ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -
იოჰანეს კეპლერი
გრაცში კეპლერმა 6 წელი გაატარა. სკოლაში მას გაკვეთილების ჩატარების გარდა ასტრონომიული კალენდრების და პროგნოზების შედგენაც ევალებოდა. კალენდარი მთვარის ფაზების და პლანეტების მდებარეობის შესახებ ასტრონომიულ ინფორმაციას შეიცავდა; ამის გარდა, კეპლერი გრაცს „წინასწარმეტყველის“ როლშიც მოევლინა: იგი მოსავლის, ამინდის, სამხედრო და პოლიტიკური მოვლენების პროგნოზირებას ახდენდა. კეპლერის პირველივე პროგნოზები გამართლდა, რის გამოც მან გამოჩენილი ასტროლოგის რეპუტაცია შეიძინა. ღრმად მორწმუნე კეპლერს ასტროლოგიის ჭეშმარიტებაში ეჭვი არ ეპარებოდა, თუმცა იგი თვლიდა, რომ ციური სხეულები ადამიანების ყოფაზე უშუალო გავლენას არ ახდენენ, რომ ჰოროსკოპის შედგენისას სხვა, არაასტრონომიული მონაცემების გათვალისწინება იყო საჭირო, მათ შორი: ადამიანის ხასიათი, მისი საზოგადოებრივი სტატუსი და ჯანმრთელობა, პოლიტიკური ვითარება და ა. შ.
კეპლერის მზის სისტემა, კოსმოგრაფიის საიდუმლოება''
1596 წელს კეპლერის პირველი ასტრონომიული წიგნი – „კოსმოგრაფიის საიდუმლოება“ გამოქვეყნდა. ეს მისტიკური იდეებით გაჟღენთილი ნაშრომი გეოცენტრული სისტემის და პითაგორელების იდეების უცნაური ნაზავს წარმოადგენდა. კეპლერი მზიდან პლანეტებამდე მანძილსა და წესიერი მრავალწახნაგების ზომებს შორის რიცხვით თანაფარდობებს ადგენს. კეპლერის პრინციპულად მცდარ მოდელში სატურნის ორბიტის შემცველ სფეროში ჩახაზულია კუბი, ამ უკანასკნელში ჩახაზულია იუპიტერის ორბიტის შემცველი სფერო, რომელსაც მოსდევენ: ტეტრაედრში ჩახაზული მარსის სფერო, დოდეკაედრში არსებული დედამიწის სფერო, იკოსაედრში ჩახაზული ვენერას სფერო, დაბოლოს, ოქტაედრში ჩახაზული მერკურის სფერო. შემოხაზული და ჩახაზული მრავალწახნაგების და სფეროების ამ რთული სისტემის ცენტრში იყო მზე. კეპლერმა „კოსმოგრაფიის საიდუმლოება“ გალილეისა და ტიხო ბრაგეს გაუგზავნა. გალილეიმ საკუთრივ კეპლერის იდეებს არ მიაქცია ყურადღება, მისთვის არსებითი მხოლოდ ის იყო, რომ ჰელიოცენტრულ სისტემას კიდევ ერთი მხარდამჭერი გამოუჩნდა. ბრაგემ კეპლერის მოდელის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება გამოხატა, თუმცა კეპლერი ურანიბორგში მაინც მოიწვია. ამ მეცნიერმა კეპლერის პოტენციალი ადეკვატურად შეაფასა. 1598 წელს გრაცში პროტესტანტების დევნა განახლდა. კეპლერს და სხვა პროტესტანტ სასულიერო პირებს სიკვდილით დასჯა ემუქრებოდა, ამიტომ მან გრაცი სასწრაფოდ დატოვა. ერთ თვეში მას განაჩენი შეუცვალეს და ქალაქში დაბრუნება შესთავაზეს. კეპლერი გრაცში დაბრუნდა, თუმცა ერთ თვეში იგი ბრაგესთან პრაღაში გაემგზავრა. ბრაგე სტუმარს სიხარულით შეეგება. ორივე მეცნიერი მოიხიბლა თანამშრომლობის პერსპექტივით. კეპლერი გრაცში ოჯახის წასაყვანად დაბრუნდა, აქ მას კვლავ აკავებენ და პროტესტანტიზმზე უარის თქმას სთხოვენ. მეცნიერმა სარწმუნოების შეცვლაზე მტკიცე უარი განაცხადა, რის გამოც ის გრაციდან სამუდამოდ განდევნეს. 1600 წელს კეპლერი პრაღაში დასახლდა
Epitome astronomie copernicanae, 1618
კეპლერის თანამშრომლობა ტიხო ბრაგესთან ხანმოკლე აღმოჩნდა – 1601 წელს რუდოლფ II-ის პირადი ასტრონომი გარდაიცვალა. იმპერატორის პირადი ასტრონომის თანამდებობა კეპლერმა დაიკავა. ტიხო ბრაგე ასტრონომიულ დაკვირვებებს 25 წლის განმავლობაში აწარმოებდა; მის მიერ დაგროვილი უზარმაზარი მასალა კეპლერის ხელში აღმოჩნდა. სწორედ ამ დაკვირვებებზე დაყრდნობით კეპლერმა პლანეტების მოძრაობის 3 კანონი აღმოაჩინა (იხ. კეპლერის კანონები).
1601 წელს მან „ფართობების კანონი“, ანუ კეპლერის მეორე კანონი ჩამოაყალიბა, რომლის თანახმად დროის ტოლ შუალედებში პლანეტის რადიუსვექტორი ტოლ ფართობებს შემოწერს. პირველი კანონი მან 1605 წელს ჩამოაყალიბა. ამ კანონის თანახმად, ყოველი პლანეტის ტრაექტორია ისეთი ელიფსია, რომლის ერთ–ერთ ფოკუსში არის მზე. ეს კანონები პირველად მოყვანილია „ახალ ასტრონომიაში“, ანუ კეპლერის იმ ნაშრომში, რომელიც 1609 წელს ჰაიდელბერგში გამოქვეყნდა. თავის მესამე კანონი კეპლერმა 1618 წელს აღმოაჩინა; ეს დებულება 1619 წელს გამოქვეყნებულ წიგნშია („სამყაროს ჰარმონია“) მოყვანილი. პრაღაში გატარებული ათწლეული სამეცნიერო მოღვაწეობის თვალსაზრისით კეპლერისთვის ყველაზე ნაყოფიერი იყო, თუმცა მატერიალურ სიძნელეებს ბოლო არ უჩანდა, რადგან ხელფასს მას არარეგულარულად უხდიდნენ. იმპერატორის ხაზინასთან უშედეგო დავას კეპლერმა არა ერთი დღე შესწირა.
„ახალი ასტრონომიის“ გარდა, პრაღაში კეპლერმა კიდევ ორი ფუნდამენტური ტრაქტატი შექმნა – „ასტრონომიის ოპტიკური ნაწილი“ (1604) და „დიოპტრიკა“ (1611). „ასტრონომიის ოპტიკურ ნაწილში“ კეპლერმა გეომეტრიული და ფიზიოლოგიური ოპტიკის მრავალი საკითხი განიხილა. მის მიერ შექმნილი მხედველობის თეორია თანამედროვე წარმოდგენებისგან თითქმის არ განსხვავდება. ამავე წიგნში შემკრები და გამბნევი ლინზების მოქმედების პრინციპია ახსნილი, მოყვანილია ახლომხედველობის და შორსმხედველობის კორექციის მეთოდები, განხილულია რეფრაქცია, დადგენილია დამოკიდებულება რაიმე ზედაპირის განათებულობასა და სინათლის წყარომდე მანძილს შორის. პრაქტიკულად, ამ ნაშრომმა ოპტიკური ხელსაწყოების თეორიას საფუძველი ჩაუყარა. ამავე ნაშრომში გეომეტრიული ოპტიკის ტერმინოლოგიაა შექმნილი. „დიოპტრიკაში“ სინათლის გარდატეხაა განხილული. კეპლერმა გარდატეხის კანონის სწორი ფორმულირება არ იცოდა (ამ კანონის კერძო შემთხვევა 1617 წელს სნელიუსმა დაადგინა, ზოგადი ფორმულირება კი 1637 წლითაა დათარიღებული და რენე დეკარტს ეკუთვნის). ამის მიუხედავად, კეპლერმა ოპტიკური ხელსაწყოების სწორი თეორია ააგო. „დიოპტრიკაში“ აღწერილია კეპლერის მიერ აწყობილი ტელესკოპი, რომელიც თანამედროვე რეფრაქტორების პროტოტიპია. 1611 წელს კეპლერის მფარველმა, იმპერატორმა რუდოლფმა, ტახტი დაკარგა. კეპლერი ტოვებს პრაღას და ლინცში მიემგზავრება. ზემო ავსტრიის მთავარ ქალაქში მას პედაგოგის ვაკანსია ელოდა.
იხ. ვიდეო
ლინცში კეპლერმა 14 წელი გაატარა. 1615 წელს „ღვინის კასრების ახალი სტერეომეტრია“ გამოქვეყნდა. ამ ნაშრომში განხილულია ამოცანათა ის კლასი, რომელმაც დიფერენციალური და ინტეგრალური აღრიცხვა წარმოშვა. საერთოდ, კეპლერი დიდი მათემატიკოსი იყო: მან კონუსური კვეთების თეორიაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. იგი აგრეთვე (ნეპერთან ერთად) ლოგარითმების თეორიის ერთ – ერთი შემოქმედი იყო. ლოგარითმის დღევანდელი აღნიშვნა კეპლერის მოგონილია. 1617 – 1622 წწ. მან გეოცენტრული ასტრონომიის პირველი სახელმძღვანელო შექმნა. პირველივე ნაწილის გამოქვეყნების შემდეგ სახელმძღვანელო „აკრძალულ წიგნთა ინდექსში“ აღმოჩნდა. 1619 წელს მეცნიერმა 20 წლის წინ დაწყებული ნაშრომი – „სამყაროს ჰარმონია“ დაასრულა. მასში პლანეტების მოძრაობის სამივე კანონია მოყვანილი. სამეცნიერო მოღვაწეობა გერმანიაში მძვინვარე ინკვიზიციამ შეაფერხა. კეპლერის დედას უმძიმეს დანაშაულში – შავ მაგიაში სდებდნენ ბრალს. გამოძიება 5 წელი გრძელდებოდა. მთელი ამ დროის განმავლობაში საქვეყნოდ ცნობილი მეცნიერი სხვადასხვა ინსტანციაში დედამისის უდანაშაულობის დამტკიცებას უშედეგოდ ცდილობდა.1620 წელს კატარინა დილეგში ჩააგდეს, მას კოცონზე დაწვა ემუქრებოდა. დაწყებულ პროცესზე კატარინას თავად კეპლერი იმდენად ოსტატურად იცავდა, რომ მოძალადე ფანატიკოსები ვერას გახდნენ. კატარინა გაათავისუფლეს, თუმცა გაწამებული ქალი ერთ წელიწადში გარდაიცვალა. 1624 წელს კეპლერმა ასტრონომიულ ცხრილებზე (ე.წ. „რუდოლფის ცხრილებზე“) 22-წლიანი მუშაობა დაასრულა. ამ ცხრილებს იგი თავის უმნისვნელოვანეს ნაშრომად მიიჩნევდა. ძველი ცხრილები სიზუსტით არ გამოირჩეოდა, ამიტომ ზღვაოსნები და ასტრონომები კეპლერის ახალ ცხრილებს მოუთმენლად ელოდნენ. 200 წლის განმავლობაში ამ ცხრილებს სიზუსტის მიხედვით ბადალი არ ჰყავდა.
Комментариев нет:
Отправить комментарий