пятница, 20 марта 2020 г.

ბაგრატ IV (საქართველოს მეფე)

             ბაგრატ IV (საქართველოს მეფე)

                                               Bagrat IV.jpg      
                                                          ბაგრატ IV-ის გამოსახულება

(დ. 1018 ან 1020 ― გ. 24 ნოემბერი1072) — საქართველოს მეფე 1027-იდან, გიორგი I-ისა და დედოფალ მარიამის უფროსი შვილი. წინამორბევი გიროგი I დაიბ.ადგილი ქუთაისი, მეუღლე 1.ელენე, 2.ბორენა შვილი გიორგიII.
1022-1025 მძევლად იყო კონსტანტინოპოლში. ბაგრატ IV-ის და მისი სამეფო კარის უმთავრესი ამოცანა იყო სახელმწიფოს დაცვა ბიზანტიისა და თურქ-სელჩუკი დამპყრობლებისაგან, ცენტრალიზაციის მოწინააღმდეგე დიდგვაროვან აზნაურთა წინააღმდეგობის დაძლევა და საქართველოს ერთიანი სამეფოს ფარგლებს გარეთ დარჩენილი ქართული მიწა-წყლის შემოერთება. მცირეწლოვანი ბაგრატ IV-ის გამეფებისთანავე ბიზანტიის იმპერატორი კონსტანტინე VIII-მ დაარღვია 1022 დადებული ზავი და საქართველოში ჯარი გამოგზავნა. მტერმა გაძარცვა და ააოხრა სამხრეთ საქართველო. ტაოს მსხვილ ფეოდალთა ნაწილი ვაჩე კარიჭისძისა და ეპისკოპოს იოანე ბანელის მეთაურობით მტრის მხარეზე გადავიდა. ბიზანტიელებმა ვერ შეძლეს კლდეკარის ციხესიმაგრის აღება. შავშეთ-კლარჯეთში თავდაცვის ორგანიზაციას სათავეში ჩაუდგნენ ეპისკოპოსები საბა მტბევარი და ეზრა ანჩელი და მტერს ამ მხარის დაპყრობის საშუალება არ მისცეს. ამის შემდეგ ბიზანტიელებმა ტაქტიკა შეცვალეს: მათ საქართველოში გამოგზავნეს დემეტრე უფლისწული (გურგენ არტანჯულის ძე), რომელიც ბაგრატ III-ის დროს ბიზანტიაში გაიქცა. დემეტრეს პოლიტიკურ ასპარეზზე გამოყვანით ბიზანტია ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ ის საქართველოს დასაპყრობად კი არ მოდიოდა, არამედ ბაგრატ III-ის მიერ უკანონოდ დაჩაგრული ბატონიშვილის უფლებათა დასაცავად იბრძოდა. მტრის ამ ტაქტიკას წარმატებაც მოჰყვა: მწარმოებელი საზოგადოების ერთი ნაწილი, რომელიც თავისი მდგომარეობის გაუმჯობესების იმედებს ახალ მეფეს უკავშირებდა, საკუთარი ფეოდალების წინააღმდეგ აჯანყდა და დემეტრესა და ბიზანტიელებს მიემხრო. დაპყრობელთა წინააღმდეგ ბრძოლა კლასობრივი ბრძოლით გართულდა. ამ კრიტიკულ მომენტში კონსტანტინე III გარდაიცვალა და ბიზანტირლებმა ჯარი საქართველოდან გაიწვიეს.
იხ.ვიდეო

ბიზანტიასთან ომში დასუსტებულ საქართველოს ბრძოლის გაგრძელება არ შეეძლო, თვით ბიზანტიაც აღმოსავლეთში მტრების მოწოლის გამო საქართველოსთან ურთიერთობის გაუმჯობესებას ესწრაფოდა. ასეთ პირობებში მარიამ დედოფლის ინიციატივით 1029/1030 ბიზანტიასთან ზავი დაიდო. იმპერატორმა რომანოზ III-მ ბაგრატ IV-ს ცოლად მიათხოვა თავისი ძმის ბასილის ასული ელენე და მიანიჭა კურაპალატობის პატივი. ეს პოლიტიკური კავშირი ორი ქვეყნის კეთილმეზობლური ურთიერთობის საფუძველი უნდა გამხდარიყო, მაგრამ დედოფალი ელენე მალე გარდაიცვალა ქუთაისში, ბაგრატ IV-მ ცოლად შეირთო ოსთა მეფის ასული ბორენა. მალე დაიწყო ახალი შინაომი. რეაქციონერმა ფეოდალებმა ბაგრატ IV-ს აუმხედრეს მისი ნახევარძმა დემეტრე უფლისწული ( გიორგი I-ისა და ალდე დედოფლის შვილი), რომელიც ანაკოფიაში (აფხაზეთი) ცხოვრობდა. დემეტრეს გამეფების ცდა მარცხით დაამთავრა. დედა-შვილმა 1032 ანაკოფია ბიზანტიელებს გადასცეს. დემეტრე კონსტანტინოპოლში გაიქცა.
                                                      
                                                                           ბაგრდა IV მონეტა
30-იან წლებში დაიწყო ბრძოლა თბილისის საამიროს შემოერთებისათვის. 1032 კლდეკარის ერისთავმა. ლიპარიტ ლიპარიტის ძე ბაღვაშსა და ქართლის ერისთავმა ივანე აბაზესძემ თბილისის ამირა ჯაფარი შეიპყრეს, მაგრამ იმის შიშით, რომ თბილისს ლიპარიტი დაეუფლებოდა, ბაგრატ IV-მ ამირა გაათავისუფლა. 1038/1040 ბაგრატ IV-მ წარმატებით შეუტია თბილისის საამიროს, ამირა ჯაფარი უკვე გასაქცევად ემზადებოდა, მაგრამ სომხეთსა და აზერბაიჯანში თურქ-სელჩუკების შემოჭრის გამო, აგრეთვე ლიპარიტის მოწინააღმდეგე დიდგვარიანთა რჩევით, ბაგრატ IV ამირას დაეზავა. ეს იქცა საბაბად ლიპარიტსა და ბაგრატ IV-ს შორის განხეთქილებისა და ბრძოლისა, რომელმაც თითქმის ორი ათეული წელი გასტანა.
1045 ბიზანტიელთა აგრესიით შეწუხებულმა ანისის თავკაცებმა ქალაქი ბაგრატ IV-ს გადასცეს (ბაგრატ IV-ის დედა მარიამი ვასპურაკანის უკანასკნელი მეფის სენექერიმ არწრუნის ასული იყო). ბაგრატ IV-მ და მარიამმა ანისის გამგებლად არტანუჯის ერისთავი აბუსერ აბუსერისძე დანიშნეს. იმავე წელს ბაგრატ IV-მ დაიწყო ბრძოლა ბიზანტიასთან ანაკოფის დასაბრუნებლად და ხუფათის შემოსაერთებლად. ამ ბრძოლის გადამწყვეტ მომენტში ბაგრატ IV-ის თბილისის გამგებლების დელეგაციამ ქალაქის ჩაბარების წინადადებით მიმართა. ბაგრატ IV-მ ანაკოფიისა და ხუფათისთვის ბრძოლის მეთაურობა თავის სარდლებს ჩააბარა, თვითონ სასწრაფოდ ქართლში გადმოვიდა, თბილისში შევიდა და ქალაქში მოხელეები განაწესა. მეფეს წინააღმდეგობა გაუწია თბილისის გარეუბანმა ისანმა, რომლის აღება შეუძლებელი გახდა. ამ დროს ლიპარიტ IV ბაღვაშის დახმარებით ანისს ბიზანტიელები დაეუფლნენ. 1046 ლიპარიტმა მოიშველია ბიზანტიელთა ლაშქარი, დაუკავშირდა კახეთის სამეფოს, ტაშირ-ძორაგეთის სომეხთა მეფეს და ქართლში შემოიჭრა. მას თან მოჰყავდა დემეტრე გიორგის ძე. ბაგრატ IV იძულებული გახდა თბილისისათვის თავი დაენებებინა და მტერს ჯავახეთში შეხვდა. გადამწყვეტი ბრძოლის წინ დემეტრე გარდაიცვალა. ბრძოლა ბაგრატის მარცხით დასრულდა. ლიპარიტმა ხელთ იგდო არტანუჯის ციხე.
იხ. ვიდეო

ბაგრატ IV დასავლეთ საქართველოში გაიხიზნა. თურქ-სელჩუკების მიერ ლიპარიტის დატყვევების (1048) შემდეგ ბაგრატ IV კვლავ გაძლიერდა, აიღო უფლისციხე, შეიპყრო ლიპარიტის შვილები ივანე და ნიანია, რომელთაგან პირველი გაათავისუფლა, ხოლო მეორე მძევლად დაიტოვა. თბილელმა ბერებმა ბაგრატ IV-ს კვლავ გადასცეს თბილისი, მაგრამ 1051, როცა ლიპარიტი ტყვეობიდან დაბრუნდა და ბიზანტიელთა ლაშქრით ისევ ბრძოლა განაახლდა ბაგრატ IV-ის წინააღმდეგ, თბილისის შემოერთების ეს ცდაც ჩაიშალა. ლიპარიტი თითქმის მთელ აღმოსავლეთ საქართველოში გაბატონდა. ბაგრატ IV-მ თავისი მცირეწლოვანი შვილი გიორგი ქუთაისში დასავლეთ საქართველოს მეფედ დატოვა, თვითონ კონსტანტინოპოლში წავიდა (1052) და იმპერატორს ლიპერიტთან შერიგების შუამდგომლობა თხოვა. იმპერატორმა ლიპარიტის მცდელობით ბაგრატ IV სამ წელიწადს თავისთან გააჩერა. ამ ხნის განმავლობაში საქართველოს ფაქტობრივი გამგებელი ლიპარიტი იყო. მან გიორგი ბაგრატის ძე იმერეთიდან ქართლში გადაიყვანა, რუისში მეფედ აკურთხა და თავი მის აღმზრდელად გამოაცხადა. ბოლოს იმპერატორის შუამდგომლობით ბაგრატ IV და ლიპარიტ IV დაზავდნენ. 1056 ბაგრატ IV სამშობლოში დაბრუნდა. ბაგრატ IV-მ ლიპარიტი ბიზანტიაში გააძევა და მის სამფლობელოს დაეუფლა. ამ დროიდან მან განამტკიცა თავისი ხელისუფლება, ხელთ იგდო კახეთ-ჰერეთის უდიდესი ნაწილიც და შეძლო მისი მოწინააღმდეგე დიდგვარიან აბაზასძეთა დამარცხებაც.
                                       
                                                 მესხეთის მხარეები  VIII-X  საუკუენში
XI საუკუნის 60-იანი წლების დასაწყისში თურქ-სელჩუკების აგრესიის გაძლიერებასთან დაკავშირებით ბიზანტია იძულებული გახდა საქართველოსთან დაახლოების გზას დასდგომოდა. საერთო მტრის წინააღმდეგ ბრძოლის ინტერესები ბაგრატ IV-საც ამისკენ უბიძგებდა. სულთან ალფ-არსლანის პირველი ლაშქრობის შემდეგ ბაგრატ IV-მ თავისი ასული მართა (მარიამი) 1065 იმპერატორ კონსტანტინე X დუკას (1059-1067) შვილს მიხეილს მიათხოვა. გაძლიერებულმა ბაგრატ IV-მ სომხეთის მეფეს სამშვილდე წაართვა და 1067-1068 დაიწყო ბრძოლა კახეთის შემოსაერთებლად, მაგრამ 1068 ალფ-არსლანი მეორედ შემოესია საქართველოს და კახეთის შემოერთების ეს ცდა მარცხით დამთავრდა. სულტანმა თავის მიზანს მაინც ვერ მიაღწია - ბაგრატ IV-მ უარი განაცხადა სულთნის მოხარკეობაზე. სულთანი საქართველოს გაეცალა, მაგრამ თბილისი და რუსთავი განძის (განჯა) ამირა ფადლონს გადასცა. ბაგრატ IV-მ სასტიკად დაამარცხა ქართლში შემოსული ფადლონი, აიღო თბილისი და საგამგეოდ გადასცა ამირათა შთამომავალს, რომელსაც დააკისრა ყოველწლიური ხარკი - 44 ათასი დრაჰკანი. ამრიგად, თბილისის საამირო საქართველოს მეფის ვასალი გახდა. ფადლონი კვლავ შემოესია საქართველოს. ბაგრატ IV-მ თავისი ცოლისძმა ოსთა მეფე დორღოლელი დაიხმარა. უფლისწულ გიორგის მეთაურობით ქართველ-ოსთა ლაშქარმა განძა მოარბია.
ბაგრატ IV-მ შეძლო საქართველოს დამოუკიდებლობის დაცვა და დიდგვარიან ფეოდალთა წინააღმდეგობის დაძლევა. მის დროს მომზადდა ნიადაგი თბილისის საამიროსა და კახეთ-ჰერეთის შემოერთებისათვის. ბაგრატ IV დიდ ყურადღებას აქცევდა კულტურისა და სწავლა-აღზრდის საქმეს, მისი მოწვევით 1060-1065 საქართველოში ჩამოვიდა გიორგი მთაწმიდელი, რომელმაც ნაყოფიერი მოღვაწეობა გაშალა, არსებობს მოსაზრება, რომ ბაგრატ IV-ს ეკუთვნის კანონები, რომლებიც ბაგრატ კურაპალატის სამართლის სახელწოდებითაა ცნობილი. ბაგრატ IV გარდაიცვალა ქართლში. ანდერძის თანახმად დაასაფლავეს ჭყონდიდში.

Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...