четверг, 20 мая 2021 г.

კულტურა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                               კულტურა

ძველ-ქალთური ასომთავრული წარწერა დავითგარეჯას მონასტერში
ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული სიტყვაა როგორც სამეცნიერო ლიტერატურაში, ისე ყოფით მეტყველებაში. მას მრავალი მნიშვნელობა აქვს, რაც თვით კულტურის ფენომენის სირთულითა და მრავალფეროვნებითაა განპირობებული.

თანამედროვე მნიშვნელობით, ტერმინი კულტურა XVII საუკუნიდან იხმარება. მიჩნეულია, რომ დამოუკიდებელი ლექსიკური ერთეულის სახით იგი პირველად გამოიყენა გერმანელმა იურისტმა და ისტორიკოსმა სამუელ პუფენდორფმა (1632-1694), რომელიც კულტურას ადამიანის ბუნებრივ მდგომარეობას უპირისპირებდა.

ამერიკელი სოციოლოგების ა. კრიობერისა და კ. კლაკჰონის მიერ 1952 წელს ჩატარებული გამოკვლევის თანახმად, 1871 წლიდან 1919 წლამდე კულტურის ცნების სულ 7 დეფინიცია იყო შემოთავაზებული (პირველი, როგორც ითვლება, ცნობილ ინგლისელ მეცნიერს ე. ბ. ტაილორს ეკუთვნის); 1920-დან 1950 წლამდე კი მათ სხვადასხვა ავტორთან იგივე ცნების 157 განსაზღვრება დათვალეს. 1963 წელს კრიობერმა და კლაკჰონმა ხელახლა გამოსცეს თავიანთი ნაშრომი. ამჯერად დეფინიციათა რიცხვი გაცილებით დიდი იყო, რადგან პირველი გამოცემიდან გასული ათი წლის განმავლობაში გაჩნდა კულტურის ცნების ახალი ინტერპრეტაციები. კულტურის განსაზღვრებათა ეს მიმოხილვა ყველაზე სრული იყო იმჟამად არსებულთაგან, თუმცა ზოგიერთი ნაკლი მაინც ჰქონდა: ავტორები, ძირითადად, ინგლისურ-ამერიკულ ლიტერატურაში არსებული მიდგომებით იფარგლებოდნენ და ნაკლებ ყურადღებას აქცევდნენ გერმანულ და ფრანგულენოვან ლიტერატურაში არსებულ მრავალფეროვან განსაზღვრებებსა და კონცეფციებს.

დროთა განმავლობაში ჩამოყალიბდა კულტურის სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაცია: ისტორიული, სტრუქტურული, სტრუქტურულ-ფუნქციური, სისტემური (ფ. ბოასიკ. ლევი-სტროსიბ. მალინოვსკია. რადკლიფ-ბრაუნილ. უაიტი) და სხვ.

კულტურის ფენომენი სხვადასხვა მეცნიერების შესწავლის ობიექტია. თვით ცნების უნივერსალურობა და ყოვლისმომცველობა საშუალებას იძლევა, განხიულულ იქნეს იგი მრავალ ასპექტში: როგორც

  • საზოგადოებრივი ცხოვრების სფერო;
  • სოციალური ინსტიტუტი;
  • პიროვნების განვითარების დონის მახასიათებელი;
  • საზოგადოების მარეგულირებელი ნორმების სისტემა;
  • სოციალური გამოცდილების გადაცემის მექანიზმი;
  • თვითდეტერმინაციის ფენომენი და ა. შ.

ამდენად, სრულიად ბუნებრივია განსაზღვრებათა ზემოთ ნახსენები სიმრავლეც.

ფართო აზრით, კულტურის ცნება ხაზს უსვამს ადამიანის განსხვავებას ყველა სხვა ბიოლოგიური არსებისაგან. კულტურაში იგულისხმება არა ცალკეული შემოქმედებითი აქტი, არამედ შემოქმედება როგორც ადამიანის უნივერსალური დამოკიდებულება სამყაროსადმი, რომლის მეშვეობით იგი ქმნის „ახალ სამყაროსა“ და საკუთარ თავს. თითოეული კულტურა განუმეორებელი სამყაროა, რომლის შიგნით არსებობს ადამიანის (ადამიანთა) სწორედ ასეთი დამოკიდებულება გარემომცველი სინამდვილისა და საკუთარი თავისადმი.

იხ. ვიდეო



არსებობს კულტურის ცნების მრავალი საინტერესო და ორიგინალური დეფინიცია. ნებისმიერი განსაზღვრება მოიცავს ამ ფენომენის ერთ ან რამდენიმე მხარეს, კონკრეტული ინტერესის შესაძლო მრავალგვარი ხასიათიდან გამომდინარე, ყოვლისმომცველობისა და ამომწურაობის პრეტენზია კი ვერც ერთს ვერ ექნება.

კულტურის კვლევის, მისი სახის განსაზღვრის მცდელობისას გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ, ერთი მხრივ, „სხვა, ჩვენი კულტურისაგან განსხვავებული კულტურის ადამიანებთან დიალოგი თანამედროვე ცნობიერების განუყოფელი ფუნქციაა“, მეორე მხრივ კი, „კულტურა, ყველაზე ფართო მნიშვნელობით, არის ის, რის გამოც შენ უცხოდ იქცევი, როგორც კი შენს სახლს დატოვებ... როდესაც იმყოფები შენს ჯგუფში, იმ ადამიანებს შორის, რომლებთანაც საერთო კულტურა გაქვს, შენ არ გიხდება ფიქრი საკუთარ აზრებსა და ქცევაზე, რადგან შენც და ისინიც, პრინციპში, ერთნაირად ხედავთ სამყაროს, იცით, რას შეიძლება მოელოდეთ ერთმანეთისაგან. მაგრამ უცხო საზოგადოებაში უსუსურობისა და დეზორიენტირებულობის გრძნობა გეუფლება“. ეს ეხება არა მხოლოდ ცოცხალ კონტაქტს ადამიანებს შორის, არამედ, აგრეთვე, კულტურის კვლევის პროცესს. ადამიანები კითხვებს უსვამენ წარსულში ან სხვა კულტურის ფარგლებში მცხოვრებ ადამიანებს, ცდილობენ, გაშიფრონ მათ მიერ დატოვებული თუ მოწოდებული ინფორმაცია. მაგრამ კითხვები, რომლებზეც პასუხსაც ეძებენ, განსაზღვრულია თანამედროვე ცნობიერებით, კულტურით, რომლის მატარებელი არიან, სიტუაციით, რომელშიც ისინი იმყოფებიან.

                                                              

მარკ პორცია კატონი (234 - 149 ჩვ. წ. აღ.) სიტყვა cultura პირველად ხვდება მისი ტრაქტატში მიწათმოქედებაზე De Agri Cultura (ok. 160წ ჩვ. წ. აღ.)
კულტურათა ურთიერთქმედება ეწოდება უშუალო კავშირურთიერთობის სახეს, რომელიც ყალიბდება, სულ მცირე, ორ კულტურას შორის, აგრეთვე ამ ურთიერთობათა შედეგად წარმოშობილ გავლენებსა და ორმხრივ ცვლილებებს. კულტურათა ურთიერთქმედების პროცესში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ფასეულობათა, მახასიათებელთა, კულტურული აქტივობის ფორმათა შეცვლას, ახალი ორიენტირების გაჩენას, რაც გარედან მომდინარე იმპულსების გავლენით ხდება. კულტურათა ურთიერთქმედება, როგორც წესი, ხანგრძლივი პროცესია (არანაკლებ რამდენიმე ათეული წლისა).

                                                                       

XIX  ს. გრავიურა ავსტრალიელი აბორიგენები ეწინაამღდეგებიან ჯეიმზ კუკის ჩასვლას

გამოყოფენ კულტურათა ურთიერთქმედების სხვადასხვა დონეს: 1) ეთნიკური დონე - ურთიერთობა ეთნოსებსისტორიულ-ეთნოგრაფიულ, ეთნოკონფესიურ და სხვა ჯგუფებს შორის; 2) ეროვნული დონე, სადაც რეგულაციურ ფუნქციას მნიშვნელოვანწილად სახელმწიფო-პოლიტიკური სტრუქტურები ასრულებენ; 3) ცივილიზაციური დონე.

კულტურათა ურთიერთქმედების პროცესში განარჩევენ კულტურა-დონორს და კულტურა-რეციპიენტს. პირველი მეტს გასცემს, ვიდრე იღებს, მეორე - პირიქით. დროთა განმავლობაში ეს როლები შეიძლება იცვლებოდეს.

ცნობილია ურთიერთქმედების როგორც მშვიდობიანი, ნებაყოფლობითი (თანასწორუფლებიანი თანამშრომლობა), ისე არამშვიდობიანი, ძალდატანებითი (კოლონიური, სამხედრო დაპყრობები) ფორმები.

კულტურული ურთიერთქმედების შედეგები არაერთგვაროვანია, მათი შეფასების კრიტერიუმების მოძებნა ძნელია. შესაბამისად, ძნელია საუბარი ცალსახად დადებით ან უარყოფით შედეგებზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ერთი კულტურა იწყებს აშკარა დაქვეითებას, მეორეში გათქვეფას, ან უკვალოდ ქრება. ასეთი შედეგის თვალის მიდევნება ყველაზე უკეთ შეიძლება რელიქტური ან არქაული კულტურების მაგალითზე, რომლებიც თავიანთი ისტორიის რომელიღაც პერიოდში თანამედროვე ტიპის კულტურებს შეეჯახნენ და მზად არ აღმოჩნდნენ, აეთვისებინათ მათ მიერ შეთავაზებული კულტურული ფორმები.

უფრო რთულია მსჯელობა იმ კულტურათა ურთიერთქმედებაზე, რომლებიც ძირეულად არ განსხვავდებიან ტიპოლოგიური მახასიათებლებით.

ყოველ კულტურას აქვს დაცვითი მექანიზმების მთელი სისტემა, რომელიც იცავს მას სხვა კულტურათა განსაკუთრებით ინტენსიური ზემოქმედებისაგან.

კულტურათა ურთიერთქმედების პროცესისა და მისი შედეგების გადმოსაცემად გამოიყენება შემდეგი ტერმინები: კულტურული დიფუზია, კულტურული კონფლიქტი, ასიმილაციაკულტურული შოკიაკულტურაცია, კულტურული ცვლილება.

გამოიყოფა კულტურათა/ცივილიზაციათაშორისი ურთიერთობის სამი ძირითადი ტიპი:

  • კონფრონტაცია
  • სიმბიოზი
  • სინთეზი.

განასხვავებენ „სხვა“ კულტურასთან კონტაქტზე ამა თუ იმ კულტურის რეაქციის ორ ძირითად ტიპს: ეთნოცენტრულსა და ეთნორელატიურს. პირველი, თავის მხრივ, მოიცავს სამი სახის რეაქციას: 1) კულტურათა შორის არსებული განსხვავების უარყოფა, 2) საკუთარი კულტურული უპირატესობის დაცვა, 3) განსხვავებათა მინიმიზაცია; მეორე ტიპი ასევე სამგვარ რეაქციას აერთიანებს: 1) კულტურათა განსხვავების მიღება-აღიარება, 2) ახალ კულტურასთან ადაპტაცია, 3) ინტეგრაცია ორივე (მშობლიურ და ახალ) კულტურაში.

                                                              

თურქენი ქალი

კულტურის (კულტურული) დიფუზია არის ორი ან მეტი საზოგადოების კულტურული მახასიათებლების სივრცეში გავრცელება და შეღწევა სხვა საზოგადოებაში. ესაა კულტურის გავრცელება-მოძრაობის განსაკუთრებული ფორმა, რომელიც აუცილებლად არ გულისხმობს მიგრაციულ პროცესებს. კულტურა საზოგადოებიდან საზოგადოებას შეიძლება გადაეცეს თავად საზოგადოების ან მისი წარმომადგენლების გადაადგილების გარეშე. კულტურის გავრცელება მოძრაობის განსაკუთრებული ფორმაა, რომელიც განსხვავდება და არ დაიყვანება მიგრაციულ პროცესებზე.

კულტურული დიფუზიის კონცეფციის ყველაზე რადიკალური მომხრეების მიერ კაცობრიობის მთელი ისტორია გააზრებული იყო როგორც კულტურათა კონტაქტი, შეჯახება, სესხება და გადატანა. ისინი ყველგან და ყველაფერში მხოლოდ კულტურის დიფუზიას, ე. ი. სხვადასხვა კულტურული მოვლენის სივრცეში გადანაცვლებას ხედავდნენ.

კულტურის დიფუზია შეიძლება განხორციელდეს არა მარტო ხალხებსა და ქვეყნებს, არამედ ჯგუფებს და სოციალურ ფენებს შორის. აქედან გამომდინარე, განარჩევენ ორ მიმართულებას:

  1. კულტურის დიფუზია ეთნოსებს, გარკვეული სტატუსის მქონე ინდივიდების ჯგუფებს შორის;
  2. კულტურული ელემენტების ვერტიკალური გავრცელება არათანაბარი სტატუსის მქონე სუბიექტებს შორის. ასეთ პროცესს უწოდებენ სტრატიფიკატორულ კულტურულ დიფუზიასაც, რომელიც შეიძლება ორი - აღმავალი და დაღმავალი - ფორმით განვითარდეს (მაგ., არისტოკრატიის მიერ მდაბიური საუბრის სტილის ელემენტების გადმოღება ან ფუფუნების საგნების საყოველაოდ ქცევა).


Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...