пятница, 27 января 2023 г.

ლუდვიგ ვიტგენშტაინი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет - 

                 ლუდვიგ ვიტგენშტაინი

                                                   
                                                             მორიც ნერას ფოტო პორტრეტი
(გერმ. Ludwig Wittgenstein დ. 26 აპრილი, 1889, ვენა — გ. 29 აპრილი, 1951, კემბრიჯი) — მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ავსტრიელ-ინგლისელი ფილოსოფოსი, თანამედროვე ლოგიკის, ანალიტიკური ფილოსოფიის, ცნობიერების და ენის ფილოსოფიის უმნიშვნელოვანესი წარმომადგენელი. იგი ავტორია მოკლე პარაგრაფებისგან შემდგარი, კრიპტული წიგნისა ლოგიკურ-ფილოსოფიური ტრაქტატი (Tractatus Logico-Philosophicus, 1921), რომელშიც ვიტგენშტაინი ფრეგეს და რასელის მოსაზრებების ზეგავლენით აყალიბებს სამყაროს სურათული აღქმის თეორიას. მისი მომდევნო წლების მსოფლმხედველობა შეჯამებულია წიგნში ფილოსოფიური გამოკვლევები (Philosophical Investigations, 1953) რომელიც მისი გარდაცვალების შემდეგ გამოიცა და რომელშიც იგი უარყოფს „ტრაქტატის“ ზოგიერთ დებულებას და ავითარებს ენობრივი თამაშის (language-game) ახალ კონცეფციას.
იხ. ვიდეო - Витгенштейн, Людвиг - philosophy marginal



                                        ბიოგრაფია

დაიბადა 1889 წლის 26 აპრილს ვენაში, ებრაული წარმოშობის ფოლადსასხმელი მრეწველობის მაგნატის ოჯახში. მისი მშობლები კარლ და ლეოპოლდინა ვიტგენშტაინები იყვნენ. ის იყო ყველაზე უმცროსი რვა ბავშვიდან, რომლებიც ავსტრო-უნგრეთის იმპერიის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და მდიდარ ოჯახში დაიბადნენ. მამის მშობლები, გერმან ქრისტიან ვიტგენშტაინი ( 1802 - 1878 ) და ფანი ფიგდორი ( 1814 - 1890 ), დაიბადნენ ებრაულ ოჯახებში შესაბამისად კორბახიდან და კიტზედან, მაგრამ 1850-იან წლებში საქსონიიდან ვენაში გადასვლის შემდეგ წარმატებით იქნენ ასიმილირებულნი ვენის საზოგადოებრიობის პროტესტანტულ პროფესიულ წრეებში. ლუდვიგ ვიტგენშტაინის მამა , ინჟინერი კარლ ვიტგენშტაინი ( 1847 - 1913 ), უკვე XIX საუკუნის ბოლოსათვის იყო ევროპის ერთ-ერთი უდიდესი ინდუსტრიალისტი. დედა, ლეოპოლდინა ვიტგენშტაინი (ქალიშვილობის გვარით კალმუსი, 1850 - 1926 ) - მამის მხრიდან კალმუსების ცნობილი ებრაული ოჯახიდან, რომელიც პრაღაში სახლობდა,- იყო პიანისტი; მისმა მამამ დაოჯახების წინ კათოლიკობა მიიღო. ლუდვიგის ძმებს შორის იყო პიანისტი პაულ ვიტგენშტაინი, რომელმაც ომში მარჯვენა ხელი დაკარგა, თუმცა კი შეძლო პროფესიული მუსიკალური მოღვაწეობის გაგრძელება. ცნობილია მისი დის, მარგარეტ სტონბოროს ( 1882 - 1958 ) პორტრეტი, შესრულებული გუსტავ კლიმტის ( 1905 ) მიერ.არსებობს ვერსია, გადმოცემული ავსტრალიელი კიმბერლი კორნიშის წიგნში „ებრაელი ლინციდან“ (ინგლ.), რომლის თანახმადაც ვიტგენშტაინი არა მხოლოდ ადოლფ ჰიტლერის თანასკოლელი იყო, არამედ ერთ კლასშიაც კი სწავლობდა მასთან ერთად. საინჟინრო საქმის შესწავლა უკვე დაწყებული ჰქონდა, როცა გაეცნო ლოგიკოს გოტლობ ფრეგეს შრომებს, რომლებმაც მისი ინტერესი საფრენი აპარატების კონსტრუირებიდან (დაკავებული იყო საავიაციო პროპელერის კონსტრუირებით) მათემატიკის ფილოსოფიური საფუძვლებისკენ გადართეს. ვიტგენშტაინი იყო ნიჭიერი მუსიკოსი, მოქანდაკე და არქიტექტორი, თუმცა კი მხოლოდ ნაწილობრივ შეძლო თავისი მხატვრული შესაძლებლობების რეალიზება. ახალგაზრდობაში სულიერად ახლოს იყო ვენის ლიტერატურულ-კრიტიკულ ავანგარდთან, რომელიც დაჯგუფებული იყო პუბლიცისტისა და მწერლის კარლ კრაუსის გარშემო და ჟურნალ „ჩირაღდანს“ გამოსცემდა. 1911 წელს ვიტგენშტაინი კემბრიჯს გაემგზავრა, სადაც რასელის მოწაფე, თანაშემწე და მეგობარი გახდა. 1913 წელს ის ავსტრიაში დაბრუნდა და პირველი მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ მოხალისედ წავიდა ფრონტზე. 1917 წელს ვიტგენშტაინი ტყვეობაში აღმოჩნდა. საომარი მოქმედებებისა და სამხედრო ტყვეთა ბანაკში ყოფნის დროს ვიტგენშტაინმა პრაქტიკულად მთლიანად დაწერა თავისი სახელგანთქმული „ლოგიკურ-ფილოსოფიური ტრაქტატი“. წიგნი გამოვიდა გემანულ და ინგლისურ ენებზე შესაბამისად 1921 და 1922 წლებში. მისმა გამოჩენამ დიდი შთაბეჭდილება დატოვა ევროპის ფილოსოფიურ სამყაროზე, მაგრამ ვიტგენშტაინი, რომელიც ფიქრობდა, რომ „ტრაქტატში“ ყველა მთავარი ფილოსოფიური პრობლემა გადაწყვეტილია, უკვე სხვა საქმით იყო დაკავებული: სოფლის სკოლაში მასწავლებლად მუშაობდა. მაგრამ 1926 წლისათვის მისთვის ნათელი გახდა, რომ პრობლემები მაინც არსებობენ, რომ მისი ტრაქტატი არასწორად იქნა ინტერპრეტირებული, დასასრულ კი, რომ მასში შემავალი იდეებიდან ზოგიერთი მცდარია. 1929 წლიდან ვიტგენშტაინი დიდ ბრიტანეთში ცხოვრობს, 1939 - 1947 წლებში კემბრიჯში მუშაობს პროფესორის თანამდებობაზე. 1930-იან წლებში მოინახულა სსრკ.ამ დროიდან დაწყებული გარდაცვალებამდე ( 1951 წელი ), ვიტგენშტაინმა შეიმუშავა ენის პრინციპულად ახალი ფილოსოფია. აღნიშნული პერიოდის მთავარ შრომად გვევლინება „ფილოსოფიური გამოკვლევები“, გამოქვეყნებული მის მოწაფეთა მიერ სიკვდილის შემდეგ, 1953 წელს. ვიტგენშტაინის ფილოსოფიას ყოფენ ორ შემადგენლად: „ადრინდელ“, წარმოდგენილს „ტრაქტატით“, და „გვიანდელ“, გადმოცემულს „ფილოსოფიურ გამოკვლევებში“, აგრეთვე „ცისფერ“ და „ყავისფერ წიგნებში“ ( 1958 ).ლუდვიგ ვიტგენშტაინი გარდაიცვალა კემბრიჯში 1951 წლის 29 აპრილს პროსტატის კიბოსაგან. კათოლიკური ჩვეულების თანახმად დასაფლავებულია ადგილობრივ სასაფლაოზე წმინდა ეგიდიოსის სამლოცველოსთან.

ლოგიკურ-ფილოსოფიური ტრაქტატი

 ლოგიკურ-ფილოსოფიური ტრაქტატი.

სტრუქტურულად „ლოგიკურ-ფილოსოფიური ტრაქტატი“ წარმოადგენს შვიდ აფორიზმს, თანხლებულს განმარტებითი ფუნქციის მქონე წინადადებების განშტოებული სისტემით. შინაარსობრივად იგი გვთავაზობს თეორიას, რომელიც წყვეტს ძირითად ფილოსოფიურ პრობლემებს, გარდატეხილს ენისა და სამყაროს მიმართების პრიზმაში.

  • ენა და სამყარო - მთლიანობაში აღებული ვიტგენშტაინის ფილოსოფიის ცენტრალური ცნებებია. „ტრაქტატში“ ისინი წარმოგვიდგებიან როგორც „სარკული“ წყვილი: ენა ასახავს სამყაროს, იმიტომ რომ ენის ლოგიკური სტრუქტურა სამყაროს ონტოლოგიური სტრუქტურის იდენტურია.
  • ენა შედგება ფაქტებისაგან, და არა ობიექტებისაგან, როგორც ეს ფილოსოფიურ სისტემათა უმრავლესობაშია მიღებული. სამყარო წარმოაჩენს არსებული ფაქტების მთელ ნაკრებს. ფაქტები შეიძლება იყვნენ მარტივი და რთული.
  • ობიექტები არის ის, რაც ურთიერთობაში შესული, ქმნის ფაქტებს. ობიექტები ფლობენ ლოგიკურ ფორმას - თვისებათა ნაკრებს, რაც მათ საშუალებას აძლევთ შევიდნენ ერთმანეთთან ამა თუ იმ მიმართებაში.
  • ენის მარტივი ფაქტები აღიწერებიან მარტივი წინადადებებით. სწორედ ისინი, და არა სახელები, წარმოადგენენ ენის უმარტივეს ერთეულებს. რთულ ფაქტებს შეესაბამებათ რთული წინადადებები.
  • ენა მთლიანობაში - ეს არის სრული აღწერა იმისა, რაც არის სამყაროში, ანუ აღწერა ყველა ფაქტისა.
  • ენა იძლევა აგრეთვე შესაძლებელი ფაქტების აღწერის საშუალებას. ასეთნაირად წარმოდგენილი ენა მთლიანად ექვემდებარება ლოგიკის კანონებს და ფორმალიზებადია. წინადადებებს, რომლებიც ლოგიკის კანონებს არღვევენ ან დაკვირვებად ფაქტებს არ ეხებიან, ვიტგენშტაინი უაზრო წინადადებებად თვლის. ასე მაგალითად, უაზრო წინადადებებად გვევლინებიან ეთიკის, ესთეტიკის და მეტაფიზიკის წინადადებები. გაკეთებაც შეიძლება იმისა, რისი აღწერაც არის შესაძლებელი.
  • ერთობ მნიშვნელოვანია იმის გაგება, რომ ვიტგენშტაინს სულაც არ ჰქონდა განზრახული მნიშვნელობის არმქონედ გამოეცხადებინა ის სფეროები, რომლებიც პირადად მას მეტისმეტად აღელვებდნენ, ის მათთვის ენის უსარგებლობას ამტკიცებდა. “დუმილმა უნდა მოიცვას ის, რის შესახებაც საუბარი შეუძლებელია“.

ვენის წრის ფილოსოფოსებმა, რომელთათვისაც „ტრაქტატი“ სამაგიდო წიგნად იქცა, ეს უკანასკნელი თეზისი არ მიიღეს და შეიმუშავეს პროგრამა, რომლითაც „უაზრო“ „ელიმინაციას დაქვემებარებულის“ იგივური გახდა. ეს გახდა ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რომელმაც ვიტგენშტაინს თავისი ფილოსოფიის გადახედვისკენ უბიძგა.

გადახედვის შედეგად გაჩნდა იდეათა კომპლექსი, რომელშიაც ენა გაგებულია როგორც კონტექსტების, „ენობრივი თამაშების“ მოძრავი სისტემა. ამ სისტემას აქვს მიდრეკილება წინააღმდეგობათა გაჩენისაკენ, რაც დაკავშირებულია სიტყვათა და გამოთქმათა ბუნდოვანებასთან, რომელიც აღმოფხვრილ უნდა იქნას ამ უკანასკნელთა ნათელყოფის გზით. სწორედ ენობრივი ერთეულების გამოყენებათა წესების ნათელყოფა და წინააღმდეგობათა აღმოფხვრა წარმოადგენს ფილოსოფიის ამოცანას. ვიტგენშტაინის ახალი ფილოსოფია წარმოადგენს უფრო მეტად მეთოდებისა და პრაქტიკების ნაკრებს, ვიდრე თეორიას. თვითონ ის ფიქრობდა, რომ მხოლოდ ასეთნაირად შეიძლება გამოიყურებოდეს დისციპლინა, რომელიც იძულებულია თავისი ცვალებადი საგნის მიმართ მუდმივი ადაპტაციის მდგომარეობაში იმყოფებოდეს. გვიანდელი ვიტგენშტაინის შეხედულებებმა მომხრეები უპირველეს ყოვლისა ოქსფორდსა და კემბრიჯში ჰპოვეს და საფუძველი ჩაუყარეს ლინგვისტურ ფილოსოფიას.

                                           გავლენა

ვიტგენშტაინის იდეების მნიშვნელობა უზარმაზარია, მაგრამ მათი ინტერპრეტაცია, როგორც ამ მიმართულებით რამდენიმე ათწლეულის აქტიურმა მუშაობამ გვიჩვენა, ერთობ ძნელი საქმეა. ეს ეხება მის როგორც „ადრინდელ“, ასევე „გვიანდელ“ ფილისოფიას. შეხედულებები და შეფასებები მნიშვნელოვნად განსხვავდებიან ერთმანეთისაგან, რაც ვიტგენშტაინის შემოქმედების მასშტაბურობისა და სიღრმის ირიბი მტკიცებულებაა.

ვიტგენშტაინის ფილოსოფიაში დასმული და დამუშავებული იქნა ისეთი საკითხები და თემები, რომელთაც ფაქტობრივად განსაზღვრეს უახლესი ანგლო-ამერიკული ანალიზური ფილოსოფიის ხასიათი. იყო ცდები მისი იდეების დაახლოვებისა ფენომენოლოგიასა და ჰერმენევტიკასთან, აგრეთვე რელიგიურ (კერძოდ კი აღმოსავლურ) ფილოსოფიასთან. უკანასკნელ წლებში მისი ფართო ხელნაწერი მემკვიდრეობიდან მრავალი ტექსტი იქნა გამოქვეყნებული. ავსტრიის პატარა ქალაქ ში კირხბერგი-ვექსელზე ყოველწლიურად იმართება ვიტგენშტაინური სიმპოზიუმები, რომლებზედაც თავს იყრიან ფილოსოფოსები და მეცნიერები მსოფლიოს ყველა კუთხიდან.

იხ. ვიდეო - PHILOSOPHY - Ludwig Wittgenstein




Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...