ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -
სამეგრელო (მეგრ. სამარგალო) — დასავლეთ საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე. ეს არის მდინარე რიონს, ცხენისწყალს, ენგურსა და შავ ზღვას შორის მოქცეული ტერიტორია. სახელწოდება მომდინარეობს ისტორიული მხარის ეგრისის სახელიდან. ქართულ წერილობით წყაროებში იხსენიება XII საუკუნიდან. თავდაპირველად გაიგივებული იყო მთლიანად დასავლეთ საქართველოსთან (მსგავსად აფხაზეთისა, იმერეთისა), XIII-XV საუკუნეებში უკვე ვიწრო მნიშვნელობა აქვს — აღნიშნავს ქართველების ეთნოგრაფიული ჯგუფით — მეგრელებით — დასახლებულ მხარეს მდინარეებს ფსირცხასა (ძვ. ანაკოდიისწყალი) და ცხენისწყალს შორის. ცენტრალური ქალაქია ზუგდიდი.
გვიანდელ შუა საუკუნეებში ამ ტერიტორიაზე ოდიშის სამთავრო შეიქმნა, ახალი სახელწოდებაც აქედან მიიღო — ოდიში, თუმცა უცხოურ წყაროებში „სამეგრელოდან“ ნაწარმოები სახელწოდებებიც გვხვდება. XIX საუკუნის პირველ ნახევარში ლიტერატურაში ისევ დამკვიდრდა სახელწოდება „სამეგრელო“. XVII საუკუნის I ნახევარში აფხაზ ფეოდალთა მოძალების შედეგად, დროთა განმავლობაში სამთავროს საზღვარმა ჯერ მდინარე კელასურზე, შემდეგ ღალიძგაზე, ბოლოს კი ენგურზე გადმოინაცვლა.
დონ კრისტოფორო დე კასტელის ცნობით, მისი საქართველოში მოღვაწეობისას (1627-1654 წწ), სამეგრელოს ტერიტორია ვრცელდებოდა რიონიდან კოდორამდე:
„კოდორიდან მოკიდებული რიონამდე კოლხეთის ანუ დღეს სამეგრელოდ წოდებული ქვეყნის აღწერილობა...“ |
დღევანდელი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით სამეგრელო შედის სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში და დაყოფილია აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის და ფოთის მუნიციპალიტეტებად.
საზღვრები
სამეგრელო დასავლეთ საქართველოს ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს. მისი დასავლეთი საზღვარი შავი ზღვის სანაპიროს მიუყვება. ჩრდილო საზღვარი ჯერ მდინარე ენგურს ემთხვევა, მისი შესართავიდან სოფელ ფახულანამდე, შემდეგ მდინარე ერისწყლის აუზის გორაკ-ბორცვიან ზოლზე და ოხაჩქუეს მასივზე გაივლის. ამ მასივის ჩრდილოეთით სამეგრელოს საზღვრებში შემოდის მდინარე საკალმახოს, ბერზუგაბის, ჩხიანის, გვალათონას, მანდიის და – ჭალეს (ენგურის მარჯვენა შენაკადი) აუზები, რომლებიც კოდორის ქედის თხემური ზოლის სამხრეთ კიდეზე აღმართულ აკიბას მასივის აღმოსავლეთ ფერდობზე მდებარეობენ.
მდინარე მალთაყვას შესართავის შემდეგ საზღვარი მდინარე ენგურის ხეობის მარჯვენა ფერდობს მიუყვება და ადის ოდიშის ქედის მთავარი წყალგამყოფის თხემზე, რომელიც თითქმის 50 კმ-ის სიგრძეზე (მთა დურისთავამდე) სამეგრელოს ტერიტორიას სვანეთისგან გამოყოფს. აქედან საზღვარი მდინარეების ტეხურისა და ცხენისწყლის წყალგამყოფს მიუყვება, რომელიც ოდიშის ქედის სამხრეთ ფერდობის უკიდურეს აღმოსავლეთ კონტრფოსს წარმოადგენს. ამის შემდეგ საზღვარი ჯერ ასხის მასივის შემავალი გოდირაკილის ქედის თხემზე, შემდეგ მდინარეების აბაშისა და საწისკვილეს წყალგამყოფზე გადის. სოფ. ხიდიდან სამეგრელოს საზღვარი მკვეთრად უხვევს სამხრეთისაკენ მდინარე ცხენისწყლის მარჯვენა ნაპირს მიუყვება. ამ მდინარის რიონთან შეერთების ადგილამდე. მდინარე ცხენისწყლის შესართავთან სამეგრელოს საზღვარი მკვეთრად უხვევს დასავლეთისაკენ და დაახლოებით 12 კმ მანძილზე მდინარე რიონის მარჯვენა ნაპირს გაუყვება, შემდეგ გადადის რიონის მარცხენა მხარეზე და მდინარე ფიჩორის კალაპოტს ემთხვევა, ამ უკანასკნელის პალიასტომის ტბასათან შეერთებამდე.
ისტორია
1803 წლის 4 დეკემბერს სამეგრელოს მთავარი გიორგი დადიანი ირჩევს რუსეთის ვასალობას. სამეგრელო რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შევიდა 1857 წელს. 1860 წლის კამერალური აღწერით სამეგრელოში აღირიცხა 303 თავადი და 2073 აზნაური. რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში სამეგრელო არსებობდა ზუგდიდისა და სენაკის მაზრების სახით
რელიეფი
ჰავა
სამეგრელო დასავლეთ საქართველოს მთელ ტერიტორიასთან ერთად ზღვის ნოტიო სუბტროპიკული ჰავის ოლქშია მოქცეული. სამეგრელოს ვაკე-დაბლობი და გორაკ-ბორცვიანი ზოლი გამოირჩევა ნოტიო თბილი ჰავით, უთოვლო ზამთრით და ცხელი ზაფხულით. მისი საშუალო და მაღალმთიანი ნაწილებისთვის კი დამახასიათებელი შესაბამისად, ზომიერად ცივი და ცივი ჰავა, თოვლიანი ზამთრით და ხანმოკლე ზაფხულით.
სამეგრელოს ჰავის წარმომქმნელი ფაქტორებიდან უპირველეს ყოვლისა გეოგრაფიული მდებარეობა უნდა აღინიშნოს. სამეგრელოს ტერიტორია საქართველოსთან ერთად სუბტროპიკული და ზომიერი სარტყლების საზღვარზე მდებარეობს, რის შედეგადაც მზის რადიაციის საკმაოდ მაღალი მაჩვენებლით ხასიათდება. მზის ნათების ხანგრძლივობა სამეგრელოს ტერიტორიაზე წლის განმავლობაში 1800–2200 საათში ფარგლებში მერყეობს. ეს მაჩვენებელი უფრო მაღალია რეგიონის ვაკე ზღვისპირა ტერიტორიისათვის და ზღვიდან დაშორებისა და რელიეფის სიმაღლის ზრდასთან ერთად, შესაბამისაც კლებულობს, რასაც იმავე მიმართულებით ღრუბლიანობის მატებაც უწყობს ხელს.
სამეგრელოს ჰავის ხასიათზე დიდ გავლენას ახდესნს შავი ზღვის სიახლოვე. ზღვის ზედაპირზე წყლის ტემპერატურა მთელი წლის განმავლობაში 9 °C-ზე დაბლა არ ეშვება, ზაფხულობით კი 24 °C–25 °C-ს აღმატება. თბილი ზღვის სიახლოვე ზღვისპირა ხმელეთის და თავად ზღვის ზედაპირის უთანაბრო გათბობა დღეღამისა და სეზონების მიხედვით, განაპირობებს ერთი მხრივ, ჰაერის მასების ბრიზულ და შედარებით სუსტად გამოხატულ მუსონურ ცირკულაციას და მეორე მხრივ, სითბურ გავლენას სამეგრელოსა და მთელი დასავლეთ საქართველოს ჰავაზე.
სამეგრელოს ჰავის ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის რელიეფს, კერძოდ, მის ჰიფსომეტრულ განვითარებას. სამეგრელოს ტერიტორია განფენილია ზღვის დონიდან 3200 მ-მდე, რაც განაპირობებს ჰაერის ტემპერატურის კლებას ადგილის სიმაღლის ზრდასთან ერთად. ასევე დიდი გავლენა აქვს სამეგრელოს ჰავაზე კავკასიონის განედურ გაჭიმულ მაღალ ქედს, რომელიც თავისებურ კლიმატურ ჯებირს წარმოადგენს. კავკასიონის ქედის გავლენით ჰაერის მასები ვერ იჭრებიან სამეგრელოსა და მთელი დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე.
მზის რადიაცია
სამეგრელოს ტერიტორიაზე რადიაციული ბალანსის, ანუ სხივური ენერგიის შემოსავალ-გასავლის ტერიტორიული განაწილება შემდეგ სურათს იძლევა – ვაკე-დაბლობის საზღვრებში, რადიაციული ბალანსის წლიური სიდიდე 55 კკალ-სმ²-ს აღემატება. ხოლო მთებში ეს მაჩვენებელი 45–50 კკალ-სმ²-მდე ეცემა. რაც შეხება ჯამურ რადიაციას, რაც მზის პირდაპრი და გაბნეული რადიაციების ჯამით მიიღება, მის განაწილებას სამეგრელოს ტერიტორიაზე შებრუნებული ხასიათი აქვს. ჯამური რადიაციის მაღალი მაჩვენებლები – 130–140 კკალ-სმ² – მთიანი რეგიონებისთვის არის დამახასიათებელი. სამეგრელოს ვაკე-დაბლობზე ეს მაჩვენებელი 115–120 კკალ-სმ²-ს არ აღემატება.
ჰაერის ტემპერატურა
სამეგრელოს ტერიტორიისთვის დამახასიათებელი საკმაოდ მაღალი რადიაციული ბალანსი შესაბამისად, მაღალ თერმულ რეჟიმს განაპირობებს. სამეგრელოს ვაკე-დაბლობზე და გორაკ-ბორცვიან ზოლში ჰაერის საშუალო მრავალწლიური ტემპერატურა ხმელეთის ზედაპირიდან ახლოს 14 °C-ს აღემატება, მთებში კი 10–12 °C-ს შეადგენს.
სამეგრელოს ყველაზე ცივი თვე იანვარია, იშვიათად თებერვალი. ყველაზე ცივი თვის საშუალო თვიური ტემპერატურა სამეგრელოს ვაკე ნაწილში დადებითია და 6–7 °C-ს უდრის, მთიან ზონაში კი – უარყოფითი. ყველაზე თბილი თვეებია – ივლისი და აგვისტო. ივლისის საშუალო თვიური ტემპერატურა სამეგრელოს ვაკ-დაბლობზე 22 °C-ს აღემატება, მთიან რაიონებში 15–16 °C-ის საზღვრებში ცვალებადობს.
გარდამავალ სეზონებში ჰაერის ტემპერატურა საშუალედო მნიშვნელობებს იღებს. აპრილში ტემპერატურა ზღვის სანაპირო ზოლში 12–13 °C-ია, ხმელეთის სიღრმეში რამდენადმე მატულობს, ხოლო შემდეგ სიმაღლის ზრდის მიხედვით კვლავ კლებულობს და მთებში 8–10 °C აღემატება.
ჰაერის სინოტივე
ზღვიდან მონაბერი ნოტიო ჰაერის მასები სამეგრელოს ტერიტორიაზე განაპირობებს მთელი წლის მანძილზე ჰაერის მაღალ სინოტივეს. წყლის ორთქლის პარციალური წნევა მაღალია შავი ზღვის სანაპირო ზოლში. აქ მისის საშუალო წლიური მნიშვნელობა შეადგენს დაახლოებით 14 ჰპა-ს, იანვარში 6–7 ჰპა-ს, ხოლო ივლისსში 22 ჰპა-ს ადგილის სიმაღლის ზრდასთან ერთად, ჰაერის პარციალური წნევა კლებულობს. საშუალო მთი ზონაში მისი საშუალო მაჩვენებელი 7–8 ჰპა-ს უდრის, იანვრისა – 3–4 ჰპა-ს და ივლისისა – 13 ჰპა-ს.
ჰაერის მაღალი სინოტივის შესაბამისად, სამეგრელოს ტერიტორიაზე მაღალია ფიზიოლოგიური სინოტივეც, ანუ ადამიანის სხეულის ტემპერატურაზე მოყვანილი შეფარდებითი სინოტივე.
ატმოსფეროს ნალექების მახასიათებლები
სამეგრელოს ტერიტორია საკმაოდ უხვნალექიანია. ნალექების წლიური ჯამი 1400–3000 მმ-ის საზღვრებში ცვალებადობს. ნალექების სიუხვით განსაკუთრებით გამოირჩევა საშუალო და მაღალმთიანი რაიონები. უფრო ნაკლები ნალექიანობა ზღვის სანაპირო ზოლისთვისაა დამახასიათებელი.
სადგური | ნალექების წლიური ჯამი (მმ) | ცივი პერიოდი (მმ) | თბილი პერიოდი (მმ) | ნალექიან დღეთა რიცხვი | დღეთა რიცხვი თოვლის საფარით | თოვლის საფარის დეკადური სიმაღლე |
---|---|---|---|---|---|---|
ლებარდე | 1924 | 796 | 1128 | 196 | 164 | 191 |
ჯვარი | 2158 | 856 | 1302 | 172 | 22 | 19 |
მუხური | 2097 | 743 | 1354 | – | 22 | 17 |
წალენჯიხა | 1825 | 729 | 1096 | – | 24 | 9 |
ზუგდიდი | 1616 | 647 | 969 | 142 | 15 | – |
ჩხოროწყუ | 1921 | 769 | 1152 | – | – | – |
მარტვილი | 1879 | 818 | 1061 | – | 18 | – |
სენაკი | 1669 | 724 | 945 | 144 | 12 | – |
აბაშა | 1446 | 701 | 745 | – | – | – |
ფოთი | 1768 | 661 | 1107 | 157 | 6 | – |
ატმოსფეროს განსაკუთრებული მოვლენები
ატმოსფეროს განსაკუთრებული მოვლენებიდან უპირველეს ყოვლისა აღსანიშნავია ელჭექი. სამეგრელოს ტერიტორიაზე მთელი წლის განმავლობაში საშუალოდ 30–40 დღეა ელ-ჭექიანი. ეს მოვლენა ყველაზე ხშირია წლის თბილ პერიოდში, განსაკუთრებით ზაფხულში. ზამთარში ელ-ჭექი სამეგრელოში იშვიათია. ასევე იშვიათად იცის სეტყვა. მისი მოსვლის ალბათობა თანაბარია წლის ნებისმიერ დროს.
ნისლიან დღეთა რიცხვი დიდ დიაპაზონში მერყეობს. ვაკე-დაბლობზე ასეთ დღეთა რიცხვმა შეიძლება 10–50-ს მიაღწიოს, მთიან რაიონებში კი გაცილებით მეტს. მაგალითად, ლებარდეში დაფიქსირებულია საშუალოდ 101 დღე ნისლით.
ქარბუქი სამეგრელოში იშვიათი მოვლენაა. უფრო მეტად იგი მთიანი ზონისთვისაა დამახასიათებელი, სადაც ქარბუქიან დღეთა რიცხვმა წლის განმავლობაში შეიძლება 5-ს გადააჭარბოს (კურორტი ლებარდე).
სადგური | ელჭექით (დღე) | სეტყვით (დღე) | ნისლით (დღე) | ქარბუქით (დღე) |
---|---|---|---|---|
ლებარდე | 32 | 3 | 101 | 5 |
ჯვარი | 36 | 1 | 8 | – |
წალენჯიხა | 32 | 2 | 55 | 2 |
ზუგდიდი | 36 | 2 | 14 | – |
სენაკი | 26 | 3 | 14 | – |
ფოთი | 40 | 2 | 24 | 0 |
სასარგებლო წიაღისეული
სამეგრელოს ტერიტორია მდიდარია სხვადასხვა სახის წიაღისეულით. განსაკუთრებულ ყურადღებას თავისი პერსპექტიულობით იპყრობს მდინარეების ენგურის, ხობის და რიონის ხეობებს შორის მდებარე ვაკე-დაბლობზე განვითარებული ნავთობისა და გაზის შემცველი ქანების კომპლექსი, რომელიც სიღრმიდან ზედაპირისაკენ წარმოდგენილია:
- ქვედა იურიული ასაკის, ორგანული ნაშთებით გამდიდრებული ქვიშიან-თიხიანი, ნაწილობრივ კარბონატული ქანებით.
- ორგანული ნაშთებისა და ბითუმის შემცველი ზადაბიოსურ-ბათური ასაკის ქვიშიან-თიხიანი ქანებით, რომლებთანაც დაკავრიშირებულია აგრეთვე სულფატური და ქლორ-კალციუმიანი წყლები.
- ცარცული ასაკის ნაპრალოვანი კირქვებით, რომლებშიც ძირითადად მიგრირებული ნავთობია მოსალოდნელი. ამ ქანებთან დაკავშირებულია აგრეთვე ქლორ-მაგნიუმიანი და ქლორ-კალციუმიანი თერმული წყლები (ნოქალაქევი, მენჯი, ცაიში).
სამეგრელოს ტერიტორიაზე გავრცელებული მაღალტემპერატურული წყლები ძირითადად ქვედა ცარცულ კირქვებთან არის დაკავშირებული. სოფელ ოხურეისთან, ბურღილის პირთან წყლის ტემპერატურა თითქმის 100 °C-ია, ჭალადიდში – 95 °C, ცაიშში, ქვალონსა და ყულევში – 81 °C, 75 °C და 50 °C შესაბამისად.
სამეგრელოს ტერიტორიაზე დადგენილია მაგანა-ხორგა-ჭანისწყლის (წალენჯიხის მუნიციპალიტეტი) ქვანახშირისა და ფახულანის ლიგნიტისა და ქვანახშირიანი ფიქლების საბადოები, რომელთა სავარაუდი მარაგი 60–70 მლნ. ტონას შეადგენს.
საყურადღებოა სამეგრელოში გავრცელებული ტორფიანი ჭაობები (ანაკლია, ჭურია, ნაბადა, ფიჩორი და სხვა) რომლებიც ტორფის დიდ მარაგს შეიცავენ.
სამეგრელოს ტერიტორიაზე გავრცელებული კარბონატული ქანების ზოგიერი ტიპი მოხერხებული უმეტეს შემთხვევაშია უცილებელია მასალაა მშენებლობისათვის. მათგან, პირველყოვლისა აღსანიშნავია კირქვა, რომლის საბადოები ცნობილია წალნეჯიხის (სქური), სენაკისა (ნოქალაქევი) და ჩხოროწყუს (მუხურის) მუნიციპალიტეტებში.
სააგურე თიხის საბადოები გამოვლენილია აბაშის (ნაესაკოვო), ზუგდიდისა (ცაცხვი) და ხობის (ნოჯიხევი) მუნიციპალიტეტებში.
„ლუგელა“, სამკურნალო მინერალური წყალი. საბადო მდებარეობს საქართველოს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, ხობის ხეობაში, სოფ. მუხურიდან 4 კმ-ზე, 290 მ სიმაღლეზე. წყალი გამოდის ბაიოსური ასაკის ძლიერ დისლოცირებული ქანებიდან.
„ლუგელა“ ურთულესი ქიმიური შემადგენლობისაა. იგი მიეკუთვნება ქლორიდული წყლების ჯგუფს, თვითონ ქმნის მინერალური წყლების ტიპს და ჰიდროქიმიურ ლიტერატურაში „ლუგელას“ წყლების სახელწოდებითაა ცნობილი. წამყვანი ელემენტებია: კალციუმის კათიონი და ქლორის ანიონი, დამახასიათებელია ბრომის არსებობა, თანმხლები გაზია მეთანი, მცირე რაოდენობით შეიცავს: ანიონებიდან ფტორს, იოდსა და სულფატს, ხოლო კატიონებიდან ნატრიუმს, კალციუმს და მაგნიუმს. მაღალი მინერალიზაციის გამო დიდხანს ინახება, ჩამოსხმისას არ საჭიროებს ნახშირორჟანგით გაჯერებას, აღნიშნული თვისებების გამო „ლუგელას“ მსოფლიო ბადალი არა ჰყავს.
ჰიდროლოგია
სამეგრელო წყლის ობიექტების სიუხვითა და მრავალფეროვნებით გამოირჩევა. აქ მრავლადაა მდინარეები, ჭაობები და წყაროები. შედარებით ნაკლები გავრცელება აქვს ტბებსა და მყინვარებს. წყლის ობიექტები განსაკუთრებით მყინვარებიდა ჭაობები უხსოვარი დროიდან დიდ როლს თამაშობდა ადგილობრივი მოსახლეობის სამეურნეო საქმიანობაში. ეს, უპირველეს ყოვლისა მდინარეებზე ითქმის, რომლებიც წარსულში სამეგრელოს ვაკე ნაწილის ძნელად გასავლელი ტყეებითა და გაუვალი ჭაობებით თითქმის მთლიანად დაფარულულობის გამო, გადაადგილების ერთ-ერთ ყველაზე ხელსაყრელ საშუალებას წარმოადგენდნენ. ამას მოწმობს ის ფაქტი, რომ ახ. წ. II საუკუნეში რომში გამოცემული ე.წ. „პევტაგერიანის“ ცხრილში დასავლეთ საქართველოს სხვა მდინარეებთან ერთად შეტანილი იყო სამეგრელოს ტერიტორიაზე გამდინარე მდინარეები: ფაზისი (რიონი), ხობოსი (ხობი), ასტელეფოსი (ენგური), გლაუკი (აბაშა), საგამი (ტეხური) და სხვა. ამასვე მოწმობს ანტიკური ხანის სწავლულის სტრაბონის ცნობა იმის შესახებ, რომ „კოლხეთზე მომდინარეობს დიდი მდინარე ფაზისი, ფაზისი გემთსავალია აღმა ვიდრე სარაპინის (შორაპანის) ციხესიმაგრემდე“. მდინარეებთან ერთად, ადგილობრივი მოსახლეობა ფართოს იყეენებდა სამეგრელოს დაბალ, ბრტყელ ზედაპირიან ვაკეზე განვითარებულ ვრცელ ჭაობებს.
ძველი დროის ბერძენი სწავლული ჰიპოკრატე (ძვ. წ. 460–377 წწ.) მიუთითებს, რომ ფასიანები (კოლხები) ცხოვრებას ჭაობიან ადგილებში ატარებდნენ, სახლები ხის ან ლერწმის წყალში აქვთ ჩადგმული. ქვეითად ნაკლებად დაიარებიან. იგი აღნიშნავს ასევე, რომ იმ დროს ჭაობებში ადგილობრივ მოსახლეობას არხები ჰქონდა გაჭრილი და ერთ ხეში ამოღებული ნავებით ამ არხებსა და მდინარეებს იყენებდნენ გადასაადგილებლად.
შუა საუკუნეების ავტორთა მიერ დატოვებული ცნობებიდან ყურადღებას იპყრობს არქანჯელო ლამბერტის მიერ შედგენილი სქემატური რუკა სამეგრელოს ჰიდროგრაფიული ქსელის შესახებ, რომელიც თანდართულია მის მიერვე დაწერილ წიგნში „სამეგრელოს აღწერა“. ამ პერიოდის თვალსაჩინო მიღწევას წარმოადგენს ვახუშტი ბაგრატიონის შრომა „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“, რომელშიც საკმაოდ დიდი ადგილი აქვს დათმობილი სამეგრელოს წყლის ობიექტების დახასიათებას.
მნიშვნელოვანი მოცულობის სამუშაოები იქნა ჩატარებული კოლხეთის დაბლობზე 1880–1910 წლებში. ამ სამუშაოების შედეგად შეიქმნა სამეგრელოს წყლის ობიექტების ჰიდროგრაფიული, ჰიდროლოგიური და გლაციოლოგიური ხასიათის ინფორმაცია. ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით, კ. პოდოზერსკიმ 1911 წელს შეადგინა მყინვარების პირველი კატალოგი, მოგვიანებით ა. ესენმა „მდინარეების სია“.
ოციან წლებში დაიწყო საქართველოს მათ შორის სამეგრელოს წყლის ობიექტების ფართომასშტაბიანი შესწავლა, რაც ძირითადად 1922 წელს საქართველოს ჰიდრომეტეოროგიური სამსახურის შექმნასთან იყო დაკავშირებული.
ქართველმა მეცნიერებმა დიდი წვლილი შეიტანეს სამეგრელოს წყლის ობიექტების შესწავლის საქმეში. მათი კვლევის შედეგები წარმოადგენს საიმედო მეცნიერულ ბაზას აღნიშნული ობიექტების რაციონალური გამოყენების და დაცვის ღონისძიებათა ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთებისათვის.
მდინარეები
სამეგრელოს ტერიტორია გამოირჩევა მდინარეთა ჰიდროგრაფიული ქსელების კარგი განვითარებით. აქ აღრიცხულია 2441 დიდი და მცირე მდინარე, რომელთა საერთო სირგძე 5191 კმ-ს შეადგენს. მათ წილზე მოდის საქართველოს მდინარეთა საერთო რაოდენობის 9.3 ‰ და საერთო სიგრძის 7.6 ‰. აქედან 10 კმ-ზე მეტი სიგრძის მდინარეები 43 ‰-ის, საერთო სიგრძით 1183 კმ.
უდიდესია ხობისწყალი, რომლის სიგრძე 150 კმ-ია და მეექვსე მდინარეა საქართველოს დიდ მდინარეთა შორის. იგი შედგება 1485 შენაკადისაგან.
მეორე ადგილზეა მდინარე ტეხური, მესამე ადგილზეა მდინარე აბაშა.
სამეგრელოს ჩრდილო-დასავლეთ და სამხრეთ კიდეზე გაედინებიან ტრანზიტული მდინარეები – ენგური, ცხენისწყალი და რიონი, რომელთა სიგრძე სამეგრელოს ტერიტორიაზე უდრის შესაბამისად 94, 44 და 99 კმ-ს.
მდინარე | სიგრძე (კმ) | ფართობი (კმ²) | შენაკადების რაოდენობა | შენაკადების საერთო სიგრძე (კმ) | ქსელის სიმჭიდროვე (კმ/კმ²) |
---|---|---|---|---|---|
მაგანა | 24 | 141 | 44 | 96 | 0.85 |
ჯუმი | 61 | 379 | 231 | 377 | 1.16 |
ჩხოუში | 41 | 119 | 110 | 161 | 1.78 |
ჭურია | 11 | 296 | 154 | 606 | 2.08 |
ხობი | 150 | 1340 | 1037 | 1485 | 1.22 |
ჭანისწყალი | 63 | 315 | 332 | 521 | 1.81 |
ოჩხომური | 47 | 159 | 147 | 203 | 1.57 |
ცივი | 60 | 229 | 137 | 236 | 1.30 |
ტეხური | 101 | 1040 | 502 | 946 | 1.01 |
აბაშა | 66 | 370 | 125 | 288 | 1.00 |
ნოღელა | 59 | 130 | 41 | 104 | 1.25 |
ზანა | 42 | 70 | 64 | 86 | 1.83 |
ტბები
სამეგრელოს ტერიტორიაზე სულ 13 ტბაა აღრიცხული. მათი წყალშემკრები აუზების საერთო ფართობი 553 კმ-ია. ხოლო წყლის სარკის ჯამური ფართობი 19.4 კმ-ს არ აღემატება, რაც შესაბამისად რეგიონის ტერიტორიის საერთო ფართობის 12.8 და 0.455 ‰ უდრის. ტბების უმეტები ნაწილი თავმოყრილია შავი ზღვისა და მდინარე რიონის ნაპირების გასწვრივ. მცირე რაოდენობის ტბები გვხვდება აგრეთვე ეგრისის ქედის მაღალმთიან ზონაში, სადაც მათი ქვაბულები ძველი გამყინვარების მექანიკური მოქმედების შედეგად არის წარმოქნმნილნი.
ტბა | სიმაღლე (მ) | სარკის ფართობი (კმ²) | უდიდესი სიღრმე | მოცულობა (მლნ მ³) |
---|---|---|---|---|
პალიასტომი | –0.3 | 18.2 | 3.2 | 52.0 |
ფართო წყარო | –0.3 | 0.27 | 3.5 | 4.41 |
ტობავარჩხილი | 2650 | 0.21 | 35.0 | 3.31 |
დიდი ტობა ვარჩხი | 2300 | 0.02 | 5.6 | 0.05 |
ჩიპსთა ვარჩხი | 2207 | 0.03 | 5.8 | 0.08 |
ტბორები და წყალსაცავები
სამეგრელოს ტერიტორიაზე არსებული ხელოვნური ტბორებისა და წყალსაცავების სარკის საერთო ფართობი 18.0 კმ²-ს უდრის, აქედან ტბორების სარკის საერთო ფართობი 0.1 კმ²-ს არ აღემატება. სამეგრელოს ტბორებიდან და წყალსაცავებიდან სარკის ფართობით გამოირჩევა ენგურის წყალსაცავი, რომელიც წარმოადგენს ჰიდროენერგეტიკული მიზნით მდინარე ენგურის ჩამონადენის რეგულირების ობიექტს.
არხები
სამეგრელოს ვაკე და გორაკ-ბორცვიან ზოლში კულტურული მცენარეები თავიანთი ზრდა-განვითარების აქტიურ ფაზებში, განსაკუთრებით კი ცალკეულ გვალვიან წლებში საჭიროებენ მორწყვას. ამ მიზნით აქ გაყვანილია 16 მაგისტრალური სარწყავი არხი 104 კმ სიგრძით, ხოლო შიდა სარწყავი არხის საერთო სიგრძე 932 კმ-დე აღწევს. არხების წყალგამტარობა 15.7 მ³/წმ-ს უდრის, ხელოვნურ მორწყვას დაქვემდებარებული ტერიტორიების ფართობი კი 7164 ჰა-ს შეადგენს.
სარწყავ არხებთან ერთად მოქმედებაშია ხელოვნური დაწვიმების სარწყავცი სისტემები, რომელიც 4592 ჰა ფართობის მორწყვის საშუალებას იძლევა. აქედან ხელოვნური დაწვიმების გზით შეიძლება მოირწყა: წალენჯიხის მუნიციპალიტეტში 1208 ჰა, ხობის მუნიციპალიტეტში 888 ჰა, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში 300 ჰა, აბაშის მუნიციპალიტეტში 863, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 680, მარტვილის მუნიციპალიტეტში 653 ჰა მიწის ნაკვეთში. საერთოს. სამეგრელოს ტერიტორიაზე ხელოვნურ მორწყვას საჭიროებბს 11 756 ჰა მიწის ნაკვეთი, რაც საქართველოს სარწყავი ფართობის 3.3 ‰ შეადგენს.
ჭაობები და დაჭაობებული ადგილები
სამეგრელოს ჰიდროგრაფიული ქსელის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ნაწილს ჭარბტენიანი მიწები წარმოადგენს. ჭაობებს დაჭაობებულ მიწასთან ერთად სამეგრელოს ტერიტორიის საერთო ფართობის 20 ‰ უკავია, რაც 74 650 ჰა-ს შეადგენს.
ბუნების საშიში მოვლენები
სამეგრელოს ტერიტორია, ისევე როგორც მთლიანად საქართველო, რთული ფიზიკურ–გეოგრაფიული პირობებით გამოირჩევა და მასთან დაკავშირებით პერიოდულად განიცდის ბუნების საშიში მოვლენების ზემოქმედებას. მიწისძვრები, დისკომფორტული ტემპერატურები და წაყინვები, ძლიერი ქარები და წყალდიდობები, გვალვები და ზედმეტად ჭარბი ნალექები, ღვარცოფები და ზვავები საგრძნობ მატერიალურ ზარალს იწვევს და საერთოდ უარყოფით ზეგავლენას ახდენს სახალხო მეურნეობის სხვადასხვა დარგების განვითარებასა და ფუნქციონირებაზე.
მიწისძვრები
საქართველოს სეისმოტექტონიკური განაწილების რუკის მიხედვით, სამეგრელოს ტერიტორია განეკუთვნება ცენტრალურ კავკასიას, კოლხეთის დაბლობის დეპრესიას და შავი ზღვის სანაპირო ზოლს. ტექტონიკური განვითარების თვალსაზრისით, სამეგრელოს ტერიტორიის უდიდესი ნაწილი შედის კოლხეთის ტექტონიკური დეპრესიის ფარგლებში, რომელსაც დასავლეთიდან შავი ზღვის ქვაბული ესაზღვრება, ხოლო ჩრდილოეთიდან ფანავისა და სამეგრელოს (ეგრისის) ქედები. სწორედ ამ ტერიტორიის საზღვრებში მდებარეობს ფოთი-ასხისა და კურზუ-ხიხაძირის სიღრმული რღვევები, რომლებთანაც მკვლევარ-სპეციალისტთა მტკიცებით უნდა იყოს დაკავშირებული სამეგრელოში მომხდარი მიწისძვრის მეტი წილი.
სამეგრელოს ტერიტორიის სეისმურობა არ შეიძლება ცალკე იქნას განხილული საქართველოსა და მთლიანად კავკასიის სეისმურობის გათვალისწინების გარეშე. არცთუ იშვიათად სამეგრლოს ტერიტორიაზე მეტ-ნაკლები ძალით შეიგრძნობა მის საზღვრებს გარეთ მდებარე მიწისძვრის კერებში მომხდარი მიწისძვრების მოქმედება. მაგალითისთვის 1991 წლის 29 აპრილს მომხდარი რაჭა-იმერეთის მიწისძვრის აღნიშვნა კმარა. ამ მიწისძვრის კერას სამეგრელოს საზღვრებს დარეთ მდებარე გაგრა-ჯავის ტექტონიკური რღვევის ზოლში ჰქონდა ადგილი და მან საკმაოდ დიდი ზარალი მიაყენა რაჭის, იმერეთის, სამაჩაბლოს ტერიტორიაზე განლაგებულ მთელ რიგ დასახლებულ პუნქტებს. აღნიშნული მიწისძვრა საკმაო ძალით იქნა შეგრძნობილი სამეგრელოს ტერიტორიაზეც.
დღემდე შემორჩენილი ძველი საბუთების მიხედვით ისტორიულ წარსულში სამეგრელოს ტერიტორიაზე ცნობილია ერთი მიწისძვრა, რაც 1616 წელს მომხდარა. ამ მიწისძვრის შედეგად ჩამონგრეულა ცაიშის ტაძრის გუმბათი.
XX საუკუნის 30-იანი წლებიდან სამეგრელოს ტერიტორიაზე მომხდარი მიწისძვრის აღრიცხვა მიმდინარეობს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მ. ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტის სეისმური დაცვის ეროვნული სამსახურის რეგიონული ტიპის სეისმურ სადგურებში. პირველი ასეთი სადგური მოწყობილ იქნა 1937 წელს ქალაქ ზუგდიდში – დადიანების სასახლის სარდაფში. შემდეგ თანამედროვე ტიპის მოკლეპერიოდიანი სეისმოგრაფებით აღჭურვილი სადგურები შეიქმნა მარტვილში, კურზუში, ლებარდეში, ჭალეში და ჩქვალერში. ამ სადგურებში ჩატარებული ინსტრუმენტალური დაკვირვების შედეგად სამეგრელოს ტერიტორიაზე დაფიქსირებულია 1300-მდე სხვადასხვა ინტენსიობის მიწისძვრა, რომელთაგან მოსახლეობის მიერ მხოლოდ ნაწილი იქნა შეგრძნობილი.
XX საუკუნეში სამეგრელოს ტერიტორიაზე მომხდარი მიწისძვრებიდან აღსანიშნავია, 1930 წლის 7 ნეომბერს სამეგრელო-სვანეთის მიწისძვრა, რომელიც მაქსიმალური ინტენსიობით (6 ბალი) შეგრძნობილ იქნა ზუგდიდის, წალენჯიხის და ნაწილოვრივ მესტიის რაიონებში (საბერიო, ფახულანი, წალენჯიხა, ჯვარი, ჭკადუაში, ჭუბერი). ეს მიწისძვრა 5–6 ბალიანი ინტენსიობით აღინიშნა მარტვილისა და სენაკის რაიონებში (გაშპერდი, თამაკონი, მარტვილი, სალხინო, ფოცხო).
ანალოგიური ინტენსიობის მიწისძვრას ადგილი ჰქონდა 1941 წლის 15 ივნისს, რომელიც მენჯის მიწისძვრის სახელით არის ცნობილი. ეს მიწისძვრა 6 ბალიანი ინტენლიობით სოფ. ხორშში აღინიშნა, ხოლო აბასთუმანში, მენჯში, სენაკში, ხეთაში, ფოცხოსა და ეწერში მისმა ინტენსიობამ 5–6 ბალი შეადგინა.
6-ბალიანი მიწისძვრა მოხდა ზემო სამეგრელოში 1955 წლის 25 დეკემბერს (თაიაში, მიქავაში, მუხურში, გალში). ამ მიწისძვრის სიძლიერემ კუზუში, ნაკიფუში, ხაბუმეში, ჯვარში და წალენჯიხაში 5 ბალი შეადგინა.
განსაკუთრებით გამოირჩეოდა 1957 წლის 29 იანვრის მარტვილის მიწისძვრა, რომლის ძალამ 8 ბალი შედგინა სოფელი ბალდაში, გაჭედილში, დიდ ჭყონში და სალხინოში, ამ მიწისძვრის შედეგად დაინგრა მრავალი შენობა, თუმცა მას ადამიანთა მსხვერპლი არ მოჰყოლოდა.
მაკროსეისმური მასალების გაანალიზების საფუძველზე,დასახლებული პუნქტების სია, სადაც მომხდარი მაქსიმალური ინტენსიობის მიწისძვრა იქნა დაფიქსირეული:
- 8 ბალი – ცაიში, ბალდა, გაჭედილი, დიდი ჭყონი, სალხინო.
- 7 ბალი – მარტვილი
- 6–7 ბალი – ორჟა, ხორში, მიქავა, ფახულანი, ჯგალი.
- 6 ბალი – აბაშა, აბასთუმანი, ზუგდიდი, მენჯი, ჭკადუაში, ჯვარი, სენაკი, ხაბუმე
- 5–6 ბალი – თეკლათი, გაშფერდი
- 5 ბალი – მაიდანი, თამაკონი, კურზუ, ნახუნავო, ეკი, სირიაჩქონი, ლეძაძამე, ჩხოროწყუ, ნაკიფუ, ჩქვალერი, ხეთა.
- 4–5 ბალი – სუჯუნა, ხობი, გაღმა პირველი ხორგა, პატარა ფოთი, ქვემო ჭალადიდი, ყულევი.
გვალვები
დასავლეთ საქართველოში, კერძოდ სამეგრელოში, მკაცრი გვალვა იშვიათია, თუმცა ის მნიშვნელოვან ზარალს აყენებს სახალხო მეურნეობას და უპირველეს ყოვლისა სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოებას.
მკაცრი გვალვები სამეგრელოში მოსალოდნელია ყოველ 10–20 წელიწადში ერთხელ, უკანასკნელ ასეთ გვალვას აქ ადგილი ჰქონდა 1998 წელს.
სამეგრელოს ტერიტორიაზე გამოყოფილია სამი აგროჰიდროლოგიური ზონა: ძლიერი, ზომიერი და სუსტი დაწყლიანების. ძლიერი დაწყლიანების ზონას უკავია შავი ზღვის სანაპირო ზოლი, სადაც პროდუქტიული ტენის მარაგი 1 მ. სისქის ნიადაგის ფენაში სავეგეტაციო პერიოდის განმავლობაში შეადგენს 300–400 მმ-ს. ზომიერი გაწყლიანების ზონა ვრცელდება კოლხეთის დაბლობის ვაკე ტერიტორიის დიდ ნაწილზე, სადაც ნიადაგში პროდუქტიული ტენის მარაგი სავეგეტაციო პერიოდის განმავლობაში 250–350 მმ საზღვრებში მერყეობს.
მთებში ძირითადად გაწყლიანების ტიპია გავრცელებული, რომლისთვისაც პროდუქტიული ტენის მარაგი შეადგენს 200–300 მმ-ს.
ნიადაგში ტენის მარაგის მნიშვნელოვანი შემცირება შესაძლებელია მხოლოს ხანგრძლივი უნალექო პერიოდების შემთხვევაში, სოფლის მეურნეობაში უნალექო პერიოდად მიჩნეულია ისეთი პერიოდი, როდესაც ატმოსფერული ნალექები არ აღემატება 5 მმ-ს. ეს კრიტერიუმი შერჩეულია იმ თვალსაზრისით, რომ სწორედ 5 მმ-ზე მეტი ნალექებია მნიშვნელოვანი მცენარის ზრდა-განვითარების.უნალექო პერიოდების უწყვეტი ხანგრძლივობა სამეგრელოს ტერიტორიის უმატეს ნაწილზე 8° დღეს არ აღემატება.
უნალექობის გარდა ნიადაგის გამოშრობისა და გვალვების განვითარებისათვის საჭიორა მაღალი ტემპერატურული ფონის არსებიბა, გვალვის დროს ტემპერატურა დაბლობ რაიონებში აღწევს 35–40 °C-ს, ხოლო მთებში – 25–30 °C-ს. შაშუალო ტემპერატურა 13 სთ-ზე მის საშუალო მრავალწლიურს 4–5 °C-ით აღემატება.
წაყინვები
სამეგრელოს მთიან რაიონში ადრეულ პირველ წაყინვებს შეიძლება ადგილი ჰქონდეს სექტემბრის მეორე დეკადაში, მაღალმთიან ადგილებში კი აგვისტოს მეორე დეკადაში. გვიანი (გაზაფხულის) წაყინვები მთიან ადგილებში შესაძლებელია აღინიშნოს მაისის მეორე დეკადაში. რაც შეეხება სამეგრელოს ვაკე-დაბლობის ტერიტორიას, წაყინვები ზემოთ ხსენებულ თვეებში არ აღინიშნება. ადრეული წაყინვები აქ შეიძლება აღინიშნოს იშვიათად, სექტემბრის მესამე დეკადაში, ხოლო ყველაზე გვიანი წაყინვები აპრილის მესამე დეკადაში.
უხვი ნალექები
სამეგრელოში უხვი ნალექები ხშირია, როგორც შავი ზღვის სანაპიროზე, ისე მიმდებარე მთიან ზონაში, მაგალითისთვის 1916 წლის 25 სექტემბერს ფოთის მეტეოლოგიურმა სადგურმა 5–6 წუთიან ინტერვალში დააფიქსირა 30 მმ-ზე მეტი ნალექი, წვიმის მაქსიმალური ინტენსივობა 6.4 მმ-ს უდრიდა წუთში.
უხვნალექიან დღეთა რიცხვი სამეგრელოს ტერიტორიაზე წლის განმავლობაშ იცვლება 10–20 დღის ფარგლებში. სანაპირო ზოლში ასეთ დღეთა რიცხვი უფრო ნაკლებია, ზღვიდან დაშორებით მდებარე ვაკეზე და წინამთებში ნალექიან დღეთა რიცხვი მეტია, ხოლო მაღალ მთებში რამდენადმე მცირდება.
უხვნალექიან დღეთა წლიურ სვლაში მაქსიმუმი მოდის ზაფხულის დასასრულზე ან შემოდგომაზე. გამონაკლისს წარმოადგენს კურორტი ლებარდე, სადაც მაქსიმუმი იანვრის თვეზე მოდის და შეადგენს 2 დღეს.
წყალდიდობები
სამეგრელოს ტერიტორიისათვის დამახასიათებელ სტიქიურ ბუნებრივ მოვლენებს შორის წყალდიდობები (წყალმოვარდნები) განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს. ბუნების საშიშ მოვლენას იწვევს არა მარტო თავსხმა წვიმები და თოვლის საფარის ინტენსიური დნობა, არამედ მეწერებით, კლდე-ზვავებით და თოვლის ზვავებით ჩახერგილი უბნების ზემოთ შექმნილი დროებითი წყალკსატევების წყლისაგან უეცარი განტვირთვა.
სამეგრელოს მოსახლეობა უხსოვარი დროიდან განიცდიდა წყალდიდობები მავნე ზემოქმედებას.
ღვარცოფები
საქართველო როგორც რთული მთაგორიანი რელიეფის მქონე ქვეყანა ღვარცოფების ინტენსიური გამოვლინების რეგიონს მიეკუთვნება. სამეგრელო სხვა კუთხეებთან შედარებით ამ მხრივ უფრო ხელსაყრელ პირობებში იმყოფება. ამის მიზეზი ის არის რომ, სამეგრელოს ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი ვაკე-დაბლობს უკავია, სადაც ღვარცოფების განვითარებისთვის შესაბამისი პირობები ერთობ შეზღუდულია. აბაშის, სენაკის, ხობის და ზუგდიდის რაიონების ეს ტერიტორიები, რომლებიც კოლხეთის დაბლობზე და ოდიშის ვაკეზე არიან განლაგებულნი მეხუთე არაღვარცოფსაშიში კატეგორიას განეკუთვნებიან.ეს ტერიტორიები ზღვის დონიდან 200 მ სიმაღლეზე არიან განლაგებულნი და მათ წილზე მოდის სამეგრელოს ტერიტორიის საერთო ფართობის 57 ‰.
ზვავები
სამეგრელოს მთიანი ნაწილის რელიეფის ინტენსიური დანაწევრების საშუალო და განსაკუთრებული მაღალმთიანინ ზონებში უტყეო, ციცაბო ფერდობების არსებობა და უხვთოვლიანი ზამთრის ხშირი განმეორებადობა, ხელს უწყობს ზვავების ფართო გავრცელებას, ზვავსაშიში ტერიტორიის ქვედა საზღვარი სამეგრელოში ზღვის დონიდან 250–350 მ-ზე გადის, ხოლო ზედა საზღვარი ეგრისის ქედისა და მისი განშტოებების თხემებზე, რომელთა სიმაღლე ალაგ-ალაგ 3000–3100 მ. აღწევს.
სამეგრელოში ფართოდ არის გავრცელებული ზვავშემკრებები, რომლეთა საზღვებშიც ზვავის კერის ფართობი 0.5 ჰა-ს არ აღემატება. ასეთი ზვავის კერების რიცხვი სამეგრელოში არსებული ზვავის კერების საერთო რაოდენობის 68–70 ‰ შეადგენს. აქვე 10 ჰა-ზე მეტი ფართობის ზვავის კერებზე მოდის საერთო რაოდენობის მხოლოდ 5–7 ‰. ცალკეული რთული ზვავების კერების ფართობი 40–50 ჯა-ს აღემატება. სამეგრელოში არც ზვავშემკრებები გამოირჩევიან დიდი სიგრძით. მათი საერთო რაოდენობის 38–40 ‰-ის სიგრძე 1 კმ-ზე მაკლებია, მაღალმთიან ზონაში მდებარე ზოგიერთი ზვავშემკრების სიგრძემ კი შეიძლება 2–3 კმ-ს მიაღწიოს.
სამეგრელოში ზვავების რაოდენობის 80 ‰ ჩამოდის თოვის დროს, 5‰ – თოვლის დნობის დროს, 6 ‰ – დათბობის დროს, 1 ‰ – ქარბუქის დროს, ხოლო 8 ‰ თოვლის საფარის ფიზიკურ-მექანიკური თვისებების შემცვლის შემდეგ.
სამეგრელოს ტერიტორიის საერთო ფართობის 27 ‰ ზვავსაშიშად ითვლება.
ძლიერი ქარები
სამეგრელოში, განსაკუთრებით მისი ვაკე-დაბლობის ნაწილში და მთისწინა ზოლში ძლიერი ქარები საკმაოდ ხშირია. 15 მ/წმ და უფრო მერი სიჩქარის ქარების განმეორებადობა წლიურად შეადგენს ჯვარში – 66, წალენჯიხაში – 49, ფოთში – 40, სენაკში – 29. დღეს ძლიერი ქარები უფრო მეტად ხშირია წლის ცივ პერიოდში. ასეთი ქარების უწყვეტი ხანგრძლივობა სწორედ ამ პერიოდშია ყველაზე მეტი და საშუალოდ 7–8 საათს აღწევს მაშინ, როცა ზაფხულის პერიოდში 4-სთ არ აღემატება.
სამეგრელოს ტერიტორიაზე, ისევე როგორც მთლიანად კოლხეთის დაბლობის ბარში, ძლიერი ქარები ძირითადად აღმოსავლეთის მხრიდან ქრიან, სხვა მიმართულების ძლიერი ქარები იშვიათია.
დემოგრაფია
1897 წელს სამეგრელოში 114 869 ადამიანი ცხოვრობდა, 1908 წელს — 124 151, 2002 წელს — 450 ათასზე მეტი, ხოლო 2014 წლის აღწერის მიხედვით 330 761 ადამიანი.
ეკონომიკა
დღეს უმსხვილესი სამრეწველო ობიექტია ენგურჰესი, რომელიც ქვეყანაში ყველაზე მეტ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს.
სოფლის მეურნეობა
სამეგრელოში განვითარებულია სოფლის მეურნეობა. სოფლად ჰყავთ ძროხა და კამეჩი, თხა და ღორი, ფრინველი და ფუტკარი. მარცვლეულიდან გავრცელებულია სიმინდი. ადგილობრივმა ნოტიო და თბილმა ჰავამ ხელი შეუწყო მეჩაიეობისა და მეხილეობის განვითარებას.
მევენახეობა
ისტორიული მონაცემები იძლევიან საშუალებას გამოვიტანოთ დასკვნა, რომ ვაზის კულტურის საწყისი უნდა ვეძიოთ სადღაც, დასავლეთ აზიის მიდამოებში, სახელდობრ, ამიერკავკასიაში, შუა და მცირე აზიაში, სირიაში, ირანში. აქ იყო პირველად შეტანილი კულტურული ვაზი, აქვე დაღვინდა მისი წვენი. აკადემიკოს გ. წერეთლის გამოკვლევით სიტყვა ღვინო ყველა ენაში ქართული ენიდან შევიდა.
ერთ-ერთი უდიდესი ცენტრი კულტურული ვაზის ჩამოყალიბებისა, როგორც ჩანს საქართველოა, საიდანაც ვაზის კულტურა ევროპაში შევიდა და გავრცელდა. მევენახეობა დამოუკიდებლივ განვითარდა დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში.
მევენახეობა კარგადაა განვითარებული დასავლეთ საქართველოშიც, კერძოდ სამეგრელოში. აფხაზეთ-სამეგრელოში 120-ზე მეტი ვაზის ჯიში არსებობს. ყოველი ეკოლოგიური გარემოსთვის თავისებური, ჯიშთა ასეთი მრავალფეროვნება, პირველ რიგში, იმაზე მიგვითითებს, რომ მევენახეობას ამ მხარეში ისტორიულ წარსულშიც დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა, რაც დასტურდება სალოცავების (ოდუდიეს, ჟინიში, გალენიში და სხვათა) ჩატარება მათთვის განკუთვნილი ჭურ-ღვინის ანდა ზედაშეს გარეშე შეუძლებელი იყო. დღესაც ხალხურ ლექსებში შემორჩენილია სახელები ეგრისში ადრე გავრცელებული მაღლარი ვაზის ჯიშებისა:
„ | შონური, პანეში, ოჯალეში, ჭვიტლოური, ჩეჭეფეში, კაპისტონი, ტოროკუნჩხი, ჩერგვალი დო უჩა-ჯვეში. | “ |
სამეგრელოს მთავარი ჯიშებია: აბშილაური, გოლაათური, გრეხი, დონდღვაბია, დედოფლის კითი, ეგურძეული, ვერნახი, ზერდაგი, თხუნთხუ, თოვანი, კვანწახურა, კეთილაური, კერთოლი, კაპისტონი, მარგალური, კიკაჩა, კუტალა, ლაგილური, მუხიშხა, მორცხულა, მახვატელი, მაჭკვატური, მარბა, ოჯალეში, ოქონა, ოფოთი, პანეში, პუმპულა, პაპასკირი, საკუმა, სამანჭრო, ტუტაში, ტოროკუჩხი, უჩახარდანი, უგვარო ქველები, ჩერგვალი, ჩეჭიფეში, ჩეში, ჩხინკილოური, ჩხოროკუნი, ჩხუბეში, ჩხუში, ჩეჩქიში, ჩერგვალი, ცანაფითა, ჭყვიტილური, ჭითაში, ჭოტიში, ხოჯიშთოლი (ხარისთვალა) და სხვა.
მეგრულად ვენახს „ბინეხი“ ჰქვია, ველურ ჯიშს კი „ბურეხი“, რომელიც ახლაცაა შემორჩენილი კოლხეთის ტყეებში. დასაბამიდან აქ ვენახი ხეზე იყო აშვებული და ამიტომ ყველა აქაურ ჯიშებს „მაღლარი“ ეწოდებოდა. მას სხლავდნენ ორ წელიწადში ერთხელ. მას „ბინეხიში წიმინდუა“ (გაწმენდა-გასხვლა) ეწოდებოდა. გასხვლის დროს გამოყენებაში იყო „ოჭკირალი“ (საჭრეთლები), „კვაღა“ (ცული) და „ცემლარი“ (ცელი). აღნიშნული იარაღებით ჩამოჭრიდნენ ძველ „ლერწებს“ (ყლორტებს) და ახალ ნაზარდებს (მეგრ. ნოჸელა) დატოვებდნენ. ვენახის შეწამვლაზე (მეგრ. წამალუა) იმ დროს წარმოდგენაც არ ჰქონდათ. ყურძენი მწიფდებოდა სხვადასხვა დროს. მაგალითად „შონურს“ აგვისტოში წურავდნენ. უმეტესობა შემოდგომის შუა რიცხვებში იწურებოდა. რთველს მეგრულად „მაშარობას“ ეძახდნენ. ხიდან ყურძნის ჩამოსაკრეფად გამოყენებაში იყო „გიდელი“. ყურძენს წურავენ საწნახელში (მეგრ. ოჭინახი) წურავდნენ იქვე და ასამდნენ ქვევრებში (მეგრ. ლაგვანი), რომელსაც თავს დაუხურავდნენ ოფიჭოს (მეგრ. ბულიშ ტყები) ფირფიტის მაგვარი ფურცლებით, რაც ბალმწარას (მეგრ. კოლობულიშ ტყები) ლაფანისაგან მზადდებოდა. ოფიჭოსაგან (მეგრ. ბულიში ტყები) ამზადებდნენ ქვევრის გასარეცხი ხელსაწყოსაც (სარცხს მეგრულად ორჩხაში ჰქვია). ჰქონდათ ასევე „ოწარეში“ (საწური) ხის ტარზე მობმული ტილოს ნაჭერი, რომლიტაც ჭურში დარჩენილ წყლის წვეთებს ამოწურავენ. ქვევრიდან ღვინო ამოჰქონდათ კოლოჭურადან (გოგრამწარადან, ტუტულა, იგივე ჭურა) გაკეთებული ხრიკათი (მეგრ. ხირკე), თხლე კი ხაპირით (მეგრ. ხვეფა). მაშარობის დროს ხშირი იყო ნადის (მეგრ. ნოდის) წვევა. ამ დროს მღეროდნენ „ხემხუვაიე ხვარიელც“, — სიმრერა ვენახ „ხემხუზე“ (ხემხუ თეთრი ყურძენი იყო. ალბათ ის სხვა ყურძენთა შორის რჩეული იყო).
სალხინო სუფრას (ტაბაკის) ბოლომდე ვინც შერჩებოდა, მიირთმევდნენ საბოლოო სასმისს — „ოლურკულას“ (წასვლისკულას), რომელსაც სიმღერასაც დაატანდნენ:
„ჰოი…ი, ოლურ კულარე მისეთი თენა ვეშაშვენი, თელო ღურა რე…ე
| |
(ჰოი, წასვლის კულაა…ა ვინც ამას ვერ გამოცლის ცოცხალმკვდარია…ა.
|
ძველი ვაზის ჯიშები ფილოქსერამ გაანადგურა. ამ დარგის მცოდნეთა წყალობით დასავლეთ ევროპიდან შემოვიდა ვენახის შეწამვლისა და მოვლის ახალი წესები და მასთან დაკავშირებით ახალი ტერმინები. ბინეხიში გინოჸონუა (ვენახის დამყნობა), ბინეხიში გერინაფა (ვაზის დაყენება 3-ნეკზე, 4-ზე და ა. შ.), ლერწიში გეშახელუა (ყლორტის გამოხშირვა) და სხვა. შემოვიდა ვაზის ახალი სახელებიც: კალაბერნე (შდრ. აბაშური კამურა), იზაბელა, ფრანგულა და მრავალი სხვა.
სამეგრელოში ვენახების მთელი ფართობის 93 % ცოლიკოურს უკავია, მას მოსდევს ოჯალეში, ციცქა, კრახუნა, საფერავი, ალექსანდროული, გულშავა, იზაბელა და სხვა ჯიშები.
მეღვინეობის თვალსაზრისით სამეგრელო იყოფა ორ ძირითად, მკვეთრად განსხვავებულ ზონად: მთიან და დაბლობ ზონად. დაბლობ ზონაში მევენახეობა მცირედაა განვითარებული. მაღალხარისხოვანი ღვინოები ამ მხარეში მიიღება მთიან ზონაში მტების ფერდობებისა და გორაკების დაქანებებზე გაშენებული ვენახებიდან. სამეგრელოს მთიანი ზონა შეიძლება გაიყოს მეღვინეობის შემდეგ მიკრორაიონებად:
მდინარე აბაშის და ტეხურის შუა დინაების მთაგორიანი ზოლი, რომელიც მოიცავს მარტვილის მუნიციპალიტეტს მთლიანად და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ზემო ნაწილს. მდინარე ხობის და ჭანისწყლის (ჭანწყარი) შუა დინების გასწვრივ მდებარე ზოლი. მდინარე ენგურის (ინგირი) მარცხენა მხარე. მეღვინეობის ძირითადი მიმართულების შესაბამისად სამეგრელოს სარაიონო სტანდარტულ ასორტიმენტში შეტანილია:
- ა) ხარისხოვანი სუფრის ღვინოების მისაღებად ჯიშები: ოჯალეში, ცოლიკოური და ლიგოტე.
- ბ) ბუნებრივად ნახევრად ტკბილი ღვინის დასამზადებლად — ოჯალეში.
- გ) სასუფრე ყურძნისათვის გათვალისწინებულია ჯიშები: შასლა, მალვაზია და თითა განჯური.
- დ) საკონიაკე ღვინომასალის წარმოებისათვის პერსპექტიულის ჯიშები: ცოლიკოური, პანეში და სხვა.
საქართველოში მევენახეობის წინსვლას წარსულში ხელს უწყობდა სამუშაო პროცესების ნაკლები სირთულე. ვაზი არ საჭიროებდა მყნობას და წამლობას. თანამედროვე მევენახეობის წინაშე კი მეტად რთული ამოცანების დასახული.
მყნობის აგროტექნიკის საკითხებიდან მეტად დიდი მნიშვნელობა აქვს საძირე-სანამყნო მასალის წესიერ შერჩევას და მყნობისათვის მომზადებას. სამყნობი მასალის ჯეროვნად დალბობისათვის აწყობენ სპეციალურ დასალბობ აუზებს. ნამყენი უნდა შეეწამლოს ბორდოს ხსნარით, აგრეთვე უნდა მოხდეს გოგირდის შეფრქვევა და სხვა.
იმ რაციონალურ ღონისძიებათა შორის, რომლებიც გავლენას ახდენენ ყურძნის მოსავალზე, აღსანიშნავია ვაზის შპალერზე დაყენება.
ნიადაგის ნაყოფიერების აღდგენისათვის მევენახეობაში ფართოდ იყენებენ სასუქს (სასურქი). ორგანული სასუქებიდა, გარდა ნაკელისა, ფართოდაა გამოყენებული ტორფი. ორგანულ სასუქებს აგრეთვე მიეკუთვნება მწვანე სასუქები. მისი ეფექტურობა თითქმის დადგენილია დასავლეთ საქართველოს მევენახეობის რაიონებისათვის. სასუქის შეტანა ვენახში, როგორც წესი, უნდა წარმოებდეს მტელ ფართობზე მოფანტვით, რის შემდეგ იგი 18-20 სმ სიღრმეზე უნდა ჩაიხსნას.
დიდი მნიშვნელობა აქვს აგრეთვე მორწყვას. მისი უხარისხოდ ან უდროოდ ჩატარება პროდუქციის მკვეთრ გაუარესებას იწვევს. თუ ტენით დეფიციტიან რაიონებში აუცილებელია საზამთროდ მორწყვა, დასავლეთში, კერძოდ სამეგრელოში, ამის საჭიროება არ არის.
ვაზის მოვლის ოპეარციებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია გასხვლა-ფორმირების საკითხი.
საქართველოს ყველა რაიონში ვაზის გასხვლის ძირითად ფორმად ძველტაგანვე მიღებულია გასხვლის ქართული წესი. რაიონის ეკოლოგიური პირობების მიხედვით მას ეძლევა სხვადასხვა სიმაღლის შტამპი (50-100 სმ) ერთი ან ორი სასხლავი რქით, ე. წ. სამამულითა და სანაყოფით. სამამულის (ნეკის) გასხვლა წარმოებს 2-3 კვირტზე, ხოლო სანაყოფისა — 8-10 კვირტზე.
კულტურა
განათლება
პირველი სასწავლებელი (სასულიერო) სამეგრელოში 1830 წელს ლევან V–ის დროს დაარსდა მარტვილში. XIX საუკუნეში ქართველ ხალხში გაძლიერდა განათლებისადმი მისწრაფება. თავდაპირველად სკოლები მონასტრებთან ერთად გაჩნდა,
ხოლო შემდგომ, მეფის რუსეთის მთავრობა იძულებული გახდა გაეხსნა დაწყებითი სასწავლებლები. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მხარის საგანმანათლებლო პროცესის განვითარებაში 1879 წელს დაარსებულმა „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ“, რომლის თაოსნობითა და ძალისხმევით სახალხო სკოლები იქნა გახსნილი. სამეგრელოს თითქმის ყველა სასოფლო საზოგადოებაში ფუნქციონირებდა დაწყებითი სკოლა, რამაც მოსახლეობის კულტურული დონის ამაღლებას დიდად შეუწყო ხელი.
XX საუკუნის დასაწყისში რეგიონში იყო 179 სკოლა. მის საგანმანათლებლო ცენტრს წარმოადგენდა ფოთი, სადაც მოქმედებდა ვაჟთა და ქალთა გიმნაზიები, საქალაქო და სახელოსნო სასწალებლები, ქალაქის ბიბლიოთეკა.
საბჭოთა ხელისუფელების დამყარების შემდეგ სახალხო განათლების სისტემის გარდაქმნას თან სდევდა ახალი სკოლების გახსნა და ბევრი სასკოლო შენობის აგება. მოსახლეობის მატების შესაბამისად იზრდებოდა მოსწავლეთა და მასწავლებელთა რიცხოვნება. ასე მაგალითად, 1957 სასწავლო წლის დასაწყისასთვის სამეგრელოში მოქმედებდა 379 ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა, 63.5 ათასი მოსწავლითა და 5.8 ათასი მასწავლებლით, 1970 წელს კი 422 სკოლა, 83.8 ათასი მოსწავლითა და 8.9 ათასი მასწავლებლით. 70–80–იან წლებში საქართველოში მიმდინარე სხვადასხვა სოციალურმა პროცესებმა საგანმანათლებლო სკოლებისადა მოსწავლეების შემცირება გამოიწვია. სამეგრელოში უკვე 1985 წელს 401 სკოლა და 70.4 ათასი მოსწავლე ირიცხებოდა, ხოლო 1990 წ. – 383 სკოლა და 66.8 ათასი მოსწავლე.
ხელოვნება
მხარეში თეატრის ისტორია XIX საუკუნეში იღებს სათავეს. ზუგდიდში პირველი სპექტაკლი მოლიერის „უნებლიეთ ექიმი“ 1869 წელს დადგა მწერალმა ანტონ ფურცელაძემ. 1907–1908 წლებში შექმნილ დრამწრეში უკვე 125 სცენისმოყვარე იყო გაერთიანებული.
1932 წელს, ქალაქში საგანგებოდ აშენებულ შენობაში, გაიმართლა გამართა სპექტაკლები უკვე პროფესიონალური დრამატული თეატრის რანგში აყვანილმა კოლექტივმა. 1959 წლიდან, ზუგდიდის თეატრი შალვა დადიანის სახელს ატარებს.
სამეგრელოში, თეატრალური ცხოვრების ცენტრი იყო აგრეთვე ფოთი, სადაც 1925 წელს, იუზა ზარდალიშვილის ხელლმძღვანელობით, თეატრი დაარსდა. 1936 წლიდან, იგი ახალ შენობაში გადავიდა, 1963 წელს მას ვალერიან გუნიას სახელი მოენიჭა. სანტერესო თეატრალური სპექტაკლები იდგმებოდა სენაკშიც, სადაც შესანიშნავი შენობა დგას, ამ თეატრში გამართულ წარმოდგენებში ერთ დროს მონაწილეობდა ქართული თეატრის უთვალსაჩინოესი დიდოსტატი აკაკი ხორავა.
საბჭოთა პერიოდში მხარეში ფართოდ იყო განვითარებული მხატვრული თვითშემოქმედება, იქმნებოდა მხატვრული კოლექტივები მუსიკალური, თეატრალური, ქორეოგრაფიული, სახვითი, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ჟანრებში, სადაც გაერთინებული იყვნენ სხვადასხვა პროფესიისა და ასაკის ადამიანები. ამ კულტურული საქმიანობის პოპულარიზაციას დიდად უწყობდა ხელს თვითშემოქმედების ოლიმპიადები, ფესტივალები, დათვალიერებები, კონკურსები, რომლებმაც ბევრი ნიჭიერი და თვითმყოფადი შემოქმედი გამოავლინა.
განსაკუთრებულ მნიშვნელოვან როლს თამაშობდა მხარის მოსახლეობის კულტურულ ცხოვრებაში ხალხური შემოქმედების ანსამბლები, რომლებიც არა მარტო რაიონულ ცენტრებში მოქმედებდა არამედ ბევრ სოფელშიც მოქმედებდა.
მედიცინა
მკურნალობის კულტი სამეგრელოში, დიდი ხნის წინ არის შექმნილი: არქანჯელო ლამბერტის გადმოცემით, რომელიც XVII საუკუნის პირველ ნახევარს ეხება „მთელ კოლხეთში მეტად მიღებული არიან ექიმები და ხალხს ისე არაფერი არ ენატრება, როგორც ექიმის ხელობა“[6]. მისი დაკვირვებით, სამეგრელოს მცხოვრებნი მეტად მოწადინებულნი არიან შეისწავლონ რაიმე წამალი და ცდილობენ სხვებსაც ასწავლონ. უფრო ცნობისმოყვარეებს ბევრი წამალი აქვთ შესწავლილი და საგანგები წიგნში ჩაწერილი. მას კარაბადინი ჰქვია, სადაც წერია სხვადასხვა საცხებლები. აბები და სასმელები. სამეგრელოში არიან ქალები, რომელნიც სიამოვნებით ეტანებიან ავადმყოფთა მოვლას, უნიშნავენ კვების რეჟიმს, უკეთებენ წამლებს.
რეგიონის დაბლობ ნაწილში, კოლხეთის დაბლობის დაჭაობებული ტერიტორიები და ნოტიო სუბტროპიკული ჰავა, წინათ მნიშვნელოვან სიძნელეებს უქმნიდა ადამიანების ცხოვრებასა და ჯანმრთელობას. XIX საუკუნის მეორე ნახევარში მოსახლეობაში ფართოდ გავრცელდა მალარია, რომელიც არა მარტო სპობდა ადამიანთა სიცოცხლეს, არამედ გადარჩენილების ორგანიზმის დასუსტებას და იმუნიტეტის დაქვეითებას იწვევდა. ამ პერიოდში სენაკის მაზრის ყოველ 1000 მცხოვრებზე წელიწადში ეპიდემიური დაავადების 152, ხოლო ზუგდიდის მხარეში 113 შემთხვევა მოდიოდა.
ტურიზმი
სამეგრელოს საკურორტო პოტენციალი წარმოდგენილია კლიმატურ-საკურორტო (მთის, ზღვის ჰავა), პლაჟურ-საკურორტო (ზღვის წყალი, ქვიშა, მზის ნათების ხანგრძლივობა), ჰიდრომინერალური (თერმული და მინერალური წყაროები) რესურსებით. მათ ბაზაზე საბჭოთა პერიოდში განვითარებული იყო საკურორტო მეურნეობა, რომელიც სიმძლავრით და განვითარების დონით ჩამოუვარდებოდა აფხაზეთისა, აჭარის და ბორჯომ-ბაკურიანის საკურორტო რაიონებს.
|
|
სპორტი
სამეგრელო, ფიზიკური ვარჯიშების, ხალხური თამაშობების და სპორტის ეროვნული სახეობების განვითარების მხრივ ცნობილ ისტორიულ მხარედ ითვლება. მისი ეთნოგრაფია მდიდარია ფიზიკური აღზრდის და ხალხური თამაშების ამსახველი მასალებით. მშვილდოსნობა, ცხენოსნობა, ნიშანში სროლა, ჭიდაობა და სხვ. საუკუნეების მანძილზე თაობიდან თაობას გადაეცემოდა და ადამიანებს უვითარებდა სიმარდეს, სისწრაფეს, ფიზიკურ ძალას, სიზუსტეს, მოხერხებულობას და სხვა ვაჟკაცურ თვისებებს.
არქანჯელო ლამბერტი თავის „სამეგრელოს აღწერაში“ საინტერესო ცნობებს იძლევა მხარეში გავრცელებული თამაშების შესახებ. „ჭადრაკსა და ნარდს უფრო ქალები ეტანებიან, ვიდრე კაცები და ისე მარდად და ხელოვნურად თამაშობენ, რომ საუცხოო სანახავია. ბანქო იშვიათია და მხოლო უდიდებულესი თავადები თამაშობენ.“ აღწერს აგრეთვე პოპულარულ ყაბახსა და მხედრების ჩოგნით ბურთის თამაშს (ცხენბურთს), რომელიც საღამომდე ბრძლედებოდა და დიდად გასართობ და სასიამოვნო ვარჯიშობად მიაჩნია.
მეგრელების ცხენისადმი სიყვარულის ტრადიცია ამ ცხოველის მოშენების, გახედნის, მათი შეჯიბრების მოწყობის დიდ უნარსა და მხედრულ ოსტატობაშიც გამოიხატებოდა. სამეგრელოში ცხენს საგანგენო გამხედნავი (მწვრთნელი) ჰყავდა, რომელიც მას ალურში ანუ სიარულში ავარჯიშებდა. ცხენის სვლებს თავისი სახელი ჰქონდა: „ლაფშური“ (ჩქარი ნაბიჯით სიარული), „ძარგვალი“ (ძუნძულით სიარული), „თოხარიკი“ (იორღა) – მარდად და კოხტად სიარული და ა. შ.
საქართველოში და კერძოდ სამეგრელოში ძალიან იყო გავრცელებული დოღი, რომელიც გარდაცვლილი მამაკაცის წლისთავზე იმართებოდა და მასში მონაწილეობდა ყველა, ვისაც კი მიცვალებულის პატივისცემა სურდა. მარულას (საგანგებოდ ნავარჯიშევი ცხენების შეჯიბრი გრძელ 20–25 კმ-იან დისტანციაზე), წელიწადში რამდენიმეჯერ აწყობდნენ დიდ დღესასწაულებთან დაკავშირებით. დოღში და მარულაში გამარჯვებულებს დიდი სახელი და ჯილდო (დროშა, ფული, ნივთები) ელოდათ. იმართებოდა სხვა საცხენოსნო შეჯობრებებიც: „კიდირობა“, „ისინდუა“ (ხელშუბების სროლა), „თარჩია“ (ბაირაღების გატაცება) და სხვა.
მხარის სპორტული განვითარებისთვის ერთგვარი სასიკეთო ნაბიჯი გადაიდგა 80-იან წლებში. კერძოდ ზუგდიდში, აშენდა ენგურის ქაღალდკომბინატის სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსი (დახურული საცურაო აუზი, სპორტული დარბაზები, მოედნებით, სარეაბილიტაციო ბაზით), ხოლო ხობში – დიდი სპორტული კომპლექსი. იგი უნიკალური იყო საქართველოში თავისი 50-მეტრიანი საცურაო აუზით და ორიათასადგილიანი ტრიბუნით, მეორე აუზი სახტომი კოშკით და ორი საჭყუმპალაოთი, საცურაო კომპლექსთან მიშენებული ადმინისტრაციული შენობით, (სადაც მოთავსებული იყო ასადგილიანი სასტუმრო, საკონფერენციო დარბაზი, სპორტსმენთა დასასვენებელი კუთხეები) მის გვერდით განლაგებული ფეხბურთის სარბენ ბილიკიანი სტადიონით, ღია მოედნით.
ქვეყნის მასშტაბით გამოირჩეოდა ფოთში საერთაშორისო სტანდარტების დონეზე შექმნილი საწყალოსნო-სათხილამურო ბაზა მალთაყვის ტყე-პარკში, რომელმაც 1991 წელს ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლა. ქალაქს გააჩნდა ასევე საიალქნო კლუბი ნავსადგურის აკვატორიაში. იქვე ფუნქციონირებდა 50-მეტრიანი საცურაო 300-ადგილიანი ტრიბუნით.
გალერეა
წალენჯიხა:
ზუგდიდი:
სენაკი
Комментариев нет:
Отправить комментарий