среда, 13 октября 2021 г.

ჯონ ლენონი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                                ჯონ ლენონი

ჯონ უინსტონ ონო ლენონი

(ინგლ. John Lennon), ბრიტანული იმპერიის ორდენის მფლობელი, (დ. 9 ოქტომბერი1940 — გ. 8 დეკემბერი1980) — ინგლისელი მომღერალი, სიმღერების ავტორი, მუსიკოსი და მშვიდობის აქტივისტი. იგი ცნობილი გახდა, როგორც The Beatles-ის, მუსიკაში ყველა დროის წარმატებული და კრიტიკოსების მიერ აღიარებული ჯგუფის წევრი და ერთ-ერთი დამაარსებელი. The Beatles-ის წევრ პოლ მაკ-კარტნისთან ერთად მისი შემოქმედებითი ძალების გაერთიანება წარმოადგენს XX საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე ნაყოფიერ თანამშრომლობას. ჯორჯ ჰარისონის და რინგო სტარის თანამონაწილეობით The Beatles-მა 1960-იანებში მსოფლიო წარმატება მოიპოვა.

დაბადებული და გაზრდილი ლივერპულში, ჯონი მოზარდობისას მონაწილეობდა სკიფლის მოძრაობაში. მისი პირველი ჯგუფი, The Quarrymen იყო The Beatles-ის წინამორბედი. მას შემდეგ, რაც The Beatles 1970 წელს დაიშალა, ლენონი სოლო კარიერით დაკავდა და გამოსცა კრიტიკოსების მიერ აღიარებული სხვადასხვა ალბომი, როგორიც არის John Lennon/Plastic Ono Band და Imagine. აგრეთვე აღსანიშნავია სიმღერები Give Peace a Chance და Imagine. მუსიკალურ ბიზნესს ჯონი 1975 წელს ჩამოშორდა და ძირითადად, ოჯახით იყო დაკავებული. თუმცა, 1980 წელს გამოიცა მისი ახალი დისკი Double Fantasy. ეს მოხდა მის მკვლელობიდან სამი კვირის შემდეგ.

მუსიკის, მწერლობის, ნახატების, კინოფილმებისა თუ ინტერვიუების ხასიათით, ლენონმა შეიძინა მეამბოხე პიროვნების იმიჯი. იგი აკეთებდა სკანდალურ პოლიტიკურ განცხადებებს და ცნობილია, როგორც მშვიდობის აქტივისტი. 1971 წელს იგი დასახლდა ნიუ-იორკში, სადაც ვიეტნამის ომის კრიტიკის გამო რიჩარდ ნიქსონის ადმინისტრაცია ცდილობდა მის დეპორტირებას. ამის კიდევ ერთი მიზეზი ის არის, რომ ჯონი სიმღერები ხშირად ჟღერდა ანტისაომარი მოძრაობის ფარგლებში, ჰიმნების სახით.

2012 წლისათვის ლენონის მიერ აშშ-ში გაყიდული დისკების რაოდენობა 14 მილიონ ერთეულს აღემატება. როგორც ავტორს, თანაავტორს ან შემსრულებელს მას ეკუთვნის ბილბორდის 100-ეულის #1 პოზიციაზე მოხვედრილი 25 სინგლი. 2002 წელს BBC-მ ჩაატარა გამოკითხვა „100 უდიდესი ბრიტანელი“, სადაც ჯონი მერვე ადგილზე დასახელდა. 2008 წელს ჟურნალ როლინგ სტოუნის მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში ჯონი დასახელდა ყველა დროის საუკეთესო მომღერლებს შორის რიგით მეხუთედ. გარდაცვალების შემდეგ, 1987 წელს იგი შეყვანილი იქნა სიმღერების ავტორთა დიდების დარბაზში, ხოლო 1994 წელს - როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში.

იხ. ვიდეო ჯონ ლენონი - მშვიდობის აქტივისტი, რ-იც ომებისა და უსამართლობის წინაამღდეგ გამოდიოდა


ლენონი დაიბადა მეორე მსოფლიო ომის პერიოდის ინგლისში, 1940 წლის 9 ოქტომბერს, ლივერპულში, ჯულიასა და ალფრედ ლენონის ოჯახში. ალფრედი იყო ვაჭარი მეზღვაური, წარმოშობით ირლანდიელი, რომელიც შვილის დაბადებისას ქვეყანაში არ იმყოფებოდა. მშობლებმა ბიჭუნას ჯონ უინსტონ ლენონი დაარქვეს, მამის მხრიდან ბაბუის, ჯონ „ჯეკ“ ლენონისა და პრემიერ-მინისტრ უინსტონ ჩერჩილის პატივსაცემად. მამა შინ ხშირად არ იყო, მაგრამ აგზავნიდან ფულად ჩეკებს იმ მისამართზე, რომელზეც ლენონი დედასთან ერთად ცხოვრობდა. ჩეკების გამოგზავნა შეწყდა, როდესაც იგი 1944 წლის თებერვალში დაიკარგა. ექვსი თვის შემდეგ იგი შინ დაბრუნდა, მაგრამ ამ დროისთვის ჯულიას ურთიერთობა ჰქონდა სხვა მამაკაცთან და ფეხმძიმედ იყო, ამიტომ მეუღლესთან ურთიერთობის აღდგენაზე უარი თქვა. მას შემდეგ, რაც დამ, მიმი სმითმა, ლივერპულის სოციალურ სამსახურში ორჯერ იჩივლა, ჯონზე მეურვეობა ჯულიამ მას გადასცა. 1946 წლის ივლისში მამამ ჯონს სმითთან მიაკითხა და ბიჭუნა ბლეკპულში წაიყვანა. მას სურდა ჯონის ახალ ზელანდიაში ფარულად თან წაყვანა. თავის პარტნიორთან, ბობი დიკინსთან ერთად, ჯულია მას გაჰყვა და ჯონს მოსთხოვა არჩევანია გაკეთება. ლენონმა ორჯერ აირჩია მამასთან დარჩენა, მაგრამ, როდესაც დედა მიდიოდა, აცრემლებული, უკან გაჰყვა. მამასთან შემდეგი შეხვედრა ჯონს მხოლოდ 20 წლის შემდეგ ჰქონდა.
                                                                    
ლენონი (მარჯვნივ) და The Beatles 1964წ ბალტიმორის პარკი

15 წლის ასაკში, 1956 წელს ლენონმა სკიფლ-ჯგუფი, The Quarrymen ჩამოაყალიბა (სახელწოდება ჯგუფმა შეიძინა კუორი ბენკის სკოლის პატივსაცემად).  1957 წლის ზაფხულისთვის ისინი ასრულებდნენ „სიმღერების ენერგიულ პროგრამას“, რომელშიც შედიოდა სკიფლის და როკ-ენ-როლის ჟანრის სიმღერები. მაკ-კარტნი ლენონმა მეორე კონცერტის დღეს გაიცნო. იგი ჩატარდა ვულტონში, წმინდა პეტრეს სახელობის ეკლესიის ეზოში, ვულტონში. კონცერტის შემდეგ ჯონმა მაკ-კარტნის ჯგუფში გაერთიანება შესთავაზა.

მაკ-კარტნი იხსენებდა, რომ დეიდა მიმიმ იცოდა, რომ ჯონის მეგობრები დაბალი კლასის წარმომადგენლები იყვნენ და ბიჭებს ხშირად ადევნებდა თვალს, როდესაც პოლი ჯონს შინ აკითხავდა. პოლის ძმა მაიკი ამბობდა, რომ მაკ-კარტნის მამასაც არ მოსწონდა ეს მეგობრობა, ფიქრობდა რა, რომ ჯონი მშვილს რამე უსიანოვნებაში ჩაითრევდა . თუმცა, მოგვიანებით მან ჯგუფს ნება დართო 20 Forthlin Road-ზე მდებარე სახლში რეპეტიციები ჩაეტარებინათ.  ამ პერიოდკში 18 წლის ლენონმა დაწერა პირველი სიმღერა "Hello Little Girl", რომელიც ხუთი წლის შემდეგ ჯგუფმა The Fourmost შეასრულა და სიმღერით ბრიტანეთის ათეულში მოხვდა.

მაკ-კარტნის ინიციატივით The Quarrymen-ს წამყვანი გიტარისტის სახით შეუერთდა მისი მეგობარი, ჯორჯ ჰარისონი  ლენონი თვლიდა, რომ ის მეტად ახალგაზრდა იყო (მაშინ ჯორჯი 14 წლის იყო). მაკ-კარტნის თხოვნით, ჰარისონმა ჯგუფთან ერთად ინსტრუმენტული „Raunchy“ დაუკრა ავტობუსის სახურავზე და ლენონი დათანხმდა. ბასისტის სახით ჯგუფს მოგვიანებით დაემატა სტიუარტ სეტკლიფი, ლენონის მეგობარი სამხატვრო სკოლიდან. ლენონი, მაკ-კარტნი, ჰარისონი და სეტკლიფი 1960 წლის დასაწყისში გახდნენ "The Beatles". იმავე წლის აგვისტოში ისინი ჰამბურგში გაემგზავრნენ, სადაც 48 კონცერტი ჩაატარეს. ვინაიდან დრამერი ჯერ არ ჰყავდათ, ძიების რთული პროცესის შედეგად პიტ ბესტი აიყვანეს.  ლენონს 19 წელი შეუსრულდა და დეიდა შეშინებული იყო ამ მოგზაურობით, ამიტომ ჯონს ეხვეწებოდა, სწავლისთვის მიეხედა. ჰამბურგში პირველი ვიზიტის შემდეგ ჯგუფი გერმანიაში 1961 წლის აპრილში დაბრუნდა, მოგვიანებით კი - კიდევ ერთხელ, 1962 წლის აპრილში. როგორც ჯგუფის სხვა წევრები, ჰამბურგში ლენონი პრელუდინის მომხმარებელი გახდა, რაც მას ეხმარებოდა, საღამოს კონცერტების დროს ენერგიულად ყოფილიყო. ამას ამფეტამინი დაემატა.

იხ. ვიდეო ჯონ ლენონის უცნობი ფაქტები



ბრაიან ეპსტაინი, რომელიც The Beatles-ის მენეჯერი 1962 წელს გახდა, მანამდე შემსრულებლების მენეჯმენტის მხრივ გამოუცდელი იყო, მაგრამ მან გავლენა იქონია წევრების ჩაცმულობაზე და სასცენო ქცევაზე. თავდაპირველად ლენონი მის მცდელობებს ეწინააღმდეგებოდა და სურდა, ჯგუფს უფრო პროფესიონალური გარეგნობა ჰქონდოდა, მაგრამ მოგვიანებით დანებდა და განაცხადა „სისხლიანი ბუშტებით გამოვალ, ოღონდ გადამიხადონ.“ სეტკლიფი ჰამბურგში დარჩა და ბასზე მაკ-კარტნი გადაერთო, ხოლო ბესტი რინგო სტარის მიერ იქნა ჩანაცვლებული. 1970 წელს დაშლამდე ჯგუფის შემადგენლობა ასეთი იყო. მათი პირველი სინგლი "Love Me Do" გამოვიდა 1962 წლის ოქტომბერში და ბრიტანეთის ჩარტში #17 იყო. სადებიუტო ალბომ Please Please Me-ის ჩაწერას 10 საათიც არ დასჭირდა. ჯგუფმა იგი 1963 წლის თებერვალში ჩაწერა, როდესაც ლენონი გაიცებული იყო - ეს კარგად შეიმჩნევა იმ დღეს ჩაწერილ "Twist and Shout"-ში.  ლენონის და მაკ-კარტნის ერთობლივი ძალებით დაიწერა ალბომის 14-დან 8 სიმღერა. გარდა რამდენიმე გამონაკლისისა (მათ შორის იყო ალბომის სახელწოდება), მომავალში ლენონის საყვარელი მეთოდი, სიტყვების თამაში სიმღერებში ჯერ არ გამოიყენებოდა: „უბრალოდ პოპულარულ სიმღერებს ვწერდით, ყოველგვარი აზრის გარეშე, მხოლოდ ჟღერადობაზე ვმუშაობდით. სიტყვებს მნიშვნელობა არ ჰქონდა.“ 1987 წელს მაკ-კარტნიმ განაცხადა, რომ The Beatles-ის სხვა წევრები ჯონს კერპად თვლიდნენ: „ჩვენი პატარა ელვისის როლს ასრულებდა...ყველა ჯონზე იყო დამოკიდებული. იგი იყო უფროსი და ნამდვილად ლიდერი - ყველაზე მიხვედრილი და ჭკვიანი.“

მნიშვნელოვანი წარმატება ბრიტანეთში ჯგუფმა 1964 წლის დასაწყისში მოიპოვა. ლენონი ჯგუფთან ერთად ტურნეში იმყოფებოდა, როდესაც დაიბადა მისი პირველი შვილი, ჯულიანი. სამეფო ოჯახის წინ გამოსვლისას, ლენონმა იხუმრა - „შემდეგი სიმღერისთვის თქვენ დახმარებას ვითხოვ. ვინც იაფ ადგილებზე ზის, ტაში დაუკარით. დანარჩენებმა, ძვირფასეულობა ათამაშეთ.“ ბრიტანეთში ბიტლომანიის დაწყებიდან ერთი წლის შემდეგ ედ სალივანის შოუში, 1964 წლის თებერვალში შედგა ჯგუფის ამერიკული დებიუტი, რასაც მსოფლიო ვარსკვლავობა მოჰყვა. ორ წლიანი ტურნეს, ფილმების გადაღების და სიმღერების შექმნის პარალელურად ჯონმა დაწერა ორი წიგნი In His Own Write და A Spaniard in the Works. The Beatles საბოლოოდ აღიარეს ბრიტანეთის უმაღლეს წრეებშიც და 1965 წელს დედოფალმა ოთხივეს გადასცა ბრიტანეთის იმპერიის ორდენი.

ლენონს აღელვებდა, რომ მსმენელები, რომლებიც The Beatles-ის კონცერტებს ესწრებოდნენ, ფანების კივილის გამო ვერ ისმენდნენ მუსიკას, რასაც ეწირებოდა ჯგუფის, როგორც მუსიკოსების, კარიერა. მის მიერ დაწერილი "Help!" გამოხატავდა მის გრძნობებს 1965 წელს: „ანუ...მე ვმღეროდი 'მიშველეთ'.“ მან მოიმატა წონაში (მოგვიანებით ამას უწოდებდა მსუქანი ელვისის პერიოდს) და ესაჭიროებოდა ცვლილებები. შემდეგი წლის იანვარში, როდესაც ლენონი, ჰარისონი და მათი მეუღლეები კბილის ექიმთან სახლში წვეულებაზე იმყოფებოდნენ, უკანასკნელმა მათ ყავაში ლსდ გაურია - ასე ჯონი პირველად ეზიარა ამ ნარკოტიკს. როდესაც შინ წასვლას აპირებდნენ, მასპინძელმა უამბო, თუ რა გასინჯეს და ჰალუცინოგენის ეფექტის გამო დარჩენა ურჩია. მოგვიანებით ისინი ღამის კლუბში შევიდნენ და ეჩვენათ, რომ იგი ცეცხლმოკიდებული იყო: „ისტერიული კივილი დავიწყეთ.“

რამდენიმე თვეში, მარტში, Evening Standard-ის ჟურნალისტ მორინ კლივის ინტერვიუში ლენონმა ისაუბრა ქრისტიანობის შესახებ: „ქრისტიანობა გაქრება,“ განაცხადა მან. „იგი გაუჩინარდება და შემცირდება. ამაზე კამათს არ ვაპირებ. მე მართალი ვარ და ჩემს სიტყვებსაც გაამართლებენ. ჩვენ ამჟამად ვართ უფრო პოპულარული ვიდრე იესო, არ ვიცი, რომელი უფრო ადრე გაქრება, როკ-ენ-როლი თუ ქრისტიანობა. იესო მართალი იყო, მაგრამ მისი მიმდევრები - შტერი და ჩვეული. სწორედ მათი სიჩლუნგეა, რომ აფუჭებს ყველაფერს.“ ინგლისში კომენტარი შეუმჩნეველი დარჩა, მაგრამ როდესაც აშშ-ის ჟურნალმა Datebook იგი ხუთი თვის შემდეგ დაბეჭდა - აგვისტოში ჯგუფის აშშ-ის ტურნეს წინ - ამერიკულ ბიბლიურ სარტყელში მან გამოიწვია დავა. ვატიკანმა საპროტესტო წერილი გამოაქვეყნა, ხოლო ესპანეთისა და ჰოლანდიის რადიოსადგურებში და სამხრეთ აფრიკის ეროვნულ სამაუწყებლო საშუალებებში შეწყდა ჯგუფის ტრანსლირება. ეპსტაინმა Datebook დაადანაშაულა ლენონის სიტყვების კონტექსტიდან ამოგლეჯაში. პრეს-კონფერენციაზე ლენონმა განაცხადა: „რომ მეთქვა, რომ ტელევიზიაა უფრო პოპულარული, ვიდრე იესო, ყველაფერი მშვიდად ჩაივლიდა.“ ლენონი ამტკიცებდა, რომ იგი გულისხმობდა იმას, თუ როგორ ხედავენ სხვა ადამიანები მათ წარმატებას, მაგრამ ჟურნალისტების მხრიდან მინიშნების შემდეგ შეაჯამა: „თუკი ისურვებთ, რომ მოვინანიო, თუკი ეს ბედნიერებას მოგიტანთ, მაშინ, კარგი, ბოდიშს ვიხდი.“

8 დეკემბერი 1980: მკვლელობა

Strawberry Fields, ნიუ-იორკის ცენტრალური პარკი, უკანა ფონზე - დაკოტა

1980 წლის 8 დეკემბერს, დაახლოებით 22:50-ზე, როდესაც ლენონი და ონო ბრუნდებოდნენ დაკოტაში (ნიუ-იორკი) მდებარე ბინაში, მათ სადარბაზოსთან დახვდა მარკ დევიდ ჩეპმენი. მან ჯონს ოთხჯერ ესროლა ზურგში. ლენონი გადაყვანი იქნა ახლოს მდებარე რუზველტის ჰოსპიტალის რეანიმაციაში. 23:07-ზე იგი გარდაიცვალა. მანამდე ლენონმა ჩეპმენის მიერ მიწოდებულ Double Fantasy-ზე ავტოგრაფი დატოვა.

მეორე დღეს ონომ განცხადება გაავრცელა: „ჯონის დასაფლავება არ გაიმართება“. მან იგი დაასრულა სიტყვებით: „ჯონს უყვარდა ადამიანები და მათთვის ლოცულობდა. გთხოვთ, მისთვისაც ილოცოთ.“ ჰარტსდეილში (ნიუ-იორკი), ფერნკლიფის სასაფლაოზე მოხდა მუსიკოსის ნეშტის კრემაცია. ფერფლი ონომ გაფანტა ნიუ-იორკის ცენტრალურ პარკში, სადაც მოგვიანებით აგებული იქნა ძეგლი „Strawberry Fields“. ჩეპმენი დამნაშავედ ცნეს და იგი ციხეში შემდეგი 20 წლით მოხვდა. 2016 წლისთვის, მიუხედავად ცხრა აპელირებისა, მან გათავისუფლებაზე უარი მიიღო.

სინთია ლენონი

ენონმა სინთია პაუელი (1939–2015) გაიცნო 1957 წელს, ლივერპულის ხელოვნების კოლეჯში სტუდენტობისას. მიუხედავად იმისა, რომ პაუელს ეშინოდა ლენონის ქცევის და გარეგნობის, მან შეიტყო, რომ ჯონს მოსწონდა ფრაგი მსახიობი ბრიჯიტ ბარდო, ამიტომ თმა ქერად შეიღება. ლენონმა მას ხელი სთხოვა, თუმცა სინთიამ უპასუხა, რომ უკვე დანიშნული იყო და მიაძახა: „ჩემზე ქორწინება არ მითხოვია, ხომ ასეა?“ პაუელი ხშირად ახლდა ლენონს Quarrymen-ის კონცერტებზე და მაკ-კარტნის მეგობარ გოგონასთან ერთად ჰამბურგში მის მოსანახულებლად იმოგზაურა. თავად ლენონი ბუნებით ეჭვიანი იყო, რაც შემდგომში აგრესიაში გადაიზარდა. იგი ხშირად აშინებდა პაუელს თავისი რეაქციით და ფიზიკური ძალადობით. მოგვიანებით მან ახსენა, რომ ონოსთან შეხვედრამდე ქალებისადმი შოვინისტურ დამოკიდებულებაში ეჭვი არასოდეს შეჰპარვია. იგი ამბობდა, რომ The Beatles-ის „Getting Better“ სწორედ მის საკუთარ ამბავზეა: „ჩემს ქალთან უხეში ვიყავი და ფიზიკურად – ნებისმიერთან. ვცემდი. საკუთარ თავს ვერ გამოვხატავდი და ვცემდი. კაცებს ვეჩხუბებოდი და ქალებს ვცემდი. ამიტომ არის, რომ ყოველთვის მშვიდობაზე ვსაუბრობ.“

1962 წლის ივლისში თავის რეაქციაზე, როდესაც შეიტყო, რომ სინთია ფეხმძიმედ იყო, ჯონი იხსენებდა, რომ სინთიას უთხრა: „ერთადერთი დაგვრჩენია, სინ. უნდა დავქორწინდეთ.“ მათ 23 აგვისტოს იქორწინეს, მაუნტ-პლეზენტის სამოქალაქო აქტების სარეგისტრაციო ოფისში, ლივერპულში. მეჯვარე იყო ბრაიან ეპსტაინი. ლენონის ქორწინება დაემთხვა ბიტლომანიის დაწყებას. ჯონი გამოვიდა ჯგუფთან ერთად კონცერტზე იმავე საღამოს და შემდგომშიც გრაფიკის მიხედვით მუშაობა განაგრძო. თავად ეპსტაინს ეშინოდა, რომ მსმენელებს დაქორწინებული ბიტლისადმი უნდობლობა ექნებოდათ, ამიტომ ჯონს სთხოვა, ქორწინების დეტალები გაესაიდუმლოებინა. ჯულიანი დაიბადა 1963 წლის 8 აპრილს. ლენონი ამ დროს ტურნეში იყო და შვილი მხოლოდ სამი დღის შემდეგ იხილა.

სინთიას აზრით, წყვილის პრობლემების მიზეზი იყო LSD-ის გამოყენება. მისი აზრით, ნარკოტიკებით გატაცების გამო ლენონმა მისდამი ინტერესი მალევე დაკარგა. როდესაც The Beatles-მა მიემგზავრებოდა ბანგორში (უელსი), 1967 წელს, მაჰარიში მაჰეშ იოგის სემინარზე დასასწრებად, პოლიციელმა ვერ იცნო სინთია და თვითმფრინავში არ აუშვა. სინთია მოგვიანებით იხსენებდა, რომ ეს ქორწინების დასასრულის სიმბოლო იყო. მას შემდეგ, რაც იგი დაბრუნდა შინაურ კენვუდში, ჯონი იოკო ონოსთან ერთად აღმოაჩინა და მეგობრებთან წავიდა. ალექსის მარდასი მოგვიანებით ამბობდა, რომ სინთიასთან ღამე გაატარა, რამდენიმე კვირის შემდეგ კი ამცნო მას, რომ ჯონი აპირებდა გაყრას და ჯულიანის მეურვეობას, ცდილობდა რა დაემტკიცებინა, რომ სინთიამ მას უღალატა. ხანგრძლივი დავის შემდეგ ლენონი დანებდა და სინთიასთან თანასწორი უფლებებით გაყრა არჩია. ყოველივე 1968 ნოემბერში, სასამართლოს გარეშე გადაწყდა. შეთანხმების თანახმად, ლენონი ყოფილ მეუღლეს წლიურად გადასცემდა 100 000 გირვანქა სტერლინგს.

იხ. ვიდეო IMAGINE  John Lennon & The Plastic Ono Band (with the Flux Fiddlers) HD

                              Imagine (სიმღერა)

 ჯონ ლენონის სიმღერა, ამავე დასახელების 1971 წლის ალბომიდან Imagine. სინგლის სახით გამოიცა აშშ-ში, სადაც მან უმაღლეს ადგილს მიაღწია ჩარტებში. იქ სინგლმა ბილბორდის ცხელ ასეულში პირველი ადგილი დაიკავა. ეს სიმღერა მომღერლისთვის ყველაზე წარმატებული აღმოჩნდა, მას შემდეგ, რაც მან დატოვა ჯგუფი The Beatles. იგი ასევე ერთ-ერთი პირველი სოლო სიმღერაა ჯონ ლენონისთვის. სიმღერამ გამოსვლისთანავე უდიდესი მოწონება დაიმსახურა. ამჟამად იგი შესულია მსოფლიოს საუკეთესო 500 სიმღერას შორის. ჟურნალ როლინგ სტოუნიის ვერსიით სიმღერა მსოფლიოს ყველა დროის უდიდეს სიმღერებს შორის მესამე პოზიციაზეა წარმოდგენილი.. „Imagine“ სხვადასხვა დროს საკუთარი ინტერპრეტაციით წარდგენილი იქნა ცნობილი და ნაკლებად ცნობილი შემსრულებლების მიერ.







Комментариев нет:

ათეროსკლეროზი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         ათეროსკლეროზი ძარრვებში ცვლილებები (ათეროსკლეროზის განვითარების...