ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -
სოლიფლუქცია
კარგად ჩანს ერთ-ერთი პლაჟის თავზე ჩამოწოლილი ტერასები — სოლიფლუქცია.
(ლათ. solum — ნიადაგი, მიწა და fluctio — ამოწურვა) — დანესტიანებული ნიადაგისა და წვრილდისპერსიული გრუნტის ნელი ბლანტ-პლასტიკური გადაადგილება ფერდობზე მათი შენაცვლებითი ჩაყინვის, გალღობისა და სიმძიმის ძალის მოქმედებით. იწყება დამრეც ფერდობზე 2–3°-დან, მეტად აქტიურია ციცაბო კალთებზე 8–15°-მდე, დიდ დახრილობაზე ზოგჯერ გადადის მეწყრულ პროცესებში. გადაადგილება მიმდინარეობს ჯერ კიდევ გაულღობელი საფუძველის, ყინულით შეცემენტებულ მზრალ ზედაპირზე. სოლიფლუქციას ხელს უწყობს აქტიური თოვლდნობა და ძლიერი თავსხმა, რასაც მოჰყვება კალთებზე ნიადაგისა და გრუნტის მდგრადობის შემცირება. მასალის გადაადგილების სიჩქარე რამდენიმე სმ-იდან რამდენიმე მ-მდეა წელიწადში.
სოლიფლუქცია ვითარდება უმეტესწილად ტყის ზედა საზღვრის ზემოთ და წარმოშობს მზრალი რელიეფის სპეციფიკურ ფორმებს — ტერასებს, ზვინულებს, სერებსა და სხვა, რომლებსაც გეგმაში ხშირად ენისებრი ფორმა აქვთ.
იხ. ვიდეო - Что такое - Солифлюкция?
ეგზოგენურ პროცესებთან კომპლექსში სოლიფლუქცია ქმნის რელიეფის მრავალ ფორმას: კურუმებს, ქვიურ გირლანდებსა და სხვა. სოლიფლუქცია ძირითადად გავრცელებულია მრავალწლოვანმზრალი ქანების არეებში (განსაკუთრებით პოლარულ და პოლარეთისპირა ურალში, ჩუკოტკის ნახევარკუნძულზე, ალასკაზე, შპიცბერგენზე, პამირის, ტიან-შანის, ალთაის მაღალმთიანეთში, ციმბირის სამხრეთ და ჩრდილო-აღმოსავლეთ მთებსა და სხვა), ლოკალურად გვხვდება სეზონური ჩაყინვის არეებში.
სოლიფლუქციის შედეგად წარმოქმნილი სხვადასხვა სახის სპეციფიკური ფორმებია: სოლიფლუქციური ხეობა (მცირე ზომის ხეობა, რომელიც წარმოიქმნება სოლიფლუქციური ნაკადის შედეგად); სოლიფლუქციური ზოლი (გრუნტის ზოლისებრი ფორმა; მისი სიგრძე 20 მ და მეტს აღწევს); სოლიფლუქციური ზვინული (ზვინული, რომელიც აგებულია ფხვიერი ქანებით); სოლიფლუქციური ტერასები (საფეხურებისებური წარმონაქმნები ფერდობებზე); სოლიფლუქციური ნაპირი (ნაპირი, რომელიც აგებულია მზრალი თიხოვანი დანალექებით); სოლიფლუქციური კონუსი (აკუმულაციური ტიპის კონუსი, რომელიც წარმოიქმნება კალთების ქვედა ნაწილში); სოლიფლუქციური ნაკადი (ნელი სოლიფლუქციის შედეგად განვითარებული ფორმა); სოლიფლუქციური რელიეფი (რელიეფის ტიპი, რომელიც წარმოიქმნება სოლიფლუქციის შედეგად); სოლიფლუქციური ფერდობი (ნარნარად დაწვენილი ფერდობი, რომლის დახრილობა უდრის 2–25°-ს), სოლიფლუქციური შლეიფი (გეგმაში ტრაპეციის ფორმის დახრილი ზედაპირი;) სოლიფლუქციური ენა (იზოლირებული ენისებრი შვერილი, რომლის სიგრძე 150 მ, ხოლო სიგანე 25 მ აღწევს).
კალთებზე ტექნოგენური მოქმედებების შედეგად სოლიფლუქცია ჩვეულებრივ აქტიურდება, ნელი ფორმიდან სწრაფ ფორმაში გადადის ან ხელახლა წარმოიქმნება. სოლიფლუქციის შესაძლებლობა აუცილებელია გათვალისწინებულ იქნას მშენებლობის დროს და ამ რეგიონებში მიწების სამეურნეო გამოყენებისას. ტერმინი „სოლიფლუქცია“ შემოიტანა იოჰან გუნარ ანდერსონმა 1906 წელს.
იხ. ვიდეო - A Level Physical Geography - Solifluction
ვარაუდობენ, რომ მარსზე სოლიფლუქცია შეიძლება იყოს აქტიური შედარებით ცოტა ხნის წინ (ბოლო რამდენიმე მილიონი წლის განმავლობაში), რადგან დაფიქსირდა მარსის ლობატები ბევრი მსგავსება აქვთ სვალბარდიდან ცნობილ სოლიფლუქციურ წილებს.
Комментариев нет:
Отправить комментарий