четверг, 15 сентября 2022 г.

რბილი ძალა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                              რბილი ძალა

ჯოზეფ ნაის წიგნის გარეკანი, რომელშიც აღწერილია „რბილი ძალის“ კონცეფცია

(ინგლ. soft power) — საერთაშორისო პოლიტიკაში არსებული ცნება, რომელიც აღწერს ძალაუფლების გამოყენების, გავლენის გაზრდის არაძალადობრივ მეთოდს, როდესაც სამიზნე ობიექტის სურვილებისა და განწყობების განსაზღვრა ხდება მისი კეთილგანწყობის მოპოვების და არა იძულების გზით. უკანასკნელ პერიოდში, ტერმინი ასევე გამოიყენება სამთავრობო და არასამთავრობო პოლიტიკური ორგანიზაციების ლობისტური და ეკონომიკური პოლიტიკების გავლენით საზოგადოებრივი აზრის ცვლილების დახასიათებისას. ცნება 1980-იან წლებში ამერიკელმა პოლიტოლოგმა და მკვლევარმა ჯოზეფ ნაიმ დაამკვიდრა თავის ნაშრომში — „ამერიკული ძალის ცვალებადი ბუნება“.

ნაი აღნიშნავს:

ვიკიციტატა
„როდესაც ერთი სახელმწიფო სხვა სახელმწიფოებს აკეთებინებს იმას, რაც მას სურს, არა იძულების, არამედ თანამშრომლობის გზით, ამას ეწოდება რბილი ძალა, განსხვავებით ხისტი ძალისგან, რომელიც ბრაძანების გაცემას, დავალების მიცემას გულისხმობს.“
იმ პერიოდში მსოფლიოში მკვიდრდებოდა აზრი, რომ აშშ წარმოადგენდა იმპერიას, რომლის ძალაუფლება ნელ-ნელა სუსტდებოდა. თუმცა, ნაიმ თავისი ახალი ნაშრომით ამ აზრის უარყოფა სცადა. მისი მტკიცებით, ტრადიციული ეკონომიკური და სამხედრო ძალაუფლების თვალსაზრისით შესაძლოა აშშ-მა გლობალურ დონეზე დომინანტური პოზიცია დაკარგა, თუმცა მიუხედავად ამისა, მას რბილი ძალის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი უპირატესობა ჰქონდა საერთაშორისო ურთიერთობების სხვა აქტორებთან მიმართებით. ნაის თანახმად, იძულების გამოყენება ძალაუფლებრივ ურთიერთობებში სულ უფრო კარგავდა თავის მნიშვნელობას და ადგილს უთმობდა თანაარსებობის ახალ ფორმას, რომელიც კულტურული და იდეოლოგიური მიმზიდველობის საფუძველზე აღმოცენდება. ძალაუფლების ხელშეუხებელი წყაროები, როგორიცაა ინფორმაცია, ცოდნა და ურთიერთდამოკიდებულება სულ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს სახელმწიფოთა შორის ურთიერთობებში.

კონცეფცია მალევე აიტაცეს აკადემიკოსებმა და პოლიტიკოსებმა. სახელმწიფოებმა მიიღეს ძალაუფლების ეს ახალი გაგება და აქტიურად დაიწყეს მისი გამოყენება საგარეო პოლიტიკაში. შეიძლება ითქვას, რომ რბილი ძალის ცნებამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ცივი ომის შემდგომი საერთაშორისო ურთიერთობებისა და პოლიტიკის ჩამოყალიბებაში. მოგვიანებით, თავის 2004 წლის ნაშრომში „რბილი ძალა: წარმატების საშუალება მსოფლიო პოლიტიკაში“ ნაიმ დამატებით განმარტა, რომ კულტურა, იდეოლოგია და ინსტიტუტები წარმოადგენს რბილი ძალის წყაროებს, რომელთა მეშვეობითაც სახელმწიფო მისი ძალაუფლებისა და პოლიტიკის ლეგიტიმაციას ახდენს სხვების თვალში. რბილი ძალა არის უნარი, განსაზღვრო დღის წესრიგი და თამაშის წესები.

არსებობს არაერთი მედია სააგენტო თუ პოლიტიკური კვლევითი ინსტიტუტი, რომელიც სხვადასხვა კრიტერიუმების საფუძველზე, სახელმწიფოთა „რბილი ძალის“ შეფასებას ახდენს. ამერიკული პოლიტიკური საკონსულტაციო სააგენტოს „Portland Communications“ ყოველწლიური გამოცემა „რბილი ძალა 30“-ის და სამხრეთ კაროლინის საჯარო დიპლომატიის ცენტრის მიერ 2018 წელს „რბილი ძალის“ მოწინავე ლიდერად გაერთიანებული სამეფო დასახელდა. მას მოჰყვება ისეთი ქვეყნები როგორიცაა საფრანგეთი, გერმანია, აშშ, იაპონია, კანადა, შვეიცარია, შვედეთი, ნიდერლანდები, ავსტრალია და დანია. 2016-2017 წლებში საერთაშორისო გამოშვება „Monocle“-ის მიერ განხორციელებული რბილი ძალის კვლევის შედეგად მსოფლიო ლიდერად აშშ დასახელდა. 2019 წელს Monocle და Soft Power 30-ის შეფასებით საფრანგეთი დაწინაურდა.
იხ. ვიდეო - როგორ მოქმედებს რუსეთის რბილი ძალა საქართველში რუსეთის და პუტინის აგენტები (  ვინც იხდის ის უკვეთვას სიმღერას)

                                              ცნების აღწერა

ჯოზეფ ნაისთვის, ძალაუფლება არის უნარი, გავლენა მოახდინო სხვების ქცევაზე, რათა მიიღო შენთვის სასურველი შედეგები. არსებობს ამის მიღწევის უამრავი გზა: სამიზნე ობიექტის იძულება შანტაჟით, მოსყიდვა, ან მოხიბვლა, რათა მას მოუნდეს ის, რაც თავად გსურს. ასეთი რბილი ძალა ადამიანებს უბიძგებს თანამშრომლობისკენ. რბილ ძალას განასხვავებენ „ხისტი ძალისგან“, რომელიც მოსყიდვას და იძულებას მოიაზრებს. რბილი ძალა შესაძლოა გამოყენებულ იქნეს არა მხოლოდ სახელმწიფოების, არამედ საერთაშორისო პოლიტიკის სხვა აქტორების მიერ, მაგალითად — არასამთავრობო ორგანიზაციები, საერთაშორისო ინსტიტუტები და სხვა. ნაის განმარტებით, სახელმწიფოს რბილი ძალა სამ წყაროს ეყრდნობა: კულტურას, პოლიტიკურ ღირებულებებსა და საგარეო პოლიტიკას.

სახელმწიფომ შესაძლოა მიაღწიოს მისთვის სასრუველ შედეგებს გლობალურ პოლიტიკურ დონეზე, მაშინ, როდესაც სხვა სახელმწიფოები თაყვანს სცემენ რა მის ღირებულებებს და ბაძავენ რა მის კეთილდღეობის მაგალითს, მისდევენ მის რეკომენდაციებსა და რჩევებს. ამ თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია, დღის წესრიგის განსაზღვრა, რომელსაც სხვები გაჰყვებიან, ვიდრე სამხედრო ძალის თუ ეკონომიკური სანქციების გამოყენება. ამასთან, აღსანიშნავია, რომ სახელმწიფოებისთვის რბილი ძალის გამოყენება უფრო მეტ სირთულეებთანაა დაკავშირებული, ვიდრე ხისტი ძალის, რასაც ნაის განმარტებით ორი რამ განაპირობებს: ერთის მხრივ, მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რესურსების უდიდესი ნაწილი მთავრობის კონტროლის მიღმაა; მეორეს მხრივ, რბილი ძალა ირიბად მოქმედებს, აყალიბებს რა გარემოს კონკრეტული პოლიტიკების გასატარებლად და ხშირად, სასურველი შედეგების მიღებას წლები სჭირდება.

2011 წლის ნაშრომში „ძალაუფლების მომავალი“ ნაი აღნიშნავს, რომ „რბილი ძალა“ დესკრიფციული და არა ნორმატიული კონცეფციაა. ამდენად, მისი გამოყენება სხვადასხვა მიზნით შეიძლება. იგი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ურთიერთობების რეალიზმის თეორიას. „რბილი ძალა არ წარმოადგენს იდეალიზმის ან ლიბერალიზმის ფორმას. იგი უბრალოდ ძალაუფლების ფორმაა, სასურველი მიზნების მიღწევის ერთ-ერთი საშუალება“.

ზოგიერთი მკვლევარი მიიჩნევს, რომ ზღვარი რბილ და ხისტ ძალას შორის, ხშირად, ძალიან ბუნდოვანია. მაგალითად, Janice Bially Mattern-ის მტკიცებით, როდესაც აშშ-ს პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა ცნობილი ფრაზა გამოიყენა „ან ჩვენთან ხართ ან ტერორისტებთან“, აღნიშნული რეალურად ხისტი ძალის დემონსტრირებას წარმოადგენდა. მართალია სამხედრო და ეკონომიკური იძულების მეთოდები არ ყოფილა გამოყენებული, სახელმწიფოები იძულებულები იყვნენ კოალიციას შეერთებოდნენ, ვინაიდან წინააღმდეგ შემთხვევაში მათ სტატუსს და რეპუტაციას დაემუქრებოდა საფრთხე. ამდენად, მატერნის განცხადებით, რბილი ძალა თავისი არსით სულაც არ არის რბილი.

უკანასკნელ პერიოდში მკვლევართა ნაწილი მიიჩნევს, რომ საერთაშორისო ურთიერთოების არენაზე ახალი ძალების გამოჩენასთან ერთად [იგულისხმება ჩინეთი], რბილი ძალის განხორციელების მიდგომებიც შეიცვალა და იგი უფრო მეტად თავდაცვითი მიზნებით გამოიყენება.

                          საზომი კრიტერიუმები

რბილი ძალის გასაზომად კრიტერიუმების შემუშავების პირველი მცდელობა ჰქონდა სამთავრობო და მედია კომპანია Monocle-ს 2010 წელს. მონოკლის „რბილი ძალის ინდექსი“ აერთიანებდა სტატისტიკური საზომი ერთეულებისა და სუბიექტური ქულების სისტემას, რომლის საფუძველზეც 26 სახელმწიფოს რბილი ძალის რესურსების შეფასება ხდებოდა. შეფასების ჩარჩო მოიცავდა ხუთ ქვე-ინდექსს, მათ შორის — კულტურას, დიპლომატიას, განათლებას, ბიზნესს/ინოვაციას და მთავრობას. საზომი ინდექსი ითვალისწინებს არა სახელმწიფოების გავლენების, არამედ, მათ მიერ ხსენებულ სფეროებში დახარჯული რესურსების გაზოვმას. მას შემდეგ, მონოკლი ყოველწლიურად აქვეყნებს „რბილი ძალის კვლევის“ შედეგებს. 2016-2017 წლებისთვის შეფასება ხდებოდა უკვე 50 ფაქტორის დათვლით. აღნიშნულ კრიტერიუმებს შორისაა, კულტურული მისიების რაოდენობა, მოპოვებული ოლიმპიური მედლების რაოდენობა, სახელმწიფოს არქიტექტურისა და ბიზნეს ბრენდების ავტორიტეტი/ხარისხი და სხვ.

ელკანოს გლობალური წარმომადგენლობის ყოველწლიური ანგარიში, რბილი ძალის ნაწილში ევროკავშირს აძლევს უმაღლეს შეფასებას. ისტორიულად, ეროვნული ძალაუფლების შეფასების დომინანტურ საზომს წარმოადგენდა ხისტი ძალა, რომელიც რაოდენობრივი მაჩვენებლებით იზომებოდა, როგორიცაა ქვეყნის მოსახლეობა, სამხედრო აღჭურვილობის მოცულობა, მშპ და სხვა. თუმცა, ამგვარი რესურსების არსებობა, აუცილებლად არ განსაზღვრავს სახელმწიფოს გავლენას გლობალურ დონეზე.

რბილი ძალის წარმატება მნიშვნელოვანწილად დამოკიდებულია აქტორის რეპუტაციაზე საერთაშორისო საზოგადოებაში, ისევე როგორც ინფორმაციის მიმოცვლაზე აქტორებს შორის. რბილ ძალას ხშირად აკავშირებენ გლობალიზაციისა და ნეოლიბერალური საერთაშორისო ურთიერთობების თეორიების ზრდასთან. პოპ-კულტურა და მასმედია როგორც წესი რბილი ძალის ერთ-ერთი მნიშვნელოვან წყაროდ განიხილება. კერძოდ, ერთ-ერთი უკანასკნელი კვლევით დადგინდა, რომ საერთაშორისო მედია არსებითად განსაზღვრავს სახელმწიფოთა იმიჯს და რეპუტაციას. საერთაშორისო ახალ ამბებში აშშ-ს ფართო წარმომადგენლობას მის რბილ ძალას უკავშირებენ.

სადისკუსიო საკითხები

რბილი ძალის ირგვლივ მკვლევართა შორის დისკუსია და აზრთა სხვადასხვაობაა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა:

  • მისი სარგებლიანობა;
  • რა ურთიერთმიმართებაა რბილ და ხისტ ძალას შორის;
  • როდის არის რბილი ძალა იძულებითი და მანიპულაციური?;
  • რბილი ძალა და ნორმატიული ძალა ევროპაში;
  • როგორ შეიძლება რბილი ძალის გამოყენება სამოქალაქო დაუმორჩილებლობის დროს?;
  • როგორ კონვერტირდება რბილი ძალის „რესურსები“ მის „შედეგებად“ და რა უკუჩვენებები შეიძლება ახლდეს თან.

ერთ-ერთი მოსაზრების თანახმად, სახელმწიფოს მიერ გამოყენებული „რბილი ძალა“ მნიშვნელოვნად ზრდის მის ექსპორტს.

მაგალითები

ცივი ომის დასრულების შემდეგ, დასავლური ლიბერალიზმი, დემოკრატიული ღირებულებები და საბაზრო ეკონომიკა, სახელმწიფო სისტემისა და საზოგადოებრივი მოწყობის ერთადერთ უალტერნატივო ნიმუშად განიხილებოდა. პოლიტიკური თეორეტიკოსის, ფრენსის ფუკუიამას ცნობილი ფრაზაც „ისტორიის დასასრული“, ამ უალტერნატივობაზე მიუთითებდა. აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები და ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები ენთუზიაზმით შეუდგნენ დემოკრატიზაციის ხანგრძლივ პროცესს და მათი შიდა თუ საგარეო პოლიტიკის ფორმირებაში დასავლური ინსტიტუტებისა და კულტურის როლი მნიშვნელოვანწილად გაიზარდა. აქ პირველ რიგში იგულისხმება ისეთი საერთაშორისო ორგანიზაციები, როგორიცაა მსოფლიო სავალუტო ფონდიმსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციამსოფლიო ბანკი და ევროკავშირი1990-2010 წლებში ლიბერალური დემოკრატიების რაოდენობა, თავისუფლების სახლის თანახმად, 100-დან 150-მდე გაიზარდა. ხოლო Wall Street Journal-ის მიერ დადგენილი კრიტერიუმების საფუძველზე, საბაზრო კაპიტალისტური ეკონომიკების რაოდენობა 40-დან 100-მდე. აღნიშნული მონაცემები, სწორედ დასავლური ქვეყნების „რბილი ძალის“ გავლენებზე მიუთითებენ.

აშშ-ს მსოფლიოში ყველაზე ფართო დიპლომატიური ქსელი აქვს, უცხოელი ჟურნალისტების ყველაზე დიდი რაოდენობა და საერთაშორისო სტუდენტებისთვის ყველაზე სასურველი ქვეყანაა უმაღლესი განათლების თვალსაზრისით. ამერიკულმა ფილმებმა, მუსიკამ, ტელევიზიამ, პოპ-კულტურამ და მოდის ტენდენციებმა მნიშვნელოვანი წილი შეიტანეს დანარჩენი კულტურების ამერიკანიზაციაში.

რბილი ძალა სცდება სამთავრობო საქმიანობებს და მოიცავს როგორც კერძო სექტორის, ისე საზოგადოებისა და კულტურის ფართო სფეროებს. საინფორმაციო ერამ, მნიშვნელოვნად გაზარდა არასამთავრობო აქტორების როლი რბილი ძალის წარმოებაში, პირველ რიგში გლობალური მედიის - ინტერნეტის გამოყენებით. თუ ადრე სხვადასხვა ორგანიზაციები ტრადიციული გზებით ცდილობდნენ ხელისუფლებებზე გავლენის მოხდენას, დღეს ინტერნეტის მეშვეობით შესაძლებელია კიბერ საადვოკატო კამპანიების წარმოება ნებისმიერ საკითხზე, და ამგვარად გლობალურ დონეზე გავლენების მოპოვება.

გლობალური მედია კორპორაციების (CNNBBC) როლი საერთაშორისო პოლიტიკისა და დღის წესრიგის განსაზღვრაში უკანასკნელ ათწლეულებში განუსაზღვრელად გაიზარდა. ზოგიერთი მკვლევარის აზრით, პოლიტიკოსებმა გადაწყვეტილებების მიღების ძალაუფლება CNN და მსგავსი მედია-მაგნატების სასარგებლოდ დაკარგეს. ამერიკულმა ბეჭდურმა გამოცემებმა, რადიომ და ტელევიზიამ, როგორიცაა მაგალითად Radio SawaAl Hurrahამერიკის ხმა, მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს ახლო აღმოსავლეთში ამერიკული გავლენების ზრდაში.

თუმცა, მკვლევართა და საერთაშორისო ურთიერთობების ანალიტიკოსთა ნაწილი მიიჩნევს, რომ დასავლური „რბილი ძალა“ კარგავდ თავის დომინაციას გლობალურ დონეზე და ადგილს ჩინეთს უთმობს, რომელმაც კონცეფციას ახალი შინაარსი შესძინა. ჩინური „რბილი ძალა“ ნაკლებ ინვაზიურია და უმეტესად ეკონომიკურ ფაქტორებს ემყარება.

რბილი ძალა და საქართველო

2017 წლის 21 აპრილს საქართველოს მთვარობამ მიიღო თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვის დოკუმენტი, სადაც რუსეთის რბილი ძალა სახელმწიფოს მიერ ოფიციალურად აღიარეს ქვეყნის უსაფრთხოების ერთ-ერთ მთავარ საფრთხედ. აღნიშნული წარმოადგენს სახელმწიფო სტრატეგიულ დოკუმენტში „რბილი ძალის“ ცნების გამოყენების პირველ შემთხვევას.



Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...