пятница, 15 октября 2021 г.

სიმფონია № 9 (ბეთჰოვენი)

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                 სიმფონია № 9 (ბეთჰოვენი)

ერთ-ერთი გვერდი ბეთხჰოვენის მე-9 სიმფონიის ავტოგრაფიდან

 (რე მინორი), Op. 125 ― ბეთჰოვენის უკანასკნელი დასრულებული სიმფონია, რომელიც 1822-1824 წლებში დაიწერა და პირველად შესრულდა ვენაში, 1824 წლის 7 მაისს. ის არის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნაწარმოები კლასიკური პერიოდიდან და ბევრი კრიტიკოსის და მუსიკოლოგის მიერ მიიჩნევა ბეთჰოვენის შემოქმედების ერთ-ერთ საუკეთესო ნიმუშად და დასავლური მუსიკის ერთ-ერთ უდიდეს მიღწევად. 2010-იანი წლებისთვის, ის მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ხშირად შესრულებული სიმფონიების რიცხვს მიეკუთვნება.

მე-9 სიმფონია წარმოადგენს წამყვანი კომპოზიტორის მიერ სიმფონიაში ვოკალის გამოყენების პირველ შემთხვევას და საგუნდო სიმფონიის პირველ მაგალითს. ვოკალური ნაწილი ჩართულია სიმფონიის ბოლო (IV) მოქმედებაში და სრულდება ოთხი სოლისტის და გუნდის მიერ. ბეთჰოვენმა სასიმღერო ტექსტად აირჩია ფრიდრიხ შილერის ლექსი „სიხარულის ოდა“ (გერმ. An die Freude) (დაიწერა 1785 წელს, რევიზია 1803 წელს), ტექსტის გარკვეული ნაწილი აგრეთვე დამატებულია თავად კომპოზიტორის მიერ. როგორც პირველმა საგუნდო სიმფონიამ, მან გარდატეხა მოახდინა მუსიკის ისტორიაში და მის გავლენას შემდეგი თაობის მუსიკოსებიც განიცდიდნენ.

2001 წელს, სიმფონიის ორიგინალი, ხელნაწერი პარტიტურა, რომელიც ბერლინის სახელმწიფო ბიბლიოთეკაშია დაცული, შეტანილ იქნა გაეროს მსოფლიო მეხსიერების პროგრამის სიაში და წარმოადგენს ამ პროგრამაში მოხვედრილ პირველ სანოტო ჩანაწერს

იხ. ვიდეო ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის მე-9 სიმფონია

ლონდონის ფილარმონიულმა საზოგადოებამ სიმფონია თავდაპირველად 1817 წელს შეუკვეთა, კომპოზიციის შექმნა კი 1822 წლის შემოდგომაზე დაიწყო და 1824 წლის თებერვალში დასრულდა. სიმფონიას საფუძვლად დაედო ბეთჰოვენის სხვა ნაწარმოებები, რომლებიც, თავის მხრივ, დასრულებული ნამუშევრებია, მაგრამ, ამავე დროს, გარკვეული აზრით, წარმოადგენს მომავალი სიმფონიის მონახაზებსაც. საგუნდო ფანტაზიას Op. 80 (1808), რომელსაც, პრინციპში, საფორტეპიანო კონცერტის ერთ-ერთი მოქმედების ფორმა აქვს, კულმინაციურ ნაწილში ვოკალური სოლისტები და გუნდი უერთდება. ვოკალისტები და გუნდი ასრულებენ თემას, რომელიც მანამდე ინსტრუმენტების მიერ არის გაჟღერებული და რომელიც წააგავს შესაბამის თემას მეცხრე სიმფონიიდან.

უფრო ადრე, საგუნდო ფანტაზიის თემა გვხვდება სიმღერაში Gegenliebe ფორტეპიანოსა და მაღალი ხმისთვის, რომელიც 1795 წლით თარიღდება. რობერტ გუტმანის მიხედვით, მოცარტის K. 222, ოფერტორია რე-მინორი, Misericordias Domini, რომელიც 1775 წელს დაიწერა, ასევე შეიცავს მსგავს მელოდიას.

                                                                  

ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის პორტრეტი, 1820. მე-9 სიმფონიის წერის დროს ბეთჰოვენი თითქმის სრულად იყო ყრუ.
მიუხედავად იმისა, რომ ბეთჰოვენის ძირითადი ნაწარმოებების პრემიერა, როგორც წესი, ვენაში ხდებოდა, კომპოზიტორს სურდა, თავისი ბოლო კომპოზიცია ბერლინში შესრულებულიყო, დასრულებიდან რაც შეიძლება მალე, რადგან ფიქრობდა, რომ ვენის მუსიკალურ გემოვნებაში იტალიელი კომპოზიტორები დომინირებდნენ, მაგალითად, ჯოაკინო როსინი. როცა ამის შესახებ მისმა მეგობრებმა და სპონსორებმა შეიტყვეს, წერილობითი პეტიცია გაუგზავნეს, რომელსაც ხელს არაერთი ვენელი მუსიკის მფარველი და შემსრულებელი აწერდა და სადაც დაჟინებით სთხოვდნენ კომპოზიტორს, სიმფონიის პრემიერა ვენაში შესრულებულიყო

                                                                              
კერნერტორის თეატრი 1830

ბეთჰოვენი ნასიამოვნები დარჩა მსგავსი თაყვანისცემით და მეცხრე სიმფონია 1824 წლის 7 მაისს, კერნტნერტორის თეატრში (Theater am Kärntnertor) შესრულდა ბეთჰოვენის სხვა ორ ნაწარმოებთან ერთად - სახლის განწმენდა (უვერტიურა) და საზეიმო მესის (Missa Solemnis) სამი ნაწილი (Kyrie, Credo და Agnus Dei). ეს იყო კოპოზიტორის პირველი გამოჩენა სცენაზე 12 წლის განმავლობაში და დარბაზი სავსე იყო დაინტერესებული მსმენელით და მუსიკოსებით.

მე-9 სიმფონიის პრემიერაში ჩართული იყო ყველაზე დიდი ორკესტრი, რაც ბეთჰოვენს მანამდე შეეკრიბა. საჭირო გახდა კერნტნერტორის ორკესტრის, ვენის მუსიკალური საზოგადოების (Gesellschaft der Musikfreunde) და არაერთი ნიჭიერი მოყვარულის გაერთიანებული ძალისხმევა. საპრემიერო შესრულებაში მონაწილეთა სრული სია არ არსებობს, მაგრამ ცნობილია, რომ მასში ვენის ბევრი ელიტური შემსრულებელი შედიოდა.

სოპრანოს და ალტის პარტიებს ორი ცნობილი, ახალგაზრდა მომღერალი ასრულებდა: ჰენრიეტ ზონტაგი და კაროლინ უნგერი. გერმანელი სოპრანო, ჰენრიეტ ზონტაგი 18 წლის იყო, როცა ბეთჰოვენმა პირადად მიიწვია პრემიერაში მონაწილეობისთვის. აგრეთვე ბეთჰოვენის მიერ პირადად მიწვეული 20 წლის ვენელი კონტრალტო, კაროლინ უნგერი, უკვე ცნობილი იყო 1821 წელს, როსინის ტანკრედიში შესრულებული როლით. სიმფონიის 1824 წლის პრემიერის შემდეგ მან სახელი მოიხვეჭა იტალიაში და პარიზშიც. ცნობილია, რომ იტალიელ კომპოზიტორებს, გაეტანო დონიცეტის და ვინჩენცო ბელინის სპეციალურად მისი ხმისთვის აქვთ დაწერილი როლები. ანტონ ჰაიცინგერი ასრულებდა ტენორის, ხოლო იოზეფ ზაიპელტი - ბანის პარტიას.

                                                                               

კაროლინ უნგერი
მიუხედავად იმისა, რომ შესრულებას, ოფიციალურად, თეატრის კაპელმაისტერი, მიხაელ უმლაუფი დირიჟორობდა, მასთან ერთად სცენას იყოფდა ბეთჰოვენიც. თუმცა, ორი წლით ადრე, უმლაუფს ნანახი ჰქონდა, თუ როგორი კატასტროფით დასრულდა ბეთჰოვენის მიერ თავისი ოპერის, ფიდელიოს გენერალური რეპეტიციის დირიჟორობა. ამიტომაც, ამჯერად, შემსრულებლებს მისცა მითითება, რომ უკვე თითქმის სრულებით ყრუ ბეთჰოვენისთვის ყურადღება არ მიექციათ. ყველა ნაწილის დასაწყისში, ბეთჰოვენი, რომელიც სცენის გევრდით იჯდა, ტემპს იძლეოდა. იგი შლიდა პარტიტურის გვერდებს და დირიჟორობდა ორკესტრს, რომლის ხმაც არ ესმოდა.

აუდიტორიის აპლოდისმენტების დროს - სხვადასხვა გადმოცემით, სკერცოს ან მთლიანი სიმფონიის ბოლოს - ბეთჰოვენი რამდენიმე ტაქტით უკან იყო და ჯერ კიდევ დირიჟორობდა. ამის გამო, კონტრალტო, კაროლინ უნგერი, მივიდა მასთან და შემოაბრუნა, რათა მიეღო მსმენელთა ტაში და ოვაციები. Theater-Zeitung-ის კრიტიკოსის მიხედვით, „პუბლიკამ თავისი მუსიკალური გმირი უკიდურესი პატივისცემით და სიმპათიით მიიღო, უსმენდა მის გიგანტურ ქმნილებებს უდიდესი ყურადღებით და საზეიმოდ ტაშს უკრავდა, ხშირად ნაწილების დროსაც, ხოლო მათი დასრულებისას - განუწყვეტლივ.“

პირველი გერმანული გამოცემა დაიბეჭდა B. Schott's Söhne-ს მიერ, მაინცში, 1826 წელს. Breitkopf & Härtel-ის გამოცემა, რომელიც 1864 წლით თარიღდება, ყველაზე ხშირად გამოიყენება ორკესტრების მიერ. 1997 წელს, Bärenreiter-მა გამოსცა ჯონათან დელ მარის მიერ რედაქტირებული ვერსია. დელ მარის მიხედვით, ამ გამოცემაში გასწორებულია 3,000-მდე შეცდომა, ზოგიერთი - საკმაოდ მნიშვნელოვანი. დევიდ ლივაიმ, მოერეს მხრივ, გააკრიტიკა ეს რედაქცია და თქვა, რომ მას შეეძლო „საკმაოდ მცდარი“ ტრადიციებისთვის მიეცა სათავე. Breitkopf-მა ასევე გამოსცა ახალი, პეტერ ჰაუშილდის რედაქცია, 2005 წელს

.მუსიკის კრიტიკოსებს შორის არსებობს თითქმის უნივერსალური კონსენსუსი, რომ მეცხრე სიმფონია წარმოადგენს ბეთჰოვენის ერთ-ერთ საუკეთესო ნამუშევარს და ერთ-ერთ უდიდეს მუსიკალურ ნაწარმოებს, რაც ოდესმე დაწერილა. თუმცა, ფინალურ მოქმედებას ახლდა თავის წინააღმდეგბები: „ადრინდელ კრიტიკოსებს იგი გაუგებრად და ექსცენტრუილად მიაჩნდათ, ყრუ და ხანშიშესული კომპოზიტორის მუსიკად“.

                                                                                          

ინო სავინი დირიჟორობს მე-9 სომფონიას რივოლის თეატრში. პორტუ, პორტუგალია 1955

მეცხრე სიმფონიის ბრიტანული პრემიერს 1825 წლის 21 მარტს წარმოადგინა დამკვეთმა, ლონდონის ფილარმონიულმა საზოგადოებამ, Argyll Rooms-ში, სერ ჯორჯ სმარტის დირიჟორობით, საგუნდო პარტია კი იტალიურად იყო შესრულებული. ამერიკული პრემიერა 1846 წლის 20 მაისს განხორციელდა ახლად ჩამოყალიბებული ნიუ-იორკის ფილარმონიული ორკესტრის შესრულებით Castle Garden-ში. კონცერტი ახალი საკონცერტო დარბაზისთვის თანხის შეგროვებას ისახავდა მიზნად და მას ინგლისში დაბადებული ჯორჯ ლოუდერი დირიჟორობდა. ვოკალური ნაწილი პირველად ამ კონცერტისთვის ითარგმნა ინგლისურად.

რიხარდ ვაგნერმა კარიერის განმავლობაში მეცხრე სიმფონია არაერთხელ იდირიჟორა. აქედან ბოლო შესრულება 1872 წელს განხორციელდა ბაიროითის საფესტივალო სახლისთვის საძირკვლის ჩაყრასთან დაკავშირებულ კონცერტზე. ვაგნერმა მოგვიანებით ნარკვევიც გამოაქვეყნა სიმფონიის შესრულების თავისებურებებთან დაკავშირებით, სადაც აღწერა მის მიერ გაორკესტრებაში შეტანილი ცვლილებები 1872 წლის კონცერტთან დაკავშირებით.

ლონდონის ფილარმონიული გუნდის დებიუტი 1947 წლის 15 მაისს სწორედ მეცხრე სიმფონიით მოხდა ლონდონის ფილარმონიულ ორკესტრთან ერთად, ვიქტორ დე საბატას დირიჟორობით, Royal Albert Hall-ში. 1951 წელს ვილჰელმ ფურტვენგლერმა და ბაიროითის ფესტივალის ორკესტრმა ხელახლა გახსნეს ბაიროითის ფესტივალი მეცხრე სიმფონიით. ფესტივალი მოკავშირეების მიერ შეჩერებული იყო მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.

ამერიკელმა დირიჟორმა, ლეონარდ ბერნსტაინმა მეცხრე სიმფონია სამი ჩანაწერიდან პირველი 1964 წელს, ნიუ-იორკის ფილარმონულ ორკესტრთან ერთად გააკეთა, Columbia Masterworks-ისთვის. შესრულებაში მონაწილეობდნენ მარტინა აროიო (სოპრანო), რეჯინა სარფატი (მეცო), ნიკოლას დი ვირჯილიო (ტენორი), ნორმან სკოტი (ბანი) და ჯულიარდის სკოლის გუნდი. მოგვიანებით, ჩანაწერი კომპაქტ-დისკის სახითაც გამოიცა.

მეორე ჩანაწერი ბერნსტაინმა ვენის ფილარმონიულ ორკესტრთან ერთად გააკეთა Deutsche Grammophon-ისთვის, 1979 წელს. მასში მონაწილეობდნენ გუინეტ ჯოუნსი (სოპრანო), ჰანა შვარცი (მეცო), რენე კოლო (ტენორი), კურტ მოლი (ბანი) და ვენის სახელმწიფო ოპერის გუნდი.

ბერნსტაინმა ასევე იდირიჟორა სიმფონიის ოდნავ შეცვლილი ვარიანტი Konzerthaus Berlin-ში, აღმოსავლეთ ბერლინში სადაც სიტყვა გერმ. Freude (სიხარული) შეცვლილი იყო სიტვით გერმ. Freiheit (თავისუფლება). 1989 წლის შობას გამართული კონცერტი ბერლინის კედლის დაცემას ეძღვნებოდა. ორკესტრი და გუნდი, რომელიც აღნიშულ კონცერტში მონაწილეობდა, ბევრი სხვადასხვა ეროვნების მუსიკოსებისგან შედგებოდა: ბავარიის რადიოს სიმფონიური ორკესტრი და გუნდი, ბერლინის რადიოს სიმფონიური ორკესტრი და გუნდი, დრეზდენის საქსონიის სახელმწიფო კაპელის წევრები და დრეზდენის ბავშვთა ფილარმონიული გუნდის წევრები - გერმანიიდან; კიროვის თეატრის ორკესტრის წევრები საბჭოთა კავშირიდან; ლონდონის სიმფონიური ორკესტრის წევრები გაერთიანებული სამეფოდან; ნიუ-იორკის ფილარმონიული ორკესტრის წევრები აშშ-დან და პარიზის ორკესტრის წევრები საფრანგეთიდან. სოლისტები იყვნენ ჯუნ ანდერსონი (სოპრანო), სარა უოკერი (მეცო-სოპრანო), კლაუს კენიგი (ტენორი) და იან-ჰენდრიკ როტერინგი (ბანი). ეს ბოლო შემთხვევა იყო, როცა ბერნსტაინმა ეს სიმფონია იდირიჟორა. იგი ათი თვის შემდეგ გარდაიცვალა.

სერ გეორგ შოლტიმ მეცხრე სიმფონია ორჯერ იდირიჟორა ჩიკაგოს სიმფონიურ ორკესტრთან და ჩიკაგოს სიმფონიურ გუნდთან ერთად. პირველად 1972 წელს, სოლისტებთან პილარ ლორენგართან, ივონ მინტონთან, სტიუარტ ბაროუზთან და მარტი ტალველასთან ერთად, ხოლო მეორედ - 1986 წელს, სადაც სოლისტები ჯესი ნორმანი, რაინჰილდ რუნკელი, რობერტ შუნკი და ჰანს სოტინი იყვნენ. მეორე შესრულების ჩანაწერმა 1987 წელს გრემის ჯილდო მოიპოვა საუკეთესო საორკესტრო შესრულებისთვის.

2018 წელს, BBC Proms-ის ახალგაზრდულმა გუნდმა შეასრულა სიმფონია სერ გეორგ შოლტის სახელობის იუნესკოს მშვიდობის მსოფლიო ორკესტრთან ერთად Royal Albert Hall-ში. ის მეცხრე განყოფილებაში შესრულდა, რომელსაც „ომი და მშვიდობა“ ერქვა და მიეძღვნა პირველი მსოფლიო ომის დასრულებიდან ასი წლისთავს. მას დონალდ რანიკლსი დირიჟორობდა და BBC-ზე პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა.

არსებობს რამდენიმე ჩანაწერი, სადაც დირიჟორები ეცადნენ სიმფონიის იმ ჟღერადობის მიღწევას, როგორიც იქნებოდა ბეთჰოვენის სიცოცხლეში, რისთვისაც შესაბამისი პერიოდის ინსტრუმენტები და ბეთჰოვენისეული ტემპები იყო გამოყენებული. მათგან აღსანიშნავია:

  • როჯერ ნორინგტონი და London Classical Players (1987). გამოსცა EMI Records-მა 1997 წელს.
  • ბენჯამინ ზანდერი და ბოსტონის ფილარმონიული ორკესტრი (1992).
  • ბენჯამინ ზანდერი და ლონდონის Philharmonia Orchestra (2018). ტან ახლავს ზანდერის 3 საათიანი ლექცია, სადა ის თავისი ინტერპრეტაციის გამართლებულობაზე საუბრობს.
  • ფილიპ ჰერევეგე და Orchestre des Champs-Élysées (1999, Harmonia Mundi).
  • სერ ჯონ ელიოტ გარდინერი[56] და Orchestre Révolutionnaire et Romantique (1992). გამოსცა Deutsche Grammophon-მა 1994 წელს, როგორც ბეთჰოვენის სიმფონიების სრული ციკლის ნაწილი.
  • კრისტოფერ ჰოგვუდი და ძველი მუსიკის აკადემია (1997, Éditions de l'Oiseau-Lyre).

79 წუთიანი ხანგრძლივობით, მეცხრე სიმფონიის უგრძესი ჩანაწერი ეკუთვნის კარლ ბემს და ვენის ფილარმონიულ ორკესტრს (1981). სოლისტებში ჯერი ნორმანი და პლასიდო დომინგოც შედიოდნენ.







Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...