ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -
(დო მინორი) Op. 67 — ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის სიმფონია, დაწერილი 1804-1808 წლებში, კლასიკური მუსიკის ერთ-ერთი ყველაზე კარგად ცნობილი ნიმუში და ერთ-ერთი ყველაზე ხშირად შესრულებული სიმფონია, ფართოდ განიხილება დასავლეთევროპული მუსიკის ერთ-ერთ ქვაკუთხედად. პირველად შესრულდა 1808 წელს, ვენის თეატრში (Theater an der Wien) და მალევე მოიპოვა განსაკუთრებული რეპუტაცია. ერნსტ თეოდორ ამადეუს ჰოფმანმა სიმფონიას „თავისი დროის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწარმოები“ უწოდა. კლასიკური პერიოდის სიმფონიების უმეტესობის მსგავსად, მეხუთე სიმფონიაც ოთხი მოქმედებისგან შედგება.
იგი იწყება გამოკვეთილი ოთხნოტიანი მოტივით („მოკლე-მოკლე-მოკლე-გრძელი“)
სიმფონია და განსაკუთრებით, მისი ოთხნოტიანი ინტრო, მსოფლიოს მასშტაბით არის ცნობილი. მოტივი ხშირად ჩნდება პოპულარულ კულტურაშიც, არსებობს მისი ვერსიები დისკოს და როკ-ენ-როლის სტილში, გამოყენებულია ფილმებსა და ტელევიზიაში.
ბეთჰოვენის მე-3 („გმირული“) და მე-6 („პასტორალური“) სიმფონიების მსგავსად, მე-5 სიმფონიასაც აქვს შერქმეული სახელი, თუმცა არა ავტორის მიერ. მას ხშირად ეწოდება „ბედისწერის სიმფონია“ (გერმ. Schicksals-Sinfonie), ხოლო მის ცნობილ მოტივს - „ბედისწერის მოტივი“ (Schicksals-Motiv).
რომანტიკულ პერიოდში, ე.ი. მე-20 საუკუნის დასაწყისამდე მე-5 სიმფონია განიხილებოდა, როგორც ობიექტივისტური მუსიკალური თხრობა ადამიანის ბედისწერის, მარცხისა და ტრიუმფის, ტანჯვისა და ხსნის შესახებ.[2] მისივე მე-9 სიმფონიის მსგავსად, რომელიც საზეიმო ფინალით მთავრდება, თავისი სვლით მინორიდან მაჟორისკენ მე-5 სიმფონიაც ევროპული კულტურის ამ ფუნდამენტურ იდეას იმეორებს. მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი გააზრება ამჟამად პათეტიკურად ჟღერს, უდავოა, რომ მე-3 და მე-9 სიმფონიასთან ერთად ამ ნაწარმოებმა უდიდესი გავლენა იქონია მე-19 საუკუნის სიმფონიურ აზროვნებაზე, ფრანც შუბერტიდან და იოჰანეს ბრამსიდან მოყოლებული, პეტრე ჩაიკოვსკის, ანტონ ბრუკნერის და გუსტავ მალერის ჩათვლით. გარდა ამისა, იგი მიეკუთვნება კლასიკური რეპერტუარის იმ ნიმუშებს, რომლებიც კლასიკურ მუსიკაში გაუცნობიერებელ მსმენელსაც ძლიერად იზიდავს, განსაკუთრებით, თავისი რიტმული ძალის და დასამახსოვრებელი შესავლის წყალობით.
იხ. ვიდეო ლუდგვინ ვან ბეთჰოვენი მე-5 სიმფონია ტრაგიკული ნაწილი
სიმფონიის პრემიერა 1808 წლის 22 დეკემბერს, ვენის თეატრში გამართული ოთხსაათიანი კონცერტის ფარგლებში შედგა. ამ ისტორიული მნიშვნელობის კონცერტზე[9] აგრეთვე პირველად შესრულდა მე-4 საფორტეპიანო კონცერტი, მე-6 სიმფონია, ასევე ფანტაზია ფორტეპიანოს, გუნდისა და ორკესტრისათვის. პროგრამაში აგრეთვე შედიოდა ნაწყვეტები დო მაჟორული მესიდან და არია Ah, perfido!. პრემიერებმა წარუმატებლად ჩაიარა, რადგან მუსიკოსებს სათანადო რეპეტიცია გავლილი არ ჰქონდათ, ხოლო დარბაზში არ იყო გათბობა. პრემიერის დროს ბეთჰოვენს მე-5 და მე-6 სიმფონიები უკუთანმიმდევრობით ჰქონდა დანომრილი, თუმცა, მოგვიანებით, დღეს არსებული ნუმერაციის გამოყენება გადაწყვიტა.
მე-5 სიმფონიასთან დაკავშირებით ბეთჰოვენის ჩანაფიქრსა და მოტივაციაზე სათქმელი ცოტაა, რადგან თავად ავტორს არავითარი ჩანაწერი არ დაუტოვებია. მიუხედავად ამისა, სმენის დაქვეითება, რომელიც კომპოზიტორს 1798 წელს დაეწყო, აგრეთვე, მისი ჰაილიგენშტადტის ანდერძი გარკვეული დასკვნების გამოტანის საშუალებას იძლევა. 1859 წელს სწორედ ამ ფაქტორებზე დაყრდნობით, ალექსანდერ ულიბიშევმა შემდეგი მოსაზრება გამოთქვა: „მან კარი გაუხსნა სასიკვდილო დარტყმებს, მის წინაშე აღიმართა ბნელი აჩრდილი, რომელიც სრულ სიყრუეს და არარაობას უქადდა.“
მე-5 სიმფონიის წარმოშობასთან დაკავშირებულ კვლევაში მეხტჰილდ ფუქსი ითვალისწინებს როგორც ბიოგრაფიულ, ისე ისტორიულ ასპექტებს: „ბეთჰოვენის ბიოგრაფიით ან მის დროს მიმდინარე რევოლუციური პროცესებით მე-5 სიმფონიის შინაარსის ახსნა ზედმეტად მარტივი იქნებოდა. ბეთჰოვენის იმიჯის შესწავლის შედეგად, რომელიც როგორც საკუთარი, ისე იმ პერიოდის მუსიკალური საზოგადოების მიერ დატოვებულ დახასიათებებს ემყარება, მივედი დასკვნამდე, რომ ეს ფაქტორები მნიშვნელოვანია, თუმცა, კომპოზიტორის არტისტული ხედვა მათით არ შემოისაზღვრება.“
Комментариев нет:
Отправить комментарий