пятница, 7 декабря 2018 г.

რომის სენატი

                        რომის სენატი  

რომის სენატის სხდომის წარმოდგენა: ციცერონი თავს დაესხმება კატილინას, მე-19 საუკუნის ფრესკიდან პალაცო მადამაში, რომში, იტალიის სენატის სახლში. აღსანიშნავია, რომ იდეალისტური შუასაუკუნეების და შემდგომი მხატვრული გამოსახულებები სენატის სხდომაზე თითქმის ერთნაირად არაზუსტია. ილუსტრაციებში ჩვეულებრივ ჩანს სენატორები, რომლებიც განლაგებულნი არიან ნახევარწრიულად ღია სივრცის გარშემო, სადაც ითვლებოდა, რომ ორატორები დგანან; სინამდვილეში არსებული Curia Julia შენობის სტრუქტურა, რომელიც იმპერატორ დიოკლეტიანეს დროინდელი სახით თარიღდება, აჩვენებს, რომ სენატორები პირდაპირ და პარალელურად ისხდნენ შენობის ინტერიერის ორივე მხარეს. ფილმში მიმდინარე მედია გამოსახულებებში ეს სწორად არის ნაჩვენები რომის იმპერიის დაცემაში და არასწორად, მაგალითად, სპარტაკში.


რომის სენატი(ლათინურად - Senatus) — რომის რესპუბლიკის და იმპერიის პერიოდში მართვის მნიშვნელოვანი ორგანო. სიტყვა senex ლათინურად ნიშნავს უხუცესს. თავდაპირველად სენატი სწორედ უხუცესთა საბჭო იყო, ხოლო მოგვიანებით მან ბევრად ფართო მნიშვნელობა შეიძინა.


ცივილიზაციის დასაბამიდან დღემდე არსებულ მმართველ ორგანოებს შორის რომის სენატმა ყველაზე დიდხანს იარსება, მისი შექმნის შესახებ ზუსტი ისტორიული წყაროები არ მოგვეპოვება, მაგრამ თქმულებების თანახმად იგი რომის დასაბამიდან არსებობდა. სენატმა თავისი ფუნქციები დაკარგა მხოლოდ III-IV საუკუნეების მიჯნაზე, პრინციპატის დომინანტით შეცვლის შემდეგ, მაგრამ, მიუხედავად ამისა, სახეცვლილმა სენატმა რომის იმპერიის აღსასრულამდე იარსება. ამრიგად საერთო ჯამში სენატმა იარსება დაახლოებით 1229 წელიწადი. ამ დროის განმავლობაში სენატის სახე და ფუნქციები არაერთხელ შეიცვალა
თქმულების თანახმად, სენატი შეიქმნა რომის დაარსებისთანავე. რომულუსმა, რომის ლეგენდარულმა დამაარსებელმა, შექმნა საბჭო 100 უხუცესი მოქალაქისგან, რომლებსაც მამები - პატრიციუსები ეწოდათ. სენატორები ასრულებდნენ მეფის მრჩევლების როლს, ხოლო მეფის გარდაცვალების შემდეგ, ახალი მეფის არჩევა მათ კომპეტენციაში შედიოდა.
რომულუსის მიერ საბინელთა შემოერთების შემდეგ, სენატი შეივსო საბინელი უხუცესებით და სენატორთა რაოდენობა 200 გახდა. თქმულების თანახმად სენატორებმა პირველი რეპრესიები ლუციუს ტარკვინიუს სუპერბუსის მეფობის პერიოდში განიცადეს. ტარკვინიუსმა თავისი წინამორბედის, სერვიუს ტულიუსის მომხრე სენატორები გაწყვიტა.

მონარქიის დამხობის შემდეგ სენატის მნიშვნელობა უფრო გაიზარდა, იგი ჯერ კიდევ მცირე რომის სახელმწიფოში ასრულებდა საკანონმდებლო ხელისუფლების როლს. ლუციუს იუნიუს ბრუტუსმა სენატის შემადგენლობა 300 კაცამდე გაზარდა. იგი აკონტროლებდა სახალხო კრებების მუშაობას, იღებდა მათ მიერ შემოთავაზებულ კანონებს ან უარყოფდა. სენატორთა წრიდან ხდებოდა მაგისტრატუსების არჩევა.საშინაო პოლიტიკის საკითხების გარდა სენატი საგარეო პოლიტიკასაც მართავდა. სენატის ფუნქციებში ფინანსებზე მეთვალყურეობაც შედიოდა. ამის გარდა სენატი იღებდა და აუქმებდა კანონებს. ყველა ამ მნიშვნელოვანი ფუნქციის შესრულებამ სენატი სახელმწიფოს გულად აქცია. რიგითი რომაელისთვის სენატის უპატივცემლობა სახელმწიფოს უპატივცემლობას უტოლდებოდა. ლათინურად სენატორებს რეგისტრირებულ (ჩაწერილ) მამებს უწოდებდნენ (patrum numerum). ეს კარგად აისახა ცნობილ ფორმულაშიც SPQR, senatus populus que romanus (რომის სენატი და ხალხი).
თავდაპირველად სენატორები მხოლოდ პატრიციუსები იყვნენ, ხოლო ძვ. წ. IV საუკუნიდან, ხანგძლივი ბრძოლის შემდეგ, სენატში მოხვედრა პლებეებმაც შეძლეს. მიუხედავად ამისა, რესპუბლიკის პერიოდში სენატორების უმეტესობას პატრიციუსები შეადგენდნენ. ძვ. წ. 313 წლამდე სენატში ახალ წევრებს კონსული იღებდა, მოგვიანებით კი ცენზორი. პლებეებს შეეძლოთ სენატში მოხვედრა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათ კონსულებათ აირჩევდნენ, რადგან ყოფილ კონსულებს ტრადიციის თანახმად სენატორად რიცხავდნენ.
სენატსა და სახალხო კრებას შორის პირველი მწვავე დაპირისპირება მოხდა ტრიბუნის ტიბერიუს გრაკქუსის რეფორმების მხარდაჭერისთვის კენჭისყირისას. ეს ამბავი ამ უკანასკნელისთვის ტრაგიკულად დასრულდა. თითქმის იგივე ამბავი განმეორდა ძვ. წ. 123 წელს, როდესაც ტიბერიუსის უმცროსმა ძმამ, გაიუსმა, სცადა ძმის რეფორმები აეღორძინებინა.
როდესაც სულა ცენზორი გახდა, მან სენატორად მიღების ასაკობრივი ცენზი 46 წლიდან 30 წლამდე ჩამოწია და გააორმაგა სენატორთა რაოდენობა. მოგვიანებით კეისარმა კიდევ გაზარდა სენატორთა რაოდენობა 1000 კაცამდე.
სენატის ძალაუფლება შეირყა მარიუსის სამხედრო რეფორმის ძალაში შესვლის შემდეგ. საქმე ისაა, რომ ბრუტუსის ეპოქიდან, ანუ რესპუბლიკის შექმნიდან მოყოლებული, აბსოლუტური ძალაუფლება ერთი პიროვნების ხელში პრაქტიკულად არ ხვდებოდა (იშვიათი გამონაკლისები - 6 თვის ვადით არჩეული დიქტატორები). სამხედრო რეფორმამდე სენატის თანხმობის გარეშე კონსული ჯარს ვერ შეკრებდა, თან ჯარი მუდმივი და პროფესიული არ იყო. ხოლო გაიუს მარიუსის რეფორმამ გამოიწვია პროფესიული არმიის ჩამოყალიბება, რომელიც თავისი მხედართმთავრის ერთგული იყო. ამრიგად მხედართმთავარმა არმიაზე დაყრდნობით მიიღო ისეთი ძალაუფლება, რომ შეეძლო კანონზე და სენატზე მაღლა დამდგარიყო. თავისთავად რეფორმამ აამაღლა რომაული არმიის ბრძოლისუნარიანობა, მაგრამ მეორე მხრივ ამან განაპირობა სამოქალაქო ომების მთელი სერია, რომლებიც ძვ. წ. II საუკუნის მიწურულიდან ძვ. წ. I საუკუნის მეორე ნახევრამდე გაგრძელდა და რესპუბლიკის კრახით დასრულდა
.
რომის კურია, სადაც სენატის სხდომები ტარდებოდა
რომაელი სენატორის ტრადიციული ტოგა
იხ. ვიდეო

სამოქალაქო ომის მოგების შემდეგ ოქტავიანემ ხელთ აბსოლუტური ძალაუფლება მოიპოვა. მიუხედავად ამისა, მას არ გაულაშქრია რესპუბლიკური ტრადიციების წინააღმდეგ. იმპერატორი და ავგუსტუსი იგი სენატის თანხმობით გახდა. ასევე აღსანიშნავია, რომ ხანგძლივი სამოქალაქო ომების და რეპრესიების არაერთი ტალღის შემდეგ სენატს სხვა არჩევანი არ ჰქონდა.
ამ დროიდან უმაღლესი ძალაუფლება სენატის ხელიდან პრინცეპსის ხელში გადავიდა. სენატი მხოლოდ მისი მრჩევლის ფუნქციებს ასრულებდა. ფლავიუსების დინასტიის პერიოდში ძველი პატრიციული ოჯახები, საიდანაც ტრადიციულად ხდებოდა სენატორთა შემადგენლობის შევსება, იმდენად შეთხელდა, რომ სენატორები ხდებოდნენ უკვე ის მოქალაქეები, ვისაც ამის საშუალებას ქონებრივი ცენზი აძლევდა. მოგვიანებით კი რომის მოქალაქეობის პროვინციული მოსახლეობისთვის დარიგებამ, პროვინციელებს სენატში მოხვედრის საშუალება მისცა.
I საუკუნის მიწურულს, დომიციანეს მოკვლის შემდეგ სენატის მნიშვნელობა კვლავ გაიზარდა. ანტონინების დინასტიის (კომოდუსის გარდა) იმპერატორებს სენატორები თავისი წრიდან ირჩევდნენ. სენატორთა მიერ არჩეული იმპერატორები ისტორიაში ასევე ხუთი კარგი იმპერატორის სახელით შევიდნენ. ამ პერიოდში რომის იმპერიამ დიდების მწვერვალს მიაღწია.
მესამე საუკუნის კრიზისის პერიოდში სენატი უძლური გახდა სიტუაცია ემართა. III საუკუნის მიწურულს იმპერატორი გახდა დიოკლეტიანე. მან საფუძვლიანად შეცვალა მმართველობის სისტემა. პრინციპატს დომინატი ჩაენაცვლა. დომინუსს აღარ სჭირდებოდა სენატისგან აღიარება. ამ დროიდან სენატმა ძალაუფლება და მნიშვნელობა სრულიად დაკარგა, ისევე როგორც ქალაქმა რომმა, რომელიც III საუკუნის მიწურულს აღარ იყო იმპერატორის რეზიდენცია. სენატს ამ დროიდან მხოლოდ სასამართლო საქმეების გარჩევა შეეძლო, მიუხედავად ამისა, სენატორის წოდება ჯერ კიდევ პრივილიგირებულად ითვლებოდა.
395 წლიდან, როდესაც იმპერია გაიყო, სენატი მუნიციპალურ საბჭოდ იქცა. აღმოსავლეთ რომის იმპერიის დედაქალაქ კონსტანტინოპოლშისაკუთარი სენატი ჩამოყალიბდა. ამასთან ზოგი გავლენიანი სენატორი ორივე სენატის წევრი იყო. 476 წელს დასავლეთ რომის იმპერიის დაცემათან ერთად რომის სენატმაც შეწყვიტა არსებობა.
რომაელი სენატორის ტრადიციული ტოგა

განაწესი

საკანონმდებლო შემოქმედება და სხდომის ჩატარების წესები

რესპუბლიკის პერიოდის სენატის ფუნქციებში როგორც აღვნიშნეთ შედიოდა საკანონმდებლო პროექტების შემუშავება. ამ პროექტების განხილვა და დამტკიცება სახალხო კრებას ევალებოდა. თუ სახალხო კრება არ მოიწონებდა კანონპროექტს, მაშინ იგი კანონად ვერ იქცეოდა. სახალხო კრებასაც შეეძლო კანონპროექტის წარმოდგენა, მაგრამ სენატის მოწონების გარეშე ვერც ეს იქცეოდა კანონად. "მოწონება" იყო სენატის ყველაზე დიდი უფლება - auctoritas senatus.
ამრიგად სახალხო კრება და სენატი ერთმანეთს ავსებდნენ, ერთმანეთთან თანხმობის გარეშე ვერცერთი მხარე ვერ მიაღწევდა სასურველ შედეგს. პრაქტიკაზე ეს გრაქხუსების ამბის დროს არ გამართლდა, ხოლო რესპუბლიკის კრახის შემდეგ სახალხო კრებამ სრულიად დაკარგა ფუნქცია.
საგარეო პოლიტიკაში სენატს უმთავრესი ადგილი ეჭირა. ელჩობის მიღების და გაგზავნის ფუნქცია მას ეკისრა. პროვინციების მართვაც სწორედ სენატის კომპენტენციაში შედიოდა. სენატი ასევე წყვეტდა ომის და მშვიდობის საკითხებს, იგი ანიჭებდა რომის მოკავშირეებს რომაელი ხალხის მოკავშირის და მეგობრის სტატუსს.
როდესაც სახელმწიფოში საგანგებო სიტუაცია იქმნებოდა, სენატი იღებდა გადაწყვეტილებას 6 თვის ვადით აერჩიათ დიქტატორი, რომელსაც კრიზისის მოგვარებამდე აბსოლუტური ძალაუფლება ენიჭებოდა. ამის გარდა მაგისტრატების დამტკიცებაც სენატის პრეროგატივა იყო.
სენატორთა შეკრებებსაც თავისი წესი და რიგი ჰქონდა. მათ სხდომის ჩატარება მხოლოდ ტაძრებში შეეძლოთ. როგორც წესი ეს რომის კურიაიყო, ხოლო ახალ წელს, იუპიტერის დღესასწაულსა და საომარი საკითხების გადაწყვეტისას ქალღმერთ ბელონას ტაძარში.
სხდომის დაწყებამდე დილის ლოცვა და მსხვერპლთშეწირვა უნდა მომხდარიყო, ხოლო კეთილი ნიშნის მიღების შემდეგ იწყებოდა სხდომა. სენატის სხდომა მზის ამოსვლიდან მზის ჩასვლამდე შეიძლებოდა გაგრძელებულიყო და თუ რაიმე სხვა კრების სხდომა ტარდებოდა, მათ არ შეეძლოთ შეხვედრა.

წევრობა

როგორც ზემოთ აღინიშნა, თქმულების თანახმად, რომის დაარსების შემდეგ რომულუსმა 100 კაციანი სენატი შექმნა. საბინელთა შემოერთების შემდეგ სენატორთა რაოდენობა 200 გახდა, ხოლო რესპუბლიკის დროს ტრადიციულად 300 კაციანი სენატი არსებობდა. სენატში მიღებას ცენზორები აწარმოებდნენ. ყოფილ მაგისტრატებსაც შეეძლოთ სენატში მოხვედრა. სენატორს უნდა ჰქონოდა განსაზღვრული ქონებრივი ცენზი და ყოფილიყო უფროსი ასაკის (46 წელზე უფროსი). სულამ ასაკობრივი ცენზი 30 წელზე ჩამოიყვანა. სენატორებს აკრძალული ჰქონდათ ყოველგვარი ბიზნესი მიწათმფლობელობის გარდა, მაგრამ ეს ხშირად ირღვეოდა.

იერარქია

სენატორები იყოფოდნენ 10 კაციან დაჯგუფებებად, ამ დაჯგუფების მეთაური იყო პირველი სენატორი - princeps senatus. თუ არც ერთი კონსული არ იყო რომში, მაშინ უზენაესი მაგისტრატი ასრულებდა მათ ფუნქციებს. მხოლოდ პირველ სენატორებს ჰქონდათ სენატში სიტყვის წარმოთქმის უფლება. ამასთან მკაცრად იყო განსაზღვრული თუ ვის და როდის უნდა ესაუბრა. პატრიციუსი სენატორები ყოველთვის უფრო ადრე საუბრობდნენ ვიდრე პლებეები და თან მათი ხმაც უფრო მნიშვნელოვანი იყო კენჭისყრისას.

ჩაცმულობა

ყველა სენატორს უნდა ეტარებინა წოდების დამადასტურებლად ბეჭედი, თავდაპირველად ეს ბეჭედი რკინის იყო, ხოლო გვიანდელი რესპუბლიკის დროს ოქროსი. მათ ტანსაცმელს tunica clava ერქვა, ეს იყო თეთრი ტუნიკა მარჯვენა მხარზე განიერი (13 სმ) მეწამული ფერის ზოლით. senator pedarius ატარებდა თეთრ ტოგას (virilis). სენატორები, ვინც ამავდროულად მაგისტრატები იყვნენ, ატარებდნენ toga praetexta-ს თეთრ ტოგას ფართო მეწამული კანტით. ყველა სენატორს ეცვა ყავისფერი ტყავის ფეხსაცმელი.

Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...