четверг, 12 января 2023 г.

დავით ანდღულაძე

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  


 (დ. 15 ოქტომბერი [ძვ. სტ. 3 ოქტომბერი], 1895, სოფ. ბახვი, ახლანდელი ოზურგეთის მუნიციპალიტეტი — გ. 29 ნოემბერი, 1973, თბილისი) — ქართველი მომღერალი (დრამატული ტენორი), სსრკ სახალხო არტისტი (1950), ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1973).
1925 წელს დაამთავრა თბილისის კონსერვატორია (პროფესორ ე. ვრონსკის კლასი). 1926 წელს თბილისის საოპერო თეატრის სცენაზე შედგა მისი დებიური (რიჩარდი, ვერდის „ბალ-მასკარადი“). ამავე სეზონში შეასრულა კანიოს (ლეონკავალოს „ჯამბაზები“), რადამესის (ვერდის „აიდა“) და კავარადოსის (პუჩინის „ტოსკა“) პარტიები. 1927-1929 წლებში ანდღულაძე მოსკოვის სტანისლავსკის სახელობის მუსიკალურ თეატრის სცენაზე მღეროდა ლევკოს (რიმსკიკორსაკოვის „მაისის ღამე“), რუდოლფის (პუჩინის „ბოჰემა“), გრიგორის (მუსორგსკის „ბორის გოდუნოვი“) და სხვა პარტიებს. 1929-1933 წლებში თბილისის საოპერო თეატრში შექმნა დონ-ხოზესა (ბიზეს „კარმენი“) და გერმანიის (ჩაიკოვსკის „პიკის ქალი“) ვოკალურ-სცენური სახეები.
იხ. ვიდეო - დავით ანდღულაძე - მალხაზის არია



1933-1935 წლებში ანდღულაძე სსრკ დიდი თეატრის სოლისტი იყო. იქ პირველად შეასრულა მანრიკოს (ვერდის „ტრუბადური“) და რაულის (მაიერბერის „ჰუგენოტები“) პარტიები. 1935 წლიდან კი კვლავ თბილისს დაუბრუნდა. მის მიერ განსახიერებულმა აბესალომმა (ფალიაშვილის „აბესალომ და ეთერი“) მაღალი შეფასება დაიმსახურა ქართული ხელოვნების I დეკადაზე მოსკოვში (1937). 1947 წელს ტარიელის პარტიის (მშველიძის „ამბავი ტარიელისა“) შესრულებისათვის ანდღულაძეს სსრკ სახელმწიფო პრემია მიენიჭა.

1949 წელს ანდღულაძემ იმღერა ოტელოს პარტია ჯუზეპე ვერდის ამავე სახელწოდების ოპერაში. ფართო დიაპაზონის, ძლიერი, ლამაზი ტემბრის დრამატული ტენორი, აქტიორული ნიჭი და სცენური გარეგნობა ხელს უწყობდა ანდღულაძეს შეექმნა მუსიკალური-სცენური სახეების მდიდარი გალერეა. მომღერალმა გასტროლებით შემოიარა ყოფილი სსრკ მრავალი ქალაქი.

1946 წლიდან ანდღულაძე თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიის პედაგოგი იყო (1958 წლიდან პროფესორი). ანდღულაძის მოწაფეები არიან ზურაბ ანჯაფარიძე, ნოდარ ანდღულაძე, ზურაბ სოტკილავა.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
იხ. ვიდეო - დავით ანდღულაძე - აბესალომის არია



Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...