კახაბერ (კახა) კალაძე (დ. 27 თებერვალი, 1978, სამტრედია, საქართველოს სსრ) — ქართველი პოლიტიკოსი, ვეტერანი სპორტსმენი, საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი. 2012 წლის 25 ოქტომბრიდან — 2016 წლის 9 სექტემბრამდე და 2016 წლის 26 ნოემბრიდან 2017 წლის 10 ივლისამდე საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი, 2017 წლის 13 ნოემბრიდან თბილისის მერი. თამაშობდა მარცხენა და ცენტრალურ მცველად. 2001 წელს კალაძე გახდა ყველაზე ძვირადღირებული ქართველი ფეხბურთელი, „მილანმა“ მის ტრანსფერში 16 მილიონი ევრო გადაიხადა. 9 წლის მანძილზე იყო საფეხბურთო კლუბ „მილანის“ წევრი. „მილანში“ ჩარიცხვამდე იგი თბილისის „დინამოსა“ (1993–1997) და კიევის „დინამოში“ (1998–2001) თამაშობდა. კალაძე ყველაზე მეტჯერ, ხუთჯერ დაასახელეს წლის საუკეთესო ქართველ მოთამაშედ.
2003 წელს დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი.
საკლუბო კარიერა
კარიერა საქართველოში
კახა კალაძე დაიბადა სამტრედიაში, დასავლეთ საქართველოს პატარა ქალაქში. მისი მამა, კარლო კალაძე, სამტრედიის „ლოკომოტივის“ ფეხბურთელი და შემდგომ პრეზიდენტიც იყო. 11 წლის ასაკში კალაძემ სწორედ სამტრედიის „ლოკომოტივის ახალგაზრდულ გუნდში დაიწყო თამაში ფორვარდის პოზიციაზე.
1993 წელს კახა თბილისის „დინამოში“ გადავიდა, სადაც დებიუტი 1993–1994 წლების სეზონში ჰქონდა, 16 წლის ასაკში. კალაძემ 82 საჩემპიონატო მატჩში მიიღო მონაწილეობა და ერთი გოლი გაიტანა.
1998 წელს კალაძე მონაწილეობდა საქართველოსა და იტალიის ნაკრებების შეხვედრაში, რომელიც 0–0 დასრულდა. მისი თქმით, კრისტიან ვიერის წინააღმდეგ კარგმა თამაშმა განაპირობა კიევის „დინამოს“ დაინტერესება ქართველი მცველით.
კიევის „დინამო“
1998 წლის იანვარში კახა კიევის „დინამოში“ 280 000 ევროდ გადავიდა და 4-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. ორნახევარი სეზონის განმავლობაში მან 71 საჩემპიონატო შეხვედრაში 6 გოლი გაიტანა. ამ პერიოდში უკრაინული კლუბის პრეზიდენტი გრიგორი სურკისი, ხოლო მთავარი მწვრთნელი ვალერი ლობანოვსკი იყო. კალაძემ „დინამოსთან“ ერთად ზედიზედ 3-ჯერ მოიგო ჩემპიონატი. კალაძემ მონაწილეობა მიიღო ჩემპიონთა ლიგის 1998–1999 წლების გათამაშებაში, სადაც „დინამომ“ გზიდან ჩამოიცილა მადრიდის „რეალი“ და ლონდონის „არსენალი“ და მიაღწია ნახევარფინალამდე, სადაც მიუნხენის „ბაიერნთან“ ორი თამაშის ჯამში 3–4 დამარცხდა.
„მილანი“
კახა კალაძე 2001 წელს გახდა ყველაზე ძვირადღირებული ქართველი ფეხბურთელი, „მილანმა“ მის ტრანსფერში კიევის „დინამოს“ 16 მილიონი ევრო გადაუხადა. თავდაპირველად კალაძე სხვადასხვა პოზიციებზე ისინჯებოდა და იაპ სტამისა და კაფუს ადგილებზეც ჩნდებოდა. 2002—2003 წლების სეზონში „მილანის“ შემადგენლობაში 46 მატჩი ჩაატარა, მათ შორის 27 სერია A-ში. ამ წელს „მილანმა“ მოიგო იტალიის თასი და უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა. ფინალში, პენალტების სერიაში, კალაძემ გააფუჭა პენალტი. კალაძე გახდა პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი ქართველი ფეხბურთელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგა მოიგო.
2003–2004 წლების სეზონში კალაძემ სერია A-ში 6, საერთო ჯამში კი 11 მატჩი ჩაატარა. შემდეგ სეზონში კი იტალიის ჩემპიონატში 19, ჩემპიონთა ლიგაში კი 5 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ორივე ტურნირში „მილანმა“ მეორე ადგილი დაიკავა. ჩემპიონთა ლიგის ფინალში „ლივერპულთან“ 3–3 დასრულებულ შეხვედრაში ქართველ ლეგიონერს არ უთამაშია, მიზიზად კი მისი ლონდონის „ჩელსიში“ ერნან კრესპოს სანაცვლოდ 24 მილიონ ფუნტად სავარაუდო გადასვლა დასახელდა. საბოლოოდ „ჩელსიმ“ მის მაგივრად ასიერ დელ ორნო შეიძინა, კალაძემ კი ამ ვარიანტის ჩაშლის შემდეგ განაცხადა რომ გახარებული იყო. 2006 წლის 4 სექტემბერს კახა კალაძემ „მილანთან“ 2011 წლამდე გაახანგრძლივა კონტრაქტი. 2005–2006 წლების სეზონში პაოლო მალდინის ტრავმის გამო კალაძემ თავის საყვარელ ადგილას, დაცვის ცენტრში გადაიწია. ეს სეზონი „მილანმა“ იტალიის ჩემპიონატში მესამე ადგილზე დაასრულა.
2006–2007 წლების სეზონში კახამ „სამპდორიას“ კარში გოლი გაიტანა. ეს იყო მისი ერთადერთი გოლი სეზონში. რვაქულიანი დანაკლისის მიუხედავად მილანმა იტალიის ჩემპიონატში მეოთხე ადგილი დაიკავა. 2007 წლის 23 მაისს უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ფინალში „ლივერპულის“ 2–1 ძლევის შემდეგ კალაძემ მეორედ მოიგო ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირი. იგი შეცვლაზე 79-ე წუთზე შევიდა.
2007 წლის დეკემბერში კალაძემ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოიგო, დაამარცხა რა არგენტინული ბოკა ხუნიორსი 4–2. 2008–2009 წლების სეზონში კალაძე გუნდის ძირითად შემადგენლობაში დაბრუნდა, ჩაატარა 32 საჩემპიონატო თამაში, თუმცა 2008 წელს „ციურიხთან“ უეფა-ს თასის მატჩში მუხლის იოგების ტრავმა მიიღო და გუნდს გამოაკლდა. 2009 წლის 15 თებერვალს მილანურ დერბიში კახა კალაძის თამაში იტალიურმა არხმა Channel 4-მა შეაფასა როგორც „საშინელი შოუ“, რამაც გამოიწვია დაპირისპირება კალაძესა და ქართულ გაზეთ „ლელოს“ შორის, რომელმაც დაწერა იტალიურ მედიაში გამოქვეყნებილი მასალა. ეს სეზონი „მილანმა“ მესამე ადგილზე დაასრულა და 10 ქულით ჩამორჩა ჩემპიონ „ინტერს“. კალაძის აზრით ეს გამოწვეული იყო გუნდში ტრავმების სიმრავლით.
„ჯენოა“
2010 წელს კალაძეს სამი არჩევანი ჰქონდა — „მილანში“ დარჩენა, სადაც იანვრამდე ვერ ითამაშებდა, რადგან გუნდის ხელმძღვანელობამ საჩემპიონო განაცხადშიც კი არ შეიყვანა; „იუვენტუსსა“ და „ჯენოაში“ გადასვლა. ქართველმა ფეხბურთელმა სატრანსფერო სეზონის დასრულებამდე 1 საათით ადრე „ჯენოაში“ გადასვლა გადაწყვიტა. 2010 წლის 31 აგვისტოს კალაძე საფეხბურთო კლუბ „ჯენოაში“ გადავიდა და მასთან 2-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. „ჯენოაში“ კალაძემ ორი სეზონის მანძილზე 53 მატჩი ჩაატარა. 2012 წელს კალაძემ კარიერა დაასრულა.
იხ. ვიდეო - Kakha Kaladze #WithNoe | კახა კალაძე #ნოესთან
სანაკრებო კარიერა
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | კახაბერ კალაძე | ||
დაბადების თარიღი | 27 თებერვალი, 1978 | ||
დაბადების ადგილი | სამტრედია საქართველოს სსრ | ||
სიმაღლე | 186 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | მცველი | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
1996–1992 | სამტრედია | ||
1992–1993 | დინამო თბილისი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1993–1997 | დინამო თბილისი | 82 | (1) |
1998–2001 | დინამო კიევი | 71 | (6) |
2001–2010 | მილანი | 194 | (12) |
2010–2012 | ჯენოა | 53 | (1) |
სულ | 400 | (20) | |
ეროვნული ნაკრები | |||
1993–1994 | საქართველო 17 წლ. | 2 | (0) |
1995 | საქართველო 19 წლ. | 4 | (0) |
1995–1996 | საქართველო 21 წლ. | 3 | (0) |
1996–2011 | საქართველო | 83 | (1) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
კალაძის სანაკრებო კარიერა 1996 წლის 27 მარტს კვიპროსის ეროვნულ ნაკრებთან ამხანაგურ მატჩში შედგა. იგი მოედანზე 72-ე წუთზე შევიდა მიხეილ ყაველაშვილის ნაცვლად. ერთი წლის შემდეგ ლიბანის ნაკრების წინააღმდეგაც იქნა გამოძახებული. ოფიციალური დებიუტი შედგა 1997 წლის 14 ივნისს 1998 წლის მუნდიალის შესარჩევ მატჩში პოლონეთის ნაკრების წინააღმდეგ. კალაძემ ასევე მონაწილეობა მიიღო ევრო 2000-ის შესარჩევი ციკლის რამდენიმე მატჩში. გიორგი ნემსაძის არყოფნაში კალაძე დროდადრო კაპიტნობდა ხოლმე გუნდს.
კალაძე მონაწილეობდა 2002 წლის მუნდიალის შესარჩევი ციკლის ყველა მატჩში. 2002 წელს გაიტაცეს კალაძის ძმა ლევანი. კალაძემ მის გათავისუფლებამდე საქართველოს ნაკრებში თამაშზე უარი განაცხადა, თუმცა ევრო 2004-ის შესარჩევი ციკლის წინ მაინც დაბრუნდა ნაკრებში და ყველა თამაშში მიიღო მონაწილეობა. ასევე ყველა მატჩი ითამაშა კალაძემ მუნდიალი 2006-ის შესარჩევ რაუნდში.
კალაძემ, აგრეთვე, მონაწილეობა მიიღო 2008 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში. კალაძემ თავისი ერთადერთი გოლი ნაკრებში 2008 წლის 6 თებერვალს, ლატვიელებთან 3–1 წაგებულ ამხანაგურ თამაშში გაიტანა. 2009 წლის 5 სექტემბერს მუნდიალი 2010-ის შესარჩევი ციკლის თამაშში იტალიის ნაკრების წინააღმდეგ კალაძემ საკუთარ კარში 2 გოლი გაიტანა. ევრო 2012-ის შესარჩევი ციკლი უკანასკნელი იყო კალაძის სანაკრებო კარიერაში. ის ნაკრების კაპიტანი იყო და მალტის ნაკრებთან საშინაო მატჩში საგოლე პასი გააკეთა. შესარჩევი ციკლის დასრულების შემდგომ, 2011 წლის 11 დეკემბერს კახა კალაძემ სანაკრებო კარიერა დაასრულა.
2013 წლის 31 მაისს, თბილისში, დინამო არენაზე შედგა მისი გაცილების მატჩი პროფესიული ფეხბურთიდან რომელშიც ფრანკო ბარეზი, პაოლო მალდინი, მატიე ფლამინი, ფილიპო ინძაგი, ანდრეი შევჩენკო, ალექსანდრ შოვკოვსკი, ფაბიო კანავარო, ფაბიო გროსო, ლუკა ტონი, შოთა არველაძე, სტეფანო ერანიო, გიორგი დემეტრაძე, ჯუზეპე ფავალი, ლევან კობიაშვილი, ჯუზეპე პანკარო, ალექსანდრე იაშვილი, დავით მუჯირი, პიეტრო ვერხოვოდი და სხვა ცნობილი ფეხბურთელები მონაწილეობდნენ. შეხვედრას 54 ათასი მაყურებელი დაესწრო. კახა იტალიელმა ჟურნალისტებმა შეაფასეს, როგორც „მილანის“ დაცვის ბურჯი და ქართული ფეხბურთის ისტორიული ფიგურა.
სტატისტიკა
საკლუბო სტატისტიკა
კლუბი | სეზონი | ადგილობრივი ლიგა | ადგილობრივი თასი | ევროპული შეჯიბრება1 | სხვა ტურნირები2 | სულ | |||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
მატჩი | გოლი | მატჩი | გოლი | მატჩი | გოლი | მატჩი | გოლი | მატჩი | გოლი | ||
თბილისის „დინამო“ | 1993–94 | 9 | 1 | - | - | - | - | - | - | 9 | 1 |
1994–95 | 23 | 0 | - | - | - | - | - | - | 23 | 0 | |
1995–96 | 23 | 0 | - | - | 1 | 0 | - | - | 24 | 0 | |
1996–97 | 12 | 0 | - | - | 4 | 0 | - | - | 16 | 0 | |
1997–98 | 15 | 0 | - | - | 7 | 0 | - | - | 22 | 0 | |
სულ | 82 | 1 | – | – | 12 | 0 | – | – | 94 | 1 | |
კიევის „დინამო“ | 1998 | 13 | 2 | - | - | - | - | - | - | 13 | 2 |
1998–99 | 25 | 3 | - | - | 12 | 1 | - | - | 37 | 4 | |
1999–2000 | 25 | 1 | - | - | 14 | 1 | - | - | 39 | 2 | |
2000–01 | 8 | 0 | - | - | 7 | 1 | - | - | 15 | 1 | |
სულ | 71 | 6 | – | – | 33 | 3 | – | – | 104 | 9 | |
„მილანი“ | 2001 | 17 | 3 | 1 | 0 | - | - | - | - | 18 | 3 |
2001–02 | 30 | 4 | 5 | 0 | 11 | 0 | - | - | 46 | 4 | |
2002–03 | 27 | 0 | 4 | 1 | 15 | 0 | - | - | 46 | 1 | |
2003–04 | 6 | 0 | 3 | 0 | 1 | 0 | 1 | 0 | 11 | 0 | |
2004–05 | 19 | 2 | 2 | 0 | 5 | 0 | - | - | 26 | 2 | |
2005–06 | 28 | 2 | 4 | 0 | 11 | 0 | - | - | 43 | 2 | |
2006–07 | 18 | 1 | 1 | 0 | 7 | 0 | - | - | 26 | 1 | |
2007–08 | 32 | 0 | - | - | 8 | 0 | 2 | 0 | 42 | 0 | |
2008–09 | 11 | 0 | 1 | 0 | 4 | 0 | - | - | 16 | 0 | |
2009–10 | 6 | 0 | 2 | 0 | 2 | 0 | - | - | 10 | 0 | |
სულ | 194 | 12 | 23 | 1 | 64 | 0 | 3 | 0 | 284 | 13 | |
„ჯენოა“ | 2010–11 | 7 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | - | - | 7 | 0 |
2011–12 | 26 | 0 | 2 | 1 | 0 | 0 | - | - | 28 | 1 | |
სულ კარიერაში | 380 | 19 | 25 | 2 | 109 | 3 | 3 | 0 | 517 | 24 |
- განახლდა: 6 ნოემბერი 2010.
1ევროპული შეჯიბრებები მოიცავს უეფა-ს ჩემპიონთა ლიგას, უეფა-ს თასს და უეფა-ს სუპერთასს
2სხვა ტურნირები შეიცავს იტალიის სუპერთასს და ფიფა-ს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატს.
სანაკრებო სტატისტიკა
საქართველო | ||
წელი | მატჩი | გოლი |
---|---|---|
1996 | 3 | 0 |
1997 | 3 | 0 |
1998 | 8 | 0 |
1999 | 7 | 0 |
2000 | 3 | 0 |
2001 | 7 | 0 |
2002 | 2 | 0 |
2003 | 2 | 0 |
2004 | 5 | 0 |
2005 | 10 | 0 |
2006 | 4 | 0 |
2007 | 6 | 0 |
2008 | 4 | 1 |
2009 | 4 | 0 |
2010 | 7 | 0 |
2011 | 8 | 0 |
Total | 83 | 1 |
სანაკრებო გოლი
# | თარიღი | ქალაქი | მეტოქე | ანგარიში | შედეგი | შეჯიბრი |
---|---|---|---|---|---|---|
1. | 6 თებერვალი, 2007 | თბილისი, საქართველო | ლატვია | წაგება | ამხანაგური |
მიღწევები
თბილისის „დინამო“
- უმაღლესი ლიგა (5): 1993–94, 1994–95, 1995–96, 1996–97, 1997–98
- საქართველოს თასი (4): 1994, 1995, 1996, 1997
კიევის „დინამო“
- უკრაინის პრემიერლიგა (3): 1998–99, 1999–2000, 2000–01
- უკრაინის თასი (3): 1998, 1999, 2000
„მილანი“
- ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული (2): 2003, 2007
- ჩემპიონთა ლიგის ვერცხლის პრიზიორი: 2005
- სერია A: 2004
- იტალიის თასი: 2002–03
- იტალიის სუპერთასი: 2004
- უეფას სუპერთასი: 2007
- ფიფა-ს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი: 2007
ინდივიდუალური
- საქართველოს წლის ფეხბურთელი (5): 2001, 2002, 2003, 2006, 2011
ბიზნესი და პირადი ცხოვრება
კალაძე მილანში მდებარე რესტორან „ჯიანინოს“ მფლობელია. ეს რესტორანი დაარსებულია 1899 წელს. იტალიის გარდა მას ბიზნესი აქვს საქართველოში, უკრაინასა და ყაზახეთში.კახა კალაძემ 2007 წელს ჰოლდინგი „კალა კაპიტალი“ დააფუძნა და ინვესტირება სამი მიმართულებით - საბანკო, ენერგეტიკისა და უძრავი ქონების სექტორში განახორციელა. ჰოლდინგს ასევე ეკუთვნოდა 45 პროცენტიანი წილი სს „საქჰიდრომშენში“, რომელიც 2012 წლის ოქტომბერში ჰოლდინგ „GMC ჯგუფზე“ გასხვისდა.
დღეისათვის კახა კალაძე საქველმოქმედო ფონდ „კალა ფონდისა“და „კალა კაპიტალის“ დამფუძნებელია.
ჰყავს მეუღლე ანუკი არეშიძე და ოთხი ვაჟი.
პოლიტიკური საქმიანობა
2011 წლიდან კალაძე არის პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს წევრი. 2012 წლის 21 ოქტომბრიდან 7 ნოემბრამდე იყო საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი (სამტრედიის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ბიძინა ივანიშვილი — ქართული ოცნება“. ამავდროულად იყო კოალიცია „ქართული ოცნების“ პარტიული სიის პირველი ნომერი. არჩევნებში მან 53,63%-ით გაიმარჯვა. 25 ოქტომბერს პარლამენტმა კალაძე ენერგეტიკის მინისტრის თანამდებობაზე დაამტკიცა. 2013 წლის 20 ნოემბერს, ქართული ოცნების მეორე კაბინეტის დამტკიცებასთან ერთად, კალაძე აირჩიეს საქართველოს ვიცე-პრემიერად. მან ეს თანამდებობა შეუთავსა ენერგეტიკის სამინისტროს. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში პარტიული სიით (მე-2 ნომერი) მონაწილეობის გამო 9 სექტემბერს მინისტრის თანამდებობა დატოვა. 2016 წლის 18 ნოემბრიდან 30 ნოემბრამდე — საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“. 26 ნოემბერს პარლამენტმა ახალი მთავრობა (გიორგი კვირიკაშვილის მეთაურობით) დაამტკიცა, კახა კალაძე კი კვლავ ენერგეტიკის მინისტრი (და ვიცე-პრემიერი) გახდა. 2017 წლის 10 ივლისს მან თვითმართველობის არჩევნებში თბილისის მერობისთვის კენჭისყრის გამო ენერგეტიკის მინისტრის თანამდებობა დატოვა. მან თვითმართველობის არჩევნებში გაიმარჯვა და 13 ნოემბერს გახდა თბილისის მერი.
იხ. ვიდეო - თბილისის მერი, კახა კალაძე გადაცემაში „იმედი LIVE“
შედეგები არჩევნებში
არჩევნები | წარმდგენი | პირველი ტური | მეორე ტური | ||||
---|---|---|---|---|---|---|---|
ხმა | პროცენტი | ადგილი | ხმა | პროცენტი | ადგილი | ||
სამტრედიის მაჟორიტარობის კანდიდატი; საპარლამენტო არჩევნები 2012 | კოალიცია „ქართული ოცნება“ | 16 687 | 53,63% | პირველი | |||
თბილისის მერის არჩევნები (2017) | ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო | 204 061 | 51,09% | პირველი | |||
თბილისის მერის არჩევნები (2021) | ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო | 216 203 | 45,04% | პირველი |
Комментариев нет:
Отправить комментарий