воскресенье, 15 мая 2022 г.

კლასიკური მუსიკა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                   კლასიკური მუსიკა

მარცხნიდან მარჯვნივ,
I რიგში: ვივალდი, ბახი, ჰენდელი, მოცარტი, ბეთჰოვენი;
II რიგში: როსინი, მენდელსონი, შოპენი, ვაგნერი, ვერდი;
III რიგში: იოჰან შტრაუსი II, ბრამსი, ბიზე, ჩაიკოვსკი, დვორჟაკი;
IV რიგში: გრიგი, ელგარი, რახმანინოვი, გერშვინი, ხაჩატურიანი
 დასავლეთევროპულ კულტურულ ტრადიციებთან დაკავშირებული ლიტურგიკული ან სეკულარული არტ-მუსიკა. უფრო ვიწრო მნიშვნელობით, ტერმინი ზოგჯერ გამოიყენება 1750-1820 წლამდე ეპოქის (კლასიციზმი) აღსანიშნავად, ხოლო ეს სტატია ეხება პერიოდს ჩვენი წელთაღრიცხვით VI საუკუნიდან დღევანდელ დღემდე, რომელიც, სხვა პერიოდებთან ერთად კლასიციზმსაც მოიცავს. ამ მუსიკალური ტრადიციის ცენტრალური ნორმები ტონალური მუსიკის ეპოქაში, 1550-1900 წლებში ჩამოყალიბდა.
ევროპულ არტ-მუსიკას არაევროპული კლასიკური და პოპულარული მუსიკალური ტრადიციებისგან, პირველ რიგში, მუსიკალური ნოტაციის სისტემა გამოარჩევს, რომელიც, სხვადასხვა ფორმით, დაახლოებით, XI საუკუნიდან გამოიყენება. თანამედროვე ევროპული მუსიკალური ნოტაციის პირველი ფორმები კათოლიკე ბერებმა მსოფლიო მასშტაბით საეკლესიო ლიტურგიის სტანდარტიზების მიზნით განავითარეს. კომპოზიტორების მხრიდან დასავლეთევროპული სანოტო სისტემა გამოიყენება შემსრულებლისთვის ბგერის სიმაღლისა და გრძლიობის, ასევე, სხვა ნიუანსების შესახებ ინფორმაციის გადასაცემად. განსხვავებით პოპულარული მუსიკისგან, რომელიც მეტწილად ლექსზე დამყარებულ (კუპლეტურ) სასიმღერო ფორმას ან მის ვარიაციებს იყენებს, კლასიკური მუსიკა გამოირჩევა მრავალგვარი დახვეწილი ინსტრუმენტული ფორმებით, როგორიცაა სიმფონია, კონცერტი, ფუგა, სონატა და შერეული ვოკალურ-ინსტრუმენტული ფორმებით, როგორიცაა ოპერა, კანტატა და მესა.

ტერმინი კლასიკური მუსიკა პირველად ადრე XIX საუკუნეში გამოიყენეს; ამის მიზანი იოჰან სებასტიან ბახიდან ლუდვიგ ვან ბეთჰოვენამდე პერიოდის მუსიკის ცალკე, „მუსიკის ოქროს ხანის“ სახით კანონიზება იყო. ოქსფორდის ინგლისური ენის ლექსიკონის მიხედვით, ტერმინი პირველად 1829 წელს იქნა გამოყენებული.
იხ. ვიდეო - Renata Scotto, Vissi d'arte from "Tosca," 1980 TV Performance
ევროპული კლასიკური მუსიკა სტილური მრავალფეროვნებით გამოირჩევა, შუა საუკუნეების გრიგორიანული ქორალიდან კლასიკურ და რომანტიკულ სიმფონიებამდე და XX საუკუნის ავანგარდულ ნაწარმოებებამდე. შესაბამისად, მისი ზოგადი მახასიათებლების ჩამოთვლა რთულია. მიუხედავად ამისა, საერთო ფაქტორად შეიძლება განხილული იქნას მუსიკალური ნაწარმოებების ჩასაწერად ზუსტი მენზურული (დაახლოებით, XIII საუკუნიდან მოყოლებული), ხოლო შემდგომ, სანოტო სისტემის (1600-იანი წლებიდან) გამოყენება და მათი განუხრელად შესრულება.[8] მეორე ფაქტორია კომპლექსური სოლო ინსტრუმენტული ფორმების (მაგალითად, ფუგა) განვითარება. პირველი სიმფონიები კლასიციზმის პერიოდში წარმოიშვა (XVIII საუკუნის დასაწყისიდან), რის შემდეგაც სიმფონიური ანსამბლები და კომპოზიციები კლასიკური მუსიკის მნიშვნელოვან ნაწილად იქცა.

კომპლექსურობა
კლასიკური მუსიკის ნიმუშებს ახასიათებს გაორკესტრების, კონტრაპუნქტის, ჰარმონიის, მუსიკალური განვითარების, რიტმის, ფრაზირების, ტექსტურის და ფორმის კომპლექსურობა. განსხვავებით პოპულარული მუსიკისგან, რომელიც, როგორც წესი, კუპლეტურ ფორმაშია, კლასიკურ მუსიკას ახასიათებს რთული და დახვეწილი ინსტრუმენტული (კონცერტი, სიმფონია, სონატა) და ვოკალურ-ინსტრუმენტული ფორმების განვითარება (ოპერა, ორატორია).

გრძელი ინსტრუმენტული ნაწარმოებები ხშირად დაყოფილია თვითკმარ მონაკვეთებად, რომლებსაც ნაწილები ან მოქმედებები ეწოდება და ხშირად ხასიათითა და განწყობით ერთმანეთის მიმართ კონტრასტულია. მაგალითად, კლასიკური სიმფონიები ხშირად დაყოფილია ოთხ ნაწილად (მოქმედებად):

Allegro (სონატურ ფორმაში),
ნელი მოქმედება,
მენუეტი ან სკერცო (სამწილად ზომაში, მაგალითად, 3
4)
ფინალური Allegro.
ეს ნაწილები (მოქმედებები) შეიძლება უფრო მცირე მონაკვეთებადაც დაიყოს, როგორიცაა სექცია, პერიოდი (წინადადება) და ფრაზა.
იხ. ვიდეო - 20 ШЕДЕВРОВ ВЕЛИКИХ КОМПОЗИТОРОВ
კლასიკური მუსიკალური განათლების მიღება შესაძლებელია ინსტრუმენტის ან ვოკალის პედაგოგთან კერძო გაკვეთილების საშუალებით, ან ფორმალური საგანმანათლებლო კურსის გავლით კონსერვატორიაში, კოლეჯში ან უნივერსიტეტში, რომლის შედეგადაც შესაძლებელია მუსიკის ბაკალავრის ან მუსიკის მაგისტრის ხარისხის მიღება. როგორც წესი, კლასიკური მუსიკის შემსრულებლებს ხანგრძლივი ფორმალური მუსიკალური განათლება და წვრთნა მოეთხოვებათ, ხშირად, მაგისტრის ხარისხის ჩათვლით.

კლასიკური მუსიკის რეპერტუარის შესრულება მოითხოვს დახელოვნებას ფურცლიდან კითხვასა და ანსამბლში დაკვრაში, ჰარმონიის პრინციპების ცოდნას, ვარჯიშს სმენაში (ბგერის სიმაღლის სმენით ამოცნობას, შესწორებას და გასწორებას), საშემსრულებლო პრაქტიკების ცოდნას (მაგალითად, ბაროკოს ორნამენტების); მუსიკოსი უნდა იცნობდეს იმ პერიოდის, სტილის და მუსიკალური ენის თავისებურებებს, რომელსაც მის მიერ შესასრულებელი ნაწარმოები მიეკუთვნება (მაგალითად, ბრამსის სიმფონია ან მოცარტის კონცერტი).

ერთ-ერთი უმთავრესი ფაქტორი, რომელიც ევროპულ კლასიკურ მუსიკას პოპულარული და ხალხური მუსიკისგან გამოარჩევს, არის მისი ჩაწერა სანოტო სისტემაში, რის შედეგადაც იქმნება პარტიტურა. მასში მითითებულია დეტალები რიტმის, ბგერის სიმაღლის, გრძლიობის და ერთზე მეტი პარტიის არსებობის შემთხვევაში, მათი ურთიერთკოორდინაციის შესახებ. მუსიკის ჩაწერამ შესაძლებელი გახადა მაღალი დონის კომპლექსურობა. მაგალითად, ფუგაში ძლიერ განსხვავებული მელოდიური ხაზები ერთ კონტრაპუნქტულ ქსოვილში ისეა მოქცეული, რომ დაცულია ერთიანი ჰარმონიული ლოგიკა. წერილობითი ნოტაციის უმნიშვნელოვანესი შედეგია ნაწარმოებების შემონახვა, რაც კლასიკური მუსიკის შემსრულებლებს მრავალი საუკუნით ადრე შექმნილი ნაწარმოებების შესრულების საშუალებას აძლევს.

XX-XXI საუკუნეებში კლასიკურ მუსიკაში იმპროვიზაციის ტრადიცია დაიკარგა, თუმცა ბაროკოდან რომანტიკულ ეპოქამდე ბევრი შემსრულებელი თავისი ეპოქის მუსიკის იმპროვიზება შეეძლოთ. ბაროკოს ერაში მუსიკოსები იმპროვიზირებდნენ პრელუდიებს, კლავიშიან საკრავებზე შემსრულებლები კი აკორდებს ციფრულ ბანზე დაყრდნობით; იმპროვიზაციის შედეგი იყო მუსიკალური ორნამენტები ვოკალურ პარტიებში. იოჰან სებასტიან ბახი განთქმული იყო თავისი რთული იმპროვიზაციებით. კლასიკურ ეპოქაში, ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი ცნობილი იყო იმით, რომ შეეძლო სხვადასხვა სტილებში იმპროვიზაცია. კონცერტების კადენცაში იმპროვიზირებდა სოლისტიც. ბეთჰოვენი, როგორც პიანისტი, ასევე განთქმული იყო იმპროვიზაციებით.
იხ. ვიდეო - 50 Most Famous Pieces of Classical Music







Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...