ლათინური ამერიკა
(ესპ. América Latina, Latinoamérica; პორტ. América Latina; ფრანგ. Amérique latine; ინგლ. Latin America) — ამერიკის სუბრეგიონი, სადაც ძირითადი სალაპარაკო ენებია რომანული ენები, ძირითადად ესპანური და პორტუგალიური, ასევე ზოგან ფრანგული. გადაჭიმულია აშშ-ის სამხრეთი საზღვრიდან ანტარქტიკამდე და მისი ფართობი დაახლოებით 21 069 500 კმ²-ია, დედამიწის მთლიანი ფართობის 3,9 % და ხმელეთის ფართობის 14,1 %. სამხრეთით ესაზღვრება სამხრეთის ოკეანე, აღმოსავლეთით ატლანტის ოკეანე, ჩრდილოეთით აშშ, დასავლეთით წყნარი ოკეანე. ლათინური ამერიკა იყოფა სამ რეგიონად — სამხრეთი ამერიკა, კარიბის ზღვის აუზი და შუა ამერიკა (მექსიკას, ცენტრალურ ამერიკასა და ვესტ-ინდოეთს ერთად, ხშირად შუა ამერიკას უწოდებენ). 2010 წლის მონაცემებით, რეგიონის მოსახლეობა590 მილიონ ადამიანს შეადგენდა[4] და მისი მთლიანი შიდა პროდუქტი 5,16 ტრილიონი აშშ დოლარი იყო.2011 წელს, ლათინური ამერიკის ეკონომიკურმა ზრდის მაჩვენებელმა 4 % შეადგინა.
იდეა, რომ ამერიკის ნაწილს ლინგვისტური მსგავსება ჰქონდა რომანულ კულტურასთან, 1830-იან წლებში გაჩნდა, ფრანგი სენ-სიმონიანელი მიშელ შევალიეს ნაწერებში, რომელიც ამტკიცებდა, რომ ამერიკის ეს ნაწილი დასახლებული იყო „ლათინური რასის“ ხალხით. აქედან გამომდინარე, აერთიანებდა „ლათინურ ევროპასთან“, ტევტონური ევროპის“, „ანგლო-საქსური ამერიკისა“ და „სლავური ევროპის“ პირისპირ. მოგვიანებით, XIX საუკუნის მიწურულს, ეს იდეა აიტაცეს ლათინოამერიკელმა ინტელექტუალებმა და პოლიტიკურმა ლიდერებმა, რომლებიც კულტურულ მოდელად არა ისევ ესპანეთსა და პორტუგალიას, არამედ საფრანგეთსგანიხილავდნენ.ტერმინი პირველად 1856 წელს პარიზში, კონფერენციაზე გამოიყენა ჩილელმა პოლიტიკოსმა ფრანსისკო ბილბაომ, ამავე წელს კი უკვე კოლუმბიელმა მწერალმა ხოსე მარია ტორეს კაისედომ თავის პოემაში „ორი ამერიკა“. ტერიმნ „ლათინურ ამერიკას“ მხარს უჭერდა ნაპოლეონ III-ის საფრანგეთის იმპერია; ეს ხდებოდა მექსიკაში საფრანგეთის შეჭრის დროს და საფრანგეთი მას იმის დამამტკიცებელ საშუალებად იყენებდა, რომ ის იმ ქვეყანათა შორის იდგა, რომელთაც გავლენა ჰქონდათ ამერიკაზე, რათა რეგიონში არ დაეშვა ანგლოფონური ქვეყნები, კამპანია წარემართა საფრანგეთთან ამ რეგიონის კულტურული ნათესაობის გამოსავლენად და თავად ქცეულიყო არეალის კულტურულ-პოლიტიკურ ლიდერად. ამის შედეგი იყო პრინც მაქსიმილიან ჰაბსბურგის გამოცხადება მექსიკის მეორე იმპერიის იმპერატორად. 1861 წელს ეს ტერმინი ასევე გამოიყენეს ფრანგმა სწავლულებმა პან-ლათინიზმისადმი მიძღვნილ ჟურნალში „La revue des races Latines“.
თანამედროვე გამოყენებაში:
- ზოგადი გაგებით, ლათინურ ამერიკა აღნიშნავს ამერიკის იმ ტერიტორიას, სადაც გაბატონებულია ესპანური და პორტუგალიური ენები: მექსიკა, ცენტრალური და სამხრეთ ამერიკის უდიდესი ნაწილი და კარიბის ზღვის აუზი; კონკრეტულად კუბა, დომინიკელთა რესპუბლიკა, პუერტო-რიკო, ესპანური ამერიკა და ბრაზილია. აქედან გამომდინარე, ლათინური ამერიკა მოიცავს ამერიკის იმ ტერპტორიებს, რომლებიც თავის დროზე ესპანეთისა და პორტუგალიის იმპერიის ნაწილი იყო. ამ განსაზღვრებით, ლათინური ამერიკა ემთხვევა იბერო-ამერიკას.
- განსაკუთრებით შეერთებულ შტატებში, ტერმინი უფრო ფართოა და გულისხმობს მთლიან ამერიკას აშშ-ის სამხრეთით, მათ შორის ინგლისურენოვან ქვეყნებსაც — ბელიზს, იამაიკას, ბარბადოსს, ტრინიდადი და ტობაგოს, გაიანას, ანტიგუა და ბარბუდას, სენტ-ლუსიას, დომინიკას, გრენადას, სენტ-ვინსენტი და გრენადინებს, სენტ-კიტსი და ნევისს და ბაჰამის კუნძულებს; ფრანგულენოვან ჰაიტის, მარტინიკას, გვადელუპასა და საფრანგეთის გვიანას; ნიდერლანდურენოვან კიურასაოს, არუბას, სინტ-მარტენსა და სურინამს (კიურასაოსა და არუბაზე მოსახლეობის უდიდესი ნაწილი საუბრობს იბერიული წარმოშობის კრეოლურ ენა პაპიამენტოზე). ეს დეფინიცია ხაზს უსვამს რეგიონის ერთნაირ სოციოეკონომიკურ ისტორიას, რომელიც ხასიათდება უფრო მეტად ოფიციალური თუ არაოფიციალური კოლონიალიზმით, ვიდრე კულტურული ასპექტებით. ზოგიერთი წყარო ამ ზედმეტი გამარტივების თავიდან ასაცილებლად იყენებს ფრაზას „ლათინური ამერიკა და კარიბის ზღვის აუზი“, როგორც ეს გამოყენებულია გაეროს ამერიკის გეოსქემაში.
- უფრო ზუსტი დეფინიციით, რომელიც დღემდე ყველაზე სანდოდ მიიჩნევა, ლათინური ამერიკა არის ამერიკის ყველა ის ქვეყანა და ტერიტორია, სადაც რომანულ ენებზე (ლათინურისგან წარმომდგარი ენები) ლაპარაკობენ: ესპანურად, პორტუგალიურად, ფრანგულად და მათგან წარმომდგარ კრეოლურ ენებზე. ამ განმარტების თანახმად, კვებეკი კანადაში ტექნიკურად ლათინურ ამერიკას მიეკუთვნება, ისევე როგორც ამ ქვეყნის სხვა რეგიონები — ნიუ-ბრანსვიკი, ონტარიო, მანიტობა და ზოგადად, კანადის ყველა ის რეგიონი, სადაც არსებითად ფრანკოფონული მოსახლეობაა (იგივე ითქმის შეერთებული შტატების იმ რეგიონებზე, სადაც მოსახლეობის ძირითადი ნაწილი ესპანურ და ფრანგულენოვანია). მაგრამ ეს რეგიონები იშვიათად მიიჩნევა ლათინური ამერიკის შემადგენელ ნაწილად, გამომდინარე მათი ისტორიიდან, განსხვავებული კულტურიდან, ეკონომიკიდან, გეოგრაფიული მდებარეობიდან და ბრიტანული ყაიდის პოლიტიკური ინსტიტუციებიდან, რაც როგორც წესი, მჭიდროდაა გადაჭდობილი დანარჩენ კანადასთან.
სხვაობა ლათინურ ამერიკასა და ანგლო-ამერიკას შორის პირობითად ემყარება ამერიკაში გაბატონებულ ენებს, ვინაიდან რომანულენოვანი და ინგლისურენოვანი კულტურები განსხვავებულია. აქ არც ერთი არეალი კულტურულად თუ ენობრივად ერთგვაროვანი არაა; ლათინური ამერიკის მნიშვნელოვან ნაწილში (მაგალითად მაღალმთიანი პერუ, ბოლივია, გვატემალა და პარაგვაი) გაბატონებულია ადგილობრივი ამერიკული კულტურები, შედარებით ნაკლებად ინდიელთა ენებიც, ზოგიერთ ნაწილში კი ძლიერ იგრძნობა აფრიკული კულტურის გავლენა (მაგალითად კარიბის ზღვის აუზში — მათ შორის კოლუმბიისა და ვენესუელის ნაწილებში).
დროშა | გერბი | სახელწოდება | ფართობი (კმ²) | მოსახლეობა 2013 | მოსახლეობის სიმჭიდროვე (ად./კმ²-ზე) | დედაქალაქი | სახელწოდება ოფიციალურ ენაზე |
---|---|---|---|---|---|---|---|
არგენტინა | 2 780 400 | 41 660 417 | 14,4 | ბუენოს-აირესი | Argentina | ||
ბოლივია | 1 098 581 | 10 461 053 | 9 | სუკრე | Bolivia | ||
ბრაზილია | 8 515 767 | 201 032 714 | 23,6 | ბრაზილია | Brasil | ||
ჩილე | 756 096 | 17 556 815 | 23 | სანტიაგო | Chile | ||
კოლუმბია | 1 141 748 | 47 387 109 | 41,5 | ბოგოტა | Colombia | ||
კოსტა-რიკა | 51 100 | 4 667 096 | 91,3 | სან-ხოსე | Costa Rica | ||
კუბა | 109 884 | 11 061 886 | 100,6 | ჰავანა | Cuba | ||
დომინიკელთა რესპუბლიკა | 48 442 | 10 219 630 | 210,9 | სანტო-დომინგო | República Dominicana | ||
ეკვადორი | 283 560 | 15 439 429 | 54,4 | კიტო | Ecuador | ||
სალვადორი | 21 040 | 6 108 590 | 290,3 | სან-სალვადორი | El Salvador | ||
გვატემალა | 108 889 | 15 438 384 | 129 | გვატემალა | Guatemala | ||
ჰაიტი | 27 750 | 9 893 934 | 356,5 | პორტ-ო-პრენსი | Haïti | ||
ჰონდურასი | 112 492 | 8 555 072 | 76 | ტეგუსიგალპა | Honduras | ||
მექსიკის შეერთებული შტატები | 1 972 550 | 118 395 054 | 57 | მეხიკო | Estados Unidos Mexicanos | ||
ნიკარაგუა | 130 375 | 5 788 531 | 44,3 | მანაგუა | Nicaragua | ||
პანამა | 75 517 | 3 661 868 | 54,2 | პანამა | Panamá | ||
პარაგვაი | 406 752 | 6 800 284 | 14,2 | ასუნსიონი | Paraguay | ||
პერუ | 1 285 216 | 30 475 144 | 23 | ლიმა | Perú | ||
პუერტო-რიკო* | 9 104 | 3 615 086 | 397 | სან-ხუანი | Puerto Rico | ||
ურუგვაი | 176 215 | 3 324 460 | 18,87 | მონტევიდეო | Uruguay | ||
ვენესუელა | 916 445 | 31 648 930 | 31,59 | კარაკასი | Venezuela | ||
სულ | 20 027 923 | 603 191 486 | 30,1 |
*: არასუვერენული სახელმწიფო
Комментариев нет:
Отправить комментарий