пятница, 27 января 2023 г.

მარტინ ჰაიდეგერი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                         მარტინ ჰაიდეგერი

ფოტო 1960 წლის 10 მაისი
(გერმ. Martin Heidegger; დ. 26 სექტემბერი, 1889, მესკირხი, ბადენი — გ. 26 მაისი, 1976, იქვე) — გერმანელი ფილოსოფოსი, XX საუკუნის ეგზისტენციალიზმის ერთ-ერთი ფუძემდებელი. სწავლობდა იეზუიტების სკოლაში, შემდეგ ჰ. რიკერტთან ფრაიბურგის უნივერსიტეტში (ბრაისგაუ). 1916 იყო ე. ჰუსერლის ასისტენტი, პროფესორი მარბურგის (1922-1928), ფრაიბურგის (1928-1945) უნივერსიტეტებში. 1933-1934 ფრაიბურგის უნივერსიტეტის რექტორი. 1945 ნაცისტებთან თანამშრომლობის გამო უნივერსიტეტიდან გაათავისუფლეს. სიცოცხლის ბოლო წლებში ცხოვრობდა სოფელ ტოდტნაუბერგში. ჰაიდეგერის მოძღვრების ამოსავალია ს. კიერკეგორის ეგზიტენციალური განცდები და ფ. ნიცშეს ირაციონალიზმი, ხოლო მეთოდი - ე. ჰუსერლის ფენომენოლოგია და ვ. დილთაის ჰერმენევტიკა, საკუთარი ფილოსოფიის სახელმძღვანელო აზრთან მისვლას კი იგი ფ. ბრენტანოს უმადლის.
                                                                        
                                     სახლი მესკირხეში. აქ დაიბადნენ მ.ჰაიდეგერი და მისი ძმა ფრიც

იხ. ვიდეო-- გერმანელი ფილოსოფოსის მარტინ ჰაიდეგერის ნაშრომების სრული კოლექცია თსუ ბიბლიოთეკას გადაეცა - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას XX საუკუნის უდიდესი მოაზროვნის, გერმანელი ფილოსოფოსის, ეგზისტენციალიზმის ერთ-ერთი ფუძემდებლის მარტინ ჰაიდეგერის (1889-1976) ნაშრომების სრული კოლექცია (99 ტომი) მარტინ ჰაიდეგერის ძმისშვილმა ჰაინრიხ ჰაიდეგერმა ანდერძით  გადასცა.
გამოჩენილი ფილოსოფოსის ნაშრომების სრული კოლექციის გარდა, უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა თსუ პროფესორმა, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორმა ლელა ალექსიძემ მარტინ ჰაიდეგერის მცირე  კრებულებით დაასაჩუქრა, რომელსაც თან ახლავს ჰაიდეგერის ავტოგრაფი.

                                        მოძღვრება

ჰაიდეგერის მოძღვრების სახელმძღვანელო აზრია ონტოლოგიური პრობლემა - ყოფიერების საზრისის გარკვევა. ჰაიდეგერის აზრით, ტრადიციულ ონტოლოგიას ეს პრობლემა არ ესმოდა. მისი შეხედულებით, ყოფიერების საზრისის გაგების ჰორიზონტია ეგზისტენციალური დრო - დროულობა (Zeitlichkeit), როგორც ნამყო-აწმყოობადი მომავალი (Gewesend-gegenwärtigende Zukunft). მას ეფუძნება ადამიანის ზრუნვითი ცხოვრება, მისი ისტორიულობა და ისტორია, საერთოდ სამყარო-დრო, როგორც "ვულგარული" დრო. დროულობის ტრანსცენდენტალური სტრუქტურა არის ეგზისტენცის ყოფნის "ზრუნვის" ონტოლოგიური საზრისი. ამგვარად, ჰაიდეგერის აზრით, ყოფიერების ნამდვილი საზრისის გარკვევის მისია უნდა შეასრულოს "ფუნდამენტალურმა ონტოლოგიამ", ე. ი. ადამიანის ყოფნის (Dasein) ეგზისტენციალურ-ფენომენოლოგიურ ანალიზზე დაყრდნობილმა ტრანსცენდენტალურმა ონტოლოგიამ.

ადმიანის არსებობაა ეგზისტენცია - ყოფიერებასთან ღია, დაუფარავი, ამავე დროს დაფარული მიმართება. ეგზისტენციალები მიუთითებენ ადამიანის არსებობის არანამდვილობასა (გაუცხოება, გადასროლილობა, Man და სხვ.) და ნამდვილობაზე (სინდისის ხმა, გადაწყვეტილობა, არჩევა და სხვ.). ინდივიდმა უნდა შეძლოს პირველიდან მეორემდე ამაღლება. საამისო იმანენტური ძალა მასშივეა: მარტოობისა და სიჩუმის დროს სინდისის უხმო ძახილი სწორედ ამას მოუწოდებს პიროვნებას. Man დაიძლევა მაშინ, როცა ინდივიდი გააცნობიერებს თავისი ყოფის სასრულობის განსაზღვრულობას; ნამდვილი პიროვნების ამოცანაა "ჩახედოს თავის გარდაუვალ ხვედრს თვალებში" და გახდეს "თავისი სიკვდილის გმირი", რადგან ადამიანის ყოფა "ნაპერწკალია წყვდიადში", არარასთან დგომაა, ამიტომ პიროვნებამ საკუთარი გადაწყვეტით, თავისუფლებით უნდა განახორციელოს თავისი ერთჯერადი ცხოვრების აზრი.

იხ. ვიდეო - Мартин Хайдеггер: философия присутствия



ჰაიდეგერის ადრინდელი თვალსაზრისი ეგზისტენციალურ ანთროპოლოგიად შეიძლება მივიჩნიოთ. მეორე პერიოდში კი იგი ყურადღებას ამახვილებს ყოფიერების იდუმალებაზე, ეგზისტენციის ყოფიერებით განსაზღვრულობაზე, ენაზე, როგორც "ყოფიერების სახლზე", ყოფიერების ჭეშმარიტებაზე, ამასთან, მისთვის მთავარია არა "შემობრუნება", ცალკეული პერიოდი, არამედ გზის ერთიანობა, გზაზე სვლა. ფილოსოფოსობა არის ძიება, გზაზე ყოფნა, რისთვისაც აუცილებელია დასავლეთის რაციონალური და აღმოსავლეთის არაცნობითი აზროვნების შეხვედრა. ევროპა ყოფიერების გახსენებით უნდა მივიდეს აღმოსავლეთთან. ბოლო პერიოდში ჰაიდეგერთან აღნიშნავენ რელიგიურ ტენდენციებს, მის მოძღვრებას სეკულარიზებულ თეოლოგიად მიიჩნევენ.

ჰაიდეგერის ფილოსოფია უჩვეულო ტერმინოლოგიის გამო დიდ აზრთა სხვადასხვაობას იწვევს. ხშირად თვით ეგზისტენციალისტებიც ვერ უგებენ ერთმანეთს (მაგ., ჰაიდეგერი და ჟ.პ. სარტრი).

ჰაიდეგერის მოძღვრება ხასიათდება ანტისციენტიზმით, ირაციონალიზმით, სუბიექტივიზმით, ლოგიკურის მიმართ ემოციურის პრიმატით.

მუნყოფიერება

სუბიექტის სუბიექტურობა ნათელს ხდის, ჰაიდეგერის აზრით, ადამიანის სრულ დამოკიდებულებას მისგან არსებითად განსხვავებულზე, საერთოდ ყოველგვარი არსებულისგან განსხვავებულზე, არარაზე; ნათელს ხდის,რადგან ყოველი არსებული, რასაც კი რაიმენაირი "არის"-ი მიეწერება აუცილებლობით გულისხმობს ადამიანს, როგორც სასრულობას, სასრულობა კი არ შეიძლება თვითმყოფი და თავის თავის საფუძველი იყოს, ამის გაცნობიერება მოხდა, ჰაიდეგერის აზრით ყოფიერება და დროში. ამ ნაწარმოებში წამოყენებული დებულება: "მუნყოფიერების "არსება" მის ეგზისტენცში ძევს", სხვას არაფერს ნიშნავდა. ეს არაა ესენციის და ეგზისტენციის ტრადიციული დაპირისპირება, ესეიგი სამყაროს გარეთ გასვლა ანუ ტრანსცენდენტის წყალობითაა არსებული. ეგზისტენცი როგორც ადამიანის არსება უპირისპირდება, არა მარტო ინ-სისცენცს, ე.ი. ადამიანის საყრდენის სამყაროშივე დანახვას, არამედ ეგზისტენციასაც. ეს უკანასკნელი ჰაიდეგერს მიაჩნია როგორც არამუნყოფიერებისნაირი, ე.ი. ადამიანისგან პრინციპულად განსხვავებულ ყოფიერთა, ობიექტთა დამახასიათებელი.

იხ. ვიდეო - video- PHILOSOPHY - Heidegger





   

Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...