ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет - გერმანელი ფილოსოფოსი
ედმუნდ ჰუსერლი
(გერმ. Edmund Husserl) (დ. 8 აპრილი, 1859, პროსნიცი — გ. 26 აპრილი, 1938, ფრაიბურგი) — გერმანელი ფილოსოფოს-იდეალისტი, ტრანსცენდენტალური ფენომენოლიგიის ფუძემდებელი.
სწავლობდა ლაიფციგში, ბერლინსა და ვენაში. 1883, ვარიაციათა აღრიცხვაში დისერტაციის დაცვის შემდეგ, კ. ვაიერშტრასის ასისტენტი იყო. ფ. ბრენტანოსა და კ. შტუმპფის გავლენით ცდილობდა მათემატიკა ფსიქოლოგისტურად დაეფუძნებინა („რიცხვის ცნების შესახებ“, 1887; „არითმეტიკის ფილოსოფია“, 1891). ფილოსოფიის პროფესორი ჰალეში, გეტინგენსა და ფრაიბურგში, საიდანაც ფაშისტებმა ებრაელობის გამო დაითხოვეს.
გ. ფრეგეს კრიტიკამ დააჩქარა ჰესერლის მიერ ფსიქოლოგიზმის უარყოფა. მეცნიერებათა ფილოსოფიის დაფუძნების ახალი პოზიცია ჰუსერლმა ჩამოაყალიბა „ლოგიკური გამოკვლევების“ 2 ტომში (1900-1901). I ტომის გამო იგი ანტიფსიქოლოგიზმის მედროშედ აღიარეს, II ტომის გამო კი ფსიქოლოგიზმის დაცვა დააბრალეს, რადგან დროსა და სივრცეში მოცემული ფაქტის ცვალებადობაში ინვარიანტული ზედროულის ძიების გზას დესკრიფციული ფაიქოლოგია უწოდა. ჰუსერლი ცოდნის ობიექტურობის საფუძვლებს სუბიექტურობაში — ობიექტების შესახებ ჩვენს ცოდნაში ეძიებდა, რასაც ხელი შეუწყო მისმა შეხვედრამ ვ. დილთაისთან ( 1905 ). განავითარა „ფილოსოფიის, როგორც მკაცრი მეცნიერების„ (1911) იდეა. ეს იდეა დაიცვა შრომაში „იდეები წმინდა ფენომენოლოგიისა და ფენომენოლოგიური ფილოსოფიისათვის“ (დაწერა 3 წიგნად, 1913 გამოიცა პირველი — „ზოგადი შესავალი ფენომენოლოგიაში“, სხვები კი ჰუსერლის სიკვდილის შემდეგ).
ჰუსერლი არ კმაყოფილდებოდა მიღწეულით, მუდამ ახალ დასაბუთებას ეძებდა თავისი ფენომენოლოგიისათვის. იგი თანდათან მეტ როლს ანიჭებდა წმინდა სუბიექტურობას, როგორც ჩვენი ცოდნის მაკონსტიტუირებელს. ამგვარი ტრანსცენდენტალური იდეალიზმით მას სურდა დაედგინა ბ. ბოლცანოს გავლენით გაზიარებული „თავისთავადი ჭეშმარიტების“ ბუნება. თუმცა არც ეს და არც „თავად საგნებისაკენ“ სწრაფვა არ ნიშნავდა ჰუსერლისთვის ცნობიერების ინტენსიურობას; ამიტომ მისი ფენომენოლოგია ტრანსცენდენტალური ეგოლოგიის (მოძღვრება აბსოლუტური „მეს“ შესახებ) სახეს იღებს: სუბიექტი ფენომენებს, როგორც ცნობიერების ნაკადს მყარ ელემენტების, არსების ჭვრეტით აყალიბებს. ჰუსერლი ამ მიზნით ითვისებს რ. დეკარტის, ი. კანტისა და სხვათა შეხედულებებს. სხვა შრომებში ჰუსერლი ცდილობს ახლებურად დაასაბუთოს ის შეხედულებანი, რომლებიც მოცემულია მის ძირითად ნაშრომში „იდეები...“ (1913). ეგზისტენციალიზმის აღმოცენების შემდეგ ჰუსერლი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა საკუთარი მეთოდით გაგებულ ემპირიულ ადამიანს და სოციალურ გარემოს. ამის შედეგია ნაშრომი „ევროპული მეცნიერების კრიზისი და ტრანსცენდენტალური ფენომენოლოგია“ (1936).
ჰუსერლის გავლენას განიცდიდნენ კ. იასპერსი, მ. ჰაიდეგერი, ნ. ჰარტმანი, მ. შელერი, ჟ. პ. სარტრი, მ. მერლო-პონტი და სხვები. ოციანი წლების დასაწყისში ჰუსერლის სემინარების აქტიური მონაწილე იყო პროფ. კ. ბაქრაძე. ჰუსერლის კვლევის ცენტრი მრავალ ქვეყანაშია, არქივი და გამომცემლობა — ლუვენში.
იხ. ვიდეო ედმუნდ ჰუსერლი დროის თეორია - ფენოლოგია О темпоральности нашего сознания, о сознании как источнике времени, о ретенции и протенции. И немного об искусстве!
Комментариев нет:
Отправить комментарий