ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет - როკ-მუსიკა
ბრაიან ადამსი
(ინგლ. Bryan Guy Adams; დ. 5 ნოემბერი, 1959, კინგსტონი, ონტარიო, კანადა) — კანადელი როკ-მუსიკოსი, გიტარისტი, სიმღერის ტექსტების ავტორი და ფოტოგრაფი.
პოპულარულ მუსიკაში შეტანილი წვლისა და ქველმოქმედების გამო ადამსი დაჯილდოებულია კანადისა და ბრიტანული კოლუმბიის ორდენებით.
ადამსი დაიბადა კინგსტონში, ონტარიოში, ინგლისელი მშობლების ოჯახში, მაგრამ მის გვარში ასევე არიან მალტელებიც — აღსანიშნავია მალტელი ბებია.
1960-იან წლებში ბრაიანის მამა, რომელიც დიპლომატი იყო, მოგზაურობდა სხვადასხვა ქვეყანაში და ოჯახიც თან დაჰყავდა.
1970-იანები
მოზარდი ბრაიანი იზრდებოდა პორტუგალიაში, ლისაბონიდან 25 კილომეტრის მოშორებით. იგი იმდენად იყო დაინტერესებული მუსიკით, რომ გოგონებსაც კი ნაკლებად ყურადღებას უთმობდა. 16 წლის ასაკში იგი უკრავდა სხვადასხვა ბარსა და კლუბში - განსაკუთრებით აღსანიშნავია ჯგუფები Shock და Sweeney Todd. შემოსავლის გაზრდის მიზნით, ბრაიანი რეცხავდა ჭურჭელს, ყიდდა შინაური ცხოველების საკვებს და მუშაობდა მუსიკალურ მაღაზიებში. ვანკუვერის ერთ-ერთ ასეთ მაღაზიაში მან გაიცნო მუსიკოსი ჯიმ ველენსი (დასარტყმელი საკრავები) და სწორედ იმ დროიდან, დღემდე მასთან მუშაობს. ველენსი ეძებდა ვოკალისტს, ხოლო ადამსი - მუსიკალურ წარმატებას.
1978 წელს, 18 წლის ასაკში ადამსმა გაუგზავნა რამდენიმე ჩანაწერის დემო ვერსია კომპანიას A&M Records (ტორონტოში) და მალე გახდა მისი კლიენტი, მოაწერა რა ხელი კონტრაქტს. ამ ლეიბლზე მან დღემდე 14 ალბომი გამოსცა. იმ პერიოდში დაწერილი სიმღერებიდან რამდენიმე გამოჩნდა სხვა ალბომებზე, გადამუშავებული სახით - მაგალითად, „I'm Ready“, რომელიც შევიდა ცნობილ ალბომში Cuts Like a Knife
1980-იანები
მუსიკოსის ალბომი Bryan Adams, რომელიც 1980 წელს გამოიცა, წარმატებული დებიუტი გამოდგა. სიმღერების უმრავლესობა ჩაწერილი იქნა 2 თვის განმავლობაში, ტორონტოში მდებარი მანტას სტუდიაში. 1986 წელს კანადაში მას ოქტოს სტატუსიც მიენიჭა.
1980-იანი წლების დასაწყისში ადამსმა და ველენსმა ასევე შექმნეს რამდენიმე სიმღერა ველენსის საკუთარი ჯგუფისთვის Prism.
ბრაიანის მეორე ალბომი You Want It You Got It ჩაწერილი იქნა ნიუ იორკში, სულ 2 კვირის განმავლობაში და იქცა პირველ დისკად, რომლის პროდიუსერიც იყო ბობ კლირმაუნტინი. იგი გამოვიდა 1981 წელს. მიუხედავად წარმატებული სიმღერისა Lonely Nights, ნამდვილად სენსაციად იქცა მესამე დისკი Cuts Like A Knife (1983). ამ ალბომიდან გამოვიდა ოთხი წარმატებული სინგლი, მათ შორის - სასათაურო სიმღერაც. კომერციული წარმატების პიკი იყო #8 ადგილი ბილბორდის ჩარტში.
შემდეგი ალბომი იყო Reckless. იგი გამოვიდა 1984 წელს, ბრაიანის დაბადების დღეზე და მოხვდა ბილბორდის ჩარტის #1 ადგილზე. წარმატება უზრუნველყო ექვსმა სინგლმაც. პირველად ბრაიანის სიმღერა მოხვდა #1 ადგილზე სინგლების ჩარტებში - ეს იყო Heaven. აშშ-ში ალბომი ხუთი გზის პლატინის მფლობელი გახდა.
1984 წელს ტინა ტერნერთან ჩაწერილმა დუეტმა „It's Only Love“ დიდი წარმატება მოიპოვა. იგი ნომინირებული იქნა გრემიზე, წლის საუკეთესო როკ ვოკალური შესრულებისათვის.
ადამსის 1987 წელის დისკმა Into the Fire ასევე მოიპოვა პლატინის სტატუსი. ეს იყო უკანასკნელი ალბომი, რომელიც მთლიანად მხოლოდ ადამსმა და ველენსმა შექმნეს, მაგრამ მისი ჟღერადობა შენარჩუნდა შემდეგ ალბომზეც, Waking up the Neighbours.
დიდი წარმატების ტალღაზე ბრაიანმა გამოსცა პირველი საკონცერტო ალბომი Live! Live! Live!, რომელიც ჩაწერილი იქნა ბელგიაში, 1988 წლის 3 ივლისს. იგი ასევე გადაიცემოდა ტელევიზიების CBC (კანადა) და MTV (მსოფლიო მასშტაბით) ეთერში.
იხ. ვიდეო❤❤ (Everything I Do) I Do It For You (Official Music Video) - (ყველაფერი რასაც ვაკეთებ) ვაკეთებ შენთვის❤❤
1990-იანები
1990-იანი წლების დასაწყისში მუსიკოსის წარმატება კვლავ გრძელდებოდა. ამ პერიოდში გამოცემული ალბომებიდან პირველი იყო Waking up the Neighbours (პროდიუსერები: ადამსი და რობერტ ლენჯი). 1991 წელს გამოსულ დისკში ასევე შეტანილი იყო „(Everything I Do) I Do It for You“, ფილმიდან „რობინ ჰუდი: ყაჩაღების პრინცი“. იგი იქცა ბრაიანის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ სინგლად, რამაც ალბომსა და სინგლს უამრავი ჯილდო მოუტანა.
შემდეგი ალბომი იყო ყოფილი წარმატებების შეჯამება - კრებული So Far So Good, რომელშიც ასევე ახალი სიმღერაც, „Please Forgive Me“ შეიტანეს. სინგლის წარმატება აღინიშნა #1 ადგილით კანადის, ავსტრალიისა და სხვა ქვეყნების ჩარტებში, ხოლო ალბომი ხუთჯერ პლატინის სტატუსით დაჯილდოვდა.
იმავე წელს, სტინგთან და როდ სტიუარტთან ერთად, მაიკლ კემენის არანჟირებით ჩაწერილი იქნა სიმღერა „All for Love“, რომელმაც გაიჟღერა 1993 წლისფილმში „სამი მუშკეტერი“.
1995 წელს ბრაიანმა გამოსცა თავისი ავტობიოგრაფიული წიგნი Bryan Adams (გამომცემლობა Firefly Books).
1996-1999 წლებში იგი უშვებდა თითო ალბომს. პირველი ასეთი იყო 18 til I Die, ცნობილი სიმღერით „Have You Ever Really Loved a Woman?“ (რომელშიც აგრეთვე უკრავდა პაკო დე ლუსია), ფილმიდან „დონ ხუან დემარკო“. ეს იქცა ბრაიანის მესამე #1 კანადაურ და ავსტრალიურ სინგლად. მან ასევე მოუტანა ბრაიანს მეორე ოსკარი (წლის საუკეთესო სიმღერისათვის კინოფილმიდან). ალბომი გაიყიდა 1 მილიონზე მეტი ასლის ოდენობით (აშშ).
1997 წელს გამოიცა ბრაიანის აკუსტიკური კონცერტის, Bryan Adams MTV Unplugged ჩანაწერი. 1998 წელი აღსანიშნავი იყო დისკით On a Day Like Today, 1999 კი - კრებულით The Best of Me. ამ წლების განმავლობაში ჩაწერილი იქნა დუეტები „Rock Steady“ (ბონი რაიტთან ერთად), „I Finally Found Someone“ (ბარბრა სტრეიზანდთან ერთად) და „When You're Gone“ (მელანი სისთან ერთად)
2000-იანები
2000 წელს ბრაიანი გამოჩნდა ფრანგი დიჯეის, Chicane-ის სიმღერაში „Don't Give Up“. იგი იქცა #1 ჰიტად ბრიტანეთში. აღსანიშნავია, რომ მანამდე Chicane დაეხმარა ბრაიანს სიმღერის „Cloud Number Nine“ რემიქსის არანჟირებაში.
2001 წელს ბრაიანმა გამოსცა ვიდეოკონცერტები Live at the Budokan (ჩაწერილი იქნა ტოკიოში) და Live at Slane Castle (სლეინის სასახლის კონცერტის ჩანაწერი), სადაც იგი გამოვიდა 2000 წელს.
2002 წლის მაისში მან და ჰანს ციმერმა შექმნეს მუსიკა ანიმაციური ფილმისათვის „სპირიტი: სიმარონის სული“. მუსიკალურმა ალბომმა ამ ჩანაწერით აშშ-ში მოიპოვა ოქროს სტატუსი.
2004 წელს ადამსმა გამოსცა ახალი სტუდიური დისკი Room Service. ბრიტანეთში იგი მოხვდა #4, ხოლო ევროპაში - #1 ადგილზე და გაიყიდა 440.000 ასლის ოდენობით (გამოსვლიდან მხოლოდ პირველი კვირის განმავლობაში). 2005 წელს გამოვიდა მუსიკოსის კიდევ ერთი კრებული Anthology - 2 დისკიანი გამოცემა, რომელშიც შეტანილი იქნა ყველა ცნობილი ჰიტი და ნაკლებად ცნობილი სიმღერებიც. იმავე წელს გამოვიდა DVD დისკი Live in Lisbon. 2005 წლის ივლისში ადამსმა მიიღო მონაწილეობა აქციაში Live 8.
2008 წელს გამოვიდა ბრაიანის შემდეგი, რიგით მე-11 სტუდიური დისკი 11. დიდი წარმატება იქონია ალბომის სინგლმა „I Thought I'd Seen Everything“. 2010 წლის ნოემბერში გამოვიდა მუსიკოსის საკონცერტო ალბომი Bare Bones, რაც დაემთხვა მის საკონცერტო ტურნეს. ამ ტურნეს ფარგლებში ყველა სიმღერა სრულდებოდა ძირითადად ერთი ან ორი გიტარით, მხოლოდ ადამსის ვოკალის თანხლებით.
2014 წელს გამოვიდა ადამსის მე-12 ალბომი Tracks Of My Years, მისი საყვარელი სიმღერების ქავერ-ვერსიებით.
პირადი ცხოვრება
ადამსი ვეგეტარიანელია და ცხოვრობს ინგლისში. წარსულში იგი ასევე ცხოვრობდა საფრანგეთში და ამიტომაც თავისუფლად ფლობს ფრანგულ ენას. იგი ჩელსის საფეხბურთო კლუბის გულშემატკივარია და სწორედ მას მიუძღვნა სიმღერა We're Gonna Win, ალბომიდან 18 Til I Die.
ადამსს ვანკუვერში (ბრიტანული კოლუმბია) გახსნილი აქვს საკუთარი სავაჭრო სახლი. იგი ასევე ცნობილი ფოტოგრაფია, რომელსაც არაერთი გამოფენა აქვს გამართული.
იხ. ვიდეო Here I Am
Комментариев нет:
Отправить комментарий