пятница, 15 октября 2021 г.

გოლფსტრიმი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                              გოლფსტრიმი

გოლფსტრიმის დინების სქემა

 (ინგლ. gulf stream) — თბილ დინებათა მძლავრი სისტემა ატლანტის ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილში. ვრცელდება 10 ათ. კმ-ზე, ფლორიდის ნახევარკუნძულის სანაპიროებიდან შპიცბერგენისა და ახალი მიწის კუნძულებამდე.

საკუთრივ გოლფსტრიმი იწყება ფლორიდის სრუტის სამხრეთ ნაწილში და ვრცელდება ნიუფაუნდლენდის დიდ მარჩხობამდე. მისი წარმოშობის მიზეზია პასატური ქარების მიერ იუკატანის სრუტის გავლით მექსიკის ყურეში წყლის დიდი რაოდენობით მოდენა და ამის შედეგად მექსიკის ყურისა და მასთან მიმდებარე ატლანტის ოკეანის წყლების დონეთა შორის წარმოქმნილი მნიშვნელოვანი სხვაობა. ოკეანეში გასვლისას დინების სიმძლავრე 25 მლნ. მ³/წმ შეადგენს (2160 კმ³ დღე-ღამეში), რაც 20-ჯერ აღემატება მსოფლიოს ყველა მდინარის ჯამურ ხარჯს. ოკეანეში გოლფსტრიმი უერთდება ანტილის დინებას და ჩ.გ. 38°-ზე მისი სიმძლავრე 82 მლნ. მ³/წმ აღწევს.

იხ. ვიდეო


გოლფსტრიმის ერთ-ერთი თავისებურება ისაა, რომ ჩრდილოეთ ნახევარსფეროში მოძრაობის ზოგადი კანონზომიერების საწინააღმდეგოდ, ეს დინება დედამიწის ბრუნვის ზეგავლენით მარჯვნივ კი არა, მარცხნივ გადაიხრება. ეს გამოწვეულია ატლანტის ოკეანის სუბტროპიკული ნაწილის ანტიციკლონურ არეში ოკეანის მაღალი დონითა და ანტილის დინების მიერ მექსიკის ყურიდან გამომავალი წყლის სამხრეთიდან შეგუბებით.

ოკეანეში გოლფსტრიმი მიედინება ჩრდილოეთისაკენ 6 კმ/სთ სიჩქარით (ზოგჯერ 10 კმ/სთ), ჰატერასის კონცხთან იგი გადაიხრება ჩრდილო-აღმოსავლეთით ნიუფაუნდლენდის მარჩხობისაკენ. აქ მისი სიჩქარე 3-4 კმ/სთ-მდე კლებულობს. დინების სიგანე სამხრეთით 75 კმ-ია, ჰატერასის კონცხთან 110-120 კმ, ნაკადის სიღრმე — 700-800 მ.

გოლფსტრიმს მიაქვს დიდი რაოდენობით სითბო და მარილები. წყლის ტემპერატურა ზედაპირზე 25 °C-26 °C , მარილიანობა 36,2‰-36,4‰; მაქსიმალური მარილიანობა (36,5‰) აღინიშნება 200 მ სიღრმეზე. წყლის ტემპერატურის ცვალებადობა მჭიდროდაა დაკავშირებული თბილი ტროპიკული წყლის მომდენი პასატების ქროლვის სიძლიერესთან.

                                                                    

ტემპერატურის მაჩვენებელი ჩრდ. ატლანტიკაში

ნიუფაუნდლენდის მარჩხობის სამხრეთ კიდესთან გოლფსტრიმს ჩრდილოეთიდან უახლოვდება ლაბრადორის ცივი დინება, რომლის წყლებთან აღრევის დროს ზედაპირული წყალი იძირება. ნიუფაუნდლენდის მარჩხობს რომ ჩაუვლის, დაახლ. დ. გ. 40°-თან საკუთრივ გოლფსტრიმი გადადის ჩრდილოატლანტიკურ დინებაში, რომელიც დასავლეთ და სამხრეთ-დასავლეთ ქარების გავლენით ჰკვეთს ოკეანეს დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ და ევროპის სანაპიროებთან ჩრდილო-აღმოსავლეთისაკენ მიედინება.

გოლფსტრიმის თბილ დინებათა სისტემა დიდ გავლენას ახდენს არა მარტო ზღვებისა და საკუთრივ ჩრდილოეთ ყინულოვანი ოკეანის ჰიდროლოგიურ და ბიოლოგიურ თვისებებზე, არამედ ატლანტისოკეანისპირა ევროპული ქვეყნების კლიმატზეც.

გოლფსტრიმის თბილი წყლები ათბობს ჰაერის მასებს, რომლებიც დასავლეთის ქარებს გადააქვს ევროპის სანაპიროებისაკენ და იწვევს ტემპერატურის გადახრას საშუალო განედური სიდიდეებიდან. იანვარში ნორვეგიის სანაპიროებთან ეს გადახრა 15-20° შეადგენს, მურმანსკთან 11° და მეტს.

Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...