воскресенье, 13 октября 2019 г.

ეგრისის დიდი ომი

                         ეგრისის დიდი ომი

                                                ეგრისის სამეფო V-VI საუკუნეებში.jpg
                                                                     ეგრისის სამეფოს რუქა
ასევე, ლაზური ომი — ომი, რომელიც ბიზანტიასა და სასანიდთა იმპერიას შორის ეგრისის (ლაზიკის) ტერიტორიაზე მიმდინარეობდა ეგრისში გაბატონებისათვის. ეგრისის დიდი ომი 20 წელს გაგრძელდა (542-562 წწ.) და ბიზანტიელთა გამარჯვებით დასრულდა. ომი დეტალურად აქვთ აღწერილი პროკოპი კესარიელსა და აგათია სქოლასტიკოსს.
ეგრისს, რომელიც შავი ზღვის სანაპიროზე მდებარეობდა, კავკასიონის მთებზე მნიშვნელოვან გადასასვლელებს აკონტროლებდა, რასაც სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა ორივე იმპერიისთვის. ბიზანტიელთათვის ეს იყო ბარიერი სპარსელთა მიერ იბერიის გავლით შავ ზღვაზე გასვლისთვის ხელის შესაშლელად.
სპარსელი სასანიდები დასთანხმდნენ ეგრისის ბიზანტიის გავლენის სფეროში დარჩენას 532 წელს დადებული სამუდამო მშვიდობის ხელშეკრულებით, თუმცა ბიზანტიელთა უსამართლო მმართველობამ 541 წელს ეგრისელთა აჯანყება გამოიწვია. ეგრისის მეფე გუბაზ II-მ დასახმარებლად ირანის მეფეს — ხოსრო I ანუშირვანს მიმართა, რომელიც 542 წელს, ქართლის გავლით, დიდძალი ჯარით შეიჭრა ეგრისში. ვარდციხესთან სპარსელებს გუბაზ მეფე დახვდა ეგრისელთა ლაშქრით. სპარსელ-ეგრისელთა ჯარმა ეგრისში ბიზანტიელთა მთავარი დასაყრდენი — ქალაქი პეტრა აიღო და ბიზანტიელები განდევნა, თუმცა მალე გამომჟღავნდა შაჰის ფარული განზრახვა, რომელიც ქვეყნიდან ეგრისელთა აყრასა და მათ ადგილას სპარსელთა ჩასახლებას გულისხმობდა. 548 წელს ეგრისელები კვლავ აჯანყდნენ, ამჯერად სპარსელთა წინააღმდეგ. გუბაზ მეფემ დახმარება ბიზანტიის იმპერატორ იუსტინიანე I-ს სთხოვა, რომელმაც ეგრისში 7 000 ბიზანტიელი და 1 000 ჭანი მეომარი გამოგზავნა დაგისთეს სარდლობით.
იხ.ვიდეო

მოკავშირეებმა უშედეგოდ სცადეს პეტრის აღება. ხოსრო I-მა ეგრისში ძლიერი ჯარი გამოგზავნა მერმეროეს სარდლობით, რომელმაც პეტრის ციხეში 3 000 კაცი ჩააყენა, თავად კი პერსარმენიისაკენ გაემართა. 550 წელს ეგრის-ბიზანტიის ჯარმა რიონის ბრძოლაში სპარსელთა 5 000 კაციანი რაზმი გაანადგურა. სპარსელი სარდალი ხურიანე ეგრისში ახალი ჯარით შეიჭრა, მაგრამ ცხენისწყალთან ბრძოლაში დამარცხდა. ბრძოლის შემდეგ მოკავშირეთა შორის უთანხმოებამ იჩინა თავი. ბიზანტიელთა სარდლობის უპასუხისმგებლო მოქმედებების გამო ეგრისელებმა იმპერატორს მიმართეს, რომელმაც დაგისთე გაიწვია და დააპატიმრა, მის ნაცვლად კი გამოცდილი სტრატეგოსი ბესა გამოგზავნა. მას ეგრისში სპარსელთა სარდალი ნაბედი დახვდა, რომელიც ბიზანტიელთა წინააღმდეგ აჯანყებულმა აბაზგებმა მოიწვიეს. ბესამ ჯერ აბაზგები დაიმორჩილა, ხოლო შემდეგ, 551 წელს, პეტრაც აიღო. პეტრის დასახმარებლად მიმავალმა მერმეროემ გეზი იცვალა და ციხეგოჯს (არქეოპოლისს) მიადგა, მაგრამ დამარცხდა და უკან დაიხია, თუმცა ქუთაისისა და უქიმერიონის ციხეთა აღება მაინც მოახერხა, რითაც ეგრისს ლეჩხუმისა და სვანეთის მნიშვნელოვანი სავაჭრო გზა გადაუკეტა. 553 წლის ზაფხულში მერმეროე ახალი ჯარით შემოვიდა ეგრსში და ტელეფისის ბრძოლაში ეგრის-ბიზანტიის ლაშქარი დაამარცხა. ამ მარცხს გუბაზი ბიზანტიელ სარდლებს აბრალებდა და მისი დასმენით იუსტინიანემ ბესა დასაჯა. ამით უკმაყოფილო სარდლებმა რუსტიკემ და იოანემ 554 წელს გუბაზ მეფე ვერაგულად მოკლეს. მომხდარით აღშფოთებულმა ეგრისელებმა იმპერატორს მკვლელების დასჯა და გუბაზის ძმის, წათეს გამეფება მოსთხოვეს. იუსტინიანე I-მა ეს მოთხოვნა შეასრულა.
                                                     
                                                                ხოსრო I ანუშირვანი
555 წელს ხოსრო I-მა ეგრისში სპარსელთა ჯარის მეთაურად გამოცდილი სარდალი ნახორაგონი გამოგზავნა, რომელიც ბიზანტიელებმა და ეგრისელებმა ციხეგოჯისა და ფოთის ბრძოლებში დაამარცხეს. ამ გამარჯვებების შემდეგ, ბიზანტიელებმა გაასამართლეს და სიკვდილით დასაჯეს რუსტიკე და იოანე.
                    
                                                   
                                                         იუსტინიანე I 

ბიაზნტიელებს მოუწიათ მათი მოხელეთა თვითნებობის შედეგად აჯანყებული მისიმიელებისა და აფშილების დამორჩილება. 556 წელს სპარსელები კვლავ დამარცხდნენ ეგრისში. 562 წელს ბიზანტიასა და სპარსეთს შორის დაიდო 50 წლიანი ზავი, რომლის თანახმადაც, ეგრისი ბიზანტიის ვასალურ ქვეყნად დარჩა.
555 წელს ნახორაგონის მიერ ეგრისში განახლებული ომი, ფაქტობრივად, ქალაქ ფაზისის (ფოთი) ხელში ჩაგდებას ისახავდა მიზნად. სპარსელები ყოველ ღონეს ხმარობდნენ რათა ზღვაზე გასასვლელი ნავსადგური მოეპოვებინათ, მაგრამ მიზანს ვერც ამჯერად მიაღწიეს და სასტიკად დამარცხდნენ ფოთთან გამართულ ბრძოლაში, სადაც 60 000 კაციანმა სპარსულმა არმიამ 10 000 მებრძოლი დაკარგა, ხოლო დანარჩენები სამარცხვინოდ გაიქცნენ მთავარსარდალთან ერთად და მუხურისში დაბანაკდნენ. ამის შემდეგ, ზამთრის დასაწყისში, ნახორაგონი ქართლში დაბრუნდა. საომარი მოქმედებები შეწყდა. დამარცხებით განრისხებულმა ხოსრო ანუშირვანმა ნახორაგონი ქართლიდან გამოიწვია და ცოცხლად გაატყავებინა.

                                 გუბაზ მეფის მკვლელობა

სპარსელთა ასეთმა წარმატებებმა და ბიზანტიელი სარდლების წინდაუხედავობამ და გულარხეინობამ ეგრისელ წარჩინებულთა ერთ ნაწილს კვლავ სპარსელებთან შერიგება აფიქრებინა, თუმცა თავად მეფე გუბაზი იმპერატორისათვის მიცემულ პირობას მტკიცედ იცავდა. გამოუვალ მდგომარეობაში ჩავარდნილმა მეფემ იუსტინიანეს ელჩები გაუგზავნა, რომლებმაც მას ბიზანტიელ სარდალთა სილაჩრისა და მათი შეუთანხმებელი მოქმედებების შედეგების შესახებ აცნობეს. იმპერატორმა სტრატეგოსი ბესა გადააყენა, სხვა ორი სარდალი კი, მარტიანე და რუსტიკე, კვლავ თანამდებობებზე დატოვა. ამ გარემოებებით შეშფოთებულმა სარდლებმა გადაწყვიტეს გუბაზი მოღალატედ გამოეცხადებინათ და მოეკლათ, მით უმეტეს, რომ ამ სარდლებთან გუბაზს ურთიერთობა უკვე დიდი ხნის გაფუჭებული ჰქონდა.
მარტიანემ და რუსტიკემ გუბაზის მოკვლა დაგეგმეს, თუმცა მანამდე ჯერ საკუთარ უსაფრთხოებაზე იზრუნეს. მათ კონსტანტინოპოლში რუსტიკეს ძმა, იოანე გაგზავნეს, რომელმაც იუსტინიანეს მოახსენა გუბაზი ფარულად სპარსელებს ეხმარება და თუ სასწრაფოდ არაფერი ვიღონეთ ქვეყანას მათ გადასცემსო. იმპერატორმა გუბაზის შეჩერება ბრძანა. ამ პასუხმა შეთქმულებს ხელ-ფეხი გაუხსნა. მათ მეფე მდინარე ხობის პირას დაიბარეს, ვითომ ონოგურისის ციხის ასაღებად გალაშქრების თაობაზე მოსალაპარაკებლად და უიარაღოდ, მხოლოდ რამდენიმე კაცის თანხლებით მოსული ლაზთა მეფე ვერაგულად მოკლეს. მომხდარმა ეგრისელთა დიდი მღელვარება გამოიწვია. მათ მეფის დაკრძალვის შემდეგ ბიზანტიელებთან ერთად ბრძოლის გაგრძელებაზე უარი განაცხადეს და მათთან ყოველგვარი კავშირის გაწყვეტა დააპირეს. მოღალატე სარდლებმა იუსტინიანესათვის თავის მოსაწონებლად, ონოგურისის ციხეზე მიიტანეს იერიში, თუმცა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს თავიანთი უსუსურობა — ბიზანტიელთა 50 000 კაციანი არმია სპარსელ მეციხოვნეთა 3 000 კაციანმა ჯარმა სამარცხვინოდ დაამარცხა და ციხის მისადგომებიდანაც გააქცია
554 წლის ზამთარში, როდესაც საომარი მოქმედებები შეწყდა, ხოლო ბიზანტიელთა მთელი ჯარი ქალაქებსა და ციხეებში იყო გადანაწილებული, ლაზმა დიდებულებმა „კავკასიის ერთ ხეობაში შეყარეს დიდძალი ხალხი ჩუმად, რომ რომაელებს არ შეეტყოთ, რასაც აქ მოაგვარებდნენ, და დასვეს საკითხი — სპარსელების მხარეზე გადავიდეთ, თუ ისევ რომაელებთან დავრჩეთო“. როგორც მოსალოდნელიც იყო, ამ სახალხო კრებაზე სპარსოფილური და ელინოფილური ორიენტაციის წარმომადგენლებს შორის ცხარე კამათი გაიმართა. აგათია სქოლასტიკოსმა შემოგვინახა განსხვავებული პოზიციის მქონე ორი წარჩინებული ლაზის — აიეტისა და ფარტაზის მიერ წარმოთქმული სიტყვები, რომლებიც, მისივე შეფასებით, მჭერმეტყველების შესანიშნავ ნიმუშებს წარმოადგენენ. დიდი კამათის შემდეგ, საბოლოოდ, შეთანხმდნენ იმ აზრზე, რომ სჯობდა არ აჩქარებულიყვნენ, ბიზანტიელთა მხარეს დარჩენილიყვნენ და იმპერატორ იუსტინიანესათვის შეეტყობინებინათ მისი სტრატეგოსების მოღალატეობრივი და უსამართლო საქციელის შესახებ, რათა მას ყველა გარემოება მიუკერძოებლად გამოეძია და დამნაშავეები დაესაჯა. გარდა ამისა, ლაზები მოითხოვდნენ, რომ იმპერატორს მათთვის მეფედ გამოეგზავნა გუბაზის უმცროსი ძმა წათე, რომელიც იმჟამად კონსტანტინოპოლში ცხოვრობდა.
იუსტინიანესათვის ცხადი გახდა, რომ ეგრისს ადგილობრივი მოსახლეობის ნდობის გარეშე ვერ შეინარჩუნებდა, ამიტომაც მათი ყველა თხოვნა შეასრულა. ეგრისში გაგზავნა იმპერატორის კარზე დაწინაურებული პიროვნება — ათანასე, რათა მას ზედმიწევნით ზუსტად გამოეკვლია მომხდარი ამბავი და საქმე რომაული კანონების შესაბამისად გაერჩია. ეგრისში ჩასვლისთანავე ათანასემ სარდალი რუსტიკე მაშინვე აფსაროსის ციხეში გამოამწყვდევინა, მისი ძმა, იოანე კი, რომელიც დანაშაულის უშუალო შემსრულებელი იყო, გაქცეულიყო. ის მალევე იპოვეს და დააპატიმრეს.
555 წელს იბერიის გავლით ეგრისში ხოსროს მიერ სპარსული ლაშქრის მთავარსარდლად დანიშნული ნახორაგონი შემოიჭრა, რომელის მუხურისში ჯარების შეკრებასა და ომისთვის მზადებას შეუდგა. ბუნებრივია, შექმნილ გარემოებაში სასამართლოს გამართვა ვეღარ მოხერხდა.
ამასობაში, წათე კონსტანტინოპოლიდან ეგრისში დაბრუნდა. ბიზანტიელმა სტრატეგოსებმა, ჯარმა და მოსახლეობამ ის დიდი პატივით მიიღეს. წათეს თან ჩამოჰყვა სტრატეგოსი სოტერიქე, რომელსაც იმპერატორისაგან დავალებული ჰქონდა დასავლეთ იმიერკავკასიაში მცხოვრები მოკავშირე ტომებისათვის ფული დაერიგებინა. სოტერიქე თავისი ორი შვილითურთ მისიმიელთა ქვეყანაში გაემართა და ბუქლოოსის ციხეში გაჩერდა. მისიმიელები ბიზანტიელებს არ ენდობოდნენ და იფიქრეს, რომ ისინი მათი ციხესიმაგრის ალანებისათვის გადაცემას აპირებდნენ და ამიტომაც, სტრატეგოსთან ორი წარჩინებული კაცი გაგზავნეს და შეუთვალეს, ჩვენი ქონების წართმევა არ გაივლო გულშიო. სოტერიქემ შეურაცხყოფილად იგრძნო თავი და თავის მხლებლებს ელჩები ჯოხებით აცემინა. ღამით მისიმიელები თავს დაესხნენ სტრატეგოსს, მოკლეს ის, მისი შვილები და მხლებლებიც და იმპერატორის გამოგზავნილი ფულიც გაიტაცეს. მოგვიანებით, მისიმიელები მიხვდნენ, რომ ბიზანტიელები ჩადენილს არ აპატიებდნენ, ამიტომ უკან დასახევი გზა აღარ ჰქონდათ და ელჩები გაუგზავნეს სპარსელებს, რათა მიეღოთ ისინი, როგორც ქვეშევრდომები.
ბიზანტიელებმა მხოლოდ 556 წლის გაზაფხულისათვის მოიცალეს მისიმიელებისთვის და მათ დასასჯელად 4 000 კაციანი რაზმი გაგზავნეს, მაგრამ მათ იქ ქართლიდან და მუხურისიდან წამოსული სპარსული ლაშქარი დახვდათ, ამიტომაც მათ იქ შეჭრა ვერ მოახერხეს და კოდორის ქვემო წელზე გაჩერდნენ. მთელი ზაფხულისა და შემოდგომის განმავლობაში შეტაკება არ მომხდარა. ზამთრის დადგომისთანავე, სპარსელები ქუთაისსა და ქართლში გაბრუნდნენ, რათა იქ გამოეზამთრებინათ. ამით ისარგებლეს ბიზანტიელებმა, შეიჭრნენ მისიმინიაში და ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ სასტიკად გაუსწორდნენ მათ

                                          დამნაშავეთა გასამართლება და დასჯა

ბიზანტიელთა გამარჯვების შემდეგ, მას შემდეგ, რაც საომარი მოქმედებები შეწყდა, კვლავ დღის წესრიგში დადგა გუბაზ მეფის მკვლელობის საკითხი. არქეოპოლისში გამართული სასამართლო, რომელსაც თავად ათანასე ხელმძღვანელობდა, ბერძნული სამართლის ყველა წესის დაცვით წარიმართა: გაიმართა პაექრობა ბრალმდებლებსა და ბრალდებულებს შორის. სასამართლომ ორივე მხარეს მოუსმინა და საბოლოოდ, სარდალ რუსტიკესა და მის ძმას, იოანეს, სიკვდილი მიუსაჯა. ისინი ჯერ საჯაროდ ჩამოატარეს ჯორებზე შემსხდრები, შემდეგ კი განაჩენი შეასრულეს
მრავალწლიანი ომის შედეგად, აგათია სქოლასტიკოსის მიხედვით, ხოსრო I მიხვდა, რომ ეგრისში ფეხს ვერ მოიკიდებდა. ეგრისისათვის ბრძოლამ შეიწირა მისი საუკეთესო მეომრები, გაჭინაურებული ომი მძიმე ტვირთად აწვა სახელმწიფო ხაზინას. სპარსთა ჯარები ეგრისში თანდათანობით მცირდებოდა. საბოლოოდ, 562 წელს დაიდო 50 წლიანი ზავი, რომლის მიხევითაც ეგრისი თავისუფლდებოდა სპარსელთა ჯარისგან და ბიზანტიელებს უბრუნდებოდა, სამაგიეროდ ამ უკანასკნელთ დიდძალი ფული უნდა გადაეხადათ. სპარსელებმა ეგრისი დატოვეს, მაგრამ სვანეთი კიდევ დიდი ხნით შეინარჩუნეს. ცალკეული შეტაკებები კი ორ იმპერიას შორის დასავლეთ საქართველოში VI საუკუნის დასასრულამდე გრძელდებოდ.

                                                  რეკლამა

იხ. ბმულზე . . . ➸➸➸➸➸➸

Комментариев нет:

უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი)

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -   უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი) ინგლ. Ancient Aliens Ancient Aliens არის ამერიკული...