суббота, 21 апреля 2018 г.

                 მსოფლიო საეკლესიო კრება

                                    


                              მსოფლიოს პირველი საეკლესო კრება ნიკეაში.
უმაღლესი ქრისტიანული სამღვდელოების კრება, რომლებზედაც წყდება უმნიშვნელოვანესი საეკლესიო საკითხები, აწესებენ სარწმუნოებისა და კულტის ნორმებს, ასწორებენ ან ადგენენ ახალ წესებს, აფასებენ ან უარყოფენ სხვადასხვა კონცეფციებს, განსაზღვრავენ ერესებთან ბრძოლის მეთოდებს, ამტკიცებენ დოგმებს და იღებენ ეკლესიის გაძლიერების ღონისძიებებს.
პირველ ხნებში იწვევდნენ ბიზანტიის იმპერატორების ინიციატივით, რომელიც თავჯდომარეობდა კიდეც კრებას.მართლმადიდებლური ეკლესიოლოგია და ეკლესიის ისტორია ამოწმებენ, რომ უმაღლესი საეკლესიო ხელისუფლების მატარებელი არის მსოფლიო ეპისკოპატი — მოციქულთა კრების მემკვიდრე, ხოლო მსოფლიო კრება არის ყველაზე სრულყოფილი საშუალება მსოფლიო ეპისკოპატის უფლებამოსილების ეკლესიაში განხორციელებისათვის. მსოფლიო კრებათა პირველსახეა მოციქულთა კრება იერუსალიმში. მსოფლიო კრების შემადგენლობის, უფლებამოსილების და მოწვევის პირობებთან დაკავშირებით საბოლოოდ დადგენილი დოგმატური ან კანონიკური განსაზღვრებები ან მისი მოწვევის უფლებამოსილი ინსტანციები არ არსებობს. ეს იმითაა განპირობებული, რომ მსოფლიო კრებაში მართლმადიდებლური ეკლესიოლოგია საეკლესიო ძალმოსილების უმაღლეს ინსტანციას ჭვრეტს, რომელიც უშუალოდ სულიწმინდის მიერ იმართება და შეუძლებელია რაიმე სახის რეგლამენტაციას დაექვემდებაროს. თუმცა კი მსოფლიო კრების შესახებ კანონიკური განსაზღვრებების არქონა ხელს არ უშლის იმ ისტორიული ცნობებისა და გარემოებების თავმოყრა-განზოგადების საფუძვეზე, რომელთა პირობებშიც მოიწვეოდა ხოლმე მსოფლიო კრება, ეკლესიის სტრუქტურასა და ცხოვრებაში არსებული ამ მეტად ქარიზმატული ინსტიტუტის ზოგიერთი ძირითადი შტრიხის გამოვლენას.
შვიდივე მსოფლიო საეკლესიო კრება იმპერატორმა მოიწვია. მაგრამ ეს ფაქტი არაა საკმარისი მიზეზი მსოფლიო საეკლესიო კრების სხვათა, სახელდობრ, საეკლესიო ინსტანციების მიერ მოწვევის შესაძლებლობის უარსაყოფად. შემადგენლობის მხრივ მსოფლიო კრება არის ეპისკოპოსთა კორპორაცია. პრესვიტერებსა და დიაკვნებს მასზე სრულუფლებიანი წევრის სტატუსით დასწრების ნება მხოოდ იმ შემთხვევაში ეძლეოდათ, როცა ისინი კრებაზე არმყოფ თავის ეპისკოპოსს წარმოადგენდნენ. არცთუ იშვიათად ისინი კრებებში მონაწილეობას იღებდნენ როგორც საკუთარი ეპისკოპოსების ამალაში მყოფი მრჩევლები. კრებაზე ასევე დაშვებული იყო მათი სიტყვის მოსმენა. ცნობილია, თუ როგორი მნიშვნელობა ჰქონდა მსოფლიო ეკლესიისათვის პირველ მსოფლიო საეკლესიო კრების მსვლელობაში ათანასე დიდის მონაწილეობას, რომელიც ნიკეაში დიაკონის ხარისხში, თავისი ეპისკოპოსის — წმინდა ალექსანდრე ალექსანდრიელის თანმხლებ ამალაში მყოფი ჩავიდა, მაგრამ კრებათა განჩნებებს ხელს მხოლოდ ეპისკოპოსები ან მათი მონაცვლეები აწერდნენ. გამონაკლისი მეშვდე მსოფლიო კრების აქტებია, რომლებსაც ეპისკოპოსებთან ერთად მასზე მონაწილე მღვდელმთავრის პატივის არმქონე მონაზვნებმაც მოაწერეს ხელი. ეს დაკავშირებული იყო იმ განსაკუთრებულ ავტორიტეტთან, რომელიც ბერ-მონაზვნებმა მოიპოვეს კრების წინარე ხატმებრძოლობის ეპოქაში ხატთაყვანისცემის მტკიცე აღმსარებლობითი დაცვის წყაობით და აგრეთვე იმ გარემოებით, რომ ამ კრების მონაწილე ზოგიერთმა ეპისკოპოსმა ხატმებრძოლებისათვის დათმობებით საკუთარი თავის კომპრომენტირება მოახდინა. მსოფლიო კრებების დადგენილებების ქვეშ იმპერატორების ხემოწერები პრინციპულად სხვაობდნენ ეპისკოპოსებისა და მათი მოადგილეების ხელმოწერისაგან. ისინი ოროსებს, კრებათა განსაზღვრებებს და კანონებს იმპერატორის კანონების ძალას ანიჭებდნენ და მათ უთანაბრებნენ.
ადგილობრივი ეკლესიები მსოფლიო კრებაზე სხვადასხვაგვარი სისრულით იყო წარმოდგენილი. მსოფლიო კრებებში რომის ეკლესიის მხოლოდ რამდენიმე წარმოამადგენელი იღებდა მონაწილეობას, თუმცა კი აღსანიშნავია, რომ ამ პიროვნებების ავტორიტეტი მაღალი იყო. მეშვიდე მსოფლიო საეკლესიო კრებაზე უკიდურესად მცირერიცხოვანი, თითქმის სიმბოლური იყო ალექსანდრიის, ანტიოქიისა და იერუსალიმის ეკლესიების წარმომადგენლობა. კრების მსოფლიოობის აღიარებას არასოდეს განაპირობებდა ყველა ადგილობრივი ეკლესიის პროპორციული დასწრება.
მსოფლიო კრებების კომპეტენცია უპირველეს ყოვლისა იყო სადაო დოგმატური საკითხების გადაწყვეტა. ესაა სწორედ მსოფლიო და არა ადგილობრივი კრებების უპირატესი და თითქმის ექსკლუზიური უფლება. წმინდა წერილისა და საეკლესიო გარდამოცემაზე დაყრდნობით კრებათა მამებმა დაამხეს ერეტიკული გაუკუღმართებანი, დაუპირისპირეს რა მათ კრებათა განსაზღვრებების საშუალებით სარწმუნოების მართლმადიდებლური აღსარება. მათ ოროსებში დაცული შვიდი მსოფლიო საეკლესიო კრების დოგმატური განსაზღვრებები თემატურად ერთიანდება. მასში სრულიად იშლება ტრინიტარული და ქრისტოლოგიური სწავლება. კრებათა სიმბოლოებსა და ოროსებში დოგმატების გადმოცემა უცდომელია, რაც ქრისტიანობაში აღიარებულ ეკლესიის უცდომელობას გამოხატავს.
დისციპლინარულ სფეროში კრებები გამოსცემდნენ კანონებს, რომლებიც საეკლესიო ცხოვრების რეგლამენტირებას ახდენდნენ და აგრეთვე ამტკიცებდნენ ადგილობრივი საეკლესიო კრებებისა და ეკლესიის წმინდა მამათა კანონებს. ამას გარდა ისინი ცვლიდნენ და აზუსტებდნენ ადრე მიღებულ დისციპლინარულ განსაზღვრებებს. მსოფლიო კრება ასამართლებდა ავტოკეფალური ეკლესიების მეთაურებს, სხვა იერარქებს და ეკლესიის ყველა წევრს, ანათემას უცხადებდა ცრუმოძღვრებსა და მათ მომხრეებს, გამოჰქონდა სასამართო დადგენილება საეკლესიო დისციპლინის დარღვევასთან ან საეკლესიო თანამდებობების უკანონოდ დაკავებასთან დაკავშირებულ საქმეებზე. ასევე მსოფლიო კრების უფლებამოსილებაში შედიოდა ადგილობრივი ეკლესიების სტატუსზე და საზღვრებზე მსჯავრის გამოტანა.
უაღრესად რთულია კრების დადგენილებების ეკლესიის მიერ მიღების და ამასთან კავშირში მსოფლიო კრების კრიტერიუმების საკითხი. კრების უცდომელობის, მსოფლიოობის ერთმნიშვნელოვნად განსაზღვრის გარეგნული კრიტერიუმები არ არსებობს, რადგანაც არ არსებობს აბსოლუტური ჭეშმარიტების გარეგნული კრიტერიუმები. ამიტომაც, მაგალითად, ამა თუ იმ კრების მონაწილეთა რაოდენობა ან მასზე წარმოდგენილ ეკლესიათა რიცხოვნობა არ არის მთავარი მისი სტატუსის განსაზღვრისას. წმინდა მაქსიმე აღმსარებელის სწავლებით, წმინდა და აღიარებული ის კრებებია, რომლებიც სწორად გადმოსცემენ დოგმატებს. ამასთანავე წმ. მაქსიმე უარყოფდა ცეზაროპაპისტულ ტენდენციასაც იმასთან დაკავშირებით, რომ კრებათა საყოველთაო ავტორიტეტი იმპერატორების მიერ მათი დადგენილებების რატიფიკაციაზე ყოფილიყო დამოკიდებული. „ადრინდელი კრებები რომ იმპერატორების ბრძანების მიხედვით დამტკიცებულიყო და არა მართლმადიდებლური სარწმუნოებით, — ამბობს ის, — მაშინ ის კრებებიც იქნებოდა მიღებული რომლებიც ერთარსების სწავლების წინააღმდეგ გამოდიოდნენ, რადგან ისინიც იმპერატორების ბრძანებით იყვნენ მოწვეულნი... ყველა მათგანი, მართლაც, იმპერატორის ბრძანებისამებრ შეიკრიბა, მაგრამ ამის მიუხედავად ყველა განსჯილია მათზე დამტკიცებული მკრეხელური სწავლებების გამო“.
უსაფუძვლოა რომაულ-კათოლიკური ეკესიოლოგიისა და კანონიკის პრეტენზიები იმასთან დაკავშირებით, რომ კრების აქტების აღიარება რომის ეპისკოპოსის მიერ მათ რატიფიკაციაზეა დამოკიდებული. მთავარეპისკოპოს პეტრეს(ლ'იულიე) შენიშვნით „მსოფლიო კრებაზე დამსწრე მამები არასოდეს თვლიდნენ, რომ მიღებული გადაწყვეტილებების ნამდვილობა რაიმე სახის შემდგომ რატიფიკაციაზე იყო დამოკიდებული... მიღებული ზომები და დადგენილებები სავალდებულო ხდებოდა კრების დამთავრებისთანავე და გადაუდებლად მიიჩნეოდა“. ისტორიულად კრების მსოფლიოდ საბოლოო აღიარებას მომდევნო კრება ახდენდა ხოლმე, ხოლო მეშვიდე კრება საყოველთაოდ, კონსტანტინოპოლის 879 წლის ადგილობრივ კრებაზე გამოცხადდა

Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...