კოლის ზეღრმა ჭაბურღილი
ჯოჯოხეთში მიმავალი გზა
კოლის ზეღრმა ჭაბურღილი 2007
კოლის ზეღრმა ჭაბურღილი (რუს. Кольская сверхглубокая скважина) — დედამიწის ყველაზე ღრმა ხელოვნური ჭაბურღილი. მდებარეობს რუსეთის მურმანსკის ოლქში. გეოლოგიურად მოქცეულია ბალტიის ფარის ფარგლებში. კოლის ზეღრმა ჭაბურღილის სიღრმე 12 262 მ-ია. სხვა ზეღრმა ჭაბურღილებისაგან განსხვავებით, რომლებსაც ნავთობის ძიება ევალებოდათ, კოლის ჭაბურღილის ბურღვა უშუალოდ ლითოსფეროს კვლევით იფარგლებოდა.
კოლის ჭაბურღილს საფუძველი ჩაეყარა 1970 წელს. თავიდანვე დაგეგმილი იყო 15 კმ-მდე ჭაბურღილის გაყვანა. 1979 წლის 6 ივნისს ჭაბურღილის სიღრმემ 9583 მეტრი შეადგინა, რითაც ახალი რეკორდი დამყარდა. მანამდე ყველაზე ღრმა ჭაბურღილის სტატუსი აშშ-ში მდებარე ბერთა-როჯერსის ნავთობის ჭაბურღილს ჰქონდა. 1983 წელს გაიბურღა 12 066 მეტრი სიღრმე, რის შემდეგ ბურღვა დროებით შეჩერდა, რამეთუ 1984 წლისათვის დაგეგმილი იყო საერთაშორისო გეოლოგიური კონგრესის ჩატარება ქალაქ მოსკოვში. 1984 წლის 24 სექტემბერს ბურღვა განახლდა, თუმცა იმთავითვე დანადგარებზე პრობლემებმა იჩინა თავი. ბურღვა 7000 მეტრის სიღრმიდან განახლდა და 1990 წლისათვის მისმა ნიშნულმა მიაღწია 12 262 მეტრს. ამხელა სიღრმეზე ისევ პრობლემამ იჩინა თავი — მწყობრიდან გამოვიდა საბურღი კოლონა და ბურღვა სამუდამოდ შეწყდა. კოლის ზეღრმა ჭაბურღილის საბოლოო სიღრმის ნიშნული იყო 12 262 მ.
საინტერესოა, რომ ბურღვისას მოიპოვეს უნიკალური ქანები, რომელთა ასაკი რამდენიმე მილიარდი წლით განისაზღვრებოდა. 12 კმ სირმეზე აღმოჩნდა, რომ წიაღში ტემპერატურა უდრის 220°-ს. 1984 წელს რუსეთში ჩატარდა საერთაშორისო გეოლოგიური კონგრესი, მ.შ. კოლის ჭაბურღილი მსოფლიოს მრავალი ქვეყნის გეოლოგებმა მოინახულეს.
საბჭოთა კავშირის დაშლამ დიდი სირთულეები შეუქმნა კოლის ჭაბურღილის პროექტს. ქვეყანაში განვითარებულმა მძიმე ეკონომიკურმა ვითარებამ და უსახსრობამ ბოლო მოუღო კოლის ზეღრმა ჭაბურღილის გრანდიოზულ პროექტს. დაიწყო კოლის ზეღრმა ჭაბურღილის პროექტის საბოლოოდ დახურვა. 2008 წლისათვის პროექტი მიგდებულ იქნა, დაიწყო აღჭურვილობის დემონტაჟი, ამასთან ერთად დაიწყო მთლიანად შენობის დანგრევაც. 2010 წელს მოხდა ჭაბურღილის ლიკვიდაცია.
იხ. ვიდეო
კოლის ზეღრმა ჭაბურღილი საფუძვლად დაედო ქალაქურ ლეგენდას „ჯოჯოხეთში მიმავალი გზის“ შესახებ (ინგლ. Well to Hell hoax). ეს ქალაქური ლეგენდა ინტერნეტში 1997 წლიდან გამოჩნდა. პირველად ლეგენდა ინგლისურ ენაზე 1989 წელს გაჟღერდა ამერიკული ტელეკომპანია Trinity Broadcasting Network-ის ეთერში, რომელსაც თავის მხრივ ფინური გაზეთის რეპორტაჟიდან ჰქონდა ეს ისტორია აღებული. ლეგენდის თანახმად, 12 ათასი მ სიღრმეში მიკროფონებით ჩაწერეს კივილი და კვნესა. ბულვარულმა პრესამ ეს მოვლენა „ქვესკნელიდან ამომავალ ხმად“ მონათლა, ამიტომაც კოლის ზეღრმა ჭაბურღილს ჯოჯოხეთისკენ მიმავალი გზა დაარქვეს — ყოველ ახალ გაყვანილ კილომეტრს ქვეყნისათვის უბედურება მოჰქონდა. ასე მაგალითად, როდესაც მაღაროელები მეცამეტიათასე მეტრს თხრიდნენ, დაიშალა სსრკ. როდესაც 14 500 მეტრს ჩააღწიეს, უეცრად სიცარიელეს წააწყდნენ. ამ მოულოდნელობით დაინტერესებულმა მბურღავებმა იქ მიკროფონები ჩაუშვეს, რომლებსაც უმაღლეს ტემპერატურულ რეჟიმშიც შეეძლოთ მუშაობა. ტემპერატურა იქ 1100°C აღწევდა — სიღრმიდან კი ადამიანთა გოდება ისმოდა. სინამდვილეში ეს ლეგენდა ფანტაზიის ნაყოფია, თუნდაც იმიტომ, რომ ჭაბურღილების აკუსტიკური კვლევისას ხმას კი არ იწერენ მიკროფონებით, არამედ სეისმომიმღებები არეკლილი დრეკადი ვიბრაციის ტალღურ სურათს იწერენ, რაც თავის მხრივ, გამომასხივებელი ხელსაწყოს მიერაა გამოწვეული 10 — 20 კჰც და 20 კჰც — 2 მგც სიხშირეებზე.
კოლის ზეღრმა ჭაბურღილის ირგვლივ დილეტანტიზმით სავსე კიდევ არაერთი ლეგენდა არსებობს
იხ. ვიდეო
Комментариев нет:
Отправить комментарий