четверг, 18 июля 2019 г.

გეორგიევსკის ტრაქტატი

              გეორგიევსკის ტრაქტატი

                                       Treaty of Georgievsk of 1783 (Esadze, 1913).JPG
(რუს. Георгиевский трактат) — 1783 წლის 24 ივლისს (4 აგვისტო) ციხესიმაგრე გეორგიევსკში (ჩრდ. კავკასია) დადებული „სამეგობრო შეთანხმება“ რუსეთსა და გაერთიანებულ ქართლ-კახეთის სამეფოს შორის, რომლის მიხედვით ეს უკანასკნელი რუსეთის მფარველობის ქვეშ გადადიოდა.
ირანისა და ოსმალეთის მხრიდან მზარდი საშიშროება საქართველოს სახელმწიფოებრივ არსებობას საფრთხის ქვეშ აყენებდა. ქართლ-კახეთის მეფე ერეკლე II-ს ერთადერთ გამოსავლად რუსეთთან კავშირის გამყარება მიაჩნდა.
XVIII საუკუნის 80-იან წლებში მკვეთრად შეიცვალა რუსეთის მმართველი წრეების დამოკიდებულება საქართველოსადმი. მას შემდეგ, რაც რუსეთმა თავისი გავლენა ყირიმზე გაავრცელა და მისი საზღვრები თითქმის კავკასიონის ქედს მიებჯინა, საიმპერატორო კარს აშკარად გაუძლიერდა ინტერესი ამიერკავკასიისადმი. თუკი აქამდე საქართველოს მეფეების თხოვნას კავკასიონის გადმოღმა ქვეყნების საქმეებში აქტიური ჩარევის შესახებ რუსი პოლიტიკოსები მაინცდამაინც დიდის ხალისით არ ეკიდებოდნენ, ახლა საწინააღმდეგო მდგომარეობა შეიქნა. რუსეთის საგარეო პოლიტიკის მესვეურებმა დაიწყეს კავკასიის გზით წინა აზიაში რუსეთის გავლენის გავრცელების გეგმების შედგენა. ამ გეგმებში ქრისტიანულ საქართველოს ერთ-ერთი უპირველესი ადგილი ეკავა. აქედან გამომდინარე, ერეკლე მეორის კარზე გაახშირეს სტუმრობა რუსმა მოხელეებმა, ელჩებმა, მოგზაურებმა, რომლებიც ბეჯითად ურჩევდნენ ქართლ-კახეთის მეფეს რუსეთთან კავშირის აღდგენას, იმპერატორისთვის მფარველობის ოფიციალურად თხოვნას. ერეკლე მეორე საქმის ასეთ შემობრუნებას კმაყოფილი შეხვდა.
                                                      ÐšÐ°Ñ€Ñ‚инки по запросу Георгиевский трактат
1782 წლის ბოლოს ერეკლე II-მ ეკატერინე II-ს მიმართა თხოვნით საქართველო რუსეთის მფარველობის ქვეშ აეყვანა. ამიერკავკასიაში რუსეთის პოზიციების გამყარების მიზნით ეკატერინე II-მ თავად პავლე პოტიომკინს გაფართოებული უფლებამოსილება მიანიჭა ერეკლე მეფესთან სამოკავშირეო შეთანხმების მისაღწევად. ქართული მხრიდან მეფის მიერ ხელდასხმულ იყვნენ თავადები ი. ბაგრატიონი და გარსევან ჭავჭავაძე.
ეს ფაქტი რუსეთის მთავრობის საგარეო პოლიტიკისათვის მეტად სასურველი იყო. საიმპერატორო კარმაც არ დააყოვნა საქმით დაემტკიცებინა ერეკლესთვის თავისი კეთილგანწყობილება. რუსეთის სარდლობის ბრძანებით ფათალი-ხანმა ქართლ-კახეთის წინააღმდეგ ლაშქრობა მოშალა, ხოლო ალექსანდრე ბაქარის ძე იძულებული გახდა უცხოეთში გადახვეწილიყო.
იხ. ვიდეო

1783 წლის 18 ივლისს გეორგიევსკის ციხესიმაგრეში, წინასწარ შემუშავებული ცერემონიალის მიხედვით, საქართველოს დელეგაცია დიდი ზეიმით მიიღეს. დაიწყო სხდომები ხელშეკრულების მუხლების დაწვრილებით განსახილველად. 24 ივლისს ტრაქტატს ხელი მოაწერეს საქართველოს მხრიდან — იოანე მუხრან-ბატონმა და გარსევან ჭავჭავაძემ, ხოლო რუსეთის მხრიდან — გენერალ-პორუჩიკმა პავლე სერგის ძე პოტიომკინმა.
ტრაქტატი შედგებოდა შესავლისა, 13 ძირითადი და 4 დამატებითი საიდუმლო (სეპარატული) მუხლისგან.
ტრაქტატის შესავალ ნაწილში ზოგადად აღნიშნული იყო ის ურთიერთობა, რაც უძველესი დროიდან რუსეთსა და საქართველოს შორის არსებობდა, რომ რუსეთის იმპერია მოწოდებული იყო, დაეცვა ერთმორწმუნე საქართველო სხვა ქვეყნების მხრივ ჩაგვრისაგან, რომ საქართველოს დამოკიდებულება რუსეთისადმი ასახული იყო ადრიდანვე რუსეთის ხელმწიფეთა ტიტულატურაში და სხვ. აქ იგულისხმებოდა ის ფაქტი, რომ 1587 წელს კახეთის სამეფოს რუსეთის მფარველობაში შესვლის შემდეგ მოსკოვის მეფეები და შემდეგ რუსეთის იმპერატორებიც ოფიციალურ ტიტულატურაში თავიანთ თავს „ივერიის ხელმწიფესაც“ უწოდებდნენ. ტრაქტატის შესავალში აღნიშნული იყო, რომ იმპერატორმა დიდსულოვნად ინება ქართველების გათავისუფლება „უღლისაგან მონებისა“ და იმ დამამცირებელი ვალდებულებებისაგან, „რომლისაცა რომელნიმე ერნი ამათგანნი მიცემად შეკრულ იყუნეს… ტყუედ მიხდისა ვაჟთა და ქალთასა“. ტრაქტატი აცხადებდა, რომ ქართლ-კახეთის მეფემ ერეკლე თეიმურაზის ძემ თხოვნით მიმართა რუსეთის იმპერატორს მისი სამეფოსა და სამფლობელოების უზენაესი მფარველობის ქვეშ მიღების შესახებ „უზენაეს ხელმწიფედ აღსარებითა ყოვლისა რუსეთის იმპერატორთა მეფეთა ზედა ქართლისა და კახეთისა“; იმპერატორმა „ინება აღდგინება და დამტკიცებაი მეგობრობითისა პირობისა“. შესავალშივე დასახელებული იყვნენ ორივე მხრიდან ის წარმომადგენლები, რომლებიც აღჭურვილნი იყვნენ რწმუნებით ამ ხელშეკრულების გასაფორმებლად.
იხ. ვიდეო

  • ხელშეკრულების პირველი მუხლით ქართლ-კახეთის მეფე თავისი და თავისი მემკვიდრეების სახელით აცხადებდა, რომ უარყოფდა ირანის ან სხვა რომელიმე სახელმწიფოსადმი რაიმე დამოკიდებულებას და ცნობდა მხოლოდ რუსეთის უზენაეს ხელისუფლებას და მფარველობას, აღუთქვამდა რუსეთის საიმპერატორო ტახტს ერთგულებას და რუსეთის სახელმწიფოს შეწევნისათვის ყოველთვის მზადყოფნას, როცა ამას მისგან მოითხოვდნენ.
  • მეორე მუხლით იმპერატორი ეკატერინე თავისი და თავისი მემკვიდრეების სახელით პირობას დებდა, ყოველთვის მზრუნველობა გამოეჩინა და მფარველობა გაეწია ქართლ-კახეთის მეფეებისათვის. ამის ნიშნად იმპერატორი ერეკლეს სამფლობელოს მთლიანად და და უკლებლად დაცვას ივალებდა. გარდა ამისა, ხელმწიფის ეს თავდებობა გავრცელდებოდა იმ ქვეყნებზედაც, რომელნიც დროთა განმავლობაში საქართველოს შეუერთდებოდნენ.
  • მესამე მუხლში აღნიშნული იყო, რომ ქართლ-კახეთის სამეფო ტახტზე ახალასული მეფე ამიერიდან რუსეთის იმპერატორს უნდა დაემტკიცებინა სათანადო სიგელითა და ინვენსტიტურის* ნიშნების გამოგზავნით. ახლად გამეფებულს რუსეთის წარმომადგენლის წინაშე საზეიმოდ უნდა მიეცა ფიცი, რომლის ტექსტიც ტრაქტატს თან ერთვოდა.
  • მეოთხე მუხლში ნათქვამი იყო, რომ ქართლ-კახეთის მეფე ამიერიდან უცხო სახელმწიფოებთან დამოუკიდებელ დიპლომატიურ ურთიერთობას არ აწარმოებდა. ყოველ ასეთ შემთხვევაში იგი მოვალე იყო რუსეთის საიმპერატორო კარის რეზიდენტს ან კიდევ კავკასიის ხაზის უფროსს შეთანხმებოდა.
  • მეხუთე მუხლში აღნიშნული იყო, რომ ორივე მხარეს ერთმანეთის სამეფო კარზე უნდა დაენიშნა თავისი წარმომადგენელი რეზიდენტი ანუ მინისტრი.
  • მეექვსე მუხლით რუსეთის იმპერატორი, თავისი და თავისი მემკვიდრეების სახელით, საქართველოს მეფეს აღუთქვამდა შემდეგს: 1. ქართლ-კახეთის სამეფოს მცხოვრებნი ჩაითვლებოდნენ რუსეთის იმპერიასთან მჭიდრო კავშირში მყოფად და მათი მტრები რუსეთის მტრებად გამოცხადდებოდნენ. ოსმალეთთან და ირანთან ან სხვა რომელიმე სახელმწიფოსთან დადებული ხელშეკრულების პირობები გავრცელდებოდა საქართველოზედაც; 2. მეფე ერეკლე და მისი მემკვიდრენი ქართლ-კახეთის ტახტზე უცვლელად დაცულნი იქნებოდნენ; 3. ქვეყნის საშინაო მართვა-გამგეობა, სამართლის წარმოება და გადასახადების აკრეფა მთლიანად საქართველოს მეფის უფლებებში რჩებოდა. რუსეთის სამხედრო და სამოქალაქო წარმომადგენლებს ეკრძალებოდათ საქართველოში რაიმე განკარგულების გაცემა.
  • მეშვიდე მუხლში ერეკლე თავისი და თავისი მემკვიდრეების სახელით დაპირებას იძლეოდა: 1. ყოველთვის მზად ყოფილიყო თავისი ჯარით რუსეთის იმპერიის სამსახურად; 2. ყოველ მნიშვნელოვან საკითხში, რაც რუსეთისადმი სამსახურს შეეხებოდა, შეთანხმებოდა რუსეთის ხელისუფალთ, დაეკმაყოფილებინა მათი მოთხოვნები და დაეცვა რუსეთის ქვეშევრდომები ყოველგვარი განსაცდელისა და შევიწროებისაგან; 3. ამა თუ იმ პირის თანამდებობაზე დანიშვნისა თუ დაწინაურების დროს გაითვალისწინებდა რუსეთის წინაშე მის დამსახურებასაც.
  • მერვე მუხლი საქართველოს ეკლესიის საკითხს შეეხებოდა. როგორც ჩანს, ამ საკითხში მხარეები საბოლოოდ ვერ შეთანხმებულან. 1771 წლის 30 დეკემბერს ერეკლეს მიერ რუსეთის საიმპერატორო კარისადმი გაგზავნილ პირობებში აღნიშნული იყო, რომ „კათალიკოზიცა წესსავე თვისსა ეგოს მოუშლელად“, ე. ი. საქართველოს კათალიკოსი უნდა დარჩენილიყო თავის უფლებებში ხელშეუვალად. ამჯერად კი იგი (თუმცა კი მის გვერდით და მის მაგიერად დასახელებულია საქართველოს არქიეპისკოპოსიც) ჩაყენებულია რუსეთის საეკლესიო იერარქიის რიგში, იგი მერვე ადგილზეა (გობოლსკის ეპისკოპოსის შემდეგ) დაყენებული და სამუდამოდ მინიჭებული აქვს უწმინდესი სინოდის წევრის ტიტული. საქართველოს ეკლესიის საკითხი უფრო ვრცლად უნდა განმარტებულიყო ცალკე დანართში, მაგრამ ასეთი განმარტება ტრაქტატისთვის აღარ დაურთავთ.
  • მეცხრე მუხლში აღნიშნული იყო, რომ ქართველ თავად-აზნაურებს რუსეთში ისეთივე პრივილეგიები ექნებოდათ, როგორც რუს თავად-აზნაურებს ჰქონდათ. ერეკლეს რუსეთში უნდა გაეგზავნა ქართველ თავად-აზნაურთა სია.
  • შემდეგ მუხლებში (მეცხრე, მეათე) დადასტურებული იყო, რომ ქართლისა და კახეთის მცხოვრებთ რუსეთში გადასვლის, ასევე საქართველოში დაბრუნების სრული უფლება ჰქონდათ. რუსეთის მთავრობა კისრულობდა თურქეთის, ირანისა და სხვათა ტყვეობიდან გათავისუფლებული ქართველების სამშობლოში დაბრუნებას იმ პირობით, რომ ანაზღაურებული ყოფილიყო მათი გამოხსნისა და გადმოყვანის ხარჯები. საქართველოს მეფე კი, თავის მხრივ, ვალდებულებას იღებდა ასევე მოპყრობოდა ტყვეობიდან გათავისუფლებულ რუსებს.
  • მეთერთმეტე მუხლი შეეხებოდა ვაჭრობას. ქართველ ვაჭრებს რუსეთში თავისუფალი აღებ-მიცემობის უფლება ეძლეოდათ და ენიჭებოდათ ყველა ის შეღავათი, რითაც თვითონ რუსი ვაჭრები სარგებლობდნენ. ერეკლე კისრულობდა ვალდებულებას, რომ შეღავათები მიეცა რუსი ვაჭრებისთვისაც.
  • მეთორმეტე მუხლში გამოცხადებული იყო, რომ ეს ხელშეკრულება დადებუღი იყო „საუკუნოდ“, მასში რაიმე ცვლილების შეტანა მხოლოდ ურთიერთშეთანხმებით უნდა მომხდარიყო.
  • მეცამეტე მუხლის მიხედვით სარატიფიკაციო ვადად დაწესებული იყო 6 თვე. დამატებით სეპარატულ (საიდუმლო) მუხლებში, რომლებიც არ უნდა გამოქვეყნებულიყო, აღნიშნული იყო, რომ ერეკლე სოლომონ იმერთა მეფესთან თანხმობით ყოფნას ივალებდა, ხოლო უთანხმოების შემთხვევაში ის რუსეთის იმპერატორს „მეშუამავლედ“ ცნობდა და საცილობელ საკითხს მის მსჯავრს მიანდობდა; საქართველოში მუდმივ სამყოფად გამოიგზავნებოდა ორი ქვეითი რუსული ბატალიონი 4 ზარბაზნით, ომის შემთხვევაში ამას სხვა ძალაც დაემატებოდა: კავკასიის ხაზის უფროსს ჰქონდა რწმუნება, შეთანხმებულიყო ერეკლე მეორესთან საერთო მტრის წინააღმდეგ ერთობლივი მოქმედებისათვის. უკანასკნელი სეპარატული მუხლით რუსეთის მხარე აღუთქვამდა საქართველოს მეფეს, რომ ომისა თუ დაზავების დროს რუსეთის საიმპერატორო კარი ყოველ ღონეს იხმარდა, რათა საქართველოს დაბრუნებოდა მტრების მიერ მიტაცებული მიწები — ახალციხე და ყარსი სამცხეში, საინგილო — აღმოსავლეთ კახეთში.
                                                         ÐšÐ°Ñ€Ñ‚инки по запросу Георгиевский трактат
ამრიგად, 1783 წლის გეორგიევსკის ტრაქტატით ქართლ-კახეთის სამეფო რუსეთის იმპერიას დაუკავშირდა, როგორც მასზე დამოკიდებული და მის მფარველობაში მყოფი ქვეყანა. ტრაქტატი ზღუდავდა, მაგრამ არ აუქმებდა ქართლ-კახეთის საგარეო-პოლიტიკურ ქმედითურიანობას. მართალია, მისი სუვერენიტეტი იზღუდებოდა, იგი ეკედლებოდა, ექვემდებარებოდა რუსეთს, მაგრამ არ იყო გაუქმებული მისი სახელმწიფოებრიობა, ე. ი. მაშინდელი საერთაშორისო სამართლის ნორმების მიხედვით, საქართველო რჩებოდა საერთაშორისო სამართლის სუბიექტად საკუთარი შინაგანი და საგარეო პოლიტიკური ხელისუფლების ორგანოებით. 1783 წლის ხელშეკრულებით რუსეთსა და ქართლ-კახეთს შორის მყარდებოდა მფარველობითი კავშირი პირველისადმი უკანასკნელის დაქვემდებარების პირობით, რომელიც ფორმით ვასალიტეტის* ნიშნებს ატარებდა, მაგრამ არსებითად კი იყო ორი არათანაბარი სიძლიერის სახელმწიფოს ნებაყოფლობითი შეთანხმება, რომელიც ორივე მხარის საგარეო-პოლიტიკურ ამოცანებს ემსახურებოდა. ერთ-ერთი მხარის მიერ ხელშეკრულების პირობის დარღვევა მეორეს უფლებას აძლევდა, უარი ეთქვა ურთიერთობის გაგრძელებაზე, რაც ორივე მხარეს პირვანდელ მდგომარეობაში დააბრუნებდა — ერთმანეთისაგან დამოუკიდებელ ერთეულებად აქცევდა.
გეორგიევსკის ტრაქტატის გაფორმება საქართველოში დიდი ზეიმით აღინიშნა. გენ. პოტიომკინი წერდა იმპერატორ ეკატერინე მეორეს: „საქართველოში მყოფმა პოლკოვნიკმა ბურნაშოვმა მაუწყა, რომ გენერალ პ. ს. პოტიომკინთან ხელშეკრულების დადების შემდეგ ქართველ დესპანთა დაბრუნებამ გეორგიევსკის ციხე-სიმაგრიდან აუწერელი სიხარული და კმაყოფილება მოუტანა მეფე ერეკლეს, რომ ამ ქვეყნის გამოჩენილი ადამიანები განსაკუთრებულ იმედებს ამყარებენ, ხალხი კი ლოცავს თქვენს იმპერატორულ უდიდებულესობის მარჯვენას, რომელიც დაამტკიცებს, რომ მისთვის სიმშვიდე და კეთილდღეობა მოაქვს“. 1783 წლის 20 აგვისტოს სიონის ტაძარში შეკრებილი ხალხის წინაშე გაიოზ რექტორმა წარმოთქვა ვრცელი სიტყვა, რომელშიც შესანიშნავი ორატორული ხელოვნებით დაახასიათა ერეკლეს მოღვაწეობა და მისი პოლიტიკური კურსი. იგი მსმენელებს აუწყებდა, რომ რუსეთთან დაკავშირებით ერეკლემ „დაამტკიცა საუკუნო მშვიდობა და მყუდროება ერისა თვისისა“.
ტრაქტატით გათვალისწინებული რუსთა ჯარი — ორი ბატალიონი — 1783 წლის 2 ნოემბერს შემოვიდა თბილისში. საზეიმოდ მორთული საქართველოს დედაქალაქი აღტაცებით შეხვდა საქართველოში რუსთა დამხმარე ჯარის შემოსვლას. ჯარს რუსეთის სახელმწიფოს ოფიციალური წარმომადგენელი პოლკოვნიკი ბურნაშოვი მოუძღოდა. ორი თვის შემდეგ 1784 წლის 17 იანვარს პოლკოვნიკმა ტამარამ ეკატერინე II მიერ გამოგზავნილი სარატიფიკაციო სიგელი და ერეკლესთვის განკუთვნილი სამეფო ნიშნები ჩამოიტანა. 23 იანვარს ერეკლემ მას აუდიენცია გაუმართა და ეს ნიშნები საზეიმოდ ჩაიბარა. 24 იანვარს ერეკლემ თავის სარატიფიკაციო სიგელს ხელი მოაწერა და მეორე დღეს, 25 იანვარს, ტრაქტატით გათვალისწინებული ფიცი მიიღო. საყოველთაო სახალხო ზეიმი დიდხანს გაგრძელდა. პოლკოვნიკი ბურნაშოვი აღწერდა თავის უშუალო შთაბეჭდილებებს — „თბილისელი ვაჭრები ქეიფობდნენ, მღეროდნენ, ცეკვავდნენ ქალაქის მოედანზე, სადაც დიდძალი ხალხი შეკრებილიყო. ბევრგან მუსიკის ჰანგები იფრქვეოდა, ერთი სიტყვით, ხალხს სურდა, სიხარული გამოეხატა მის ბედში ასეთი სასურველი ცვლილების გამო“.
ერეკლე მეორე რუსეთთან დადებულ ხელშეკრულებას შორს მიმავალ გეგმებს უკავშირებდა. ჯერ ერთი, იგი იმედოვნებდა, რომ ძლიერი მფარველის დახმარებით ქართლ-კახეთში ლეკიანობა საბოლოოდ აღიკვეთებოდა და ქვეყანას საშუალება მიეცემოდა, ფართო აღმშენებლობითი მუშაობა გაეშალა, აგრეთვე, შეიქმნებოდა შესაძლებლობა, მოეშალათ ლეკიანობის ბუდე ჭარ-ბელაქანსა და კაკ-ელისენში და ეს ძირძველი ქართული ტერიტორია (საინგილო) კვლავ საქართველოს შემოუერთდებოდა. ასევე რუსეთ-თურქეთის მომავალ ომში ერეკლეს იმედი ჰქონდა, რომ მესხეთის მიწა-წყალსაც დაიბრუნებდა. რუსეთის მხარდაჭერით განმტკიცდებოდა ერეკლეს მფარველობა მეზობელ მაჰმადიანურ სახანოებზე.
მაგრამ, მოვლენები სულ სხვაგვარად განვითარდა. თურქეთის სულთანმა საქართველოს რუსეთთან დაკავშირებაში თავისთვის დიდი საფრთხე დაინახა და მთელი თავისი ძალებით ამოქმედდა. მან კავკასიის მაჰმადიანურ სახანოებს და დაღესტნის მთავრებს მოუწოდა აღმდგარიყვნენ მაჰმადიანობის დასაცავად და ამიერკავკასიაში ქრისტიანული რუსეთის დამკვიდრების წინააღმდეგ ერთობლივად საბრძოლველად. უპირველეს ყოვლისა, მოუწოდა, დაეწყოთ ლაშქრობა ქართლ-კახეთის სამეფოზე. ახალციხის საფაშო ოსმალთა აგრესიის ბაზად იქცა. აქ თავს უყრიდნენ ავაზაკთა ბრბოებს და საქართველოსკენ სათარეშოდ უშვებდნენ. მტრის მარბიელი ლაშქარი საქართველოს ყოველი მხრიდან ესხმოდა თავს. რუსეთის მიერ გამოგზავნილი 2 ბატალიონი და ერეკლეს სამხედრო ძალა ამ გამუდმებულ თავდასხმებს ვერ აუდიოდა. ამას დაერთო 1785 წელს ხუნძახის ბატონის ომარ-ხანის 20 000-იანი ლაშქრის შემოსევა, რომელმაც მიწასთან გაასწორა ახტალის სამთამადნო წარმოება და ტყვედ წაასხა მადნის მომპოვებელი რამდენიმე ასეული ხელოსანი. ერეკლე იძულებული შეიქნა ომარ-ხანისთვის 10 000 მან. გადაეხადა და, ამავე დროს, ყოველწლიური „ჯამაგირი“ — 5 000 მან. განეწესებინა.
საქართველოსთვის ამ მძიმე პერიოდში თავი აიშვა საშინაო რეაქციამაც. დიდებული თავადები კარგად ხედავდნენ, რომ ერეკლე მეფე რუსეთთან ურთიერთობას უკავშირებდა ქვეყანაში პროგრესული ცვლილებების გატარებას, რაც, საბოლოოდ, მათი უფლებების შეკვეცით უნდა დამთავრებულიყო. შეშფოთებულ თავადებს თანაუგრძნობდა ერეკლეს მეუღლე, დედოფალი დარეჯანი. ეს ერთობ შეზღუდული და ინტრიგების დახლართვაში გამოცდილი ქალი, მხოლოდ თავისი პირადი და თავისი შვილების კეთილდღეობისთვის ზრუნავდა. მას ამ მიზნისთვის არაფრად მიაჩნდა ქვეყნის მომავლის მსხვერპლად მიტანა. ისინი დაჟინებით ურჩევდნენ უკვე მოხუცებულობაში გადამდგარ მეფეს, გაეწყვიტა კავშირი რუსეთთან და ისევ თურქეთთან შეთანხმება ეცადა.
1787 წელს რუსეთ-თურქეთის ახალი ომი დაიწყო და რუსეთის მთავრობამაც, იმ საბაბით, რომ თურქეთს საქართველოზე შემოტევა არ დაეწყო, აქედან თავისი ჯარები უკან გაიწვია. მტრების წინაშე მარტოდ დარჩენილ და შინაარეულობით მოცულ ქვეყნის მეთაურს ახალი რთული პრობლემები წამოეჭრა. როგორც ჩანს, ამ უმაგალითო სიძნელეებმა და ასაკმა აქამდე დაუღალავი და მხნე მეფე ერეკლეს ნებისყოფა გატეხა. იგი სულ უფრო და უფრო მეტ დათმობაზე მიდიოდა ჟინიანი დედოფლისა და ოჯახის სხვა წევრების მიმართ. ამ უკანასკნელთა გავლენით იყო, რომ ვერ განხორციელდა დიდმნიშვნელოვანი წამოწყება, ამერეთ-იმერეთის გაერთიანებას რომ ისახავდა მიზნად.
რუსული ისტორიოგრაფიის მტკიცებით, გეორგიევსკის ტრაქტატის წყალობით „ქართველი ხალხი გადაურჩა სპარსეთის და ოსმალეთის მხრიდან გარდაუვალ აგრესიასა და სრულ გადაშენებას“ . ამ აზრს იზიარებდა ქართული საბჭოთა ისტორიოგრაფია. თუმცა, აღმოსავლეთმცოდნე რევაზ გაჩეჩილაძე ასეთ შეფასებას „რეალობის თავდაყირა დაყენების მცდელობას“  უწოდებს. რადგანაც „სპარსეთს არ ესაჭიროებოდა საქართველოში ლაშქრობა, თუკი შაჰის ნორმალური ვასალი (სპარსეთისათვის ის ერეკლე ხანი იყო) არ განუდგებოდა მას. არც ოსმალეთი გეგმავდა აღმოსავლეთ საქართველოში ლაშქრობას, რაც სპარსეთთან ომის დაწყების ტოლფასი იყო. ქართლ–კახეთისათვის ბევრად უფრო სახიფათო დაღესტნელი მოთარეშეების ... ყაჩაღური თავდასხმების აღსაკვეთად რუსის ჯარი ერეკლე II-ს არც დახმარებია“. უარყოფითად აფასებს გეორგიევსკის ტრაქტატს ივანე ჯავახიშვილი: „1783 წ. ხელშეკრულების წყალობით საქართველო გაძლიერების და გარეშე მტრებისაგან უზრუნველყოფის მაგიერ სამის მხრით მტრებით შემორტყმული გახდა და განუწყვეტლივ საომარ განწყობილებაში ჩავარდა იმ თავის მეზობლებთანაც, რომელნიც წინათ მისი ერთგული მოკავშირენი იყვნენ. თვით ერეკლე მეფეც და მმართველი წრეები ხედავდნენ, რომ ამ პოლიტიკური ნაბიჯის გამოისობით საქართველო ისეთს საშინელს განსაცდელში ჩავარდა, რომლის მსგავსში შაჰ-აბასის შემდგომ არ ყოფილა“.

Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...