ზე ნაკლები აუფეთქებელი ნარჩენი მასალის დატოვება არაუნიტარული ჭურვების აფეთქების შემდეგ. BONUS-ის ტიპის ჭურვები შეიცავს ორ, სენსორული ამფეთქის მქონე ტანკსაწინააღმდეგო ნაღმს, რომელიც ტერიტორიის სკანირებით პოულობს სახმელეთო მიზნებს და ჰაერიდან ეცემა მათ. სისტემა წარმატებით გამოიცადა M777 ჰაუბიცებიდან.
2008 წლის ნოემბრიდან 2019 წლის აპრილამდე პერიოდში მე-3 საკავალერიო პოლკმა რამდენიმე M777A2 ერაყში, სირიის საზღვარზე მდებარე საჰამის საცეცხლე ბაზაზე გამოიყენა სირიის დემოკრატიული ძალების მხარდასაჭერად ბაღუზ ფაუქანის ბრძოლის დროს. ეს ოპერაცია წარმატებული აღმოჩნდა და მის შედეგად ISIL-ის მიერ დაკავებული უკანასკნელი ქალაქი გათავისუფლდა.
საზღვაო ქვეითთა კორპუსი
2005 წლის მაისში საზღვაო ქვეითთა მე-11 პოლკის მე-3 ბატალიონი, რომელიც კალიფორნიაში, თუენთინაინ-პალმსის საზღვაო ქვეითთა კორპუსის საჰაერო და სახმელეთო საბრძოლო ცენტრში იყო განლაგებული, გახდა საზღვაო ქვეითთა პირველი ქვედანაყოფი, რომელმაც ახალი M777 მიიღო. მთლიანობაში, საზღვაო ქვეითთა კორპუსს 580 ქვემეხი გადაეცა, ხოლო არმიას და ეროვნულ გვარდიას – 421.
2016 წლის მარტში 26-ე საზღვაო ქვეითთა საექსპედიციო ქვედანაყოფის 200-მა ჯარისკაცმა 4 M777A ჰაუბიცით მოაწყო საცეცხლე ბაზა ბელი, ოფიციალურად კარაოსარის საპასუხო ცეცხლის კომპლექსი ერაყის ქალაქ მახმურის ახლოს. მათი ფუნქცია ერაყის არმიის შეტევის მხარდაჭერა იყო ქალაქ მოსულზე. საცეცხლე ბაზა ISIL-ის კონტროლირებადი ტერიტორიიდან მხოლოდ 15 კილომეტრით იყო დაშორებული და ერთი საზღვაო ქვეითი ჩამოსვლიდან რამდენიმე დღეში, 19 მარტს, ბაზაზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაიღუპა. პირდაპირი თავდასხმები შემცირდა მომდევნო კვირებში, მას შემდეგ, რაც ერაყელებმა ახლომდებარე სოფლები დაიკავეს. საზღვაო ქვეითთა ჰაუბიცები ყოველდღე ისროდნენ ერაყელთა სამანევრო ოპერაციების მხარდასაჭერად მსხვრევად-ფუგასური, საკვამლე და მანათობელი საბრძოლო მასალით. ისინი არმიის ჯარისკაცებმა დაახლოებით 60 დღის შემდეგ ჩაანაცვლეს. ამ დროის განმავლობაში საზღვაო ქვეითებმა 486 საცეცხლე ამოცანა შეასრულეს და 2 000-ზე მეტი ჭურვი ისროლეს.
2011 წლის მარტში M777-ებით აღჭურვილი მე-11 საექსპედიციო ქვედანაყოფი გადაისროლეს სირიაში საარტილერიო მხარდაჭერის გასაწევად იმ ძალებისთვის, რომლებიც ქალაქ რაკადან ISIL-ის ძალების გასაძევებლად იბრძოდნენ.
იხ. ვიდეო - Самые Лучшие Буксируемые Гаубицы в Мире - 1 223 477 просмотров 3 сент. 2019 г. Буксируемое орудие – это несамоходное артиллерийское орудие на колёсном или гусеничном лафете. Достоинствами буксируемых гаубиц является возможность транспортировки практически любым транспортом. При этом после установки на позицию, транспортное средство высвобождается для других целей и задач. По сравнению с самоходными орудиями, их буксируемые аналоги отличаются меньшими массогабаритными показателями, большей скрытностью, существенно меньшей стоимостью и большей надёжностью. Сегодня мы подготовили для Вас рейтинг из 10 самых лучших буксируемых гаубиц в мире!