суббота, 13 февраля 2021 г.

მარი ბროსე

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                          მარი ბროსე

ფრანგ. mane-felicife Brosset
დ. 5 თებერვალი1802პარიზი — გ. 3 სექტემბერი1880შატელროსაფრანგეთი) — ფრანგი ორიენტალისტი და ქართველოლოგი.

დაიბადა ხელმოკლე ვაჭრის ოჯახში. სწავლობდა ორლეანში, შემდეგ სან-სულპისიენის სასულიერო სემინარიაში. ისმენდა ლექციებს კოლეჟ დე ფრანსში. სწავლობდა ჩინურ ენასა და ლიტერატურას, შემდეგ ხელი მოჰკიდა ქართულსა და სომხურს. შეისწავლა პარიზში დაცული ქართული ხელნაწერები, გამოაქვეყნა რამდენიმე ქართველოლოგიური ნაშრომი, აგრეთვე ქართული ენის გრამატიკის სახელმძღვანელოები. მისმა შრომებმა საფუძველი ჩაუყარა მეცნიერულ ქართველოლოგიას ევროპაში. ბროსეს შემწეობას უწევდნენ ჟ. ა. სენ-მარტენი და პეტერბურგში მცხოვრები თეიმურაზ ბატონიშვილი (მიწერ-მოწერით).

1837 წელს ბროსე რუსეთში მიიწვიეს, 1838 წელს აირჩიეს პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის წევრად ქართულ-სომხური ფილოლოგიის განხრით. 1839-1841 წლებში აკადემიაში და უნივერსიტეტში წაიკითხა ლექციების ციკლი საქართველოს და სომხეთის ისტორიის შესახებ. 1847-1848 წლებში იმოგზაურა საქართველოში, შეკრიბა დიდძალი ეპიგრაფიკული, ნუმიზმატიკური, დოკუმენტური და სხვა მასალა და პეტერბურგში სამ წიგნად გამოაქვეყნა (1849-1851). ფრანგულად თარგმნა და 1849-1858 წლებში შვიდ ტომად დაბეჭდა „ქართლის ცხოვრება“ვახუშტის „ისტორიის“ გეოგრაფიის ნაწილი, სეხნია ჩხეიძისპაპუნა ორბელიანის და ომან ხერხეულიძის ისტორიული თხზულებები ვრცელი მეცნიერული კომენტარებითურთ (ამ გამოცემის IV ტომი დაიბეჭდა დ. ჩუბინაშვილის რედაქციით). 1861 წელს გამოსცა საბუთები რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის შესახებ. ბროსეს 200-ზე მეტ ნაშრომში თავმოყრილია დიდძალი კრიტიკულად შემოწმებული მასალა. მან გაამდიდრა ქართული ისტორიოგრაფია, გააფართოვა მისი წყაროთმცოდნეობითი ბაზა, წინ წასწია ქართული ნუმიზმატიკის, სფრაგისტიკის, ეპიგრაფიკისა და სხვა დამხმარე დარგების შესწავლა, წამოჭრა და დაამუშავა შუა საუკუნეების საქართველოს ისტორიის მრავალი საკითხი. დაიწყო „ქართლის ცხოვრების“ კრიტიკული შესწავლა, სცადა დაეწერა საქართველოს ისტორიის კურსი.

იხ. ვიდეო  მარი ბროსე 210



დიდი წვლილი შეიტანა ბროსემ ქართული ენისა და ლიტერატურის შესწავლის საქმეში. 1834 წელს პარიზში გამოიცა ბროსეს შრომა „L’art libareli ou grammaire georgienne (ჴელოვნება აზნაურობითი გინა ქართულისა ენისა თჳთმასწავლებელი)“. შრომა შედგება 17 თავისაგან და ყოველ თავს მოსდევს საილუსტრაციო მასალა თარგმანითურთ. ბროსე თავის გრამატიკაში ითვალისწინებს ანტონ I-ის, მაჯოს, დავით ბატონიშვილის გრამატიკებს, მაგრამ ამა თუ იმ საკითხის განხილვისას ქართულ ტექსტებს ემყარება. ამ შრომაში ბროსემ წამოაყენა ვარაუდი, რომ ქართული ენა ინდოევროპულ ენათა ინდოირანულ შტოს ეკუთვნის. ბროსე პირველი სპეციალიტია, რომელმაც სცადა ქართული ენის ნათესაობის საკითხი განეხილა არა მხოლოდ ცალკეულ სიტყვათა შეპირისპირების გზით, არამედ გრამატიკულ მოვლენათა ჩვენების მიხედვითაც. არაერთი საყურადღებო ნარკვევი უძღვნა მან შუა საუკუნეების ქართული ლიტერატურის ძეგლებს („ვეფხისტყაოსანი“„რუსუდანიანი“„ომანიანი“ და სხვა). ბროსემ დააყენა და გააშუქა საკითხი ქართული „რაინდული რომანის“ თავისებურების შესახებ, დ. ჩუბინაშვილთან და ზ. ფალანდიშვილთან ერთად 1841 წელს გამოსცა „ვეფხისტყაოსანი“.

ფრანგულად თარგმნა და გამოაქვეყნა იმ სომეხ ისტორიკოსთა თხზულებები, რომლებსაც მოეპოვებათ ცნობები საქართველოს შესახებ (ტ. 1-2, 1874-1876), აღწერა სომხეთის ისტორიული ძეგლები (მაგ., ანისი).

ბროსეს სახელთან დაკავშირებულია მთელი ეტაპი ევროპის ქართველოლოგიაში, მისი მემკვიდრეობა მტკიცედ შევიდა ქართული ისტორიოგრაფიის საგანძურში. ბროსეს პირადი არქივი დაცულია საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში.

მარი ბროსე საკუთარი სახელის გამო არაერთხელ ჩავარდნილა უხერხულ მდგომარეობაში. ამას ისე განიცდიდა, რომ ქსავიე დაირქვა და თავის სტატიებს და შრომებს ამ სახელს აწერდა. პარიზში ღარიბი ფრანგი ვაჭრის ოჯახში მესამე ვაჟიშვილი დაიბადა. ოჯახის წევრები განსაკუთრებით, ბებია ისე ოცნებობდა გოგონაზე, რომ მას ქალის სახელები - მარი და ფელიცია დაარქვეს. თანატოლებისგან დაცინვას ძალიან განიცდიდა. ამას ემატებოდა ისიც, რომ საოცრად მორწმუნე დედა თავის საყვარელ ვაჟკაცს სანტა მარიას ეძახდა.

1826 წელს შემთხვევით ხელში ჩაუვარდა „ვეფხისტყაოსანი“ და პირდაპირ „დაავადდა“ რუსთაველით. მალე მისი პირველი ნაწილი ფრანგულად თარგმნა და გამოაქვეყნა კიდეც. სწორედ ამ თარგმანით მიეცათ საშუალება ევროპელებს გაცნობოდნენ პოემის შინაარსს.

ბროსე კამათში იწვევდა ყველას, ვისი აზრიც მისთვის მიუღებელი და არადამაჯერებელი იყო და ამ დაპირისპირებიდან ხშირად გამარჯვებული გამოდიოდა. სულ მალე კი, ის ბედმა პეტერბურგში მოღვაწე ქართველ სწავლულთან, გიორგი XII-ის ძესთან, პეტერბურგის საიმპერატორო მეცნიერებათა აკადემიის, პარიზის სააზიო საზოგადოების და კოპენჰაგენის სამეფო ანტიკვართა საზოგადოების საპატიო წევრთან - თეიმურაზ ბატონიშვილთან (ბაგრატიონი) დააახლოვა. თეიმურაზისგან იღებდა რჩევებს, შენიშვნებს, გაკვეთილებს, უზიარებდა თავის აზრებს. საბოლოოდ ისე დაახლოვდნენ, რომ ბროსემ შვილიც კი მოანათლინა ქართველ ბატონიშვილს, რომელსაც სიცოცხლის ბოლომდე თავის დიდ მასწავლებლად თვლიდა.

ხელმოკლეობით გატანჯული ბროსე სიამოვნებით დათანხმდა რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის წინადადებას - გადასახლდა პეტერბურგში და ოცნება აისრულა - აკადემია ევროპაში ქართველოლოგიის წამყვან ცენტრად გადააქცია. ამ დიდ ქართულ საქმეში მას მხარში ამოუდგნენ რუსეთში მოღვაწე ქართველი მეცნიერები - დავით ჩუბინაშვილიპლატონ იოსელიანიზაქარია ფალავანდიშვილი და სხვები.

სამეცნიერო მოღვაწეობასთან ერთად აღსანიშნავია მარი ბროსეს წვლილი ქართული შრიფტის ჩამოსხმის საქმეში. 1837 წელს ბროსემ აკადემიის წინაშე დააყენა საკითხი ქართული მხედრული შრიფტის ჩამოსხმის აუცილებლობის შესახებ. უნდა ჩამოსხმულიყო ორგვარი მხედრული შრიფტი: მსხვილი - ტექსტებისათვის და წვრილი - შენიშვნებისათვის. ამ შრიფტების დასამზადებლად ბროსემ გამოიყენა მის მიერ ჯერ კიდევ პარიზში თეიმურაზის თხოვნითა და ნახაზების მიხედვით დამზადებული მატრიცები. 1838 წლისთვის შრიფტი უკვე მზად იყო.

1847-1848 წლებში, საქართველოში სტუმრად მყოფ ბროსეს ქრისტეფორე მამაცაშვილთანგიორგი ერისთავთანპლატონ იოსელიანთან და სხვებთან ერთად, ილიას სიმამრი - თადეოზ გურამიშვილიც მასპინძლობდა. ამ მოგზაურობისას ბროსემ საქართველოში თერთმეტი თვე დაჰყო. თითქმის ნახევარი საქართველო მოიარა, გაეცნო ქართულ სიძველეებს, სიგელ-გუჯრებს. მარტყოფში ყოფნისას, სრულიად შემთხვევით გადააწყდა თავის ქუთაისელ ნაცნობს ნიკოლოზ ქუთათელაძეს, გააოგნა იყალთომ და ალავერდმა. კახეთში რაფიელ ერისთავის მამა, დავით ერისთავი გაიცნო, რომელმაც შინ მიიპატიჟა უცხოელი სტუმარი. ბროსე აღტაცებაში მოიყვანა რაფიელის დის - ანას განსწავლულობამ. არანაკლებ განუცვიფრებია თავად რაფიელ ერისთავს, რომელიც მოგზაურს, გაცნობის შემდეგ, მეგზურობასაც უწევდა და საყურადღებო ცნობებსაც აწვდიდა მისთვის საინტერესო ამა თუ იმ საკითხის შესახებ. მარი ბროსე შესწრებია რაფიელის სიტყვას, რომელიც მას ლეკებთან შეტაკებაში მოკლულ მიხეილ ანდრონიკაშვილის დაკრძალვაზე წარმოუთქვამს. გაკვირვებული უსმენდა თურმე სტუმარი საოცარ ორატორს და შემდეგაც მუდამ აღნიშნავდა, რომ ასეთი მოსაუბრე მრავლისმნახველ ქართველოლოგს იშვიათად შეხვედრია. რაფიელი ბევრს ესაუბრებოდა ბროსეს საქართველოს წარსულზე, პატარა რუკაც კი შეადგინა მისთვის. განსაკუთრებით დაინტერესდა ერისთავების გენეალოგიით, მათი კახეთში გადასვლის ისტორიით. პასუხებს, რა თქმა უნდა, ზუსტს და საინტერესოდ გადმოცემულს იღებდა. მოგვიანებით, სასიამოვნოდ იგონებდა იმ დღეებს და თავის საოცარ მეგზურს - რაფიელ ერისთავს.

საქართველოში მოგზაურობის შთაბეჭდილებები ბროსემ სამ წიგნში მოათავსა, შვიდ ტომად გამოსცა „ქართლის ცხოვრება“ ფრანგულ ენაზე, ასევე ფრანგულად თარგმნა ვახუშტი ბატონიშვილის საქართველოს გეოგრაფია, დაწერა ნარკვევები საქართველოს ისტორიაზე, არქეოლოგიაზე, ნუმიზმატიკაზე, პეტერბურგის უნივერსიტეტში დააარსა ქართული სიტყვიერების კათედრა და მეორედ დაბეჭდა „ვეფხისტყაოსანი“, რომელზეც წინასიტყვაობაში წერდა: „წიგნი ესე უებარი და უამხანაგოა და მისი უმჯობესი ევროპაშიც ბევრი არ მოიძებნება“.

მუხლჩაუხრელმა შრომამ და პეტერბურგის ჰავამ ბროსეს ჯანმრთელობა სრულიად შეარყია. 77 წლის ღვაწლმოსილი მოხუცი საკუთარ სამშობლოს დაუბრუნდა და ორ წელიწადში გარდაიცვალა კიდეც. მარი ბროსეს გარდაცვალებამ ისე დაწყვიტა გული ქართველებს, რომ შორეულ შატერლოში გარდაცვლილ გულითად მეგობარს, ილიას და სერგეი მესხის ინიციატივით, პანაშვიდი მშობლიურ სიონის ტაძარში გადაუხადეს. ილიამ გაზეთ „დროებაში“ წამოაყენა წინადადება და გამოთქვა სურვილი - „დავნიშნოთ ბროსეს პრემია საქართველოს ისტორიის საუკეთესო თხზულებისთვის“, ასევე „დავაწესოთ ბროსეს სტიპენდია და ძეგლიც დავუდგათ მას“.

იხ. ვიდეო ზიჩი, ბროსე, მარი, ბილფელდი და სხვა უცხოელები



1902 წელს მარი ბროსეს დაბადების 100 წლისთავის აღსანიშნავად ისევ და ისევ ილიამ დაიწყო სამზადისი და „ივერიაში“ დაბეჭდა — „თბილისის ერთ-ერთ ქუჩას დაერქვას სახელი განსვენებული ისტორიკოს-არქეოლოგის მარი ბროსესი, რომელსაც დიდი სამეცნიერო შრომა მიუძღვის ჩვენი ქვეყნის წინაშე. ევროპიელთაგან მან პირველმა აიღო ჩვენი ქვეყნის ისტორია და ლიტერატურა სამეცნიეროდ შესწავლის სპეციალურ საგნად და მიიპყრო მთელი განათლებული ქვეყნების მეცნიერთა ყურადღება“. ამ დაჟინებულმა თხოვნამ ნაყოფი გამოიღო. მალე „ივერია“ საკუთარ მკითხველს ამცნობდა: „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თხოვნისამებრ ქალაქის საბჭოს კომისიამ 11 მარტის საღამოს სხდომაზე გადაწყვიტა ბროსეს სახელი დაერქვას „ვოდოვოზნის“ ქუჩას პოლიციის მესამე უბანში“. ეს ამბავი დიდი ზარ-ზეიმით უცნობებიათ ბარსელონაში რუსეთის მთავარი კონსულისთვის - მარი ბროსეს ვაჟისთვის - ლორან ბროსესთვის.

ამავე წლის მარტში ქართველებმა საოცარი პატივით აღნიშნეს ფრანგი მეგობრის ასი წლისთავი. ქართველ კათოლიკეთა ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიაში გადაიხადეს წირვა და პანაშვიდი, რომელსაც თითქმის ყველა წარჩინებული პირი ესწრებოდა კირიონ ეპისკოპოსისილიას, საფრანგეთის კონსულის და ნიკო ნიკოლაძის ჩათვლით. გალობდა გუნდი ზაქარია ფალიაშვილის ხელმძღვანელობით.

მარი ბროსეს 270-მდე ნაშრომი აქვს გამოქვეყნებული რუსეთსა და საფრანგეთში, რომელთაგან ძალიან ბევრი უმნიშვნელოვანესია საქართველოსა და სომხეთის ისტორიისა და კულტურის შესწავლის საქმეში.

Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...