суббота, 4 августа 2018 г.

                 კირიონ II

                                       ÐšÐ°Ñ€Ñ‚инки по запросу კირიონ II
(ერისკაცობაში – გიორგი იერონიმეს ძე საძაგლიშვილი; დ. 10 ნოემბერი1855ქვემო ნიქოზიგორის მაზრა — გ. 27 ივნისი1918მარტყოფი) — ქართველი ისტორიკოსი, სასულიერო და საზოგადო მოღვაწე. სრულიად საქართველოს პირველი კათოლიკოს-პატრიარქი ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ, 1917-1918 წლებში. შერაცხულია წმინდანად საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის მიერ 2002 წელს

    ბიოგრაფია

    წინაპრები, ოჯახი

    კირიონ II-ს წინაპრებს დიდი წვლილი მიუძღვით კავკასიის მთიელთა – დიდოელთა და ინგუშთა შორის ქრისტიანობის გავრცელების საქმეში. პატრიარქ კირიონის მამა, მღვდელი იერონიმე საძაგლიშვილიცმთიელებში მსახურობდა და დიდი შრომა გასწია ოსთა შორის ქრისტიანული ტრადიციების აღდგენისა და დამკვიდრებისთვის.

    ადრეული წლები

    პატრიარქი კირიონი, ერისკაცობაში გიორგი, დაიბადა 1855 წლის 10 ნოემბერს. ხელმოკლე ოჯახმა 7 წლის გიორგი ჯერ ანანურის სასულიერო სკოლაში მიაბარა, ხოლო 1862 წლიდან მან სწავლა გორის სასულიერო სასწავლებელში განაგრძო. ამ პერიოდში, როგორც ცნობილი ხალხოსანი მწერალი სოფრომ მგალობლიშვილი იგონებს, მან გიორგი საძაგლიშვილთან ერთად მოიარა შიდა ქართლის თითქმის ყველა ისტორიული ადგილი, შემდეგ კი – მაღრანდვალეთის ქართული სიძველენი.

    სასულიერო და პედაგოგიური მოღვაწეობა

    1876 წელს დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია, რის შემდეგაც სასწავლებლად გადავიდა კიევის სასულიერო აკადემიაში, რომელიც 1880 წელს ღვთისმეტყველების კანდიდატის ხარისხით დაამთავრა. იმავე წელს დაინიშნა ოდესის სასულიერო სემინარიის ინსპექტორის თანაშემწედ.
    1883 წელს სამშობლოში დაბრუნდა და თელავის სასულიერო სასწავლებელში გამწესდა. 1896 წლამდე პედაგოგიურ მოღვწეობას ეწეოდა გორისქუთაისის და ტფილისის სასულიერო სასწავლებლებში და ტფილისის ქალთა საეპარქიო სასწავლებელში, ასწავლიდა ქართულ და რუსულ ენებს, საღმრთო ისტორიასა და გეოგრაფიას.
    1896 წელს დაინიშნა საქართველოს მონასტრების ბლაღოჩინად (რუს. Благочинный) და კავკასიაში მართლმადიდებლური ქრისტიანობის აღმდგენელი საზოგადოების (Общество восстановления православного христианства на Кавказе) სკოლების ინსპექტორად. ამ პერიოდში მან დააარსა 19 სამრევლო სკოლა, ააშენებინა სკოლები აწერისხევშივანათშითიანეთში; ყველა სკოლას შეუქმნა წიგნთსაცავები და ბიბლიოთეკები. ამავე პერიოდში ქართულ და რუსულ ჟურნალ-გაზეთებში აქვეყნებდა წერილებს, გამოკვლევებს საქართველოს ეკლესიის ისტორიაზე, ხალხურ ზეპირსიტყვიერებაზექართულ ლიტერატურაზე, ივერიელის, საძაგელოვისა და ლიახველის ფსევდონიმებით.

    ბერობა

    ცოლ-შვილის სიკვდილის შემდეგ, 1896 წელს აღიკვეცა ბერად კირიონის სახელით და ქვაბთახევის მონასტრის წინამძღვრობა ჩაიბარა. ამ პერიოდში კირიონი ქართლის სოფლებში აგროვებდა ხალხური სიტყვიერების ნიმუშებს, სწავლობდა ხალხის ზნე-ჩვეულებას, ეკლესია-მონასტრების სიძველეებს. ქვათახევის მონასტრის წინამძღვრობის დროს მან ქვათახევიდან ჩამოიტანა და ტფილისის საეკლესიო მუზეუმს ჩააბარა 96 ცალი ხელნაწერი, მათ შორის, XI საუკუნის სახარება, 1494 წელს გადაწერილი „დავითნი“ და სხვა მრავალი ხელნაწერი.
    კირიონმა, როგორც მოსკოვის არქეოლოგიური საზოგადოების წევრმა, აღწერა ლიახვის ხეობის ისტორიული ძეგლები, რომელიც 1898 წელს გამოაქვეყნა (ამ აღწერილობას ახლაც დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან მომდევნო ხანებში ბევრი ისტორიული ძეგლი ოსთა მიერ იქნა განადგურებული).
    1891 წელს კირიონმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას გადასცა: „ტრიოდიონი“, „მარხვანი“, სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონი ქართული, ცხოვრება და მოქალაქეობა ნეტარისა ანდრია სალოსისა, მსოფლიო ისტორია, ხუცური ასოებით ნაწერი „სადღესასწაულო ღვთისმშვენიერი თხრობით სულისა ფრიად სასარგბლო, რომელსაც ეწოდების გვირგვინი“, “საღვთო მარგალიტი“ – ძველი, ეტრატზე ნაწერი ხუცური საეკლესიო წიგნი, აპოკრიფი ყოვლად წმიდა მარიამის სახარებასა და იოსებზე, XVIII საუკუნის ხელნაწერი ლიტურგია ოქროპირისა, რუსული „ასამაღლებელი“ ქართულის ასოებით, სხვა და სხვა ხელნაწერი წიგნების ფურცლები, „ისტორია გინა მოთხრობა საღმრთო წერილისა ძველისა და ახლისა ახალი აღთქმისა“, მინის სამაჯურები და თელავის ღვთაების ეზოში ნაპოვნი ვერცხლის ოთხი ძველი ფული.
    ამავე პერიოდში კირიონმა შეისწავლა ძველი ქართული აპოკრაფების უცნობი ხელნაწერი, რომელიც დაცული ყოფილა გორის თავადაზნაურობის წინამძღოლის ივანე რატიშვილის ოჯახში.

    მღვდელმთავრობა

    ალავერდის ეპისკოპოსობა

    1898 წელს კირიონი აკურთხეს ალავერდის ეპისკოპოსად და დანიშნეს ქართლ-კახეთის ეპარქიის მეორე ქორეპისკოპოსად (ვიკარად). ილია ჭავჭავაძის „ივერია“ ასე გამოეხმაურა მის დანიშვნას:

    „სრული იმედია ყოვლადსამღვდელო კირიონი, კარგად ცნობილი საქართველოში, როგორც განმაახლებელი მრავალთა ნაშთთა ჩვენის ძველის ხუროთმოძღვრებისა და სასულიერო განათლების თანამგრძნობელი, შეძლებისდაგვარად იმოღვაწებს კახეთის სულიერ მოთხოვნილებათა დაკმაყოფილების ასპარეზზედ.
    ალავერდის სავიკაროში ჩასვლისთანავე კირიონმა მოუვლელობისაგან განადგურების პირას მისულ ალავერდის ტაძარზე დაიწყო ზრუნვა – ტაძრის სახურავი გამოსაცვლელი იყო, გალავანი შესაკეთებელი. ეპისკოპოსმა კირიონმა შეადგენინა პროექტი და თავისი ხარჯებით დაიწყო ტაძრის შეკეთება.
    ამავე დროს მან საქართველოს საეკლესიო მუზეუმს გადასცა 68 ხელნაწერი. მათ შორის 1089 წელს გადაწერილი სახარება (ამ აღმოჩენამდე ქართულმა მეცნიერებამ არაფერი იცოდა ბაგრატ IV-ს დროინდელი სახარების შესახებ).
    კირიონმა ყურადღება მიაქცია XIX საუკუნის საქართველოში გავრცელებულ ერთ ტენდენციას. 1811 წლის შემდეგ, როცა რუსეთის მთავრობამ საეკლესიო სამართლის უხეში დარღვევით საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია გააუქმა და რუსული წირვა-ლოცვა დააწესა, ხალხი პროტესტის ნიშნად ეკლესიებს სტოვებდა. ამით სარგებლობდნენ სომხურ-გრიგორიანული ეკლესიის მესვეურები და უკანონოდ იკავებდნენ ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიებს. მათ ხელში ჩაიგდეს ქართული ეკლესიები თბილისშიგორშითელავშიდუშეთში. ეპისკოპოსმა კირიონმა ამ საკითხთან დაკავშირებით ვრცელი დასაბუთებული მოხსენებითი ბარათით მიმართა საქართველოს ეგზარქოსს და მოითხოვა სომხებისაგან უკანონოდ მიტაცებული ქართული ეკლესიების დაბრუნება. ერთ-ერთ სომხურ გაზეთში ქართველების შეურაცხმყოფელი სტატიის საპასუხოდ, ეპისკოპოსმა კირიონმა, თვით სომხური საისტორიო წყაროების მოშველიებით, სომეხი ერის ასეთი სურათი დახატა:

    „ერი ზვავი, გაუგონარი, დიდმეთქავი, უსამართლონი, ტრაბახანი, ზარმაცნი, მძარცველნი, მატყუარანი, მექრთამენი, ცრუმედიდურნი.
    მან იქვე დასძინა, რომ „საისტორიო წყაროებს ადამიანური თვალით უნდა შევხედოთ და არ უნდა ვეცადოთ მათ საფუძველზე სხვის დამცირებას“.

    გორის მღვდელმთავრობა და დევნის დასაწყისი

    1901 წელს გადაყვანეს გორის ეპისკოპოსად და ქართლ-კახეთის ეპარქიის პირველ ქორეპისკოპოსად (ვიკარად). ეპისკოპოს კირიონთან თავს იყრიდა განათლებული სამღვდელოება, რომელიც აშკარად გამოხატავდა უკმაყოფილებას ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმების გამო. მეფის რუსეთის მთავრობამ და საქართველოს საეგზარქოსომ აშკარად დაინახეს ის დიდი საფრთხე, რაც კირიონის მოღვაწეობიდან მომდინარეობდა. ამ დროიდან იწყება კირიონის დევნა-შევიწროება და ადგილიდან ადგილზე გადაყვანა.

    რუსეთის ეპარქიებში

    1902 წელს კირიონს კამენეც-პოდოლსკის ეპარქიაში გზავნიან, აქედან 1903 წელს ხერსონში1904 წელს ორიოლის ეპარქიაში.
    სწორედ ეპისკოპოს კირიონის მუშაობის შედეგი იყო ის, რომ 1905 წელს თბილისში ჩატარდა დიდი საეკლესიო კრება, სადაც ქართველი სამღვდელოება იხილავდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის საკითხებს. საქართველოს ეგზარქოს ალექსისმოთხოვნით მეფისნაცვალმა ილარიონ ვორონცოვ-დაშკოვმა კაზაკების მეშვეობით დაარბია საეკლესიო კრების მონაწილენი. რუსმა სლავოფილებმა პეტერბურგის პრესში დაბეჭდეს წერილები, რომლებშიც დაგმეს თბილისში ქართველი სამღვდელოების დარბევა. ქართველი საზოგადოების მოწინავე ნაწილი, ილია ჭავჭავაძის მეთაურებით, მეფისნაცვალ ვორონცოვ-დაშკოვს ეახლა და ოფიციალურად მოსთხოვა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხის განხილვა. მეფის მთავრობა იძულებული შეიქმნა ფორმალურად დაენიშნა პეტერბურგში სპეციალური სხდომა, სადაც უნდა განხილულიყო საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის საკითხი. ეპისკოპოსმა კირიონმა სხდომაზე წაიკითხა ორი მოხსენება:
    1. რა აიძულებს ქართველებს იმეცადინონ თავისი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენაზე;
    2. ეროვნული პრინციპი ეკლესიაში;
    აღნიშნულ მოხსენებებში კირიონი ასაბუთებდა, რომ ეკლესიური მონობა ყველა მონობაზე უარესია. ფორმალურად დანიშნულმა კომისიამ, სადაც უმრავლესობას წარმოადგენდნენ დეკანოზ ივანე ვოსტორგოვის მიმდევრები, უარყვეს ქართველი სამღვდელოების მოთხოვნები, რის შემდეგაც კიდევ უფრო გაძლიერდა კირიონის დევნა-შევიწროვება.

    სოხუმში

    1906 წელს კირიონი სოხუმის ეპარქიაში გადაიყვანეს, სადაც მან დიდი მუშაობა გასწია ქართული ეკლესია-მონასტრების აღდგენისა და მოღონიერების საქმეში. მღვდელმთავრის საქმიანობამ რუს მოხელეებში სერიოზული უკმაყოფილება გამოიწვია, რის შედაგადაც კირიონი 1907 წლის 27 იანვარს სოხუმიდან კოვნოს ეპარქიაში გადაიყვანეს, აფხაზების გაქართველების მცდელობის ბრალდებით.

    კვლავ რუსეთში

    1907 წლის სექტემბერში კირიონს ილია ჭავჭავაძის გასვენებაზე საქართველოში ჩამოსვლის უფლება არ მისცეს. კოვნოდან მან მხოლოდ სამძიმრის დეპეშის გამოგზავნა მოახერხა.
    1907 წელს დაარსდა საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოება, რომელსაც შემოწირული სახსრებით უნდა ეარსება. ეპისკოპოსი კირიონი სიხარულით ატყობინებდა საზოგადოების თავმჯდომარეს ექვთიმე თაყაიშვილს თავის მზადყოფნას – დახმარებოდა როგორც ფინანსურად, ასევე მორალურად. ე.თაყაიშვილი იგონებდა:

    „ეპისკოპოსმა კირიონმა ჯერ კიდევ ექსორიაში ყოფნის დროს შემოსწირა საზოგადოებას თავისი მდიდარი ბიბლიოთეკა ხელნაწერებისა და ნაბეჭდი წიგნებისა, მრავალი საარქეოლოგო ნივთი, ალბომები, სურათები და დიდი ნუმიზმატური კოლექცია. წელიწადი არ გავიდოდა ისე რომ რაიმე ნივთი, ხელნაწერი თუ ფული არ გამოეგზავნა ახალი საზოგადოებისათვის.“

    მღვდელმოქმედების შეჩერება

    1908 წლის ზამთარში კირიონს, რუსეთის სინოდის დადგენილებით დააპატიმრეს მღვდელმქმედების უფლება ჩამოართვეს. თავდაპირველად უადგილოდ დატოვებული ეპისკოპოსი ჟანდარმერმების თანხლებით კურიაჟის მონასტერში (ხარკოვის გუბერნია) გაგზავნეს. აქედან იანვარში ავადმყოფი ეპისკოპოსი ჟანდარმებმა მოსკოვის გზით სანაქსარის უდაბნოში მიიყვანეს, სადაც ცივ-ნოტიო ოთახში მოათავსეს და გადაცმული პოლიციელები მიუჩინეს თვალყურის საგდებლად. გარდა ამისა, რუსეთის მთავრობამ კირიონს 1908 წლის 28 მაისს თბილისში მოკლული ეგზარქოს ნიკონის მკვლელობა დააბრალა. ამგვარმა ცილისწამებამ, როგორც ქართული, ისევე რუსეთის საზოგადოების დემოკრატიული ნაწილი აღაშფოთა. ამასთან დაკავშირებით, სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატმა ევგენი გეგეჭკორმა პრესის წარმომადგენლების შეკითხვაზე ასე უპასუხა:

    „ეს ველური და შეუსაბამო ბრალდებაა. ბრწყინვალე პიროვნება ეპისკოპოსის კირიონისა მის მტერთ მოსვენებას არ აძლევს, მის სახელს რომ ჩირქი მოსცხონ, საშუალებას არ ზოგავენ.“
    კირიონის დევნის ამბავი რუსეთიდან უცხოეთში გაიტანა ოლივერ უორდროპმა, რომელსაც 1909 წლის 2 აპრილს წერილი გაუგზავნა ალექსანდრე ცაგარელმა:

    „კირიონი გაგზავნეს ხარკოვიდან ერთ მონასტერში – ტამბოვის გუბერნიაში საცხოვრებლად, ცოტა ავად არის მაგრამ მოსკოვში საავადმყოფოში არ დაარჩინეს, ძალათ წაიყვანა პოლიციამ რკინიგზით მონასტერში.“
    ევროპაში კირიონის დაცვის საზოგადოებაც შექმნეს, რომელმაც დაიწყო ხელმოწერების შეგროვება კირიონის განთავისუფლების მოთხოვნით. ბელგიიდან ადამიანის უფლებების დაცვის თავმჯდომარემ ჟორჟ ლორანმა ბრიუსელიდან 1909 წლის 20 მარტსსახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარეს ნიკოლოზ ხომიაკოვს (რუს. Хомяков Николай Алексеевич) სთხოვა დაეცვა ეპისკოპოსი კირიონი დევნა-შევიწროებისაგან.
    მიუხედავად მძიმე პირობებისა, კირიონს მომავლის რწმენა არ დაუკარგავს. მღვდელ იოსებ ჩიჯავაძისადმი გაგზავნილ წერილში იგი წერდა:

    „ჩემი აქ ყოფნა ხომ მეტად მძიმეა, მაგრამ მით უფრო დამიმძიმდება, როდესაც გულსაკლავი და არასანუგეშო ამბები მომივა სამშობლოდან… მომავალი ჩვენს ხელშია, კეთილსინდისიერი შრომაა მისი დამაგვირგვინებელი… წინ ფიანდაზის მაგივრად, მართალია, ეკლიანი გზა გვიდევს, მაგრამ ვარდი უეკლოდ ვის მოუკრეფია, სიყვარულით უნდა ავიტანოთ ტანჯვა, ვინაიდან ტანჯვა სიყვარულის ნაყოფია, ძალა ტანჯვაშია.

    დევნის შეწყვეტა

    რუსეთის მთავრობამ 1915 წელს კირიონის დევნა-შევიწროვება შეწყვიტა. მას მღვდელმოქმედების უფლება დაუბრუნეს და პოლოცკისა და ვიტებსკის ეპარქია ჩააბარეს, მაგრამ სამშობლოში ჩამოსვლის ნება არ დართეს.

    ავტოკეფალიის აღდგენა და პირველი პატრიარქი

    1917 წლის თებერვლის რევოლუციით ისარგებლა ქართველმა სამღვდელოებამ და საგანგებო საეკლესიო კრებაზე მიიღო გადაწყვეტილება:
    1. ამიერიდან, 12 მარტიდან გრძელდება საქართველოს ავტოკეფალია,
    2. დროებით კათალიკოზის ამორჩევამდე ეკლესიის გამგედ დაინიშნა გურია-ოდიშის ეპისკოპოსი ლეონიდე;
    3. საქართველოს ეკლესიის მმართველობა ევალება აღმასრულებელ კომიტეტს, რომელშიც შედიან როგორც საერო, ისე სასულიერო პირები.
    ქართველ მორწმუნეთა ჯგუფმა, ჩიტო კაპანაძის ხელმძღვანელობით, კირიონთან დელეგაცია გაგზავნა, რათა იგი დაბრუნებულიყო საქართველოში და მონაწილეობა მიეღო სრულიად საქართველოს კათოლოკოს-პატრიარქის არჩევნებში. კირიონმა ყურდღებისათვის მადლობა გადაიხადა, მაგრამ მოწვევას მტკიცე უარით უპასუხა, მაგრამ, ქართული საზოგადოების დაჟინებული მოთხოვნით 1917 წლის ზაფხულში ეპისკოპოსი კირიონი სამშობლოსაკენ გამოემგზავრა. სამშობლოსაკენ მომავალ მღვდელმთავარს არაგვის ხეობაში ასოცამდე ცხენოსანი შეეგება გიგო ყარანგოზიშვილის ხელმძღვანელობით. იგი დიდი პატივით მიაცილეს დედაქალაქამდე, თბილისში კი ბრწყინვალე შეხვედრა მოუწყვეს. კირიონი ჩამოსვლისთანავე აქტიურად ჩაება სრულიად საქართველოს საეკლესიო კრების მოსამზადებელ სამუშაოებში.
    1917 წლის 8 სექტემბერს თბილისში გაიხსნა სრულიად საქართველოს საეკლესიო კრება. კრებას თავჯდომარეობდნენ გიორგი ჟურულიტრიფონ ჯაფარიძესპირიდონ კედია. კრებამ განიხილა საქართველოს ავტოკეფალური ეკლესიის ეპარქიების, საკათალიკოზო საბჭოს შექმნის საკითხები. შეიქმნა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევნების ხმის დამთვლელი კომისია დეკანოზ ნიკიტა თალაქვაძის თავჯდომარეობით. 17 სექტემბერს დაინიშნა კათოლიკოს-პატრიარქის არჩევნები. კენჭისყრაზე დაშვებული იქნა სამი კანდიდატი — მიტროპოლიტი ლეონიდე, ეპისკოპოსი კირიონი და არქიმანდრიტი ამბროსი. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევნები სიონის ტაძარში ჩატარდა. არჩევნებში მონაწილეობა 448 ადამიანმა მიიღო. სრულიად საქართველოს კათოლოკოს-პატრიარქად კრების მიერ არჩეული და დამტკიცებული იქნა ეპისკოპოსი კირიონი.
    1917 წლის 1 ოქტომბერს კვირას მცხეთობა დღეს მოხდა კირიონ II-ის ინთრონიზაცია.
    მართალია საეკლესიო კრებამ სრულიად საქართველოს კათოლოკოს-პატრიარქად უწმინდესი და უნეტარესი კირიონ II აირჩია, მაგრამ არ გააუქმა ტფილელი მიტროპოლიტის თანამდებობა. ეს ნაბიჯი იმით იყო გამართლებული, რომ რუსეთის მთავრობის მიერ დანიშნული ეგზარქოსი პლატონი, საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გამოცხადების შემდეგ, თავის თავს ტფილელ მიტროპოლიტს უწოდებდა და ამით ეგზარქოს პლატონის პოზიციები შესუსტდებოდა. უწმინდეს კირიონ II-ს სიონში არ წირავდა: იქ ტფილელი მიტროპოლიტი ლეონიდე სწირავდა, ხოლო კირიონი – ანჩისხატში, თანახმად ძველი ისტორიული ტრადიციისა.
    კირიონის კათოლიკოს-პატრიარქად არჩევისთანავე თავი იჩინეს ინტრიგებმა, რასაც რუსი ეგზარქოსის ჯაშუშები აღვივებდნენ. იოსებ იმედაშვილი იგონებს:

    „ერთ სხდომაზე წამოიჭრა საკითხი კათოლიკოზის პირადი მდივნისა და საკათალიკოსო საქმეთა მმართველის ასარჩევად. კორნელი კეკელიძემ და კალისტრატე ცინტაძემ კანდიდატად წამოაყენეს დავით დავიდოვი, დავითაშვილი. ამის ხსენებაზე კირიონი საშინლად ცუდად შეიქმნა, აინთო, მაგრამ თავი შეიმაგრა … თქვენ თუ საქართველოს საკათალიკოსო საბჭოს საქმეთა მმართველად დავიდოვს აირჩევთ, მე კათალიკოზის ხარისხს ავიყრიო
    დავიდოვი იყო ეგზარქოსის ჯაშუში და ყოველივე ქართულის მტერი. იგი არ აირჩიეს, მაგრამ მომხდარი ინციდენტი ფრიად დამაფიქრებელი იყო – დავიდოვმა არაერთხელ სცადა კირიონ II შეურაცხყოფა და მისი ფიზიკური მოსპობა.
    პატრიარქმა კირიონ II შექმნა ძლიერი საკათალიკოსო საბჭო, რომელშიც სასულიერო პირებთან ერთად საერონიც შედიოდნენ. ქართველმა ხალხმა განსაკუთრებული ზეიმით გადაიხადა მცხეთაშისვეტიცხოველში კირიონ II კათოლოკოსად კურთხევა. ეს დღე სვეტიცხოვლობას დაემთხვა. კათოლიკოსის კურთხევას დაესწრნენ ინგლისისბელგიისსაფრანგეთის კონსულები. გაზეთი „საქართველო“ იტყობინებოდა:

    „როდესაც კათოლოკოზი შემოსეს ძველებური ომოფორითა და მიტრით, ეს იყო კიდევ ერთი ახალი წუთი, რომელმაც აგრძნობინა ხალხს სანატრელი გაცოცხლება ძველი საქართველოსი. პატრიარქის სახე იმ წუთში უსათუოდ დაუვიწყარია. ის იყო მთლიანად უძრავი და განათებული. წარსული ტანჯვა სჩანდა მის ფერმკრთალობაში. მისი ხმა იყო ნელი და მთრთოლავი და საკმევლის წმინდა სურნელებაში მორწმუნე გული იგრძნობდა მისტიურად განგების სიახლოვეს.“
    კირიონ II თავის სიტყვაში, რომელიც მან სვეტიცხოველში აღსაყდრებასთან დაკავშირებით წარმოთქვა, ხაზი გაუსვა სარწმუნოების წმინდად დაცვის, ეკლესიისა და ერის ერთიანობის აუცილებლობას; საქართველოში მცხოვრები სხვა ერებისადმი პატივისცემას, სწავლა-განათლების საქმეში საქართველოს ეკლესიის როლის ამაღლებას, სასულიერო პირებში ეროვნული მიმართულების სულისკვეთების ამაღლების აუცილებლობას:

    „სამშობლო, საყვარელო, ღვთისმშობლის წილხვდომილო, ბრძმედსა შინა ტანჯვა -ვაებისას განწმენდილო! შენთვის დაწეული, შენგან განშორებული, შენთვის მტირალი, მუდამ შენსკენ ლტოლვილი დღეს განგისვენებ ტკბილსა შინა წიაღსა შენსა არა ვითარცა შვილი უძღები, არამედ ვითარცა მესაიდუმლე და სინდისი ეკლესიისა შენისა … ვიცი, შენი გულისყური ამჟამად ჩემკენაა მოქცეული და მეკითხები: რა მომიტანე, რა მალამოსა სცხებ იარებსა ჩემსა, რით მანუგეშებ სევდა მოსილსა? ყური მომიპყარ: “არა მოველ, რათა გიმსახურო, არამედ მსახურებად შენდა და მიცემად სული ჩემი სახსრად შენდა” (მთ. 20: 28) მოვედი არა ვითარცა მწე სასყიდლით დადგინებული, არამედ ვითარცა მწე ერთგული და მარად მორჩილი.“
    კირიონ II წერილები დაუგზავნა მსოფლიოს მართლმადიდებლურ ეკლესიათა მეთაურებს, რომელშიც მოკლედ, დასაბუთებულად გადმოსცემდა საქართველოს ეკლესიის ისტორიას და მოითხოვდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის ცნობას.
    ახლადარჩეულ პატრიარქს მრავალი პრობლემა უნდა გადაეწყვიტა: გაძარცვულ-გაპარტახებული საეკლესიო ქონების კვლავ შეგროვება, ეპარქიების აღდგენა-მოწესრიგება, ქართული სასულიერო ლიტერატურის გამოცემა, სასულიერო პირთათვის ელემენტარული საარსებო პირობების შექმნა და სხვა.
    1918 წლის 26 იანვარს წმინდა დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს თბილისში გაიხსნა უნივერსიტეტი. სრულიად საქართველოს კათალიკოზ-პატრიარქმა კირიონ II უნივერსიტეტის ეკლესიაში პარაკლისი გადაიხადა.
    კირიონი II აღფრთოვანებული შეეგება საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებას, 1918 წლის 27 მაისს თავისუფლების მოედანზე საზეიმო პარაკლისი გადაიხადა და შეკრებილ საზოგადოებას მგზნებარე სიტყვით მიმართა.

    მკვლელობა

    1918 წლის 28 ივნისს გაზეთი „საქართველო“ იტყობინებოდა :

    „სრულიად საქართველოს კათოლოკოზ-პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი კირიონ II 26 ივნისს სოფელ მარტყოფს გაემგზავრა საპატრიარქო რეზიდენციაში ... 27 ივნისს დილით იგი მიცვალებული იპოვეს მის საწოლ ოთახში...“
    დეკანოზი ნ. თალაკვაძე იგონებს:

    „ხმა დაუყარეს რომ „თავი მოიკლაო!“ 68 წლის მოხუცმა, რომელსაც დამბლის გამო პირზე ჭიქა ვერ მიჰქონდა დასალევად, ასეთი ხელით მწოლიარემ რევოლვერი დაირტყა და თავი მოიკლაო! რევოლვერი იქვე ეგდო ცხედართან: რევოლვერი დაკეტილი იყო. როგორ, თავი მოიკლა და რევოლვერი დაკეტა? გვერდზე დაიგდო?! ასეთი დასკვნა გამოუტანა „გამოძიებამ“... ამის გამო მქონდა პირადი შეტაკება ნოე რამიშვილთან. 1918 წლის ივლისში, როდესაც ანჩისხატის ტაძარში მესვენა უცნაურად ტყვიით განგმირული კათოლიკოზი კირიონი, დიდძალი ხალხის თანდასწრებით გადავიხადე პანაშვიდი, ჯერ წარმოვთქვი მეტად აღგზნებული სიტყვა იმის თაობაზე, რომ მოწმე ვიყავი იმ არაადამიანური მეფისტოლფელური დევნა-შევიწროვებისა, რომელიც წილად ხვდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალურ უფლებებში აღდგენილ მის პირველ კათოლიკოზს.“
    ნიკიტა თალაკვაძემ ეჭვი მიიტანა მათზე, ვინც იდეურად ამზადებდნენ ნიადაგს პატრიარქის მკვლელობისთვის, შფოთსა და შუღლს აღვივებდნენ ქართულ ეკლესიაში. ამის გამო ნოე რამიშვილმა, რომელიც მაშინ მენშევიკთა მთავრობის შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, დეკანოზი თალაკვაძე გამოიძახა და დატუქსა. ნოე ჟორდანიას მწუხარება გამოუთქვამს კათოლიკოზ-პატრიარქ კირიონ II გარდაცვალების გამო, მაგრამ გამოძიება არ წარმართულა იმ მიმართულებით, საიდანაც სინამდვილე გაირკვეოდა. საზოგადოებრივ საწყისებზე გამოძიება უწარმოებია ცნობილ მწერალ იოსებ იმედაშვილს.
    კირიონ II დაკრძალეს 7 ივლისს, ნაშუადღევის 4 საათზე სიონის ტაძარში.
    კათოლიკოზ-პატრიარქ კირიონ II-ის მკვლელობის შემდეგ მოკლეს მირიან ბერი (კირიონის დამცველი), ქუთათელი ეპისკოპოსი ანტონ გიორგაძე, მღვდელი ტიმოთე ბაკურაძე.

    გადასვენების პროცესია

    მარტყოფში მოკლული კირიონი ჯერ ანჩისხატში დაასვენეს, ხოლო შემდეგ სიონის საკათედრო ტაძარში მიაბარეს მიწას.

    Комментариев нет:

    უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი)

    ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -   უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი) ინგლ. Ancient Aliens Ancient Aliens არის ამერიკული...