ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -
დავით გურამიშვილი
საგურამოს უფრო ამაღლებულ ადგილს, რომელსაც გორისუბანს ეძახიან, დღესაც ემჩნევა ძველი ციხე-დარბაზის ნანგრევები. გადმოცემით, ეს ადგილია გურამიშვილების სამყოფელი, რაზეც პირდაპირ მითითებას ჩვენ „დავითიანშიც“ ვპოულობთ: „მე ვიყავ ერთი თავადი მოსახლე გორისუბანსაო“.
დავით გურამიშვილმა სიჭაბუკე თავის მამულში, საგურამოში გაატარა. შემდეგ მისი ცხოვრება ტრაგიკულად წარიმართა. ფეოდალური შინააშლილობით დაუძლურებული საქართველო, ირანისა და ოსმალეთის გამუდმებული ცილობის საგანი გახდა. ლეკთა თარეშს ბოლო არ უჩანდა. გურამიშვილის ოჯახი ქსნის ხეობაში, სოფელ ლამისყანაში გაიხიზნა.
დაახლოებით 1727-1728 წლებში გურამიშვილი ლეკებმა შეიპყრეს და დაღესტანში, სოფ. ოსოქოლოში ჩაიყვანეს. იგი ტყვეობიდან გაიპარა და თავი შეაფარა თერგის პირას მცხოვრებ რუს ახალმოსახლეებს. 1729 წელს სოლაღ-ასტრახანის გზით ჩავიდა მოსკოვში, სადაც ვახტანგ VI-მ მას ჯაბადარბაშის თანამდებობა უბოძა. ვახტანგის გარშემო შემოკრებილ ქართველობასთან ერთად გურამიშვილი ინტენსიურ კულტურულ საქმიანობას ეწეოდა. ეს წლები მისთვის ნაყოფიერი გამოდგა. ფაქტობრივად აქედან იწყება გურამიშვილის ბიოგრაფია.
ვახტანგის გარდაცვალების შემდეგ (1737) სამშობლოში დაბრუნების იმედგაწყვეტილმა ემიგრანტებმა რუსეთის ქვეშევრდომობა მიიღეს. 1738 წელს მათ შექმნეს ქართველ ჰუსართა ასეული, რომელიც შემდეგ პოლკად გადაკეთდა, და მამულები მიიღეს რუსეთის სხვადასხვა პროვინციებში, მეტწილად უკრაინაში.
გურამიშვილის ბედი მჭიდროდ დაუკავშირდა უკრაინასა და ქართველ ჰუსართა პოლკს. მან მამული მიიღო სამხრეთ უკრაინაში — მირგოროდსა და ზუბოვკაში. 1738-1760 წლებში მონაწილეობდა ოსმალეთის, შვეციისა და პრუსიის წინააღმდეგ რუსეთის ლაშქრობებში, თავი ისახელა ერთგულებითა და სიმამაცით. პრუსიასთან შვიდწლიან ომში (1756-1763) გურამიშვილი ტყვედ შეუპყრიათ და 1759 დეკემბრამდე მჯდარა მაგდერბურგის ციხეში. 1760 წლისათვის მრავალჭირნახულ და სენთაგან დაუძლურებულ პოეტს პორუჩიკის ჩინით თავი დაუნებებია სამხედრო სამსახურისათვის, თავის ახალგაზრდა მეუღლესთან ტატიანა ვასილის ასულ ავალიშვილთან ერთად საბოლოოდ დამკვიდრდა უკრაინაში და შესდგომია გაპარტახებული სახლ-კარისა და მეურნეობის აღდგენას. როგორც ჩანს, მძიმე პოლიტიკური სიტუაციის გამო სამშობლოში დაბრუნება ვეღარ მოუხერხებია. სიცოცხლის დანარჩენი წლები გურამიშვილმა უკრაინაში გაატარა. აქტიურად მონაწილეობდა უკრაინის ქართული ახალშენის ცხოვრებაში. გურამიშვილი გარდაიცვალა მირგოროდში, დაკრძალულია ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის ეზოში.
იხ. ვიდეო დავით გურამიშვილი ,, დავითიანი'' ნაწყვეტი
მწერალმა თავის ლიტერატურულ მემკვიდრეობას თავი მოუყარა ერთ კრებულში და 1787 წელს საკუთარი ხელით გადაწერილი „დავითიანი“ პოტიომკინის კარზე მყოფ მირიან ბატონიშვილს (ერეკლეს ძეს) გამოატანა საქართველოში, რითაც ზნეობრივი ვალი მოიხადა მშობლიური ქვეყნისა და ხალხის წინაშე. გურამიშვილის პოეტურმა მემკვიდრეომაბ სწორედ ამ ერთადერთი ავტოგრაფიული კრებულის სახით მოაღწია.
ლირიკულ ლექსებთან ერთად „დავითიანში“ ორი პოემაა შესული; პირველი ისტორიული ხასიათისაა და პირობითად „ქართლის ჭირი“ ეწოდება. მასში დიდი პოეტური ძალით არის გადმოცემული იმდროინდელი საქართველოს მდგომარეობა. „მართლის თქმა“ გურამიშვილის შემოქმედებითი მეთოდია, რადგან „ფარვა სიავისა ქვეყანას არ მოუხდების“. გურამიშვილი ღრმად ჩასწვდა იმ მიზეზებს, რომლითაც ქვეყანა უფსკრულის პირას მიიყვანეს. გურამიშვილის აზრით, გარეშე მტრების გარდა ამაში ბრალი მიუძღვის ფეოდალურ შინააშლილობას, ძმათა სისხლისმღვრელ ომებს. პოეტი გვიხატავს საქართველოს ძნელბედობის შემზარავ სურათებს. „ქართლის ჭირი“ საყურადღებოა იმ თვალსაზრისითაც, რომ მასში გზადაგზა ჩართულია თვით პოეტის ტრაგიკული ბიოგრაფია. პოემაში გადმოცემული ყოველი ცალკეული ფაქტი კონკრეტულობასთან ერთად ფართო განმაზოგადებელ ძალასაც იძენს. პირადული და საზოგადოებრივი აქ ერთ მთლიან მხატვრულად დამაჯერებელ სურათს ქმნის. პოემას უძღვის შესავალი თავები, რომლებიც გადმოგვცემს პოეტის დიდაქტიკურგანმანათლებლურ იდეებს. „სწავლა მოსწავლეთა“ ავითარებს იმ აზრს, რომ ქვეყნის ხსნის ერთ-ერთი მძლავრი საშუალებაა სწავლა-განათლების აღორძინება.
გურამიშვილის ლირიკულ ლექსებში დასმულია ღრმა ფილოსოფიური და ზოგადსაკაცობრიო პრობლემები. ადამიანი, მისი ამქვეყნიური ხვედრი, სიკვდილ-სიცოცხლის მარადიული მონაცვლეობა გურამიშვილის პოეტური შედევრების ერთი უმთავრესი თემაა. ამ თვალსაზრისით დამახასიათებელია ლირიკული ლექსები: „გოდება დავითისა, საწუთროს სოფლის გამო ტირილი“, „სიკვდილისა და კაცის შელაპარაკება და ცილობა“, „კაცისა და საწუთროსაგან ცილობა და პჭობა, ერთმანეთის ძვირის ხსენება“ და სხვა. გურამიშვილის პოეზიაში დიდი ადგილი ეთმობა რელიგიურ განცდებს. პოეტი ეხება შუა საუკუნეთა მწერლობისათვის, კერძოდ, ჰიმნოგრაფიისათვის დამახასიათებელ სასულიერო მოტივებს („ღვთისმშობლის მიცვალების დღის შესხმა“, „ჯვარცმის ამბავი“, „სიტყვა ესე ღვთისა“ და სხვა) და ღვთაებისა და ადამიანის მიმართების საკითხებს ქრისტიანული რელიგიური პოზიციებიდან აშუქებს. მისტიკური განწყობილებითა გამსჭვალული პოეტის სასულირო თუ სატრფიალო თემატიკაზე დაწერილი ლექსები. მაგრამ გურამიშვილის პოეზიაში ქრისტიანული მისტიკა თავისებურადაა გარდატეხილი, იგი არ არის თვითმიზნური ხასიათისა. პოეტის ლექსები დამუხტულია ცხოვრებისეული ფაქტებით. რეალური და მისტიკური პლასტების შერწყმა გურამიშვილის პოეზიის ერთი ყველაზე დამახასიათებელი თვისებაა.
„დავითიანში“ ჩართული მეორე პოემა „ქაცვია მწყემსი“ ან, როგორც თვით ავტორი უწოდებს, „მხიარული ზაფხული“, პირველი საყოფაცხოვრებო ხასიათის თხზულება ქართულ მწერლობაში. ქრისტიანულ მორალზე დაფუძნებული ამ პოემის პერსონაჟები უბრალო, დაბალი წრის ადამიანები, ბუნების ლაღი შვილები არიან. მიმზიდველადაა დახატული მათი უშუალობა, წრფელი განცდები და ზნეობრივი სისპეტაკე. ბუნება და ადამიანი აქ წარმოსახულია მთლიანობაში, რაც მოქმედი გმირების ბედნიერების წყაროდაა მიჩნეული. პოემას უწყვეტ ნაკადად გასდევს ჭეშმარიტი ჰუმანიზმი. „ქაცვია მწყემსის“ თავისებურ კოლორიტს სძენს ისიც, რომ ზოგიერთ პასაჟში თუ ბუნების სურათის აღწერაში აშკარად იგრძნობა უკრაინის ყოფისა და ლანდშაფტის თავისებური გამოძახილი.
გურამიშვილი ქართული პოეზიის მამამთავრად რუსთაველს აღიარებდა. ე.წ. „აღორძინების ხანის“ სხვა მწერალთაგან განსხვავებით მან შემოქმედებითად აითვისა რუსთაველის მემკვიდრეობა, ახალი გზები გაკაფა და შექმნა ორიგინალური პოეტური სამყარო. ძველ ქართულ პოეზიაში ქართველი ხალხის ეროვნული ბედ-იღბალი ისე არავის წარმოუსახავს, როგორც გურამიშვილს. „ქართლის ჭირის“ ასეთი სიძლიერით გამოსახატავად მან მიაგნო შესაფერ პოეტურ კილოს. მთელი „დავითიანი“ ამ უწმინდესი თემის დრამატული განცდის შედეგია.
გურამიშვილმა პირველთაგანმა უკუაგდო „აღორძინების ხანაში“ უკვე გაცვეთილი „ყვავილოვანი“ პოეტური სტილი და სადა, ბუნებრივი მეტყველება გააბატონა, რითაც პრინციპულად დაუპირისპირდა აღმოსავლური პოეზიის შემოქმედებას. საგულისხმოა, რომ სასულიერო ჰიმნების დამუშავებისას მან მარტივი, სასაუბრო ენა გამოიყენა და ამით ყველასათვის ხელმისაწვდომი გახადა ისინი. გურამიშვილმა თავის ბევრ ლექსს ხალხური — როგორც ქართული, ისე უკრაინულის, რუსული — სიმღერებისა და პოეზიის კილო დაუდო საფუძვლად და ამით ხელი შეუწყო ქართული ლექსთწყობის გამდიდრებას. შინაარსისა და ფორმის პრინციპული სიახლის მხრივ „დავითიანი“ ქართულ პოეზიაში ე.წ. „ევროპეიზმის“ დამკვიდრების სათავეებთან დგას. ამ თვალსაზრისით გურამიშვილი XIX საუკუნის ახალი ქართული პოეზიის ერთ-ერთ წინამორბედად გვევლინება.
გურამიშვილის პოეტური კრებული მრავალჯერაა გამოცემული. პირველად იგი 1870 წელს დაიბეჭდა, ხოლო 1955 გამოქვეყნდა აკადემიური გამოცემა. „დავითიანი“ მთლიანადაა თარგმნილი რუსულ და უკრაინულ ენებზე. ცალკეული თხზულებანი კი თარგმნილია რამდენიმე სხვა უცხოურ ენაზე.
Комментариев нет:
Отправить комментарий