воскресенье, 18 июня 2023 г.

ფინეთის თავდაცვის ძალები

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

           ფინეთის თავდაცვის ძალები
ფინეთის თავდაცვის ძალების ემბლემა
დროშა გამოიყენება ფინეთის თავდაცვის ძალების მიერ
დაფუძნდა - ქვედანაყოფები Suomen Maavoimien tunnus.svg სახმელეთო ძალები
Suomen Ilmavoimien tunnus.svg საჰაერო ძალები
Suomen Merivoimien tunnus.svg საზღვაო
სამხედრო ძალები
ჯარში დასაქმებულია 12000 პროფესიონალი ჯარისკაცი და სამოქალაქო პირი
ყოველწლიურად 22 000 გაწვრთნილი წვევამდელი
280000 მებრძოლი (ომის დროს ძალა)
900 000 რეზერვისტი
ფინანსები
ბიუჯეტი $4,11 მილიარდი
მშპ-ის პროცენტი 1.5%
აპლიკაციები
ამბავი
ფინეთის სამოქალაქო ომი
პირველი საბჭოთა-ფინეთის ომი
საბჭოთა-ფინეთის ომი (1939-1940 წწ.)
საბჭოთა-ფინეთის ომი (1941-1944 წწ.)
ლაპლანდიის ომი
ომი ავღანეთში (2002 - 2021 წწ.)
ერაყის ომი
სამშვიდობო ოპერაციები:

UNIFIL
საიტი pulustusvoimat.fi

(ფინ. Puolustusvoimatშვედ. Försvarsmakten) ― ფინეთის ოფიციალური რეგულარული სამხედრო ძალა. ფინეთის თავდაცვის ძალები შედგება ფინეთის არმიის, ფინეთის საზღვაო ძალების და ფინეთის საჰაერო ძალებისგან. ფინეთის საზღვრის დაცვის სამსახური, რომელიც მშვიდობიანობის პერიოდში დამოუკიდებელი სამხედრო უწყებაა, ომიანობის დროს ფინეთის თავდაცვის ძალების დაქვემდებარებაში გადადის.

ფინეთში მოქმედებს საყოველთაო გაწვევა მამაკაცებისათვის 18-დან 29 წლის ასაკამდე, რომელიც გულისხმობს 165, 255 ან 347 დღიან სავალდებულო სამხედრო სამსახურს. არსებობს ალტერნატიული, არასამხედრო სავალდებულო სამსახური მამაკაცთათვის და მოხალისეობრივი სამსახური ქალებისათვის.

ფინეთი ევროკავშირის წევრი და ნატოს არაწევრი ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც რუსეთს ესაზღვრება. ფინეთის ოფიციალური პოლიტიკის მიხედვით, 280 000-იანი სამხედრო ძალა საკმარისია მტრის შესაკავებლად. თავდაცვის ძალები შედგება მაღალი მობილობის საველე ქვედანაყოფებისგან, რომელსაც ზურგს უმაგრებს ტერიტორიული თავდაცვითი შენაერთები. იგი იცავს ეროვნულ ტერიტორიას და მისი სამხედრო სტრატეგია გულისხმობს ფინეთის ტყიანი რელიეფისა და მრავალრიცხოვანი ტბების გამოყენებას აგრესორის გამოფიტვისა და დასუსტების მიზნით, ნაცვლად მისი შეკავების მცდელობისა საზღვარზე.

2022 წლისთვის ფინეთის სამხედრო ბიუჯეტი დაახლოებით 5.8 მილიარდი ევრო იყო. პოპულარულია მოხალისეობრივი სამსახური საზღვარგარეთ, რის შედეგადაც ფინელი სამხედრო მოსამსახურეები ხშირად მსახურობენ გაეროს, ნატოს და ევროკავშირის საერთაშორისო მისიებში. ფინეთის არსენალშია 700 ჰაუბიცა, 700 მძიმე ნაღმსატყორცნი და 100 ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა, რაც მას დასავლეთ ევროპაში ყველაზე მძლავრ საარტილერიო შესაძლებლობებს აძლევს. უპირატესი მოწინააღმდეგის წინააღმდეგ სამშობლოს დაცვის სურვილი მოსახლეობაში 76%-ს აღწევს, რაც ევროპაში ერთ-ერთი უმაღლესი მაჩვენებელია.

იხ.ვიდეო - ფინეთის თავდაცვის ძალების მეთაურის ლექცია DIB-ში - 208 просмотров  30 авг. 2016 г.

საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ფინეთის თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი იარმო ლინდბერგი თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლას (DIB) ესტუმრა. 

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ და DIB-ის დირექტორმა თეა ნიკოლაშვილმა ფინელ სტუმარს სკოლის მნიშვნელობა და მისია გააცნეს.

თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში გენერალ-ლეიტენანტი იარმო ლინდბერგი  თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. ფინეთის თავდაცვის ძალების მეთაურმა წაიკითხა ლექცია ფინეთის შეიარაღებულ ძალებთან დაკავშირებით. ფინელმა გენერალმა ყურადღება რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზეც გაამახვილა. მან აუდიტორიას ფინეთის შეიარაღებული ძალების პრიორიტეტებიც გააცნო. 

„ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს ფინელ პარტნიორებთან შეხვედრა, მათი გამოცდილების გაზიარება; ვინაიდან, მათ გააჩნიათ მსგავს მეზობელთან ურთიერთობის გამოცდილება, შესაბამისად, მათ აქვთ საკმაოდ კარგი და საინტერესო მოდელი შემუშავებული თავდაცვისთვის, რაც, ასევე, მნიშვნელოვანია და საინტერესოა ჩვენთვის. ძალიან ცუდი იქნება ჩვენთვის თუ კოპირებას მოვახდენთ, ვინაიდან საქართველოს აქვს განსხვავებული გარემო, რესურსები და შესაძლებლობა. რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ყველაფერი კარგი, მაგრამ უნდა მოვახდინოთ მისი ადაპტირება საქართველოს რეალობაში. ეს ესმით ჩვენს პარტნიორებსაც, ამიტომ ისინი გვაცნობენ თავისი თავდაცვის ძლიერ და სუსტ მხარეებს. ეს საშუალებას მოგვცემს მოვძებნოთ უფრო კარგი გზები, საქართველოს რესურსების გამოყენებით, ქვეყნის თავდაცვის გაუმჯობესებისათვის“ - განაცხადა გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის წარმომადგენლები ფინეთის რეზერვის სისტემით, სავალდებულო სამხედრო გაწვევის ფინური მოდელითა და სხვა საკითხებით დაინტერესდნენ.

შეხვედრას შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, ბრიგადის გენერალი გიორგი სურმავა, ფინეთის რესპუბლიკაში საქართველოს თავდაცვის ატაშე, ასევე, საქართველოში ფინეთის რესპუბლიკის თავდაცვის ატაშე და დელეგაციის წევრები დაესწრნენ.




ისტორია

სამოქალაქო ომი

ბრძანება ფინეთის თავდაცვის ძალების პირველი შტაბის დაარსების შესახებ, 1918 წლის 2 თებერვალი

1917 წლის 6 დეკემბერს ფინეთმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა, რის შემდეგაც, 1918 წლის 25 იანვარს ფინეთის სამოქალაქო გვარდია („თეთრი გვარდია“) სამთავრობო სამხედრო ძალად გამოცხადდა და მის მეთაურად ბარონი კარლ გუსტავ ემილ მანერჰაიმი დაინიშნა. ამ ფაქტამდე დაახლოებით ერთი კვირით ადრე თეთრ გვარდიასა და მუშათა გასამხედროებულ ორგანიზაციას, ე.წ. „წითელ გვარდიას“ შორის ვიიპურიში უკვე მომხდარი იყო შეტაკებები, რითიც დაიწყო ფინეთის სამოქალაქო ომი.

ომი თეთრების გამარჯვებით დასრულდა, რაც, დიდწილად გენერალი მანერჰაიმის ხელმძღვანელობის და 1 800 ფინელი ეგერის სამაგალითო, შემტევი მოქმედებების დამსახურება იყო. ეგერები გერმანიაში იყვნენ გაწვრთნილი და თან ჩამოიტანეს გერმანული ტაქტიკური დოქტრინა და სამხედრო კულტურა. ომისშემდგომი წლები ხასიათდებოდა მოხალისეობრივი კამპანიებით, რომლებიც დასრულდა 1920 წელს ტარტუს შეთანხმებით, რომლითაც დასრულდა ომი ფინეთსა და საბჭოთა კავშირს შორის და განისაზღვრა ფინეთის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრები.

ომთაშორისი წლები

სამოქალაქო ომის მოგების შემდეგ ფინეთის არმია პროფესიონალი გერმანელი ოფიცრების მიერ სამ დივიზიად და ერთ ბრიგადად გადანაწილდა. ეს ფინეთის არმიის საბაზისო სტრუქტურა იყო მომდევნო 20 წლის განმავლობაში. სანაპირო ზოლს იცავდა ცარიზმის დროინდელი ფორტიფიკაციები და ომის დროს ალაფის სახით მოპოვებული გემები. ფინეთის საჰაერო ძალები ჯერ კიდევ 1918 წლის მარტში იყო ჩამოყალიბებული, თუმცა, არმიის ნაწილს წარმოადგენდა და დამოუკიდებელი სამხედრო ძალის სტატუსი 1928 წლამდე არ ჰქონია.

სამოქალაქო ომის შემდეგ ახალმა მთავრობამ შემოიღო სავალდებულო გაწვევა, მობილიზაციის ახალი სისტემა და რეგულარული სავალდებულო კურსები რეზერვისტებისათვის. 1919 წელს დაარსდა ოფიცერთა საწყისი მომზადების აკადემია (Kadettikoulu), რასაც მოჰყვა გენერალური შტაბის კოლეჯის (Sotakorkeakoulu) დარსება 1924 წელს და ტაქტიკური მომზადების სკოლის (Taistelukoulu) დაარსება 1927 წელს, რომელსაც ასეულის და უმცროსი ოფიცრები, ასევე, კაპრალ-სერჟანტები უნდა მოემზადებინა. ერთწლიანი სავალდებულო სამსახური ბევრად ხანგრძლივი იყო, ვიდრე სხვა სკანდინავიური ქვეყნებისა 1920-იან და 30-იან წლებში, თუმცა, პოლიტიკური ოპოზიციის წინააღმდეგობა თავდაცვითი ხარჯების ზრდის მიმართ არმიას სათანადო აღჭურვილობის გარეშე ტოვებდა საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ, რომელიც ფინელების აზრით, ერთადერთ შესაძლო აგრესორს წარმოადგენდა.

II მსოფლიო ომი

ფინელი ჯარისკაცი Lahti-Saloranta M-26 ტიპის მსუბუქი ტყვიამფრქვევით, ზამთრის ომი.

1939 წლის ნოემბერში ფინეთში საბჭოთა კავშირი შეიჭრა. წითელი არმიის დამარცხება ფინელებმა მარშალი მანერჰაიმის ხელმძღვანელობით არაერთხელ შეძლეს, მათ შორის, სუომუსალმის უმნიშვნელოვანეს ბრძოლაში. ამ წარმატებათა ერთ-ერთი მიზეზი ე.წ. „მოტის ტაქტიკის“ გამოყენება იყო, რაც მოწინააღმდეგის მცირე დაჯგუფებების სრულ გარშემორტყმას გულისხმობს. ფინეთმა წარმატებით შეძლო დამოუკიდებლობის დაცვა, თუმცა, მოსკოვის სამშვიდობო შეთანხმების ძალით, ტერიტორიის 9%-ის დათმობა მოუხდა. ომში ფინეთის ცოცხალი ძალის დანაკარგი 25,904 იყო, ხოლო საბჭოთა კავშირისა – 167,976.

გერმანული „პანცერფაუსტით“ აღჭურვილი ფინელი ჯარისკაცები განდგურებული საბჭოთა T-34 ტანკის ფონზე, ტალი-იჰანტალას ბრძოლის დროს. წინ მიმავალი ჯარისკაცი, ასევე, აღჭურვილია Suomi KP/-31 მსუბუქი ტყვიამფრქვევით.

1941-1944 წლებში საბჭოთა კავშრის წინააღმდეგ მეორე ომის დროს ფინეთი ნაცისტურ გერმანიასთან ერთად იბრძოდა. გერმანელების დახმარებით ფინური არმია, ამჯერად, ბევრად უკეთ იყო აღჭურვილი. სავალდებულო გაწვევის ვადა ორ წლამდე იყო გაზრდილი, რამაც შესაძლებელი გახადა 16 ქვეითი დივიზიონის ჩამოყალიბება. თავდაპირველად ფინეთის მოქმედებები თავდაცვითი ხასიათისა იყო, თუმცა, მოგვიანებით, მათ ისარგებლეს საბჭოთა კავშირის დასუსტებით ოპერაცია „ბარბაროსას“ შედეგად, სწრაფად დაიბრუნეს დაკარგული ტერიტორიები და შეიჭრნენ საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე, კერძოდ, კარელიაში, 1941 წლის დეკემბრიდან კი კვლავ თავდაცვით ბრძოლაზე გადავიდნენ. 1944 წელს საბჭოთა არმიის შეტევამ მათი უკანდახევა გამოიწვია. ამჯერად, საბჭოთა კავშირის მიზანი ფინეთის არმიის განადგურება და ქვეყნის უპირობო დანებება იყო, რაც მიუღწეველი აღმოჩნდა, მიუხედვად ამისა, მოსკოვის ზავით, ფინეთი ომს გამოეთიშა. ქვეყანამ დამოუკიდებლობის შენარჩუნება რამდენიმე თავდაცვითი გამარჯვებით შეძლო, რომელთაგანაც უმნიშვნელოვანესი იყო ტალი-იჰანტალას ბრძოლა.

ამ კონფლიქტებმა მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ფინეთის თავდაცვის პოლიტიკაზე. ევროპის ქვეყნების უმეტესობამ სამხედრო ძალები შეამცირა, ხოლო ფინეთმა დიდი, გაწვევაზე დაფუძნებული სარეზერვო არმია შეინარჩუნა. შვედეთში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, „მიზეზი, რის გამოც ფინეთის თავდაცვის ძალებმა ამ მოდელის შენარჩუნება არჩია მაშინ, როცა მისი მეზობლები საწინააღმდეგოდ მოიქცნენ, რთული დასანახი არაა. ფინეთს რუსეთთან 1 340 კილომეტრიანი საზღვარი აქვს, რაც დიდი სახმელეთო ძალების საჭიროებას კარგად ხსნის. გარდა ამისა, მოგონებები II მსოფლიო ომზე, რომლის დროსაც საბჭოთა კავშირთან ორმა ბრუტალურმა ომმა ფინეთის მოსახლეობის 2%-ზე მეტი შეიწირა, ფინელებში კვლავ ცოცხლობს“. საომარი გამოცდილებით ჩამოყალიბებული მენტალობა COVID-19-ის პანდემიასთან ბრძოლის დროსაც გამოჩნდა, როცა „ყველას გასაოცრად, ფინეთს აღმოაჩნდა და ძალიან გამოადგა ცივი ომის დროს დაგროვებული სამედიცინო მარაგები“. ამ გამოცდილებამ უფრო დიდი მნიშვნელობა შეიძინა რუსეთის უკრაინაში შეჭრის და ფინეთის გადაწყვეტილების შემდეგ, შეუერთდეს ნატოს: „II მსოფლიო ომის დროს, 1939-40 წლების ზამთრის ომის დროს ფინეთმა მოიგერია მძლავრი წითელი არმია და დაიკავა ტერიტორიები, რომლებიც, საბოლოოდ, მაინც საბჭოთა ხელში აღმოჩნდა. ომის შემდეგ ფინეთი იძულებული იყო დათანხმებოდა მოსკოვის მიერ თავსმოხვეულ ნეიტრალიტეტს. თუმცა, ყველას გასაოცრად, ფინეთმა ამ დამამცირებელ დავალებასაც ღირსეულად გაართვა თავი და ააშენა მაღალი შესაძლებლობების მქონე შეიარაღებული ძალები, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების ენერგიული მხარდაჭერითაც სარგებლობს და ამავე დროს, შეძლო, შეენარჩუნებინა დიალოგი მოსკოვთან“. „ფინეთს კვლავ სავალდებულო სამხედრო სამსახური აქვს. საჭიროების შემთხვევაში, მას 280 ათასიანი არმიის მობილიზება შეუძლია, რაც, თანამედროვე ევროპაში, დიდი ძალაა.“ ფინეთის სამხედრო შესაძლებლობები, იმ ფონზე, როცა რუსეთ-უკრაინის ომის პირობებში ევროპის სხვა ქვეყნებს საკუთარი სამხედრო პოლიტიკის გადახედვა უხდებათ, საერთაშორისო ყურადღების საგანი გახდა.

ცივი ომი

1944 წელს სამოკავშირეო საკონტროლო კომისიის ზედამხედველობით, რომელშიც საბჭოთა კავშირი დომინირებდა, განხორციელდა ფინეთის თავდაცვის ძალების დემობილიზაცია და გადაჯგუფება. 1947 წლის პარიზის სამშვიდობო შეთანხმების შემდეგ, რომელიც ფინეთის შეიარაღებული ძალების ზომასა და აღჭურვილობაზე შეზღუდვებს აწესებდა და სამოქალაქო გვარდიის (ე.წ. „თეთრი გვარდიის“) დაშლას ითვალისწინებდა, ფინეთს თავდაცვის ძალების რეორგანიზაცია მოუხდა. ის ფაქტი, რომ სამშვიდობო შეთანხმება არ ითვალისწინებდა შეზღუდვებს რეზერვსა და მობილიზაციაზე, გამოყენებული იქნა შეზღუდვების პირობებში ადეკვატური თავდაცვის ჩამოყალიბებისთვის. რეორგანიზაციის შედეგად სტანდარტული ქვედანაყოფის სახით დივიზია ბრიგადამ ჩაანაცვლა.

II მსოფიო ომის შემდეგი ორი ათწლეულის განმავლობაში ფინეთის თავდაცვის ძალები მოძველებული, ომისდროინდელი იარაღით იყო აღჭურვილი. თავდაცვის ხარჯები 1960-იან წლებამდე მინიმალური იყო. ცივი ომის კულმინციურ წლებში ფინეთის მთავრობამ პირველი ნაბიჯები გადადგა თავდაცვითი შესაძლებლობების გაზრდის კუთხით. ამის შედეგი იყო რამდენიმე ახალი შეიარაღების სისტემის შეკვეთა და ფინეთის ლაპლანდიაში თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერება რეგიონში ახალი სამხედრო ნაწილების ჩამოყალიბებით. 1968 წლიდან ფინეთის მთავრობამ ტერიტორიული თავდაცვის დოქტრინა მიიღო, რომელიც ითვალისწინებს დიდი სახმელეთო ტერიტორიების გამოყენაბას პოტენციური აგრესორის შეყოვნებისა და დაღლის მიზნით. დოქტრინის განხორციელებას ხელს უწყობს ტოტალური თავდაცვის კონცეფცია, რომელიც მოითხოვს საზოგადოების ყველა რესურსის გამოყენებას ეროვნული თავდაცვისათვის კრიზისის პერიოდში. 1960-იანი წლების შუა პერიოდიდან მოყოლებული ფინეთის თავდაცვის ძალებმა დაიწყეს მომზადება სტრატეგიული თავდასხმის მოგერიებისთვის, რომლის მსგავსიც საბჭოთა კავშირმა 1968 წელს ჩეხოსლოვაკიის მთავრობის ჩამოგდებისთვის გამოიყენა. ორ ძირითად ბლოკს შორის ღია ომის დაწყების შემთხვევაში, ფინეთის მიზანი იქნებოდა ნებისმიერი სახის სამხედრო შემოჭრის აღკვეთა და ქვეყნის საომარ მოქმედებებში ჩართვის არდაშვება.

იხ. ვიდეო - ფინეთის თავდაცვის ძალების უფროსის ვიზიტი - 113 просмотров  30 авг. 2016 г.

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ფინეთის რესპუბლიკის თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი, გენერალი იარმო ლინდბერგი ესტუმრა. ფინელ კოლეგას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ უმასპინძლა. 


დახვედრის ოფიციალური ცერემონიალი დღეს გენერალურ შტაბში გაიმართა. ეროვნული გვარდიის სამხედრ-საჩვენებელმა ორკესტრმა საქართველოს და ფინეთის სახელმწიფო ჰიმნები შეასრულა. მიღების ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ, ფინეთის რესპუბლიკის პირველმა სამხედრო პირმა სამახსოვრო წიგნში ჩანაწერი გააკეთა.


ფინეთის და საქართველოს თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი პირების გაფართოებული შეხვედრა გენერალურ შტაბში გამართა. შეხვედრაზე, ქართულმა მხარემ ფინეთს საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესში მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. გენერალმა იარმო ლინდბერგმა ხაზი გაუსვა და დადებითად შეაფასა ქართველი სამხედროების ჩართულობა საერთაშორისო სამხედრო ოპერაციებში. შეხვედრაზე მხარეებმა ასევე მიმოიხილეს საქართველოში და მთლიანად რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო. 


„ძალიან მნიშვნელოვანი დელეგაციაა ჩამოსული საქართველოში. ფინეთის გენერალური შტაბის უფროსი პირველად იმყოფება საქართველოში. ეს ძალიან ნიშანდობლივია. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ იმ გარემოს, რომ დღეს არ არსებობს რეგიონალური პრობლემა ან სხვისი ჭირი. პროგრესული მსოფლიო უნდა დადგეს ერთად. შესაბამისად ჩვენ ვეძებთ გზებს, რომ მაქსიმალურად გავაძლიეროთ ჩვენი ურთიერთობები,“ - განაცხადა გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ.   


გენერალურ შტაბში გამართული შეხვედრის შემდეგ, ფინეთის რესპუბლიკის თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველ მოადგილეს ლელა ჩიქოვანს შეხვდა. 

დღესვე, გენერალმა ლინდბერგმა გმირთა მოედანზე საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო. 


ასევე დაგეგმილია, ფინელი გენერლის სტუმრობა თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში, სადაც ის ფინეთის თავდაცვის მოდელის შესახებ ლექციას წაიკითხავს. 


ფინეთის რესპუბლიკის თავდაცვის ძალების უფროსის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში ხვალ დასრულდება.




უახლესი ისტორია

1991 წელს დაიშალა საბჭოთა კავშირი, თუმცა, ფინეთისთვის შესაძლო საფრთხე ამით არ გამქრალა, უბრალოდ, შეიცვალა საფრთხის ბუნება. ტოტალური და ტერიტორიული თავდაცვის კონცეფციები ძალაში დარჩა, ხოლო სამხედრო დაგეგმარების მიზანი გახდა ქვეყნის მნიშვნელოვან რეგიონებზე სტრატეგიული თავდასხმის აღკვეთისა და განეიტრალებისთვის საჭირო შესაძლებლობების შექმნა.

ცივი ომის დასრულებამ, აგრეთვე, წარმოშვა ახალი შესაძლებლობები ისეთი ნაბიჯების გადასადგმელად, რაც მანამდე ფინეთის ნეიტრალიტეტის დარღვევად შეიძლებოდა აღქმულიყო. ამის მაგალითია ფინეთის მონაწილეობა ავღანეთის ომში და ნორდიკულ საბრძოლო დაჯგუფებაში.

2022 წელს რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრამ ევროპის უსაფრთხოების გარემო სრულიად შეცვალა, რის შემდეგაც ფინეთის მთავრობის წარმომადგენლებმა აქტიურად დაიწყეს საუბარი ქვეყნის ნატოში გაწევრიანების აუცილებლობაზე ახლო მომავალში. პოლიტიკის ეს ცვლილება განპირობებული იყო მრავალრიცხოვანი საზოგადოებრივი კვლევებითაც, რომლებიც აჩვენებს ფინეთის მოქალაქეთა სულ უფრო მზარდ მხარდაჭერას ალიანსში გაწევრიანების მიმართ. 2022 წლის აპრილში გენერალურმა მიდივანმა იენს სტოლტენბერგმა გამოთქვა მხარდაჭერა ფინეთის ევროატლანტიკურ ალიანსში მიღებასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ ალიანსის წევრი ქვეყნები ამას, სავარაუდოდ, ენთუზიაზმით შეხვდებოდნენ.

2022 წლის 11 მაისს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა და ფინეთის პრეზიდენტმა საული ნიინისტემ ხელი მოაწერეს ორმხრივ თავდაცვით შეთანხმებას, რომლის მიზანია „მათი უსაფრთოების გაძლიერება და ჩრდილოეთ ევროპის თავდაცვის გამყარება განახლებული საფრთხეების ფონზე“. ეს იყო პასუხი ფინეთის შიგნით არსებულ შეშფოთებაზე, რომელიც უკავშირდება რუსეთის შესაძლო თავდასხმას ნატოში განაცხადის შეტანასა და მის დადასტურებას შორის პერიოდში, რა დროსაც ფინეთს ჯერ კიდევ არ ექნება მე-5 მუხლის გამოყენების შესძლებლობა.

2022 წლის 12 მაისს პრეზიდენტმა ნიინისტემ და პრემიერ-მინისტრმა სანნა მარინმა გააკეთეს ერთობლივი განცხადება, რომელიც გამოხატავდა მხარდაჭერას ფინეთის მხრიდან ნატოში გაწევრიანებაზე განაცხადის შეტანასთან დაკავშირებით: „როგორც ნატოს წევრი, ფინეთი გააძლიერებს მთელ თავდაცვით ალიანსს. ფინეთმა დაუყოვნებლივ უნდა შეიტანოს განაცხადი ნატოში გაწევრიანების შესახებ“. 2022 წლის 17 მაისს ფინეთის პარლამენტმა დიდი უმრავლესობით (188 ხმა 8 ხმის წინააღმდეგ) მხარი დაუჭირა ნატოში განაცხადის შეტანას. მეორე დილით ფინეთის ელჩმა ნატოში, კლაუს კორჰონენმა განაცხადი ოფიციალურად გადასცა გენერალურ მდივან სტოლტენბერგს. იმავე ცერემონიაზე მოხდა განაცხადის ჩაბარება შვედეთის მხრიდანაც.

იხ. ვიდეო - Как Финляндия готова оказывать МАКСИМАЛЬНОЕ сопротивление России в случае нападение — ICTV მართალია ეხლაშევიდა ნატოში ფინეთი მაგრამსაინტერესოა ის მომენტები როგორ მიმდინარეობდა



მომავალი

ფინეთის თავდაცვის ძალების სამივე მიმართულებისთვის ამჟამად აღჭურვილობის შეძენის და განახლების აქტიური პროცესი მიმდინარეობს. საზღვაო ძალები ემზადება ვეინემოინენის კლასის ხომალდების შემდეგ ყველაზე დიდი, 100 მეტრზე მეტი სიგრძის პოჰიანმას კლასის კორვეტების მისაღებად. საჰაერო ძალებში უკვე დაწყებულია Lockheed Martin F-35A მრავალფუნქციური საბრძოლო თვითმფრინავების მიღება, რომელმაც McDonnell Douglas F/A-18 Hornet გამანადგურებლები უნდა ჩაანაცვლოს. შესყიდვების საერთო ღირებულება 10 მილიარდი ევროა. გარდა ამისა, არმია ემზადება სამამულო წარმოების Patria Pasi-ს ტიპის ჯავშანმანქანების ჩასანაცვლებლად ახალი, Patria 6×6 ჯავშანმანქანებით. მიმდინარეობს სტანდარტული საიერიშო შაშხანის, RK 62-ის ახალი ვარიანტების შექმნაც.

ორგანიზაცია

ფინელი ჯარისკაცები სამხედრო ფიცის მიღების დროს

ფინეთის თავდაცვის ძალებს ხელმძღვანელობს თავდაცვის ძალების მეთაური, რომელიც პირდაპირ ემორჩილება ფინეთის პრეზიდენტს. სამხედრო ხასიათის გადაწვეტილებებს იღებს პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრთან და თავდაცვის მინისტრთან კონსულტაციით.

გარდა თავდაცვის სარდლობისა (ფინ. Pääesikuntaშვედ. Huvudstaben), ფინეთის თავდაცვის ძალები შედგება ფინეთის არმიის (ფინ. Maavoimatშვედ. Armén), ფინეთის საზღვაო ძალების (ფინ. Merivoimatშვედ. Marinen) და ფინეთის საჰაერო ძალებისგან (ფინ. Ilmavoimatშვედ. Flygvapnet). ფინეთის სასაზღვრო ძალები (ფინ. Rajavartiolaitosშვედ. Gränsbevakningsväsendet), რომელშიც სანაპირო დაცვაც შედის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ექვემდებარება, თუმცა, საბრძოლო მზადყოფნის საჭიროებებიდან გამომდინარე შეიძლება სრულად ან ნაწილობრივ გადავიდეს თავდაცვის ძალების კონტროლის ქვეშ. თავდაცვის ძალების ლოგისტიკურ უზრუნველყოფას მთლიანად ახორციელებს თავდაცვის ძალების ლოგისტიკის სარდლობა (ფინ. Puolustusvoimien logistiikkalaitos), რომელსაც ყველა სამხედრო პროვინციაში სამი ლოგისტიკის პოლკი ჰყავს განლაგებული.

არმია დაყოფილია 8 ბრიგადის ზომის ქვედანაყოფად (ფინ. joukko-osasto). თითოეული ბრიგადის დაქვემდებარებაში იყო 12 სამხედრო რაიონი (ფინ. aluetoimisto), რომელიც ახორციელებდა გაწვევის, წვრთნისა და კრიზისის დროს რეზერვის აქტივაციის პროცესებს, ასევე, გეგმავდა და ახორციელებდა ტერიტორიულ თავდაცვას საკუთარი პასუხისმგებლობის რაიონში. 2014 წელს, 800 მილიონი ევროს დაზოგვის მიზნით, სამხედრო რაიონები დაიშალა. ამჟამად, იგივე ფუნქციების განხორციელების მიზნით, რვიდან 6 ბრიგადას გააჩნია ერთი ან მეტი რეგიონალური ოფისი, რომელსაც ბრიგადის მეთაურის მოადგილე ხელმძღვანელობს.

საზღვაო ძალები შედგება შტაბისა და ოთხი ბრიგადის დონის ქვედანაყოფისგან: სანაპირო ფლოტი (ფინ. Rannikkolaivasto), სანაპირო ბრიგადა (ფინ. Rannikkoprikaati), ნიულანდის ბრიგადა (ფინ. Uudenmaan Prikaatiშვედ. Nylands Brigad) და საზღვაო აკადემია (ფინ. Merisotakoulu). ყველა საზღვაო-საბრძოლო ქვედანაყოფი სანაპირო ფლოტის შემადგენლობაშია, ხოლო სანაპირო ბრიგადა და ნიულანდის ბრიგადა სანაპირო დაცვის სახმელეთო ძალებს წვრთნიან.

საჰაერო ძალები შედგება შტაბისა და ოთხი ბრიგადის ზომის ქვედანაყოფისგან: სატაკუნტას, ლაპლანდიის და კარელიის საჰაერო სარდლობები (ფინ. lennosto) და საჰაერო ძალების აკადემია (ფინ. Ilmasotakoulu). მათი პასუხისმგებლობაა მშვიდობიანობის დროს ფინეთის საჰაერო სივრცის მთლიანობის დაცვა, ხოლო კრიზისის დროს საჰაერო საბრძოლო ამოცანების დამოუკიდებლად შესრულება. 

რეზერვისტების საბრძოლო მომზადება, პირველ რიგში, თავდაცვის ძალების მოვალეობაა, თუმცა, მას ამაში ეხმარება ფინეთის თავდაცვითი მომზადების ეროვნული ასოციაცია (ფინ. Maanpuolustuskoulutusyhdistys). ასოციაცია ახორციელებს რეზერვისტების წვრთნას ინდივიდუალურ, ათეულის, ოცეულის და ასეულის დონეზე.:§17 ასოციაციის 2 000-ზე მეტი ინსტრუქტორიდან უმეტესობა თავდაცვის ძალების მიერ სერტიფიცირებული მოხალისეა, თუმცა, როცა წვრთნა ან სწავლება თავდაცვის ძალების კუთვნილი აღჭურვილობის გამოყენებით მიმდინარეობს, მას ყოველთვის ზედამხედველობს პროფესიონალი სამხედრო პირი.:§20 ყოველწლიურად, თავდაცვის ძალების მოთხოვნით, ასოციაცია ატარებს სპეციალიზებულ წვრთნებს დაახლოებით 8 500 რეზერვისტისთვის, რომლებიც თავდაცვის ძალების სარეზერვო ქვედანაყოფებში ირიცხებიან. გარდა ამისა, ყოველწლიურ თავდაცვის კურსებში მონაწილეობს დაახლოებით 16 500 რეზერვისტი, რომელიც უშუალოდ თავდაცვის ძალების რეზერვში არაა დანიშნული. ასოციაციასთან დაკავშირებული კანონმდებლობა მოითხოვს, რომ მისი სამეთვალყურეო საბჭოს უმრავლესობა მთავრობამ შეარჩიოს. სხვა წევრებს ირჩევენ ეროვნული თავდაცვის სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები.§9

სამხედრო სამსახური

ფინეთის თავდაცვის ძალები ეფუძნება მამრობითი სქესის მოქალაქეთა საყოველთაო სავალდებულო გაწვევას. გაწვევას ექვემდებარება ყველა მამაკაცი 18 წლის ასაკის ზემოთ. სამსხურის პერიოდია 6, 9 ან 12 თვე. ყოველწლიურად წვრთნას გადის დაახლოებით 27 000 წვევამდელი. სავალდებულო სამხედრო სამსახური გავლილი აქვს ფინელი მამაკაცების დაახლოებით 80%-ს. თავდაპირველად, წვევამდელები გადიან საწყის მომზადებას, რომლის შემდეგაც ინიშნებიან სხვადასხვა ქვედანაყოფში სპეციალიზაციის გასავლელად. რიგითები, რომლებიც ემზადებიან ისეთი დავალებებისთვის, რომელიც არ ითხოვს განსაკუთრებულ უნარებს, მსახურობენ 6 თვით. ისეთი სპეციალობებისთვის, რომლებიც განსაკუთრებულ ტექნიკურ ან სხვა სახის უნარებს ითხოვს, მომზადება გრძელდება 9, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში, 12 თვე. სერჟანტების ან ოფიცრების კანდიდატებად შერჩეული წვევამდელებიც 12-თვიან მომზადებას გადიან. სამსახურის დასრულებისას წვევამდელებს ეძლევათ რიგითის, კაპრალის, სერჟანტის ან უმცროსი ლეიტენანტის წოდებები, მათ მიერ გავლილი მომზადების მიხედვით. ამის შემდეგ წვევამდელები ირიცხებიან რეზერვში 50 ან 60 წლის ასაკამდე, წოდების მიხედვით. რეზერვში ყოფნის პერიოდში ისინი ვალდებულნი არიან მონაწილეობა მიიღონ სამხედრო სწავლებებში გადამეორების და განმტკიცების მიზნით, რომლებიც, წოდების მიხედვით, წელიწადში 40, 75 ან 100 დღეს მოიცავს. გარდა ამისა, ყველა რეზერვისტი ექვემდებარება აქტივაციას (გამოძახებას) ისეთ სიტუაციებში, როცა ფინეთის წინააღმდეგ გაზრდილია სამხედრო საფრთხე, გამოცხადებულია სრული ან ნაწილობრივი მობილიზაცია ან ადგილი აქვს მასშტაბურ კატასტროფას ან ეპიდემიას. მამაკაცები, რომლებიც არ ირიცხებიან რეზერვში, აქტიურდებიან მხოლოდ სრული მობილიზაციის დროს, ხოლო 50 წელს მიღწეული პირადი შემადგენლობის გასააქტიურებლად საჭიროა პარლამენტის დადგენილება.

სამხედრო სამსახურის დაწყება შესაძლებელია 18 წლის შესრულებისთანავე. შესაძლებელია მისი გადავადება სწავლის, სამსახურის ან პირადი მიზეზების გამო 28 წლის ასაკის შესრულებამდე, თუმცა, ეს მიზეზები სამსახურისგან არ ათავისუფლებს. საცხოვრებლის, საკვების, ტანსაცმლის და ჯანმრთელობის დაცვის გარდა სამსახურის პერიოდის მიხედვით, წვევამდელებს ეძლევათ ზრდადი ყოველდღიური ანაზღაურება: 5.20 ევრო (1-165 დღე), 8.70 ევრო (166–255 დღ) დ 12.10 ევრო (256–347 დღე). სახელმწიფო, ასევე, ანაზღაურებს ყველა საცხოვრებელ და კომუნალურ ხარჯებს, რომელიც წვევამდელს სამსახურის პერიოდში ექნება. დამატებითი ბენეფიტები განსაზღვრულია დაოჯახებული წვევამდელების ოჯახის წევრებისთვისაც. დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლება სამხედრო სამსახურის ან რეზერვისტის ყოველწლიური წვრთნების, ასევე, აქტივაციის გამო გამოუცხადებლობის მიზეზით უკანონოა. სამხედრო სამსახურში მოხალისეობრივად ჩარიცხული ქალებისთვის განსაზღვრულია დამატებითი ფინანსური ანაზღაურება პირადი მოხმარების ნივთების შესაძენად.

სამხედრო სამსახური მოიცავს საკლასო მეცადინეობებს, პრაქტიკულ წვრთნებს, დასუფთავებასთან და აღჭურვილობის ან ტექნიკის მოვლასთან დაკავშირებულ სხვადასხვა მოვალეობებს და საველე სწავლებებს. როგორც წესი, წვევამდელებს შეუძლიათ დატოვონ სამხედრო ნაწილი პარასკევს და დაბრუნდნენ კვირას შუაღამემდე. შაბათ-კვირას სამხედრო ნაწილებში რჩება წვევამდელთა მცირე რაოდენობა გადაუდებელ სიტუაციებში გამოყენების, სამხედრო ნაწილების დაცვის და მოულოდნელი სამხედრო ვითარების შემთხვევაში პირველადი რეაგირების მიზნით. საველე სწავლებები შაბათ-კვირას და დასვენების დღეებშიც გრძელდება.

წვევამდელთა მომზადების მიზანი არის მათი შემდგომი გამოყენება საბრძოლო ქვედანაყოფებში (ფინ. joukkotuotanto). ამ სისტემით, წვევამდელთა 80% საბრძოლო ქვედანაყოფებში კონკრეტულ თანამდებობებზე ინიშნება. თითოეული ბრიგადა პასუხისმგებელია კონკრეტული სარეზერვო ქვედანაყოფების შევსებაზე და მომზადებაზე იმ წვევამდელებისგან, რომლებიც მას მიაკუთვნეს. სავალდებულო სამსახურის დასრულების და რეზერვში ჩარიცხვისთანავე წვევამდელები ინიშნებიან იმ ქვედანაყოფში, რომელმაც ისინი მოამზადა. წვევამდელთა ასაკის მატებასთან ერთად მათი ქვედანაყოფის ფუნქციები და აღჭურვილობა იცვლება. როგორც წესი, პირველი ხუთი წლის განმავლობაში რეზერვისტები პირველი ხაზის ქვედანაყოფებში ირიცხებიან, შემდეგ კი გადაინიშნებიან ისეთ დანაყოფებში, რომლებსაც ნაკლებად რთული დავალებების შესრულება უწევს. ის რეზერვისტები, რომლებსაც ქვედანაყოფში სამსახურის გაგრძელება არ შეუძლიათ, ჩანაცვლებიან იმ რეზერვისტებით, რომლებიც არ არიან დანიშნული კონკრეტულ ქვედანაყოფში. ყოველწლიური გადამზადების სწავლებებზე ქვედანაყოფი, რომლის ფუნქციებიც შეიცვალა, ახალ სწავლებას გადის, თუ ამის საშუალებას თავდაცვის ბიუჯეტი იძლევა.

დემილიტარიზებული ოლანდის არქიპელაგის მაცხოვრებლები სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან გათავისუფლებული არიან, თუმცა, ევალებათ არასამხედრო სამსახური ადგილობრივ ინსტიტუციებში, მაგალითად, სანაპირო დაცვის სამსახურში. მიუხედავად ამისა, მსგავსი არასამხედრო სამსახურის საჭიროება კუნძულებზე არასდროს ყოფილა და არც მისი შემოღების გეგმა არსებობს. არქიპელაგის მაცხოვრებლებს შეუძლიათ შევიდნენ ფინეთის სამხედრო სამსახურში მოხალისეების სახით. 2019 წლის თებერვლამდე სავალდებულო სამსახურისგან თავისუფალი იყვნენ იეჰოვას მოწმეები. შესაძლებელია სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლა იარაღის გარეშე 270 ან 362 დღის განმავლობაში, ან 12-თვიანი არასამხედრო სამსახურის გავლა. ფინეთის კანონმდებლობით ყველა სახის სამხედრო სამსახურზე უარის შემთხვევაში მამაკაცებისათვის განსაზღვრულია პატიმრობა 197 დღით.

1995 წლიდან მოყოლებული ქალებს უფლება აქვთ გაიარონ სამხედრო სამსახური მოხალისეობრივ საფუძველზე და სურვილის შემთხვევაში, შეუძლიათ გახდნენ ოფიცრებიც. სავალდებულო სამხედრო სამსახურის პირველი 6 კვირის განმავლობაში ქალებს შეუძლიათ სამსახურის შეწყვეტა ყოველგვარი მიზეზის გარეშე, ხოლო ამ ვადის გასვლის შემდეგ მათზე ვრცელდება იგივე შეზღუდვები და კანონები, რაც მამაკაცებზე. ბევრი სხვა ქვეყნისგან განსხვავებით, ფინეთში ქალებს საბრძოლო, ქვეით და სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფებშიც შეუძლიათ სამსახური.

სამხედრო წოდებები

უმცროსი სერჟანტის (ფინ. Alikersanttiშვედ. Undersergeant) ინსიგნია

ფინეთის სამხედრო წოდებათა სისტემა აერთიანებს შვედური, გერმანული და რუსული მოდელების ელემენტებს. გარდა ამისა, გააჩნია ფინეთის თავდაცვის ძალებისთვის დამახასიათებელი თავისებურებებიც. წოდებებს აქვს ფინური და შვედური დასახელებები, ასევე, ოფიციალური ინგლისური თარგმანიც. შვედური დასახელებები გამოიყენება ფინეთის შვედურად მოლაპარაკე რეგიონებში და სამხედრო ნაწილებში. თავად შვედეთის სისტემა ფინურისგან მცირედით განსხვავებულია.

ფინეთის თავდაცვის ძალების უდიდეს ნაწილს სავალდებულო რეზერვი წარმოადგენს, ხოლო კონტრაქტზე მყოფი პირადი შემადგენლობა საბრძოლო მზადყოფნის შენარჩუნებას და წვევამდელთა წვრთნას უზრუნველყოფს. დაბალი წოდებების მქონეთა უმეტესობა წვევამდელია, რომლებიც სამსახურს რიგითის (ფინ. sotamies) ან კაპრალის (ფინ. korpraali) წოდებით ამთავრებენ. უმცროსი სამეთაურო რგოლი, რაც წვევამდელთა 20%-ს შეადგენს, 12 თვიანი სამსახურის შემეგ უმცროსი სერჟანტის (ფინ. alikersantti) ან სერჟანტის (ფინ. kersantti) წოდებას იღებს. წვევამდელთა 10% გადის რეზერვის ოფიცრის მომზადებას, რის შემდეგაც იღებს უმცროსი ლეიტენანტის (ფინ. vänrikki) ან მასთან გათანაბრებულ წოდებას. რეზერვის და აქტიურ წოდებებს შორის პრინციპული განსხვავება არაა და ვიცე-პოლკოვნიკამდე (ფინ. everstiluutnantti) ყველა წოდების მიღება რეზერვშიცაა შესაძლებელი. მშვიდობიანობის დროს რეზერვი არ იღებს ხელფასს და არ მონაწილეობს სამეთაურო ჯაჭვში.

კაპრალ-სერჟანტთათვის მასტერ-სერჟანტამდე წოდების მინიჭება შეუძლია ბრიგადის ან გათანაბრებული ქვედანაყოფის მეთაურს, მასტერ-სერჟანტის (ფინ. ylivääpeli) წოდებას ანიჭებს სამსახურის (არმია, საზღვაო ძალები, საჰაერო ძალები) მეთაური, ხოლო მთავარი სერჟანტის (ფინ. sotilasmestari) წოდებას თავდაცვის სარდლობის შტაბის უფროსი. ყველა ოფიცერი უმცროსი ლეიტანტიდან ზემოთ წოდებას იღებს და თანამდებობაზე ინიშნება ფინეთის პრეზიდენტის ბრძანებით. პროფესიონალი ოფიცრები განათლებას იღებენ ფინეთის თავდაცვის ეროვნულ უნივერსიტეტში. მისი დამთავრებისას იღებენ სამხედრო მეცნიერებათა ბაკალავრის ხარისხს (ფინ. sotatieteen kandidaatti) და ავტომატურად იღებენ ლეიტენანტის (ფინ. luutnantti) წოდებას (უმცროსი ლეიტანტის წოდება მხოლოდ რეზერვში არსებობს), შემდეგი 3–4 წლის განმავლობაში ლეიტენანტები დროებით თანამდებობებზე მუშაობენ, რის შემდეგაც სწავლას აგრძელებენ სამხედრო მეცნიერებათა მაგისტრის (ფინ. sotatieteen maisteri) ხარისხის მისაღებად, რა დროსაც ენიჭებათ უფროსი ლეიტენანტის (ფინ. yliluutnantti) წოდება. მაგისტრის ხარისხის მიღების შემდეგ ენიჭებათ კაპიტნის (ფინ. kapteeni) წოდება და ინიშნებიან მუდმივ თანამდებობაზე.

შეიარაღება და აღჭურვილობა

ფინეთის Leopard 2A4 საბრძოლო ტანკი აღლუმზე, რიიჰიმეკი, ფინეთი
ფინეთის საჰაერო ძალების F-18C Hornet.
აღჭურვილობარაოდენობა
ძირითადი საბრძოლო ტანკი
239
ქვეითთა საბრძოლო მანქანა
212
ჯავშანტრანსპორტიორი
860
შეჯავშნული ხიდგამდები
18
მძიმე გამნაღმველი
6
მობილური ხმელეთი-ჰაერი რაკეტის გამშვები
60
გადასატანი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა (MANPAD)
286
ჰაერსაწინააღმდეგო არტილერია
+1,068
ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტის გამშვები
2,685
უუკუგორებო ქვემეხი
71,000
არტილერია
740
თვითმავალი არტილერია
72 +(48)
ნაღმსატყორცნი
+1,248
ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა
56
საიერიშო შაშხანა
350,000 Rk 62, 40,000 Rk 95 Tp და უცნობი რაოდენობის Rk 56 Tp და Rk 72
გამანადგურებელი თვითმფრინავი
62
საბრძოლო-სასწავლო თვითმფრინავი
65
შვეულმფრენი
25 + 14 (საზღვრის დაცვის სამსახური)
უპილოტო საფრენი აპარატი
215
სატრანსპორტო თვითმფრინავი
13

ფინეთს არ ჰყავს დამრტყმელი შვეულმფრენი, წყალქვეშა ნავი და შორ მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტები (თუმცა, ფინეთის M270 ზალპური ცეცხლის სისტემებს შეუძლია საარმიო ტაქტიკური რაკეტების (ATACMS) გაშვება). ბირთვული შეიარაღება კანონმდებლობით სრულიად აკრძალულია.

სამშვიდობო ოპერაციები

ფინელი ჯარისკაცები საარჩევნო უბანთან კონგოში, ოპერაცია EUFOR RD Congo, 2006.

ფინეთი სამშვიდობო ოპერაციებში 1956 წლიდან მონაწილეობს და ამ დროის განმავლობაში სხვადასხვა ოპერაციაში მონაწილეობა 43 ათასამდე ფინელმა მშვიდობისმყოფელმა მიიღო. 2003 წელს სხვადასხვა, მათ შორის, გაეროს და ნატოს სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილე ფინელი სამხედროების რიცხვი ათასს აღემატებოდა. ერთდროულად სამშვიდობო მისიებში მონაწილეთა რიცხოვნობა კანონითაა განსაზღვრული და 2 000 სამხედრო მოსამსახურეს შეადგენს.

1956 წლის შემდეგ სამშვიდობო ოპერაციებში 39 ფინელი ჯარისკაცია დაღუპული.

1996 წლიდან პორის ბრიგადა წვრთნის ფინეთის სწრაფი რეაგირების ძალებს (FRDF), რომელსაც შეუძლია ჩაერთოს საერთაშორისო კრიზისების მართვის და სამშვიდობო ოპერაციებში. უკანასკნელ წლებში ნიულანდის/უუსიმაას ბრიგადამ დაიწყო შვედურ-ფინური ამფიბიური ტაქტიკური დაჯგუფების მომზადება.

2006 წლის შემდეგ ფინეთი მონაწილეობს ევროკავშირის საბრძოლო დაჯგუფებების ჩამოყალიბებაში. 2011 წლისთვის ფინეთი ორ ასეთ დაჯგუფებაში იყო წარმოდგენილი.

ფინელი ჯარისკაცები ბოსნია და ჰერცეგოვინაში მიმდინარე IFOR მისიის დროს სამამულო წარმოების Sisu XA-180 ჯავშანტრანსპორტიორით.

საერთაშორისო ოპერაციები, რომლებშიც ფინეთის საბრძოლო ქვედანაყოფები მონაწილეობენ (ფრჩხილებში მოცემულია პირადი შემადგენლობის რაოდენობა):

სხვა საერთაშორისო ოპერაციები, რომლებშიც მონაწილეობენ ფინელი შტაბის სამხედროები, სამხედრო დამკვირვებლები და სხვა (ფრჩხილებში მოცემულია პირადი შემადგენლობის რაოდენობა):

ტოტალური თავდაცვა

ფინეთის სამხედრო დოქტრინა ტოტალური თავდაცვის კონცეფციას ეფუძნება. ტერმინი „ტოტალური“ გულისხმობს, რომ მთავრობისა და ეკონომიკის ყველა სექტორი ჩართულია თავდაცვის დაგეგმარებაში. ყველა სამინისტროს გააჩნია პასუხისმგებლობა, გააჩნდეს კრიზისულ ვითარებაში მოქმედების გეგმა. არ არსებობს საგანგებო სიტუაციების მართვის რაიმე სამსახური, როგორიცაა, მაგალითად აშშ-ის საგანგებო სიტუაციების მართვის ფედერალური სააგენტო ან რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო. ნაცვლად ამისა, ყველა სახელისუფლებო ორგანო რეგულარულად ემზადება კრიზისებისათვის და მინიჭებული აქვს ყოველდღიური და საგანგებო უფლებების კომბინაცია იმისთვის, რომ განახორციელოს საქმიანობა ნებისმიერ ვითარებაში. ომის დროს საზოგადოების ყველა რესურსი, შესაძლოა, გამოყენებული იქნას ერის გადარჩენისთვის. მსგავსი ზომების საკანონმდებლო საფუძველს წარმოადგენს მზადყოფნის აქტი და თავდაცვითი მდგომარეობის აქტი, რომლებიც ძალაში შედის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, რომელსაც პარლამენტი ამტკიცებს.

დოქტრინის მთავარი ამოცანაა, ჩამოაყალიბოს და შეინარჩუნოს სამხედრო ძალა, რომელსაც შეეძლება ნებისმიერი პოტენციური აგრესორის მხრიდან ფინეთის ტერიტორიის გამოყენების ან ფინეთზე სამხედრო ზეწოლის განხორციელების აღკვეთა. ამის მისაღწევად ორგანიზებულია ტერიტორიული თავდაცვა, რომლის მთავარი პრინციპებია:

  • ქვეყნის სამხედრო მიუმხრობლობა (2022 წლის მაისამდე),
  • ტერიტორიული თავდაცვა ,
  • საყოველთაო გაწვევა,
  • ახალწვეულთა მომზადება საბრძოლო ქვედანაყოფებისათვის,
  • დეცენტრალიზებული მობილიზაცია და
  • მოქნილი მზადყოფნა სხვადასხვა ხარისხის სამხედრო საფრთხეებზე რეაგირებისათვის.

თავდაცვითი დაგეგმარება პასუხობს სამი სახის სახიფათო სიტუაციას:

  • რეგიონული კრიზისი, რომელმაც შეიძლება გავლენა იქონიოს ფინეთზე.
  • პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო ზეწოლა, რომელიც, შეიძლება, მოიცავდეს სამხედრო ძალის გამოყენების საფრთხეს ან მის შეზღუდულ გამოყენებას.
  • სამხედრო ძალის გამოყენება სტრატეგიული თავდასხმის სახით ან თავდასხმა, რომელიც იწყება სტრატეგიული იერიშით და მისი მიზანია ტერიტორიის დაკავება.
ტერიტორიული თავდაცვის პრინციპის ილუსტრაცია. საზღვრიდან მოყოლებული მიმდინარეობს მოწინააღმდეგის დაღლა, რის შედეგადაც შემოჭრილი ძალა შეჩერებულია მანამ, ვიდრე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რაიონების დაკავებას შეძლებს. საზღვაო საზღვარზე შეტევა უნდა შეჩერდეს სანაპიროსთან. აგრესორის წინააღმდეგ ერთობლივად მოქმედებს ყველა მიმართულება.

ყველა შემთხვევაში, ეროვნული ამოცანაა, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ტერიტორიები, განსაკუთრებით კი, დედაქალაქი და მისი ოლქი შენარჩუნდეს ფინეთის კონტროლის ქვეშ. სხვა რაიონებში ქვეყნის ზომა გამოიყენება მოწინააღმდეგის დაღლისა და შეყოვნებისთვის, ვიდრე შესაძლებელი არ გახდება მისი დამარცხება ფინეთის მიერ არჩეულ ტერიტორიაზე. ამის ძირითადი პასუხისმგებლობა ეკისრება არმიას.

საზღვაო ძალების ფუნქციაა მოიგერიოს ფინეთის სანაპიროზე მომართული ნებისმიერი თავდასხმა და დაიცვას ტერიტორიული მთლიანობა მშვიდობის დროს და კონფლიქტის არასაომარ ფაზაში. საზღვაო თავდაცვა მიმართავს სანაპირო არტილერიის, სარაკეტო სისტემების და საზღვაო ნაღმების კომბინირებულ გამოყენებას მოწინააღმდეგის მოგერიების და დასუსტების მიზნით. საჰაერო ძალების მოვალეობაა არ დაუშვას მოწინააღმდეგის მხრიდან საჰაერო უპირატესობის ხელში ჩაგდება, დაიცვას მნიშვნელოვანი ქვედანაყოფები და ეროვნული მნიშვნელობის ობიექტები სახმელეთო ბაზირების საჰაერო თავდაცვის სისტემებთან ერთად. საზღვაო და საჰაერო ძალების მზადყოფნა მშვიდობიანობის დროსაც მაღალია და საკონტრაქტო პირად შემადგენლობას ამ ქვედანაყოფებში უფრო მნიშვნელოვანი როლი ენიჭება, ვიდრე არმიაში.

საზღვრის დაცვის სამსახურს ევალება ქვეყნის სახმელეთო საზღვრების დაცვა ნებისმიერ ვითარებაში. ომის დროს მას შეუძლია 11 600-მდე პირადი შემადგენლობის მობილიზება, რომელიც მთლიანად ან ნაწილობრივ შეიძლება გადავიდეს თავდაცვის ძალების კონტროლის ქვეშ. სასაზღვრო ძალების გამოყენების ერთ-ერთი სცენარია პარტიზანული მოქმედებები მტრის მიერ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

ძირითადი საბრძოლო ქვედანაყოფები

არმია

ტერიტორიული და რეგიონული ქვედანაყოფების მთლიანი რიცხვი ცნობილი არაა. არმიის ქვედანაყოფები მეტწილად რეზერვისტებისგან შედგება, ხოლო საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურეები სამეთაურო და სპეციალიზებულ თანამდებობებს იკავებენ.

  • 3 სწრაფი რეაგირების ბრიგადა (1 ჯავშანსატანკო ბრიგადა)
  • 2 ეგერთა ბრიგადა
  • 2 მექანიზებული საბრძოლო დაჯგუფება
  • 1 შვეულმფრენების ბატალიონი
  • 1 ეგერთა სპეცდანიშნულების ბატალიონი
  • 1 ჰაერსაწინააღმდეგო ქვედანაყოფი

ტერიტორიული ძალები:

  • 6 ქვეითი ბრიგადა
  • 14 ცალკეული ბატალიონი
  • 28 ცალკეული ასეული

საზღვაო ძალები

  • 2 საბრძოლო დაჯგუფება (ფლოტი)
  • 3 საბრძოლო დაჯგუფება (სანაპირო)
  • 1 საბრძოლო დაჯგუფება (სანაპიროს ეგერები)

საჰაერო ძალები

  • 3 საბრძოლო ესკადრილია
  • 4 ძირითადი ოპერატიული ბაზა
იხ.ვიდეო - Finland's military strength explained - What do Finland's Armed Forces look like, and how would they contribute to NATO's overall strength?



გალერეა

Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...