ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -
დავით კლდიაშვილი
(დ. 10 სექტემბერი [ ძვ. სტ. 29 აგვისტო], 1862, ზედა სიმონეთი, ახლანდ. თერჯოლის მუნიციპალიტეტი ― გ. 24 აპრილი, 1931, იქვე, დაკრძალულია თბილისში, მთაწმინდის პანთეონში) — ქართველი მწერალი, საქართველოს სახალხო მწერალი (1930).
ბიოგრაფია
დავით კლდიაშვილი დაიბადა იმერეთში, გაღარიბებული აზნაურის ოჯახში. ბავშვობა სიმონეთსა და დედულეთში, სოფ. ხომულში (ახლანდ. წყალტუბოს მუნიციპალიტეტი) გაატარა. დედამისი კესარია ღოღობერიძე იყო ხომულელი შეძლებული აზნაურის ნიკო ღოღობერიძის ერთადერთი ქალიშვილი. მამა სამსონ კლდიაშვილი იყო აქციზის სამმართველოს მოხელე. იგი 70 წლის ასაკში დაქვრივდა და მეორე ცოლი შეირთო.
7 წლის კლდიაშვილი ქუთაისში რუსი ექიმის ოჯახში მიაბარეს რუსული ენის შესასწავლად. ამის შემდეგ მამამ პატარა დავითი გიმნაზიაში შესასვლელად მოსამზადებლად სამრევლო სკოლაში მიიყვანა. ხელმოკლე სამსონ კლდიაშვილმა გადაწყვიტა 9 წლის დავითი გაეგზავნა სამხედრო სასწავლებელში. 1872 წელს სახელმწიფო ხარჯით გაიგზავნა კიევის სამხედრო გიმნაზიაში, რომლის წარჩინებით დამთავრების შემდეგ (1880) მოსკოვის სამხედრო სასწავლებელი დაასრულა (1882). ამავე წლიდან სამხედრო სამსახურში გააწესეს ბათუმში. დავით კლდიაშვილმა თავისი ცხოვრების დიდი ნაწილი ბათუმში გაატარა (1882-1908 წწ.). 1905-1907 რევოლუციის შემდეგ, როგორც არაკეთილსაიმედო ვიცე-პოლკოვნიკი, აიძულეს გადამდგარიყო სამხედრო სამსახურიდან.
1905 წლიდან ჯერ ქუთაისში, მერე ჭიათურის შავი ქვის მრეწველობის სამმართველოში მუშაობდა. 1915 მობილიზაციით გაიწვიეს ოსმალეთის ფრონტზე. თურქეთში გადასახლებული ჭანების გამოსარჩლებისათვის მას საველე სასამართლო მოელოდა, მაგრამ 1917 წლის თებერვლის რევოლუციამ მოუსწრო და კლდიაშვილი მშობლიურ სოფელს დაუბრუნდა, თუმცა უკვე ჯანგატეხილი და დაავადებული.
სოფელ ზედა სიმონეთში არის დავით და სერგო კლდიაშვილების სახლ-მუზეუმი.
შემოქმედება
დავით კლდიაშვილი ჯერ კიდევ სრულიად პატარა იყო, როდესაც კალამი აიღო ხელში და წერა დაიწყო. წერა რომ დაუწუნეს სხვის თარგმნას მიჰყო ხელი. ნიკო ლომოურის „ალი“ გადათარგმნა რუსულად. 1885 წელს ჟურნალში „თეატრი“ პირველად დაიბეჭდა მისი თარგმანი. ამას მოჰყვა ორიგინალური ნაწარმოებები. მოთხრობები „შერისხვა“ და „მსხვერპლი“ დავით კლდიაშვილის ლიტერატურული დებიუტია. სოფლის ცხოვრება ძირითადი თემაა მწერლისა. მისი მხატვრული სიტყვა მოთხრობა „შერისხვა“ არის, რომელიც დაიწერა და დაიბეჭდა 1893 წელს ჟურნალ „მოამბეში“. 1897 წელს დავით კლდიაშვილმა გამოაქვეყნა მოთხრობა „მრევლში“.
დავით კლდიაშვილმა ხელი მოჰკიდა იმერეთის გაღატაკებულ აზნაურთა ცხოვრების ასახვა, ამან თავისი პირველი გამოხატულება ჰპოვა მოთხრობაში „სოლომან მორბელაძე“, შემდეგ მოყვა „სამანიშვილის დედინაცვალი“, „ქამუშაძის გაჭირვება“, „ბაკულას ღორები“, „როსტომ მანველიძე“ და სხვა.
კლდიაშვილის კრიტიკულმა რეალიზმმა თავი იჩინა დრამატურგიაშიც. დ. კლდიაშვილი იუმორის ბუნებრივი გრძნობით, დაკნინებული აზნაურის ცხოვრების მხილებით ქმნის საინტერესო კომიკურ სურათებს: „დარისპანის გასაჭირი“, „ირინეს ბედნიერება“, „უბედურება“ ამჟღავნებენ დ. კლდიაშვილის მიერ დრამატული სიტუაციების შესანიშნავ უნარსა და ძალას.
სამანიშვილის დედინაცვალი
დავით კლდიაშვილის ნაწარმოები, რომელიც მან 1897 წელს დაწერა. მასში სატირული ფორმით არის აღწერილი ბატონყმობის გაუქმების შემდეგ დაუძლურებული აზნაურების ცხოვრება
სიუჟეტი
მოთხრობა ასახავს XIX საუკუნის საქართველოს. „ბეკინა სამანიშვილი, რასაკვირველია, ღარიბი აზნაური იყო, გვარიანი ღარიბიც“. აქ სიტყვა „რასაკვირველია“ აღნიშნავს, თუ რა სავალალო მდგომარეობა იყო იმდროინდელ საქართველოში და, კერძოდ იმერეთში, ეკონომიკის მხრივ. ერთ მხარეს ბეკინა სამანიშვილია, რომელიც გადაწყვეტს სიბერეში ცოლი მოიყვანოს, მეორე მხარეს კი პლატონ სამანიშვილი, მისი შვილი და რძალი მელანო. პლატონი ამბობს, რომ თუ მამამისს შვილი შეეძინება მისი ისედაც რუდუნებით შეკოწიწებული ქონება გაიყოფა და ის ცარიელ ტარიელი დარჩება. ბევრი თხოვნის შემდეგ პლატონი მაინც ვერ შეძლებს მის დარწმუნებას. საბოლოოდ ის გადაწყვეტს მამამისს შეურჩიოს ისეთი ქალი, რომელიც ორჯერ იქნება გათხოვილი და შვილი არ ეყოლება, რადგან ეს მანიშნებელია იმის, რომ თუ ამდენ ხანს სხვებთან არ გაუჩნდა შვილი, აღარც მამამისთან არ ეყოლება. ამ მიზნის ასრულებისთვის ის მის დას დარიკოს მიაკითხავს და მოუყვება მის ისტორიას. დარიკოს ქმარი კირილე, რომელიც სულ კარგ ხასიათზეა ამ ფაქტშიც თავისთვის სასიკეთოს ნახავს, რადგანაც იგი ქორწილში კარგად მოილხენს. საბოლოოდ კირილე და პლატონი შეარჩევენ პლატონისთვის სასურველ კანდიდატს. ბეკინასაც მოეწონება და იქორწინებენ. თუმცა შვილი მაინც გაუჩნდებათ. ჭკუიდან შეშლილი პლატონი ბეკინას ცოლს ფეხმძიმე მუცელში ფეხის ჩარტყმას სცდის, მაგრამ ააცილებს და ელენეს მუცელი მაინც არ მოეშლება.
სამანიშვილის დედინაცვალი (1977 წლის ფილმი)
ქართული მხატვრული ფილმი, ტრაგიკომედია. გადაღებული კინოსტუდია „ქართული ფილმის“ მიერ 1977 წელს. კინოპროდუქციის დაცვის და განვითარების ასოციაციის მოთხოვნით შეჩერებულია კინოს ჩვენება. ფილმი გადაღებულია დავით კლდიაშვილის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით. რეჟისორი — ელდარ შენგელაია.
სიუჟეტი
ქვრივი აზნაური ბეკინა სამანიშვილი სიბერეში ცოლის შერთვას გადაწყვეტს. მამის სურვილი თავზარს დასცემს ბეკინას ვაჟს, გაღატაკებულ პლატონს, რომელიც გაჭირვებით ახერხებს საკუთარი წვრილშვილის რჩენას. ქონების მოზიარის გაჩენის შიში აიძულებს პლატონს, მამას საცოლე თავად გამოუძებნოს. სოფელ-სოფელ სიარულით ის სასურველ სადედინაცვლოს მიაგნებს, მაგრამ წვალება და დამცირება ფუჭად ჩაუვლის — ქალი, რომელიც ბეკინას ცოლობამდე ორჯერ ისე დაქვრივდა, რომ შვილი არ ჰყოლია, სამანიშვილებს მემკვიდრეს შესძენს.
იხ. კინო ვიდეო - სამანიშვილის დედინაცვალი
Комментариев нет:
Отправить комментарий