კავკასია
იხ.ვიდეო
- აფხაზურ-ადიღურ ჯგუფში შედიან წარმოშობით მონათასავე ადიღეელები (ადიღე და კრასნოდარის მხარის მეზობელი რაიონები), ჩერქეზები (ყარაჩაი-ჩერქეზეთი) და ყაბარდოელები(ყაბარდო-ბალყარეთი დაბლობი ნაწილი და ჩრდილოეთი ოსეთის მოზდოკის რაიონი), აგრეთვე აფხაზები (აფხაზეთი და აჭარა) და აბაზები (ყარაჩაი-ჩერქეზეთის ჩრდილოეთი ნაწილი).
- ნახურ ჯგუფში შედიან ჩაჩნები (ჩაჩნეთ-ინგუშეთის აღმოსავლეთი და ცენტრალური რაიონები და დაღესტანი ხასავიურთის რაიონი) და ინგუშები (ჩაჩნეთ-ინგუშეთი დასავლეთი რაიონები და მისი მომიჯნავე ჩრდილოეთ ოსეთის რაიონები), ენობრივად ამავე ჯგუფს უკავშირდებიან ბაცბები ანუ წოვა-თუშები (საქართველო, ახმეტის რაიონი), თუმცა კულტურულ-ისტორიულად, რელიგიურად, ყოფითა და სხვა ძირითადი ნიშნების მიხედვით ისინი ქართველი ერის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენენ.
- დაღესტნელ ხალხთა დიდი უმრავლესობა შედის დაღესტნურ ჯგუფში, რომელიც შედგება 4 ქვეჯგუფისაგან: ხუნძური, დარგუული, ლაკური და ლეზგიური. ხუნძურ ქვეჯგუფში (მთიანი დაღესტანი და აზერბაიჯანის ჩრდილოეთ-დასავლეთი რაიონები) ხუნძების გარდა შედიან მათათან თითქმის შერწყმული მცირერიცხოვანი ანდიურ-დიდოური (ცეზური) ხალხები (ანდიელები, ბოთლიხელები, ღოღობერიელები, ჭამალალები, კვანდელები, ტინდიელები, ყარადაღელები, ახვახელები, ცეზები, ჰინუხები, ხვარშიელები, ბეჟიტელები, ჰუნზიბელები), აგრეთვე არჩიბელები.
- დარგუულ ქვეჯგუფში (შუა დაღესტნის მთიანი და მთისპირა რაიონები) დარგუელთა გარდა ხაიდაყელები და კუბაჩელები, ლაკები ცხოვრობენ ცენტრალურ დაღესტნის მთებში. ლეზგიურ ქვეჯგუფში შედიან ლეზგები (დაღესტნის აღმოსავლეთი და აზერბაიჯანის ჩრდილოეთი რაიონები), თაბასარანელები (სამხრეთ-აღმოსავლეთ დაღესტანი, დერბენტის დასავლეთით), აღულები (დაღესტნის სამხრეთ-აღმოსავლეთის მაღალმთიანი ნაწილი), რუთულელები (სამხრეთ დაღესტანი, მდინარე სამურის ზემო დინება), წახები (რუთულელების დასავლეთით), მათვე განეკუთვნებიან ჩრდილოეთი აზერბაიჯანის მცირერიცხოვანი ხალხები: უდიები, ბუდუხები, კრიწები და ხინალუღები.
იხ.ვიდეო საინტერესოა
- ალთაური ოჯახის თურქულ ჯგუფის ენებზე ლაპარაკობენ აზერბაიჯანელები (აზერბაიჯანი და საქართველოს, სომხეთის, დაღესტნის მოსაზღვრე რაიონები); ერთმანეთთან ახლომონათესავე ყარაჩაელები (ყარაჩაი-ჩერქეზეთის სამხრეთ მთიანი რაიონები) და ბალყარები (ყაბარდო-ბალყარეთის სამხრეთ და სამხრეთ-დასავლეთი რაიონები), ყუმუხები (დაღესტნის დაბლობი ნაწილი, მცირე რაოდენობით — ჩაჩნეთ-ინგუშეთისა და ჩრდილოეთ ოსეთში), ნოღაელები (სტავროპოლის მხარე და დაღესტანი), თათრები(აზერბაიჯანის ქალაქები), კავკასიის თურქმენები (სტავროპოლის მხარის აღმოსავლეთი და ჩრდილოეთი რაიონები).
- ქართველური ჯგუფი: ქართველები (საქართველოში: დაახლ. 4.000.000; საერთო რაოდენობა: 7.200.000)
- აფხაზურ-ადიღეური ოჯახი: აფხაზები (95.000), აბაზინები (31.000), ყაბარდოელები (304.000), ჩერქეზები (50.000), ადიღეელები (115.000).
- ნახური ჯგუფი: ჩეჩნები (840.000), ინგუშები (200.000).
- დაღესტნური ჯგუფი: ავარელები (540.000), ლეკები (430.000), ლაკები (110.000), დარგუელები (32.000).
- თურქული ჯგუფი: აზერბაიჯანელები (5.800.000), ყუმუხები (255.000), ყარაჩაელები (140.000), ბალყარელები (69.000).
- მონღოლური ჯგუფი: ყალმუხები (218.000)
- სლავური ჯგუფი: რუსები (8.100.000), უკრაინელები (350.000). ბევრი მათგანი თავს კაზაკებად მიიჩნევს.
- ბერძნული ჯგუფი: ბერძნები (120.000).
- ირანული ჯგუფი: ოსები (570.000), ქურთები (230.000)
- სომხური ჯგუფი: სომხები (4.300.000).
- ბაქო (1.757.000), თბილისი (1.264.000), ერევანი (1.215.000), კრასნოდარი (620.000), ჯოხარყალა (გროზნო, 401.000), სოჭი (337.000), ვლადიკავკაზი (320.000), სტავროპოლი (318.000), მაჰაჩყალა (315.000), განჯა (232.000), ნალჩიკი (207.000), გიუმრი(206.000), ქუთაისი (200.000).
კავკასიის ალბანეთი
კავკასიის ალბანეთის ენა
პირველი საუკუნის ალბანური ტაძარი გიში შაკიში (აზერბაიჯანი)
ეკონომიკა

კავკასია მდიდარია მინერალური რესურსებით: ნავთობი (ბაქო, გროზნო, მაიკოპი), გაზი (კრასნოდარი და სტავროპოლი), რკინა (დაშქესანი), ვოლფრამი და მოლიბდენი (ტირნიაუზი), თუთია და ტყვია (სადონი), მანგანუმი (ჭიათურა). 2005 წელს ოფიციალურად გაიხსნა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი. უახლოეს მომავალში ამოქმედდება აგრეთვე გაზსადენი, რომელიც შუა აზიის რეგიონს კავკასიის გავლით დასავლეთთან დააკავშირებს.
კრასნოდარის და სტავროპოლის რეგიონები ხორბლისა და ბოსტნეულის ძირითადი მწარმოებლები, საქართველოს და აზერბაიჯანის სუბტროპიკული ზონები - ციტრუსების, ჩაის და ყურძნისა. სომხეთი სპეციალიზებულია სამშენებლო მასალების მოპოვებასა და მრეწველობის ზუსტ დარგებზე. რუსთავი და სუმგაითი ახალი ქალაქებია, სადაც საბჭოთა პერიოდში აიგო მეტალურგიული და ქიმიური პროფილის საწარმოები. მთიანი რეგიონები ძირითადად მესაქონლეობით არიან დაკავებულნი.
შავი ზღვის სანაპიროზე მნიშვნელოვანი პორტებია ბათუმი, ფოთი, ნოვოროსიისკი, საიდანაც ხორციელდება ეკონომიკური ურთიერთობები საზღვარგარეთთან. კავკასიაში მდებარეობს ბევრი ბუნების ნაკრძალი, აგრეთვე საკურორტო ზონა — ჩრდილოკავკასიის მინერალური წყლები (პიატიგორსკი, კისლოვოდსკი), შავიზღვისპირეთი (ანაპასა და ბათუმს შორის) და სხვა. კავკასია ამასთან ერთად არის ტურიზმისა და ალპინიზმის ცენტრი.
ისტორიული ცნობა
კავკასია ადამიანთა ერთ-ერთი უძველესი საბინადრო რაიონია. ძვ. წ. I ათასწლეულის I ნახევარში ამიერკავკასიაში ჩამოყალიბდა ყოფილ სსრკ ტერიტორიაზე პირველი მონათმფლობელური სახელმწიფო ურარტუ. მოგვიანებით შეიქმნა კოლხეთის (ძვ. წ. VI ს.), აირარატისა (ძვ. წ. IV ს.) და იბერიის (ძვ. წ. IV-III სს.) სამეფოები. ძვ. წ. II საუკუნეში წარმოიშვა კავკასიის ალბანეთისა და დიდი სომხეთის სახელმწიფოები.
კავკასია არაერთხელ გამხდარა მომთაბარეთა (სკვითები, სარმატები, ალანები და სხვა) თავდასხმის ობიექტი. ახ. წ. I ათასწლეულში კი იგი ბიზანტიასა და ირანს შორის ხანგრძლივი ომის ასპარეზად გადაიქცა. ამავე ათასწლეულის შუა ხანებში კავკასიაში დამკვიდრდა ფეოდალური ურთიერთობა, გავრცელდა ქრისტიანობა. VII-VIII საუკუნეებში ამიერკავკასია არაბებმა დაიპყრეს. არაბებთან, თურქ-სელჩუკებთან და ბიზანტიელებთან გამუდმებული თავდაცვითი ომების პირობებში ჩამოყალიბდა ორი მსხვილი სახელმწიფო — სომხეთი და საქართველო. X საუკუნიდან დაწინაურდა საქართველო, რომელმაც XII-XIII საუკუნეებში კავკასიაში სრულ ჰეგემონობას მიაღწია. XIII საუკუნეში კავკასია დაიპყრეს და ააოხრეს მონღოლებმა.
კავკასია ხშირად ფიგურირებდა ძველ ბერძნულ ლეგენდებში; პრომეთე მიაჯაჭვეს კავკასიის მთას, იასონი და მისი არგონავტები კოლხებთან ეძებდნენ ოქროს საწმისს. სპარსელები, ხაზარები, არაბები, მონღოლები, თურქები ხშირად ესხმოდნენ თავს რეგიონს, რამაც განაპირობა მისი ეთნიკური, რელიგიური და ენობრივი სიჭრელე. რუსეთი კავკასიაში გამოჩნდა მე-18-19 საუკუნეებში სპარსეთთან და თურქეთთან ომების შემდეგ. ქრისტიანმა მოსახლეობამ (საქართველო და სომხეთი) მიიღო რუსეთის ჰეგემონია როგორც თავდაცვის საშუალება თურქთა ძალმომრეობისაგან. აზერბაიჯანის, დაღესტნისა და ჩერქეზეთის მუსულმანური მოსახლეობა წინ აღუდგა რუსეთს და დამორჩილდნენ მხოლოდ შამილის დამარცხების შემდეგ.
სსრ კავშირის დაშლის შემდეგ, სამხრეთკავკასიურმა ქვეყნებმა დამოუკიდებლობა გამოაცხადეს, რასაც მოჰყვა ინსპირირებული ეთნიკური კონფლიქტები და აჯანყებები. ამჟამად კავკასია წარმოადგენს გეოპოლიტიკური ინტერესების გზაჯვარედინზე მყოფ რეგიონს, რომელიც გადაუწყვეტელი კონფლიქტების გამო (ჩეჩნეთი, აფხაზეთი, სამხრეთი ოსეთი, მთიანი ყარაბაღი) დედამიწის ერთ-ერთ ყველაზე ცხელ წერტილად ითვლება.

Комментариев нет:
Отправить комментарий