ჰერეთი
ჰერეთის ისტორიული საზღვრები საქართველოს თანამედროვე საერთაშორისო საზღვრებში
აღმოსავლეთ საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე, დაარსებული ქართველთა ერთ-ერთი ეთნარქის ჰეროსის მიერ.
ჰერეთი 950წ
- სამხრეთი საზღვარი: ქალაქ ჰერეთიდან (იორ-ალაზნის შესართავიდან) მდინარე იორის გაყოლებით ვიდრე მის მარცხენა შენაკადამდე — დანიანის ხევამდე (სამების ხეობამდე).
- დასავლეთი საზღვარი: ივრიდან დანიანის (სამების), თურდოსა და სტორის ხეობები კავკასიონამდე.
- ჩრდილოეთი საზღვარი: კავკასიონის მთავარი ქედი სტორის ხეობასა და გიშისწყალს შორის.
- აღმოსავლეთი საზღვარი: გიშისწყალი ალაზნამდე და მდინარე ალაზანი ქალაქ ჰერეთამდე (იორ-ალაზნის შესართავამდე).
გულგულა — საგულისხმოა, რომ ისტორიულ წყაროებში ნახსენები დასახლებული პუნქტი გულგულა (იგივე ტყე-ტბა), რომელიც დღესაც არსებობს და მდებარეობს სწორედ ზემოთაღნიშნულ საზღვრებში კერძოდ კი ისტორიული ჰერეთის საზღვრის პირას, მდინარე თურდოს მარჯვენა სანაპიროზე. გადმოცემის მიხედვით ცნობილია რომ ძველად გულგულა მდებარეობდა მდინარე თურდოსხევის ზედა ნაწილში. შესაბამისად მისი, როგორც საზღვრისპირა დასახლებულ პუნქტად გამოყენება მართებულია
იხ. ვიდეო
საყორნის მთა — ისტორიული ჰერეთის ტერიტორიაზე მდებარეობს საყორნის მთა, რომელზეც ერთ-ერთი გადმოცემის თანახმად მიმსჭვალული იყო პრომეთე.წყაროებში პირველად V საუკუნეში მოიხსენიება. უძველეს ხანაში კავკასიის ალბანეთის სამეფოში შედიოდა. (X)-XIV საუკუნეების წყაროების მიხედვით მოიცავდა გვიანდელი ხანის შიგნიკახეთისა და გაღმამხრის ტერიტორიას (მდ. ალაზნის ველი) საინგილოსჩათვლით. XII საუკუნეში ამ ტერიტორიაზე ჩამოყალიბდა საქართველოს ფეოდალური მონარქიის ერთ-ერთი ადმინისტრაციულ-პოლიტიკური ერთეული — ჰერეთის საერისთავო, რომელიც დაღესტნის მოსაზღვრე მთიანეთსაც მოიცავდა. XI საუკუნის ზოგიერთი წყაროს მიხედვით , ჰერეთი მოიცავდა კამბეჩოვანსაც და სუჯეთსაც (ე. ი. გარდა მდ. ალაზნის ველისა, მდ. ივრის შუა და ქვემო დინების ზეგანს), თუმცა წყაროსეული ცნობა უფრო ძველ რეალობას ასახავს და ეფარდება ვახტანგ I გორგასალის (V ს.) მიერ შექმნილ ადრინდელი პერიოდის ჰერეთის საერისთავიოს ტერიტორიას. ზოგიერთი წყაროს მიხედვით სახელწოდება „ჰერეთი“ აგრეთვე კავკასიის ალბანეთის ტერიტორიასაც აღნიშნავს. XV საუკუნიდან ტერმინი „ჰერეთი“ აღარ იხმარება და მას ენაცვლება ტერმინი „კახეთი“.
ჰერეთის სამთავრო
ფეოდალური ხანის პოლიტიკური ერთეული საქართველოში, რომელიც VIII საუკუნის II ნახევარში გამოეყო ქართლის საერისმთავროს. ჰერეთის დამოუკიდებელი ფეოდალური სამთავროს შექმნა განაპირობა ქართლის საერისმთავროს სოციალური-ეკონომიკური განვითარების მაღალმა დონემ და ფეოდალური ურთიერთობის შემდგომმა გაღრმავებამ. სამთავროს ჩამოყალიბების პროცესი მიმდინარეობდა VIII საუკუნის I ნახევარში არაბი დამპყრობლების წინააღმდეგ ქართლის საერისმთავროს შეუპოვარი ბრძოლის პირობებში. VIII საუკუნის 40-50-იან წლებში ქართლის ერისმთავრის არჩილის შემწეობითა და ნებართვით ჰერეთში დამკვიდრდნენ ბაგრატიონთა საგვარეულოს ერთ-ერთი შტოს წარმომადგენლები. ქართლის უკანასკნელი ერისმთავრების იოანესა და ჯუანშერის გარდაცვალების შემდეგ ამ ბაგრატიონებმა დაიპყრეს მთელი ჰერეთი შაკიხიდან (ე. ი. შაქიდან) გულგულამდე (დაახლოებით თელავამდე) და საფუძველი ჩაუყარეს ჰერეთის ფეოდალურ სამთავროს.
ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით, ეს მოხდა 787. ახლადშექმნილი ჰერეთის სამთავროს ტერიტორია მოიცავდა გაღმამხარს, საინგილოს, შიგნიკახეთს, კამბეჩანსა და შაქს. ჰერეთის მთავარს ემორჩილებოდა აგრეთვე დაღესტნის მთიანეთის ნაწილი: ხუნძახი და დიდოეთი. პოლიტიკური-ადმინისტრაციული ცენტრი იყო ქ. შაქი.
განსაკუთრებით ძლიერი იყო ჰერეთის სამთავრო IX საუკუნის უკანასკნელ მეოთხედში. ამ ხანაში ჰერეთის მთავარმა ჰამამმა 893 წელს მეფის ტიტული მიიღო. ასე შეიქმნა ჰერეთის სამეფო.
ჰერეთის სამეფო
IX-X საუკუნეებში კახეთის სამთავროს მეზობლად არსებული ჰერეთის სახელმწიფოს ქართულ და უცხოურ წყაროებში ეწოდება „შაქი“, „კამბეჩანი“. ის აგრეთვე მოიხსენიება სახელწოდებით „რანი“, „ალბანეთი“. ქართულ შუასაუკუნოვან წყაროებში „რანებად“ ერთ-ერთი ალბანური ტომიც იწოდება. ალბანური ტომები იმავე წყაროებში ჰერებადაც იწოდებოდნენ, ამიტომაც „რანი“ და „ჰერეთი“ ამ წყაროების თანახმად, იდენტური ცნებებია. ქართულ წყაროებში ეს სახელმწიფო ხან „ჰერეთად“ იწოდება და ხანაც „რანად“, ამასთანავე ქართული „ჰერეთის სამეფო“ არაბული წყაროების „შაქის სამეფოსა“ და სომხური და ბიზანტიური წყაროების „ალვანთა სამეფოს“ იდენტურიცაა. ამ სამეფოს სახელწოდება ქართველებმა თავიანთი უახლოესი მეზობლის, ძველი ალბანეთის ერთ-ერთი ტომის, ჰერებისაგან აწარმოეს, არაბებმა სახელმწიფოს დედაქალაქის - შაქისაგან, სომხები და ბიზანტიელები მას ალბანეთს უწოდებდნენ, რადგან ის ყოფილი ალბანეთის სამეფოს ტერიტორიაზე ჩამოყალიბდა. ქართულში ტერმინი „ალბანეთი“ ვერ დამკვიდრდა. ის რამდენიმეჯერ გვხვდება სომხურიდან ნათარგმნ წერილობით წყაროებში, სადაც, როგორც ჩანს, ის სომხურიდან მექანიკურადაა გადმოღებული. ალვანეთის შესატყვისად IX-XI საუკუნეების ქართულ (როგორც ორიგინალურ, ისე სომხურიდან ნათარგმნ) წყაროებში გვხვდება „ჰერეთი“. IX-X საუკუნეებში ჰერეთი და ალვანეთი რეალურადაც ემთხვეოდა ერთმანეთს, რადგან ალვანეთი, რომელიც I-V საუკუნეებში ვრცელდებოდა იბერიიდან კასპიის ზღვამდე, სასანიანთა და არაბთა ბატონობის შედეგად, ტერიტორიულად შემცირდა და თავისი არსებობის ამ ბოლო ხანაში ჰერეთის ფარგლებში მოექცა. ამდენად ქართულმა წერილობითმა წყაროებმა, ფაქტობრივად, ალვანეთის აღსანიშნავად სხვა ტერმინი არ იციან გარდა ჰერეთისა, რაც გვაძლევს საფუძველს ვარაუდისათვის, რომ „ჰერეთს“ არა მარტო IX-X სს-ში, არამედ თავიდანვე ორგვარი მნიშვნელობა ჰქონდა: ვიწრო - საკუთრივ ჰერეთისა და ფართო - მთლიანად ალვანეთისა.
იხ. ვიდეო
Комментариев нет:
Отправить комментарий