среда, 25 мая 2022 г.

იოანე ღვთისმეტყველი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

               იოანე ღვთისმეტყველი

წმ. მოციქული იოანე ღვთისმეტყველი
(ებრ. יוחנן‎ — „იოხანან“, ბერძ. Ιωάννης, ლათ. Ioannes) — ქრისტეს თორმეტ მოციქულთაგანი. იოანეს სახარების, იოანეს გამოცხადების (აპოკალიფსი) და სამი ეპისტოლეს ავტორი. ხსენების დღე — 8 (21) მაისი.
                                                                           
წმინდა იოანე მახარებლის ანგელოზი
იოანე ღვთისმეტყველი იყო გალილეველი მეთევზის ზებედეს და სალომეს შვილი. იესო ქრისტემ გალილეის ზღვის ნაპირზე დაინახა იოანე და მისი ძმა იაკობი და მოუწოდა გაჰყოლოდნენ მას (მათ. 4:21). მართლმადიდებლური ეკლესია წმ. იოანე ღვთისმეტყველის ხსენების დღეს ახ. სტილით 21 მაისს, 13 ივლისს და 9 ოქტომბერს აღნიშნავს. კათოლიკურ და სხვა ეკლესიებში აღინიშნება 27 დეკემბერს. იოანე იყო ქრისტეს ერთ-ერთი ყველაზე დაახლოებული მოწაფე. წმ. იოანე, წმ. იაკობთან და წმ. პეტრესთან ერთად იყო იაიროს ქალიშვილის აღდგენის მოწმე (მარკ. 5:37. ლუკ. 9:51). მხოლოდ წმ. იოანე, წმ. იაკობი და წმ. პეტრე იმყოფებოდნენ თაბორის მთაზე ქრისტეს ფერიცვალებისას (მათ. 17:1; მარკ. 9:2; ლუკ. 9:28); ასევე გეთსიმანიის ბაღში ქრისტეს ლოცვისას (მარკ. 14:33). გოლგოთაზე, ჯვარცმულმა ქრისტემ წმ. იოანეს დაავალა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელზე ზრუნვა. საეკლესიო გადმოცემის თანახმად, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების შემდგომ, წმ. იოანე ღვთისმეტყველი გაემგზავრა ეფესოში და მცირე აზიის სხვადასხვა ქალაქში ქრისტიანობის საქადაგებლად. წმ. იოანე ღვთისმეტყველი მრავალ სასწაულს აღასრულებდა (მათ შორის აღადგენდა მკვდრებს), რამაც განაპირობა ქრისტიანობის სწრაფი გავრცელება მთელს რეგიონში.
წმ. იოანე ღვთისმეტყველი და წმ. პროხორი კუნძულ პატმოსზე. ხატი. XVII
გადასახლება
რომის იმპერატორ ნერონის დროს დაიწყო ქრისტიანთა მასიური დევნა. საეკლესიო გადმოცემით წმ. იოანე რომაელებმა შეიპყრეს და რომში გადაიყვანეს, სადაც მას სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს და საწამლავით ავსებული თასი დაალევინეს. წმ. მოციქული უვნებელი გადარჩა. შემდეგ ის ადუღებულ ზეთში ჩააგდეს, მაგრამ, სასწაულებრივად, ცოცხალი და უვნებელი გადარჩა. რომაელები იძულებული გახდნენ წმ. მოციქული კუნძულ პატმოსზე გადაესახლებინათ. პატმოსზე, წმ. იოანემ მრავალი სასწაული აღასრულა და მრავალი ადამიანი მოაქცია ქრისტეს სჯულზე. შემდგომში, წმ. მოციქულ პროხორესთან (სამოცდაათ მოციქულთაგანი) ერთად განმარტოვდა მთაზე. სამდღიანი მარხვის დასრულებისას მთა შეზანზარდა და გაისმა მეხის შემზარავი ხმა. შეშინებულ პროხორეს წმ. იოანემ მოუწოდა ჩაეწერა სიტყვები რომლებსაც წარმოთქვამდა: ”მე ვარ ანი და ჰოე, იტყჳს უფალი ღმერთი, რომელი არს და რომელი იყო და რომელი მომავალ არს, ყოვლისა მპყრობელი” (გამ.1:8). ეკლესიის გადმოცემით ”იოანეს გამოცხადება” (აპოკალიფსი) დაიწერა სწორედ კუნძულ პატმოსზე ახ.წ. 67. ქრისტიანთა შეხედულებით, ”იოანეს გამოცხადებაში” გაიხსნა ეკლესიათა განგების და ბოლო ჟამის საიდუმლოებები.
წმ. მოციქული იოანე ღვთისმეტყველი (ნიურნბერგის ქრონიკა, 1493)

დაბრუნება
ხანგრძლივი გადასახლების შემდეგ წმ. იოანე გაათავისუფლეს. მოციქული დაბრუნდა ეფესოში და განაგრძო ქრისტიანობის ქადაგება. წმ. იოანე ქრისტიანებს აფრთხილებდა მწვალებლობათა (ერესის) შესახებ. დაახ. ახ.წ. 95 წმ. იოანემ დაწერა სახარება. შემდგომში მოციქულმა დაწერა სამი ეპისტოლე. წმ. იოანე ხალხს სიყვარულისკენ მოუწოდებდა და თავად იყო ქრისტესმიერი სიყვარულის უპირველესი მაგალითი გარშემომყოფთათვის.
იოანე მახარებელი მდუღარე ზეთში (ჰანს ფრიზი, 1514)



აღსასრული
წმ. იოანე ღვთისმეტყველმა 100 წელზე მეტხანს იცოცხლა. როდესაც მოციქულმა იგრძნო, რომ ახლოვდებოდა მისი ამქვეყნიური ცხოვრების დასასრული, შვიდ მოწაფესთან ერთად გავიდა ეფესოდან და მიწაში ჯვრის ფორმის საფლავი გაათხრევინა, შიგ ჩაწვა და მოწაფეეს უბრძანა მისთვის მიწა დაეყარათ. მოწაფეები ქვითინით ეალერსებოდნენ მასწავლებელს, მაგრამ იძულებულნი იყვნენ აღესრულებინათ წმ. მოციქულის თხოვნა. როდესაც დანარჩენმა მოწაფეებმა შეიტყვეს წმ. იოანე ღვთისმეტყველის გარდაცვალების ამბავი, ეფესოში ჩავიდნენ და საფლავი გათხარეს, მაგრამ სხეული ვერ აღმოაჩინეს. გადმოცემის მიხედვით, ყოველ წელს 8 (21) მაისს წმ. იოანე ღვთისმეტყველის საფლავიდან ამოდიოდა მიწის მტვერი, რომელსაც მორწმუნეები იყენებდნენ სხვადასხვა ხორციელი, თუ სულიერი დაავადების განსაკურნებლად. ქრისტეს მოციქულებიდან იოანემ ყველაზე მეტ ხანს იცოცხლა და მათ შორის იყო ერთადერთი, რომელიც მოწამეობრივი სიკვდილით არ აღესრულა, არამედ მშვიდად მიიცვალა ეფესოში 26 სექტემბერს, დაახლოებით ახ.წ. 110. დასაფლავებულია ეფესოში.

გადმოცემით, იოანე ღვთისმეტყველი იესო ქრისტესა და ღვთისმშობლის მსგავსად ხორციელად ზეცად ამაღლდა. ამდენად, მისი წმინდა ნაწილები (მსგავსად სხვა წმიდანების) ეკლესიას არ გააჩნია.
იხ. ვიდეო - იოანე ღვთისმეტყველი






Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...