пятница, 12 февраля 2021 г.

ვახტანგ I გორგასალი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                  ვახტანგ I გორგასალი

სპარს. ვარან-ხუასრო-თანგ
ვახტანგ გორგასლის ფრესკა სვეტისცხოველის საკათედრო ტაძარში, მცხეთა, საქართველო. გადმოღებულია 1840 წლის ახლოს. შემდეგ ეს ხსენებული ეკლესიაში ჩამოირეცხა
ქართლის მეფე V საუკუნის II ნახევარში. „გორგასალი“ (სპარს. მგლისთავა) სპარსელებმა შეარქვეს. ვახტანგ გორგასალი გამეფდა 15 წლისა, იმეფა 45 წელი, აღესრულა 60 წლისა. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ შერაცხულია წმინდანად. მისი მოხსენიების დღეა 13 დეკემბერი

სავარაუდოდ, დაიბადა 442 წელს ქართლის მეფე მირდატ და დედოფალ საგდუხტის ოჯახში. მისი აღმზრდელი ყოფილა საურმაგ სპასპეტი449 წელს, როდესაც ვახტანგი 7 წლის იყო გარდაიცვალა მირდატ მეფე.

ქვეყნის მართვა-გამგეობა დროებით ხელში აიღო დედამ, საგდუხტ დედოფალმა. საგდუხტი წარმოშობით ირანელი მოხელის, ბარდავის ერისთავის ბარზაბოდის ქალიშვილი იყო. ბარზაბოდი რელიგიურად მაზდეანი იყო და პროსპარსულ პოლიტიკას უჭერდა მხარს. ის ქრისტიანობის წინააღმდეგი იყო და სიძე-ხელმწიფის მიმართ მტრობას იჩენდა. საგდუხტმა კარგად იცოდა მშობლის ხასიათი, ბოროტი განზრახვა შეუტყო, დაასწრო და თვითონ ეახლა მამას ბარდავში. სთხოვა, არ გაემაზდიანებინა ვახტანგი. ბარზაბოდმა შეიწყალა საფასურის სანაცვლოდ - მცხეთაში მოგვები უნდა დამსხდარიყვნენ და ხალხსაც თვითონ უნდა აერჩია სჯული.

მცხეთაში მოსულ მოგვთა უმაღლესი ქურუმი იყო ბინქარანი, რომელმაც უამრავი ქართველი აცდუნა. ქრისტიანული სამწყოს მეთაურიც სპარსეთის მსტოვარი იყო მცხეთაში, ეპისკოპოსი მობიდანი გარეგნულად მართლმადიდებელი, შიგნიდან მაზდეანი და ყოველგვარი ქართულის შეფარვით მოძულე იყო.

მცირე ხნის შემდეგ ზედიზედ დაიხოცნენ ბარდავის ერისთავი ბარზაბოდი, სპასპეტი საურმაგი და ეპისკოპოსი მობიდანი. საგდუხტ დედოფალმა დრო იხელთა და კონსტანტინოპოლიდან გამოიწვია მიქაელ მღვდელი, რომელიც ეპისკოპოსად დასვა მცხეთაში. მიქაელი საკმაოდ ენერგიული კაცი გამოდგა და მძაფრად აღუდგა წინ ბინქარანს.

ვახტანგის მცირეწლოვანებით და ქვეყნის უპატრონობით ისარგებლეს ალანებმა და 451 წელს გადმოვიდნენ ქართლში. ქვეყანა მოაოხრეს, დაეცნენ კასპს და გაიტაცეს ვახტანგის სამი წლის და — მირანდუხტი.

ამ მომენტით ბიზანტიამაც ისარგებლა. მან ჯერ კლარჯეთი დაიჭირა და შემდგომ აფხაზეთშიც გადმოსხა ლეგიონები. ამის შემდეგ ეგრისს შემოესივნენ და ციხეგოჯამდე მოვიდნენ.

იხ. ვიდეო ვახტანგ გორგასალი

458 წელს თხუთმეტი წლის ვახტანგი ქართლის ტახტზე ავიდა. მან ტახტზე ასვლისთანავე ბრძანა საომარი სამზადისი და 16 წლის ასაკში საპასუხო ლაშქრობა მოაწყო ჩრდილოეთ კავკასიაში, რომელიც ალანთა დამარცხებით დასრულდა. ვახტანგმა დაიმორჩილა ალანები, გამოიხსნა ტყვეები, მათ შორის, თავისი მცირეწლოვანი და -მირანდუხტი. დაიკავა დარიალის ციხე, იქ თავისი მეციხოვნეები ჩააყენა და გაამაგრა ქართლის ჩრდილოეთი საზღვარი.

ალანთა დამორჩილების შემდგომ, ვახტანგმა გაილაშქრა და დაიმორჩილა ჩრდილოეთ კავკასიის სხვა ოლქები. გადმოსასვლელები შეკრა და მეციხოვნეები ჩააყენა. ამრიგად, მთელი ჩრდილოეთ კავკასია ქართველ ხელმწიფეს ემორჩილებოდა. ჯიქეთიდან ვახტაგ მეფე გადავიდა აფხაზეთში, განდევნა იქიდან ბიზანტიელები და ეგრისის დიდი ნაწილი და კლარჯეთი შემოიერთა. დასავლეთ საქართველოს შემოერთების შემდეგ მეფე მცხეთაში დაბრუნდა. ამ ლაშქრობის შემდეგ მიიღო ვახტანგ გორგასალმა „იალბუზის გმირის“ წოდება და ცნობილი ხალხური ლექსი დარჩა ისტორიაში, რომელიც მას სიყვარულით მიუძღვნა ხალხმა:

„ვახტანგ მეფე ღმერთს უყვარდა,

ციდან ჩამოესმა რეკა;

იალბუზზე ფეხი შედგა

დიდმა მთებმა იწყეს დრეკა.“

იხ. ვიდეო მთავარსარდალი ვახტანგ გორგასალი



ახტანგი პირველად 20 წლის ასაკში დაქორწინდა, მას შემდეგ, რაც დალაშქრა მთელი კავკასია და დაიბრუნა წართმეული ტერიტორიები.

I მეუღლე — დედოფალი ბალენდუხტი, სპარსეთის შაჰის ჰორმიზდ III-ის ასული. ბალენდუხტ დედოფალმა უშვა ვახტანგს ძე და ასული (ტყუპი) და მშობიარობას გადაყვა. ვახტანგმა ძეს უწოდა დაჩი ანუ დარჩილი. დაჩი გახდა ტახტის მემკვიდრე, რომელიც მამის გარდაცვალების შემდეგ გამეფდა. მეფობდა დაახლოებით 502-514 წ.წ.

II მეუღლე — დედოფალი ელენე, ბიზანტიის კეისრის ლეონ I-ის ასული. ბერძენი ცოლისაგან ვახტანგ გორგასალს შეეძინა სამი ძე და ორი ასული, რომელთაგან ცნობილია ლეონი და მირდატი.

დაჩის გამეფების შემდეგ დანარჩენ ძმებს ეწოდათ არა მეფეები, არამედ ერისთავთა მთავრები და იყვნენ მეფე დაჩის მორჩილების ქვეშ. ლეონი ადრე გარდაცვლილა, ხოლო მირდატი ერისთავის ხარისხში ფლობდა ტერიტორიას ტაშისკარიდან და ფარავნიდან სპერის ზღვამდე. ის მორჩილობდა მეფე დაჩის და ქრისტიანული აღმშენებლობით იყო დაკავებული. მის მიერ აგებულ ტაძართა შორის გამოირჩევა წყაროსთავის ეკლესია ჯავახეთში.

იხ. ვიდეო

ვახტანგ გორგასალი დიდხანს ემზადებოდა სპარსეთთან გადამწყვეტი ომისთვის. მან 482 წელს სიკვდილით დასაჯა ქვემო ქართლის თავგასული პიტიახში ვარსქენი. ეს ფაქტობრივად სპარსეთთან ომის გამოცხადებას ნიშნავდა.

პეროზ-შაჰმა დიდძალი ჯარი დასძრა საქართველოსკენ მიჰრან-შაბურის სარდლობით. მტკვრის ხეობა სპარსელებით აივსო. ვახტანგ მეფემ თავისი მცირერიცხოვანი ჯარები ქვემო ქართლის მთებში ჩაასაფრა. ვახტანგი ელოდა დახმარებას ბიზანტიიდანჰუნებიდან და სომხებიდან. სომხები კი მოვიდნენ, მაგრამ ბრძოლის წინა დღეს ქართველთა ბანაკი მიატოვეს და სპარსელებს ჩაბარდნენ. ხოლო ბიზანტიელები და ჰუნები საერთოდ არ გამოჩენილან. პირველივე შეტაკებაში ვახტანგი დამარცხდა წარჩინებულთა ღალატის გამო. მეფე სასწრაფოდ ეგრისში გადავიდა ჯარების შესაკრებად. სანამ ვახტანგი ძალებს აგროვებდა ეგრისში, სპარსეთის სარდალი უკან გაბრუნდა, რადგან პეროზი დაიღუპა ჰუნებთან ბრძოლაში და მისი გვამი ვერ იპოვეს.

სასანიანთა სპარსეთში გამეფდა პეროზის ძმა, ბალაში (484-488). ამ დროისთვის ვახტანგ გორგასალმა აღიდგინა პირველობა წინა აზიაში488 წელს სპარსეთში არეულობა დაიწყო - ტახტიდან ჩამოაგდეს ბალაში და გაამეფეს პეროზის ვაჟი კავად I (488-531). ირანის არეულობა გამოიყენა ვახტანგმა იმით, რომ ახალი ქალაქის - თბილისის მშენებლობა დაიწყო. ახალმა შაჰმა, კავადმა მოსთხოვდა ქართველთა მეფეს ბიზანტიაზე ლაშქრობაში მონაწილეობის მიღება. ვახტანგმა უარი განაცხადა და ომისთვის მზადება დაიწყო.

გორგასალმა ელენე დედოფალი შვილებითურთ უჯარმაში გააგზავნა. მცხეთა-არმაზი და მისი შემოგარენი სამ ერისთავს - დემეტრეს, ნერსესა და ბივრიტიანს ჩააბარა.

502 წელს სპარსეთის ურდო ისევ შემოესია ქართლს. უთვალავ მხედრობას თავად კავად შაჰი და უფლისწული ბარტამი მოუძღვოდნენ. მტერი შემოვიდა ივრის ხეობაშირუსთავსა და სამგორში. ქართველთა ჯარი სპარსელებზე ხუთჯერ ნაკლები იყო.

ბრძოლის წინ პეტრე კათალიკოსმა დალოცა მეფე ვახტანგი და მისი ჯარი. ვახტანგმა დილა სისხამზე იერიში ბრძანა. შეუკავებლად მიარღვევდა სამოცი წლის ქართველი მეფე შაჰის კარვისკენ. მიაღწია კიდეც, შევარდა შაჰის კარავში. გრიგალივით მოვარდნილი მთაკაცის ხილვით შეძრწუნებულმა კავადმა წამსვე ცხენი შეატრიალა და ბრძოლის ველიდან გაქუსლა. გორგასალს შეერკინა უფლისწული ბარტამი. მზის ამოსვლიდან საღამომდე იბრძოდა ვახტანგი, რომელიც მოღალატე მონაყოფილმა იღლიაში დაჭრა. მხოლოდ უჯარმაში შეიტყვეს, რომ მეფე დაჭრილი იყო, როცა ძალაგამოცლილი უღონოდ დაეცა სარეცელზე. ამასობაში ბიზანტიის კეისარი ანასტასი მოადგა ქართლს დიდძალი ჯარით. შაჰმა სასწრაფოდ აჰყარა თავისი ჯარი და სამხრეთისკენ გაეშურა. კარნუ-ქალაქთან შეიბნენ სპარსელები და ბიზანტიელები ერთმანეთს. დიდი სისხლისღვრა უშედეგოდ დამთავრდა. ორივე გვირგვინოსანი თავს გამარჯვებულად თვლიდა, მაგრამ ორივე ხელცარიელი დაბრუნდა თავის სატახტოში.





Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...