четверг, 7 января 2021 г.

გიორგი V ბრწყინვალე

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                  გიორგი V ბრწყინვალე

გიორგი ბრწყინვალე, მხატვარი - გიორგი გეგეჭკორი

(დ. 1286 — გ. 1346) — საქართველოს მეფე 1299-1302 და 1318-1346 წლებში,[კ 1] დემეტრე II თავდადებულისა და მისი მესამე ცოლის, ნათელა ჯაყელის ძე.

აღიზარდა სამცხეში, მისი პაპის (დედის მამის) ბექა I ჯაყელის (მანდატურთუხუცესი) კარზე. 1299 წელს ყაზან-ყაენმა მცირეწლოვანი გიორგი საკუთარი ძმის დავით VIII-ის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩააბა — მეფედ დანიშნა, მაგრამ მისი უფლებები თბილისს არ სცილდებოდა და ამიტომ „თბილისის მეფეს“ უწოდებდნენ. ამავე მიზნით გამოიყენა ყაენმა დავით VIII-ის მეორე ძმა ვახტანგ III (მეფობდა 1302-1308 წლებში). 1318 წელს, დავით VIII-ისა და ვახტანგ III-ის გარდაცვალების შემდეგ, გიორგი V-მ მიიღო მეფობა. მას სამემკვიდროდ ეკონომიკურად დასუსტებული და პოლიტიკურად დაშლილი ქვეყანა ერგო.

იგი ჭკვიანი პოლიტიკოსი იყო და თავდაპირველად მონღოლებთან ბრძოლას ფრთხილი და მშვიდობიანი ურთიერთობა ამჯობინა. მიუხედავად ამისა, მან ბექას კარზე ყოფნისას მოიპოვა მონღოლების ნდობა. იგი მეგობრობდა ილხანის მთავარ ვაზირთან — ჩობან ნოინთან. ამან საშუალება მისცა საშინაო მდგომარეობა გამოესწორებინა. იგი ენერგიულად შეუდგა ქვეყნის შიდა პრობლემების მოგვარებას: შიდა ქართლიდან განდევნა მონღოლთა ხელშეწყობით დამკვიდრებული ოსები, რომელთა მეკობრული თავდასხმები დიდ ზიანს აყენებდა მოსახლეობას; ალაგმა სამეფო ხელისუფლების ურჩი ფეოდალები, რისთვისაც არც უკიდურეს ღონისძიებებს მოერიდა; მოახერხა რეალურად სამ ნაწილად დაყოფილი საქართველოს გაერთიანება და მონღოლთა ბატონობისას შერყეული სახელმწიფოს მართვა-გამგეობისა და სამართლებრივ-საკანონმდებლო სისტემების მოწესრიგება.

ქვეყნის გაერთიანებისა და გაძლიერების შემდეგ, გიორგი ბრწყინვალემ მონღოლები საქართველოდან განდევნა და მათი თითქმის ასწლოვანი მმართველობა დაასრულა. კვლავ გაიზარდა საქართველოსა და მისი მეფის პოლიტიკური წონა საერთაშორისო პოლიტიკურ ასპარეზზე. გიორგი V აწარმოებდა აქტიურ პოლიტიკურ ურთიერთობებს როგორც მეზობელ ქვეყნებთან, ასევე დასავლეთ ევროპასა და ეგვიპტის სასულთნოსთან; ეკონომიკური კავშირები დაამყარა იტალიურ ქალაქ-სახელმწიფოებთან; გარკვეულ წარმატებებს მიაღწია ტრაპიზონის იმპერიაში საქართველოს გავლენის დამყარებისათვის ბრძოლაში.

გიორგი V 1346 წელს გარდაიცვალა. მეფეს გამორჩეული ადგილი უკავია საქართველოს ისტორიაში. მის პიროვნებასა და მმართველობას მაღალ შეფასებას აძლევენ ყველა ეპოქის ქართველი და არაქართველი ისტორიკოსები. იმ უდიდესი დამსახურებებისათვის, რომლებიც მას საქართველოს წინაშე მიუძღვის, ქართველმა ხალხმა მას მეტსახელად „ბრწყინვალე“ უწოდა.

იხ. ვიდეო

ვახტანგ III-მ, რომელიც ძმასთან, დავით VIII-სთან დასაპირისპირებლად გაამეფეს მონღოლებმა, ამ უკანასკნელთა იმედები ვერ გაამართლა. იგი ძმასთან ბრძოლას მხოლოდ მონღოლთა ძალდატანებითა და ისიც, პერიოდულად აწარმოებდა. ამის საპასუხოდ, მონღოლებმა 1299 წელს აღმოსავლეთ საქართველოს მეფედ დემეტრე II თავდადებულის უმცროსი ვაჟი — გიორგი V დაამტკიცეს. გიორგი პაპის (დედის, ნათელა ჯაყელის, მამის), სამცხის მთავრის, მანდატურთუხუცეს ბექა ჯაყელის კარზე იზრდებოდა. მართალია, ამ ეტაპზე გიორგის ძალაუფლება ფორმალურ ხასიათს ატარებდა და მხოლოდ დედაქალაქზე, თბილისზე, ვრცელდებოდა, მაგრამ ამ ღონისძიებით მონღოლებმა სახელმწიფოს ერთიანობას კიდევ ერთხელ შეურყიეს საფუძველი.

გიორგი V და გიორგი VI „მცირე“

1304 წელს გარდაიცვალა მეფე ვახტანგ IIIბექა ჯაყელმა ხელსაყრელი მომენტით ისარგებლა და გიორგი V საილხანოს კარზე დიდი გავლენის მქონე ჩობან ნოინთან გაგზავნა, რომელთანაც მეგობრობა აკავშირებდა.

ჩობანმა ტახტის პრეტენდენტი ახალ ყაენს, ოლჯაითუს, წარუდგინა, რათა მას გარდაცვლილი მეფის ადგილი დაეკავებინა. ყაენმა გიორგი პატივით მიიღო, თუმცა მეფედ გიორგის უფროსი ძმის, დავით VIII-ის, მცირეწლოვანი ვაჟი, გიორგი VI დაამტკიცა, რომელზე ზედამხედველობა და ზრუნვაც გიორგი V-ს დაავალა.

1311 წლის დასაწყისში გარდაიცვალა დავით VIII. აღმოსავლეთ საქართველოს ტახტზე, ერთდროულად, ორი მეფე დარჩა — გიორგი V და გიორგი VI. ოლჯაითუ ყაენმა, ამჯერადაც, არჩევანი გიორგი VI-ის სასარგებლოდ გააკეთა. ყაენს კარგად ესმოდა, რომ საქართველოს ტახტის პრეტენდენტთა შორის ყველაზე ძლიერი გიორგი V იყო. მის მხარდამჭერთა შორის იყვნენ როგორც სამცხის მთავრები (რომლებიც დედის მხრიდან მისი ახლო ნათესავები იყვნენ), ასევე ჩობან ნოინიც, რომელთანაც ბექა ჯაყელმა გიორგი ჯერ კიდევ წლების წინ გაგზავნა. მემატიანის გადმოცემით, „ოლჯათ სულტანმან წარმოავლინა მცირე გიორგი (გიორგი VIმეფედ, და ზაალ მელიქი, ვინმე სპარსი ხუარასნელი, და ახრუჩი, მამისძმა ჩოფანისა, თანა წარამოიტანა, რათა ყოველი საქართველო ერთად შეკრიბონ მეფობასა შინა გიორგისსა“. ყაენმა გიორგი VI-ს დამხმარეებად ამირსპასალარი შანშე II და ზაქარია მხარგრძელები მიუჩინა. ამავე პერიოდში ყაენს რუმის მმართველი აუჯანყდა, რომლის დასამორჩილებლადაც ოლჯაითუმ ჩობან ნოინი გაგზავნა. ამ უკანასკნელს თან გააყოლეს გიორგი V, რომელიც სამცხიდან გაგზავნილ ჯარს სარდლობდა. ამ ლაშქრობაში გიორგიმ ჩობანის დიდი ნდობა მოიპოვა.

მეორე გამეფება

სანამ ჩობან ნიონი და გიორგი V აჯანყებას ახშობდნენ, გიორგი VI-მ თავის მომხრეებთან ერთად თბილისი დაიკავა. რუმში აჯანყების ჩაქრობას მთელი წელი დასჭირდა. ჩობანის ლაშქრობიდან დაბრუნებიდან ერთ თვეში ოლჯაითუ-ყაენი გარდაიცვალა. ილხანთა ტახტზე მისი მცირეწლოვანი ძე, აბუ საიდ ყაენი ავიდა. ქვეყნის ფაქტობრივი გამგებელი ჩობან ნოინი გახდა, რომლის ძალაუფლება, ფაქტობრივად, შეუზღუდავი იყო. როდესაც გიორგი V-მ ოლჯაითუს გარდაცვალებისა და აბუ საიდის გაყაენების შესახებ შეიტყო, ილხანთა კარზე გაემგზავრა. ჩობანმა გიორგი სიხარულით მიიღო და ყაენის თანხმობით, 1318 წელს საქართველოს მეფედ დაამტკიცა. მემატიანის სიტყვებით, ჩობანმა გიორგი „შეიტკბო ვითარცა შვილი, და მოსცა ყოველი საქართველო და ყოველნი მთავარნი საქართველოსანი, და შვილნი დავით მეფისანი, და მესხნი, შვილნი ბექასანი“. საქართველოში დაბრუნებული გიორგი V ყველა წესის დაცვით მეფედ ეკურთხა.

გიორგი მეფემ მეტად მძიმე მემკვიდრეობა მიიღო. მისი გამეფების პერიოდში ერთიანი საქართველო აღარ არსებობდა, იგი სამ ნაწილად იყო დაყოფილი; ქვეყანაში მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა სუფევდა; მეფის ხელისუფლება კი დასუსტებული იყო. ასეთ პირობებში გიორგი V-მ მონღოლებთან ურთიერთობის წინამორბედთაგან განსხვავებული გზა აირჩია: მან საყაენოსთან შეიარაღებულ დაპირისპირებას მშვიდობიანი ურთიერთობის დამყარება არჩია.

საშინაო პოლიტიკა

გიორგი V წინდახედული პოლიტიკოსი იყო. სამეფო ხელისუფლების მიღების შემდეგ მან ჯერ საშინაო საქმეების მოგვარება დაიწყო. უპირველეს ყოვლისა, მეფემ ჩობან ნოინისაგან მიიღო უფლება, რომ ხარკი თავად აეკრიფა. ეს დიდი მნიშვნელობის მოვლენა იყო, რადგანაც ქვეყანამ გადასახადების ამკრეფი საგანგებო მოხელეების, ბასკაკების თვითნებობისაგან დაისვენა.

ოსთა განდევნა შიდა ქართლიდან

ერთ-ერთი პირველი მნიშვნელოვანი ღონისძიება, რომელიც გიორგი V-მ საქართველოში გაატარა, ჩრდილოეთ კავკასიიდან გადმოსული ოსების წინააღმდეგ გალაშქრება იყო.

XIII საუკუნის 30-იან წლებში, მონღოლთა ხელშეწყობით, შიდა ქართლში ოსთა თარეში გახშირდა.


„იწყეს ოვსთა ოჴრებად, ჴოცად, და რბევად, და ტყუევნად ქართლისა, და ქალაქი გორი წარტყუენეს და თავისად დაიჭირეს ოვსთა... და დაწვეს გორი სრულიად.“

მიუხედავად იმისა, რომ ქართველები მანამდეც იბრძოდნენ ოსთა თარეშის ასალაგმად, მონღოლთა ხელშეწყობისა და განსაკუთრებით კი ქვეყნის შიდა აშლილობის წყალობით, მათი მეკობრული თავდასხმები მაინც გრძელდებოდა. ჟამთააღმწერლის ცნობით, მათი განდევნა მხოლოდ გიორგი მეფემ შეძლო. ქართველებმა სამი წელი მოანდომეს გორის აღებას, რის შემდეგაც ოსებისაგან მთელი შიდა ქართლი გაწმინდეს. ვახუშტი ბატონიშვილის მიხედვით, გიორგი ბრწყინვალემ ჩრდილოეთ კავკასიიდან გადმომავალი გზებიც დაიკავა და გაამაგრა და ასე „დაამშვიდა ქართლი ოსთაგან“.

იხ. ვიდეო 



ბრძოლა ურჩი ფეოდალების წინააღმდეგ

ცენტრალური ხელისუფლების განმტკიცების მიზნით, გიორგი V იძულებული გახდა უკიდურესი ზომებისათვის მიემართა. ილხანთა ყაენები ხელს უწყობდნენ და აქეზებდნენ ქართველ მეფეთა ურჩ ერისთავებსა და მთავრებს. ახლა კი, რადგანაც გიორგის ჩობან ნოინის კეთილგანწყობა უკვე მოპოვებული ჰქონდა და ჰულაგუიანთა სახელმწიფოშიც შინააშლილობა სუფევდა, მეფემ ხელსაყრელი დროით ისარგებლა და ის ერისთავები, რომლებიც მას არ დაემორჩილნენ, კერძოდ კი კახეთ-ჰერეთისა და სომხითის ერისთავები, კახეთში, ცივის მთაზე დარბაზობაზე მიიწვია და ერთიანად გაჟლიტა. ამ რადიკალური ქმედებით გიორგი V-მ მეფის ხელისუფლება მნიშვნელოვნად გააძლიერა

გამეფებიდანვე, მეფის ერთ-ერთი უმთავრესი საზრუნავი საქართველოს ერთიანობის აღდგენა იყო. დასავლეთ საქართველოში დავით ნარინის სიკვდილის შემდეგ გამეფებულ კონსტანტინე I-ს მისივე ძმა, მიქელი აუჯანყდა. ძმათა შორის ბრძოლა ხან წყდებოდა ხანმოკლე დაზავებით, ხან კი ისევ გრძელდებოდა. 1327 წელს კონსტანტინე გარდაიცვალა და ტახტი მიქელმა დაიკავა, თუმცა ორი წლის შემდეგ ისიც გარდაიცვალა. მიქელს მცირეწლოვანი ვაჟი — ბაგრატი დარჩა, რომელსაც მთავრებმა მხარი არ დაუჭირეს. ამით ისარგებლა გიორგი ბრწყინვალემ, დაუკავშირდა იმერეთის დიდებულებს, მათთან შეთანხმებით გადავიდა დასავლეთ საქართველოში და ყველა ციხე და ქალაქი დაიკავა. ბაგრატი მცირერიცხოვან მომხრეებთან ერთად ქუთაისის ციხეში გამაგრდა, მაგრამ როდესაც გიორგის ჯარი ქალაქს მიუახლოვდა, ბაგრატი მეფეს ჩაბარდა, რის სანაცვლოდაც ხელშეუხებლობის პირობა და შორაპნის ერისთავობა მიიღო. ქუთაისში გიორგი მეფეს დადიანი, გურიელი, აფხაზთა და სვანთა ერისთავები ეახლნენ დიდი საჩუქრებით და მორჩილება გამოუცხადეს. შემდეგ მეფემ თავად იმოგზაურა ოდიშში, აფხაზეთსა და გურიაში და იქაური საქმეები მოაწესრიგა.

გიორგი ბრწყინვალემ სამცხის შემოერთებაც მშვიდობიანად მოახერხა. 1334 წელს, როდესაც ბიძამისი, სამცხის მთავარი სარგისი გარდაიცვალა, მეფე სამცხეში ჩავიდა და სარგისის ძე, ყვარყვარე მთავრად თავად დაამტკიცა. ეს ფაქტი სამცხეზე მეფის უზენაესობის აღდგენასა და მის საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნებას ნიშნავდა. ამ აქტით გიორგი V-მ, არსებითად, საქართველოს გაერთიანების პროცესი დაასრულა.

საქართველოს გათავისუფლება მონღოლთა ბატონობისაგან

1327 წელს აბუსაიდ ყაენმა მოაკვლევინა თავისი მეურვე და საყაენოს ფაქტობრივი გამგებელი ჩობან ნოინი თავისი ორი შვილითა და მომხრეებით. ჭკვიანი და ძლიერი ხელისუფლის დაღუპვამ დააჩქარა ილხანთა სახელმწიფოს კიდევ უფრო დაქვეითება და დაშლა. ახალგაზრდა და სუსტმა პოლიტიკოსმა აბუსაიდმა საყაენოს უკუსვლის შეჩერება ვეღარ შეძლო. 1335 წელს, მისი გარდაცვალების შემდეგ, ქვეყანაში სრული ქაოსი დაიწყო და ფაქტობრივად, საილხანო ერთმანეთის მოქიშპე რამდენიმე სახელმწიფოდ დაიშალა.

შექმნილი ვითარებით კარგად ისარგებლა გიორგი V-მ. მან მონღოლებს ხარკის მიცემა შეუწყვიტა და მათი ჯარი ქვეყნიდან განდევნა. ეს ხანგრძლივი პროცესი იყო, რომლის დროსაც გამოიყენებოდა როგორც მშვიდობიანი და დიპლომატიური, ისე ძალისმიერი საშუალებები (ეს პროცესი 1327-1335 წლებში გრძელდებოდა). მართალია, XIV საუკუნის 30-40-იან წლებში მონღოლებმა აღმოსავლეთ საქართველოში მათი ბატონობის აღდგენის მიზნით რამდენიმე ლაშქრობა მოაწყვეს, მაგრამ ამას წარმატება არ მოჰყოლია.

იხ. ვიდეო



Комментариев нет:

უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი)

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -   უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი) ინგლ. Ancient Aliens Ancient Aliens არის ამერიკული...