ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -
გიორგობისთვე (ფილმი)
ოთარ იოსელიანის ფილმი, გადაღებულია 1966 წელს. ფილმმა მიიღო ჟორჟ სადულის სახელობის პრემია. ფილმი დაიწუნა საბჭოთა კრიტიკამ. მას უწოდეს ანტისაბჭოთა, ანტიქართული პასკვილი, რომელიც ამასხარავებდა ქართულ ტრადიციებს, მეღვინეობასა და მთლიანად სოფლის მეურნეობას.
ნიკოს და ოთარს სამუშაოდ ღვინის ქარხანაში გაანაწილებენ. კარიერისტი ოთარი თავიდანვე უფროსობის მაამებლობის გზას აირჩევს. მისგან განსხვავებით, ნიკო ქარხნიდან კერძო პირთა მიერ ღვინის უკანონოდ გატანას და გეგმის შესასრულებლად უხარისხო ღვინის ჩამოსხმას ვერ ეგუება. როდესაც დაუდუღებელი ღვინის სარეალიზაციოდ ჩამოსხმას დააპირებენ, ნიკო ღვინის მთელ პარტიაში ჟელატინს ჩაასხამს და გეგმას ჩაშლის. ქარხნის დირექცია აღშფოთდება, მაგრამ ნიკოს დასჯას ვერ გაბედავს.
- კინომცოდნე ნათია ამირეჯიბი, რომელსაც ოთარ იოსელიანზე წიგნი აქვს დაწერილი, ამბობს, რომ, “გიორგობისთვის” წინააღმდეგ ომი, რა თქმა უნდა, ხელისუფლებამ დაიწყო... მაგრამ პასუხისმგებლობა იმ ადამიანებსაც არ უნდა მოვუხსნათ, რომლებმაც ფილმი, უბრალოდ, ვერ გაიგეს და სწორედ ამიტომ, გაღიზიანებულებმა და გაბრაზებულებმა, სასწრაფოდ გამოაცხვეს წერილები ქარტულ საბჭოთა პრესაში.
ნათია ამირეჯიბი: “ფილმის ავტორი მტრის თვალით უყურებს ჩვენს ცხოვრებას, – ეწერა გაზეთებში. – “გიორგობისთვე” უნდა დაიწვას, კვალი არ უნდა დარჩეს მისი...” სხვა ავტორი: “ეს ფილმი ეკრანებიდან მოიხსნას, განადგურდეს”... ეს ყველაფერი პარტიის ცეკაში მიდიოდა, 120 გვერდიანი წიგნი იყო, რომელიც მოგვიანებით მისმა ყოფილმა სტუდენტმა გადმოუბეჭდა... სულ ესაა – განადგურებულია.”
- “განა დასაჯერებელია, რომ ქართველი ხალხი ისე ცხოვრობდეს, როგორც ფილმშია ნაჩვენები? თუ სცენარისტსა და რეჟისორს დავუჯერებთ, ქარხანაში ყველა – დირექტორიდან დაწყებული მუშამდე – სინდისგარეცხილია, შესაძლებელია ეს მდგომარეობა რომელიმე კონკრეტულმა ფაქტმა უკარნახა ფილმის ავტორებს, მაგრამ ყველა კონკრეტული შემთხვევა ტიპური ხომ არ არის”.
- “გიორგობისთვეს” ჩვენს ცხოვრებაში შესამჩნევ ნაკლოვანებათა აღმოფხვრისათვის ბრძოლის პრეტენზია აქვს. ასეთია ავტორთა სუბიექტური მისწრაფება, მაგრამ ამ ჩრდილოვან მხარეთ იქით არსებული დიდი და მზიანი სამყარო არ სურთ დაინახონ. ავტორები ცდილობენ არა მარტო ერთი კონკრეტული ღვინის ქარხანა წარმოგვიდგინონ უხამსობის ბუდედ, არამედ ჩვენი ცხოვრების ყველა დეტალი, ყველა მხარე დახატონ, რაც შეიძლება მუქი, შავი საღებავებით. ამრიგად, ჩვენ წინ დგება მხოლოდ სიმახინჯე, უსამართლობითა და სიბილწით აღსავსე ცხოვრება, სადაც კეთილისა და ნათელის წარმომადგენლად ერთი უსუსური, უნდილი ბიჭია გამოყვანილი!…ეს ფილმი კიდევ ერთხელ ლაპარაკობს იმ მცდარ, მავნე გზაზე, რომელსაც ზოგიერთი ჩვენი ახალგაზრდა შემოქმედი არასასურველი მიმართულებით მიჰყავს.ეს მიმართულება კი უცხოა საბჭოთა ხელოვნებისათვის, იგი სოციალისტური რეალიზმის ყალბად გაგების, ყოფის ზერელე ასახვის, შიშველი ნატურალიზმის ჭაობისკენ მიაქანებს შემოქმედს. (…) მხატვრული ნაწარმოების ნაცვლად მივიღეთ რაღაც პასკვილის მაგვარი რამ, რომელსაც საერთო არ აქვს რა ჩვენი ცხოვრების ამსახველ ჭეშმარიტ ხელოვნებასთან და ამ ფილმის ავტორების მოქალაქეობრივ სინდისზე ცუდად ლაპარაკობს
Комментариев нет:
Отправить комментарий