четверг, 5 мая 2022 г.

სიმბოლიზმი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                       სიმბოლიზმი

„მესაფლავის სიკვდილი“, კარლოს შვაბი, სიმბოლისტური მოტივების ვიზუალური გამოხატულებაა. სიკვდილისა და ანგელოზთა პერსონიფიკაცია, ქათქათა თოვლი და სახეთა დრამატული პოზები — ყოველივე ეს გამოხატავს სიმბოლისტურ მისწრაფებას ტრანსფიგურაციისკენ „სადმე, ამ სამყაროს იქით“.

 (ფრანგ. symbolisme) — მიმდინარეობა დასავლეთ ევროპის ლიტერატურასა და ხელოვნებაში XIX საუკუნის დასასრულს და XX საუკუნის დასაწყისში (საფრანგეთში — შარლ ბოდლერი, არტურ რემბო, პოლ ვერლენი, სტეფან მალარმე და სხვა. ბელგიაში — ემილ ვერჰარნი, მორის მეტერლინკი. გერმანიაში — გერჰარტ ჰაუპტმანი, შტეფან გეორგე; ინგლისში — ოსკარ უაილდი, ელჯერნონ ჩარლზ სუინბერნი; ავსტრიაში — რაინერ მარია რილკე; რუსეთში — ალექსანდრე ბლოკი, კონსტანტინე ბალმონტი, ვალერი ბრიუსოვი).

სიმბოლიზმი ერთგვარი რეაქცია იყო პარნასელთა პოეზიაზე. მისთვის დამახასიათებელია კონკრეტული სახის შეცვლა სიმბოლოთი, ირეალური სინამდვილის ძიება, კამერულობა, მაქსიმალური ზრუნვა სიტყვაზე, მუსიკალობის შექმნაზე. სიმბოლიზმი იყო სინამდვილისადმი ოპოზიციის გამოხატვა. მისმა საუკეთესო წარმომადგენლებმა დიდი ამაგი დასდეს ლირიკული აზროვნების განვითარებას.
                                                                 
დაჭრილი ანგელოსი ჰუგო სიმბერგი

 

საქართველოში სიმბოლიზმი ლიტერატურაში ჩამოყალიბდა XX საუკუნის 10-იან წლებში. 1915 წელს ქუთაისში შეიქმნა სიმბოლისტთა ჯგუფი, რომელმაც 1916 წელს გამოსცა ჟურნალი „ცისფერი ყანწები“, „ცისფერყანწელების“ ჯგუფში შედიოდნენ პაოლო იაშვილი, ტიციან ტაბიძე, ვალერიან გაფრინდაშვილი, გიორგი ლეონიძე, სანდრო ცირეკიძე, კოლაუ ნადირაძე და სხვა. ქართველი სიმბოლისტები ცდილობდნენ პოეტური ფორმის გადახალისებას, გამომსახველობით საშუალებათა გამდიდრებას, ამასთან კლასიკური მემკვიდრეობის გამოყენებასაც. 1925 წლის შემდეგ ქართული სიმბოლისტური სკოლა დაიშალა.
ფრანგული სიმბოლიზმი უმეტესწილად რეაქცია იყო ნატურალიზმისა და რეალიზმის წინააღმდეგ, რომელთა მიმდევრები ცდილობდნენ რეალობის ასახვას მისი პირდაპირი მნიშვნელობით. ამ პირდაპირმა თითქმის სანიტარულმა მიმდინარეობებმა გამოიწვია რეაქცია სპირიტუალობის, გამოგონილისა თუ ოცნებების წარმოსახვისკენ, რამაც დასაბამი მისცა სიმბოლიზმის აღმოცენებას. ზოგი ავტორი, როგორიცაა იორის-კარლ ჰუიზმანსი, შემოქმედებას იწყებს როგორც ნატურალისტი, თუმცა შემდგომში სიმბოლიზმისკენ იხრება; ჰუიზმანსში ეს ცვლილება გამოიხატა მის გამოცოცხლებულ ინტერესში რელიგიასა და სპირიტუალობისადმი.

სიმბოლისტურ მოძრაობას ლიტერატურაში ფესვები შარლ ბოდლერის პოემათა კრებულში „Les Fleurs du Mal“ (ბოროტების ყვავილები) აქვს. სიმბოლიზმის ესთეტიკა განავითარეს სტეფან მალარმემ და პოლ ვერლანმა 1860-70-იან წლებში. 1880-იანებში ეს ესთეტიკა გამოიხატა ერთგვარ მანიფესტთა სერიაში და მან მწერალთა მთელი თაობის ყურადღება მიიპყრო. ედგარ ალან პოს ნამუშევრები, რომლებიც ბოდლერმა ფრანგულად თარგმნა, დიდ გავლენას ახდენს მთლიანად ამ მიმდინარეობაზე და მნიშვნელოვანი წყარო ხდება მრავალი ტროპისა და პერსონაჟის შექმნაში.
იხ. ვიდეო - What is Symbolism? Art Movements & Styles - Symbolism was an innovative literary and artistic movement which originated in late nineteenth-century France and quickly spread to the rest of Europe. Symbolist artists looked to the world of dreams and the imagination for inspiration, rather than trying to create direct representations of nature.




ლიტერატურაში სიმბოლისტური მიმდინარეობისგან განსხვავებით, სიმბოლიზმი ხელოვნებაში წარმოადგენს რომანტიციზმის გაცილებით უფრო გოთური და ბნელი ექსპრესიიდან გადახრას; თუმცა სადაც რომანტიციზმი იმპულსური და მეამბოხე სულის გამოხატვა იყო, სიმბოლისტური ხელოვნება უფრო სტატიკური და რელიგიური გახდა.
სიმბოლისტური თეატრის შექმნის იდეა გამომდინარეობს სცენაზე ხელოვნების ყველა დარგის ორგანული შერწყმის ნეორომანტიკული კონცეფციიდან. თეატრალურ წარმოდგენაში სიტყვის, ფერისა და მუსიკის შეხამებას მაყურებელზე უნდა მოეხდინა ისეთივე ზემოქმედება, როგორსაც მოახდენდა მუსიკა; ე. ი. უნდა შექმნილიყო სახეები, რომლებიც კონკრეტულ აზრობრივ გაშიფვრას არ დაექვემდებარებოდა. სიმბოლისტური თეატრის შექმნას XIX საუკუნის დასასრულს და XX საუკუნის დასაწყისში ხელი შეუწყო:

სპეციფიურმა დრამატურგიულმა მასალამ (მეტერლინკის, ვერჰარნის, ჰოფმანის, მოგვიანებით იბსენისა და სხვა ნაწარმოებები), რომლებიც სცენაზე ადეკვატურ ხორცშესხმას მოითხოვდა.
სიმბოლისტმა რეჟისორებმა, რომლებმაც უარყვეს რეალისტური თეატრის ტრადიციები და დრამატურგიას, როგორც სპექტაკლის იდეურ საფუძველს, დაუპირისპირეს რეჟისორისა და მხატვრის დიქტატი; ისინი ცდილოვდნენ დაემკვიდრებინათ სცენაზე „პირობითი თეატრის“ იდეა („მოქმედება-სიმბოლო“), განეხორციელებინათ „მარიონეტების თეატრის“ პრინციპები.
პლასტიკური ხელოვნების (ძირითადად ფერწერა) მოძალებამ თეატრში, დასავლეთ ევროპაში სიმბოლიზმმა თავი იჩინა პარიზის სასტუდიო თეატრებში.
სიმბოლიზმი XIX—XX საუკუნეების მიჯნის მხატვრული კულტურის რთული მოვლენაა. მისი გავლენა განიცადა ბევრმა მხატვრულმა მიმდინარეობამ (ექსპრესიონიზმი, სიურრეალიზმი, ნაწილობრივ ფუტურიზმი და სხვა) ქართულ დრამატურგიასა და თეატრში სიმბოლიზმი თავს იჩენს XX საუკუნის პირველ ათეულ წლებში. იგი წარმოდგენილია პიესებით:სანდრო შანშიაშვილის „შვების თავადი“ (1908—1911), „მეფე-მგოსანი“ (1912); სანდრო ცირეკიძე „პირიმზე“ (1918), პოლიკარპე კაკაბაძის „სამი ასული“ (1919). ამ პიესებში შეიმჩნევა ის წინააღმდეგობანი, რაც საერთოდ დამახასიათებელია სიმბოლისტური მწერლობისათვის: რეალისტური ხელოვნების ტრადიციებისაგან ირაციონალობისა და მისტიკურობისაკენ გადახრა, თანამედროვე სინამდვილისადმი პროტესტი, უსამართლობის სასტიკი მხილება ახალი მხატვრული გამომსახველობითი საშუალებების მეოხებით. ქართველი რეჟისორების მიერ დადგმული სიმბოლისტური პიესებიდან აღსანიშნავია: მორის მეტერლინკის „მარიამ მაგდალინელი“ (სპექტაკლის რეჟისორი იყო ლადო ალექსი-მესხიშვილი, ხოლო მისი გარდაცვალების შემდეგ დაამთავრა შ. ბერიშვილმა, 1921), ოსკარ უაილდის „სალომე“ (რეჟისორი კოტე მარჯანიშვილი, 1922), სანდრო შანშიაშვილის „ბერდო-ზმანია“ (რეჟისორი სანდრო ახმეტელი, 1920) და სხვ.
სახვით ხელოვნებაში სიმბოლიზმს არ გააჩნდა ჩამოყალიბებული სახე. მის წარმომადგენლებს არ აერთიანებდათ არც საერთო თეორიული პროგრამა, არც სტილური ნიშნები. საწყის ეტაპზე სიმბოლიზმს სახვით ხელოვნებაში ჰქონდა ტენდენცია ნაწარმოების სიუჟეტი დაეტვირთა რამდენიმე მნიშვნელობით, ალეგორიებითა და მისტიური სიმბოლოებით. ამან გამოიწვია ინტერესის გაცხოველება ძველ რელიგიებისადმი; ბიბლიური, ძველ აღმოსავლეთის, ანტიკური ლეგენდებისადმი. უფრო სხვაგვარად ესმოდათ სიმბოლიზმი სახვით ხელოვნებაში ე. წ. პონტა-ვენის სკოლის წარმომადგენლებს. ამ ეტაპზე სიმბოლურ დატვირთვას იღებდა არა ნაწარმოების სიუჟეტი, არამედ თვით მხატვრული გამომსახველობითი საშუალებანი — ფერი, ხაზი, მონასმი, კომპოზიციური აგების რიტმი. ამგვარი გაგება სიმბოლიზმისა მხატვრობაში გაგრძელდა XX საუკუნეშიც, „მოდერნის“ ხელოვნებაშიც, ფორმის აქტიურ გასულიერების ცდებში. სიმბოლიზმის მნიშვნელოვანი წარმომადგენლები იყვნენ XX საუკუნეში ფ. ფონ შტუკი, მ. კლინგერი — გერმანიაში, ფ. კნოპფი — ბელგიაში, ო. ბერდზლი — ინგლისში, ჩიურლიონისი — ლიტვაში და სხვა. რუსეთში სიმბოლიზმის ნიშნები გამოვლინდა „მირ ისკუსტვას“ ხელოვნებაში, რერიხის, ბორისოვ-მუსატოვის, ვრუბელის ნაწარმოებებში, თუმცა არც ერთი მათგანი არ იყო სიმბოლისტი.

ქართულ სახვით ხელოვნებაში სიმბოლიზმი არ ჩამოყალიბებულა თავისთავადი მიმართულების სახით და არც მიმდევრები ჰყოლია, მხოლოდ რამდენიმე მხატვრის ცალკეულ ნაწარმოებებში შეიმჩნევა მიმართულებისათვის დამახასიათებელი ნიშნები (შ. ქიქოძე „დაღუპული მეგობრის მოსაგონრად“, 1921, საქართველოს ხელოვნების მუზეუმი, თბილისი).
საქართველოში სიმბოლიზმი ლიტერატურაში ჩამოყალიბდა XX საუკუნის 10-იან წლებში. 1915 წელს ქუთაისში ჩამოყალიბდა სიმბოლისტთა ჯგუფი, რომელმაც გამოსცა ჟურნალი „ცისფერი ყანწები“. „ცისფერყანწელების“ ჯგუფში შედიოდნენ პაოლო იაშვილი, ტიციან ტაბიძე, ვალერიან გაფრინდაშვილი, გიორგი ლეონიძე, სანდრო ცირეკიძე, კოლაუ ნადირაძე და სხვა.
იხ. ვიდეო - ქართული სიმბოლიზმის შესახებ–მაია ჯალიაშვილი



Комментариев нет:

უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი)

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -   უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი) ინგლ. Ancient Aliens Ancient Aliens არის ამერიკული...