ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -
იტალიური ომები
იტალიური ომები განაახლა ლუი XII-მ, რამდენიმე გამარჯვების შემდეგ 1499-1500 წწ. იგი დაეუფლა მილანის საჰერცოგოსა და მთელ ლომბარდიას. 1501-1502 წწ. საფრანგეთისა და ესპანეთის ჯარებმა დაიპყრეს ნეაპოლის სამეფო, მაგრამ მალე მათ შორის თანხმობა დაირღვა და მდინარე გარილიანოსთან ბრძოლაში (1503 წლის 29 დეკემბერი) დამარცხების შემდეგ საფრანგეთი იძულებული გახდა დაეტოვებინა ნეაპოლის სამეფო, რომელსაც ესპანეთი დაეუფლა ბლუის ხელშეკრულების საფუძველზე.
იტალიური ომების შედეგად ვენეციის რესპუბლიკა გაძლიერდა. ამან ვენეციის წინააღმდეგ აამხედრა არა მარტო საფრანგეთი და ესპანეთი, არამედ იტალიური სახელმწიფოებიც. 1508 წლის დეკემბერში პაპ იულიუს II-ის ინიციატივით შედგა ანტივენეციური, ე.წ. კამბრეს ლიგა, რომელშიც შევიდნენ პაპი, საფრანგეთი, ესპანეთი, „საღვთო რომის იმპერია“, ფლორენცია, ფერარა, მანტუა და იტალიის ზოგიერთი სხვა სახელმწიფო. 1509 წლის 14 მაისს საფრანგეთმა ანიადელოსთან დიდი გამარჯვება მოიპოვა ვენეციაზე, ხოლო ივნისში იმპერატორმა დაიპყრო ქალაქები ვერონა და ვინჩენცა. მაგრამ ვენეცია შეუთანხმდა ესპანეთსა და პაპს და მიაღწია კამბრეს ლიგის დაშლას. ამავე დროს საფრანგეთის გაძლიერებამ ჩრდილოეთ-დასავლეთ იტალიაში გამოიწვია ძალთა გადაჯგუფება: პაპ იულიუს II-ის ხელმძღვანელობით საფრანგეთის წინააღმდეგ შეიქმნა ე.წ. „წმინდა ლიგა“ (1511 წ. ოქტომბერი), რომელშიც შევიდნენ პაპი, ვენეცია, ესპანეთი, ინგლისი, და შვეიცარიის კანტონები; საფრანგეთს მიემხრნენ მოდენა და ფერარა, ფლორენციამ ნეიტრალიტეტი შეინარჩუნა. მიუხედავად იმისა, რომ ფრანგებმა უკან დაახევინეს შვეიცარიელებს და 1512 წლის თებერვალში აიღეს ბოლონია, ხოლო რავენასთან ამავე წლის 11 აპრილს დაამარცხეს ესპანელები, საფრანგეთი იძულებული გახდა 1512 წლის განმავლობაში დაეტოვებინა ლომბარდია. 1513 წლის დამლევს საფრანგეთი დაუზავდა ესპანეთს, ხოლო 1514 წლის აგვისტოში - ინგლისს.
საფრანგეთის მეფე ფრანსუა I-მა ტახტზე ასვლისთანავე განაახლა იტალიური ომები. ფრანგებმა ვენეციელების დახმარებით 1515 წლის 13-14 სექტემბერს, მარინიანოს ბრძოლაში სასტიკად დაამარცხეს მილანის ჰერცოგის მიერ დაქირავებული შვეიცარიელები. საფრანგეთი დაეუფლა მილანსა და პავიას, ხოლო ვენეცია - ბერგამოსა და ბრეშას. ფრანსუა I დაუზავდა პაპს და 1516 წლის ნოემბერში დადო ე.წ. „მუდმივი ზავი“ შვეიცარიის კანტონებთან. საფრანგეთ ესპანეთს შორის დადებულმა1516 წლის ნუაიონის ზავმა დაამტკიცა საფრანგეთის უფლებები მილანზე, ხოლო ესპანეთისა - ნეაპოლზე.
ფრანსუა I-ისა და კარლ V-ის პირველი ბრძოლა
ესპანეთის მეფის კარლოს I-ის არჩევას „საღვთო რომის იმპერიის“ იმპერატორად (კარლ V-ის სახელწოდებით) მოჰყვა იტალიური ომების ახალი ეტაპი. კარლ V-მ თავისი ვეებერთელა ტერიტორიებით შემორკალა მთელი საფრანგეთი და დაემუქრა მის ტერიტორიულ მთლიანობას. 1521 წელს განახლდა იტალიური ომები. 1521 წელს ბიკოკთან ფრანგების არმია, რომელშიც დაქირავებული შვეიცარიელებიც შედიოდნენ, დამარცხდა. ფრანგები დამარცხდნენ პავიის ბრძოლაშიც 1525 წლის 24 თებერვალს. ფრანსუა I ესპანელებს ტყვედ ჩაუვარდათ. 1526 წლის 14 იანვრის მადრიდის ზავით იგი იძულებული გახდა დაეთმო ესპანეთისთვის მილანის საჰერცოგო და ფრანგული სამფლობელო - ბურგონის (ბურგუნდიის) საჰერცოგო, რომელზედაც პრეტენზიას აცხადებდა კარლ V.
კონიაკის ლიგის ომი
მას შემდეგ რაც საფრანგეთის მეფე ფრანსუა I გათავისუფლდა ესპანელთა ტყვეობიდან და დაბრუნდა საფრანგეთში გადათქვა თავისი პირობა და ომი განახლდა. საფრანგეთმა 1526 წლის მაისში შეადგინა კონიაკის ლიგა, რომელშიც შევიდნენ: საფრანგეთი, პაპი კლემენტ VII, ვენეცია, ფლორენცია და მილანის ჰერცოგი. 1526 წელს საფრანგეთმა იმპერიის წინააღმდეგ კავშირი შეკრა სულეიმან I კანუნთან. იმპერატორის დაქირავებულმა არმიამ 1527 წლის მაისში აიღო და ააოხრა ქალაქი რომი, პაპი ტყვედ ჩავარდა და იძულებული გახდა იმპერატორთან სეპარატული ზავი დაედო. იტალიის მოკავშირეებს ჩამოშორებულმა საფრანგეთმაც 1529 წელს კამბრეს ზავი დადო იმპერატორთან, რომლის მიხედვითაც ნეაპოლის სამეფო გამოცხადდა ესპანეთის სამფლობელოდ.
ფრანსუა I-ისა და კარლ V-ის მესამე ბრძოლა
1527 წელს რომის დაცემამ, რეფორმაციის წარმატებამ გერმანიაში და ინგლისის მეფე ჰენრი VIII-სა და კათოლიკურ ეკლესიას შორის განხეთქილებამ შეასუსტა რომის პაპის პოზიციები, ამის გამო იგი აქტიურად აღარ ერეოდა იტალიურ ომებში. 1530-იანი წლების დასაწყისში იტალიურმა ომებმა მიიღეს ესპანელ ჰაბსბურგებსა და ფრანგ ვალუას დინასტიას შორის ევროპაში ჰეგემონიისათვის ბრძოლის ხასიათი. იტალიური ომების განახლება მოჰყვა მილანის ჰერცოგის ფრანჩესკო II სფორცას გარდაცვალებას 1535 წელს. კარლ V-მ ლომბარდია სასწრაფოდ გამოაცხადა ესპანეთის საკუთრებად. ამის საწინააღმდეგოდ ფრანსუა I-მა პრეტენზიები გამოთქვა მილანზე და სავოიაზე. 1536 წელს საფრანგეთის ჯარებმა აიღეს ტურინი და დაიპყრეს მთელი სავოიის საჰერცოგო, მაგრამ მილანამდე ვერ მივიდა. საპასუხოდ კარლ V შეტევაზე გადავიდა პროვანსში და დაიკავა მარსელი. იტალიური ომების აღნიშნული ეტაპი დამთავრდა 1538 წელს ნიცის ზავით, რომელმაც შეინარჩუნა ესპანეთის ჰეგემონია იტალიაში.
ფრანსუა I-ისა და კარლ V-ის მეოთხე ბრძოლა
ნიცის ათწლიანი ზავი დაირღვა 1542 წელს. 1541 წელს ესპანელმა ჯარისკაცებმა მოკლეს 2 ფრანგი ჯარისკაცი პავიაში.ამის საპასუხოდ საფრანგეთის მეფე ფრანსუა I-მა განაახლა ომი, დაიპყრო ესპანეთის მეფის სამფლობელები ლუქსემბურგი და რუსილიონი, ამასთანავე მეფემ განაახლა კავშირი ოსმალეთის სულთან სულეიმან II-სთან. 1543 წელს საფრანგეთ-ოსმალეთის გაერთიანებულმა ესკადრამ აიღო ქალაქი ნიცა, 1544 წლის 14 აპრილს საფრანგეთის სახმელეთო არმიამ დიდი გამარჯვება მოიპოვა ჩერეზოლესთან ომში. ამავდროულად იმპერატორისა და ინგლისის მეფის ჰენრი VIII-ის ჯარები შეიჭრნენ საფრანგეთის მიწა-წყალზე. ინგლისის ჯარმა დაიკავა ბულონი, ხოლო ესპანეთის ჯარებმა სუასონი. გენუაში და სიენაში ანტიესპანუურმა აჯანყებებმა და ოსმალების ფლოტის გამუდმებულმა შეტევებმა კარლ V მოლაპარაკების მაგიდასთან მიიყვანა. 1546 წლის კრესის ზავით იტალიაში სტატუს ქვო შენარჩუნდა.
უკანასკნელი იტალიური ომი
1551 წელს ომი კვლავ განახლდა მოხუც კარლ V-სა და ანრი II-ს შორის. ფრანგებმა პიემონტში 1555 წელს დაიპყრეს კასალე, კარლ V-ის გადადგომის შემდეგ (1556 წ.) ანრი II განაგრძობდა ბრძოლას ფილიპე II-ის წინააღმდეგ. 1557 წელს საფრანგეთის არმიამ ფრანსუა გიზის სარდლობით გაილაშქრა ნეაპოლზე, სამაგიეროდ ესპანეთის არმია ნიდერლანდიდან შეიჭრა ჩრდილოეთ საფრანგეთში. 1557 წლის 10 აგვისტოს სენ-კანტენთან საფრანგეთის მძიმე დამარცხებითა და პარიზისათვის შექმნილი მუქარით ესპანეთმა აიძულა ფრანგები შეეწყვიტათ ნეაპოლზე ლაშქრობა. ხანგრძლივმა ომმა ფინანსურად გამოფიტა მებრძოლი მხარეები და აიძულა დაედოთ კატო-კამბრეზის ზავი (1559 წლის აპრილი).
შედეგები
ხანგრძლივი იტალიური ომების შედეგად საფრანგეთი გაძევებულ იქნა იტალიიდან, რომლის ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილში დიდი ხნით გაბატონდა ესპანეთი. იტალია პოლიტიკურად დაქუცმაცებული დარჩა.
Комментариев нет:
Отправить комментарий