ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет - გერმანელი ფიზიკოსი
ალფრედ ვეგენერი
(გერმ. Alfred Lothar Wegener; დ. 1 ნოემბერი, 1880, ბერლინი — გ. 2 ნოემბერი, 1930, გრენლანდია) — გერმანელი გეოფიზიკოსი და მეტეოროლოგი, გრაცის უნივერსიტეტის პროფესორი (1924). კონტინენტების დრეიფის თეორიის ავტორი (1912).ალფრედ ვეგენერი დაიბადა 1880 წლის 1 ნოემბერს, ქალაქ ბერლინში. სწავლობდა კელნის გიმნაზიაში. მას შემდეგ რაც სკოლა დაამთავრა დაიწყო ფიზიკის, ასტრნონომიისა და მეტეოროლოგიის შესწავლა ფრიდრიხ ვილჰელმის უნივერსიტეტში (ამჟამად ჰუმბოლდტის სახელობის უნივერსიტეტი) ქალაქ ბერლინში.
1905 წელს ალფრედ ვეგენერმა მიიღო ფილოსოფიის დოქტორის ხარისხის წოდება ასტრონომიაში, გერმანელი მკვლევრის იულიუს ბაუშინგერის ხელმძღვანელობით, თუმცა ვეგენერი ყოველთვის განვითარებადი მეცნიერებებით იყო დაინტერესებული, სახელდობრ მეტეოროლოგიითა და კლიმატოლოგიით. სწავლის დამთავრების შემდეგ, ვეგენერი თავის ძმასთან ერთად მუშაობდა აერონავტიკის ობსერვატორიაში, სადაც მეტეოროლოგიურ გამოკვლევებს აეროსტატით აწარმოებდა. 1906 წელს ძმებმა მსოფლიო რეკორდი დაამყარეს, რაც გამოვლინდა ჰაერში აეროსტატით 52 საათის განმავლობაში ყოფნით. ვეგენერის ლექციები ატმოსფეროს თერმოდინამიკაში იქცა სტანდარტულ სახელმძღვანელოებად მეტეოროლოგიის დარგში. ალფრედ ვეგენერი რამდენიმეჯერ იმყოფებოდა გრენლანდიაში, სადაც იკვლევდა ჰაერის ცირკულაციას.
1930 წელს მოეწყო ვეგენერის უკანასკნელი ექსპედიცია კუნძულ გრენლანდიაზე, სადაც ტარდებოდა არქტიკული ამინდის პირველი 12 თვიანი მონიტორინგი. გრენლანდიაზე ჩასვლამ იმთავითვე პრობლემები გამოიწვია, აისბერგებმა გადაკეტეს გზა ხმელეთისაკენ, რის გამოც ექვსმა მნიშვნელოვანმა კვირამ უქმად გაიარა. ექსპედიციისთვის სპეციალურად იყო შემუშავებული მოტორით აღჭურვილი მარხილები, თუმცა დიდი დისტანციის დასაფარად აღნიშნულმა მარხილებმა ვერ ივარგეს. ექსპედიციამ 400 კმ გაიარა, თუმცა გაუარესებულმა ამინდმა, რომელიც ზამთრის მოახლოებასთან იყო დაკავშირებული, შეაფერხა ექსპედიციის წინსვლა. ამასთანავე გზაზე არსებული ყინული და მასზე გამომუშავებული ნაპრალებისა და ჭაბურღილების გამო ექსპედიციას მოუწია თან არსებული მარაგის გზაზე დატოვება. ექსპედიციას მოგზაურობა უწევდა –60 °C (–76 °F) ტემპერატურის პირობებში.
1930 წლის 30 ოქტომბერს ექსპედიცია მივიდა სადგურამდე, სადაც 1 ნოემბერს აღინიშნა ალფრედ ვეგენერის დაბადებიდან 50 წლისთავი. იმავე დღეს ვეგენერი დამხმარესთან ერთად გაემართა დასავლეთის სადგურისაკენ, თუმცა ვერც საკუთრივ ვეგენერი და ვერც მისი თანამგზავრი ვერ მივიდნენ სადგურამდე. ვითარება საკმაოდ გაუგებარი იყო, პირველ სადგურში, სადაც ვეგენერი და მისი თანამგზავრები გაჩერდნენ ფიქრობდნენ, რომ ისინი მეორე სადგურში იმყოფებოდნენ, ხოლო საკუთრივ მეორე სადგურში ფიქრობდნენ, რომ ექსპედიცია პირველ სადგურში დარჩა. ექვსი თვის შემდეგ 1931 წლის მაისში, როდესაც ჯგუფი დასავლეთის სადგურიდან მივიდა აისმიტში, სწორედ მაშინ მიხვდნენ, რომ ვეგენერის ექსპედიციას უბედურება შეემთხვა.
12 მაისს გზის 285 კმ-ზე საძიებო ჯგუფმა ნახა ვეგენერის ეტლი, მისგან 66 კმ-ში მიაგნეს საკუთრივ ალფრედ ვეგენერის სხეულსაც. ვეგენერის თანამგზავრის სხეული ვერ იპოვეს. ალფრედ ვეგენერის სიკვდილი სავარაუდოდ გამოწვეული იყო გულის უკმარისობით.
იხ. ვიდეო
1912 წელს ვეგენერმა წამოაყენა ჰიპოთეზა, რომლის თანახმად მეზოზოური ერის დასაწყისამდე კონტინენტები ქმნიდნენ ერთიან სუპერკონტინენტს – პანგეას. ქერქქვეშა ფენაში ცენტრიდანული და მოქცევის ძალების გავლენით მეზოზოურ და კაინოზოურ ერებში პანგეა დაიშალა და მისი ნაწილები დასავლეთისა და ეკვატორისაკენ დაიძრნენ. კონტინენტების მოძრაობის დროს მათ დასავლეთურ კიდეებზე წარმოიქმნა ნაოჭა სისტემები. მისი ეს თეორია ცნობილია როგორც კონტინენტების დრეიფი ანუ იმდროინდელი — მობილიზმი. დღეისათვის აღნიშნული თეორია გამოხატავს ტექტონიკური ფილების საფუძველზე კონტინენტების მოძრაობას, გაერთიანებასა და დაშლას.
Комментариев нет:
Отправить комментарий