ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -
ულრიხ ცვინგლი
1506 მიიღო მღვდლის თანამდებობა გლარუსში; მონაწილეობდა იტალიურ ომებში როგორც ლეგიონის მოძღვარი. 1519 წლის იანვარს ცვინგლი დანიშნეს კათედრალური ტაძრის მოძღვრად ციურიხში, აქვე დაუკავშირდა იგი პატრიციატისა და თავადაზნაურობის წინააღმდეგ მიმართულ ბრძოლას, რომელსაც აწარმოებდა ბიურგერობის პროგრესული ფენა ამქრებსა და გლეხობასთან ერთად. აქვე შეიმუშავა მან საეკლესიო და პოლიტიკური წყობილების გარდაქმნის პროგრამა, რომელიც გადმოცემულია მის „67 თეზისში“ (1522). ცვინგლმა აშკარად გაწყვიტა კავშირი რომის პაპთან. 1523 გაიმარჯვა კათოლიკეებთან გამართულ დიპუტში. საეკლესიო და პოლიტიკური წყობილების რეფორმას ციურიხში ცვინგლი შეუდგა 1523-იდან. დახურეს მონასტრები, ეკლესიებს მოაცილეს „წმინდათა“ ნაწილები და ხატები, ჩამორთმეული სამონასტრო ქონება კი მოხმარდა საქველმოქმედო და განათლების საქმეებს, რომელიც დაექვემდებარა საერო ხელისუფლებას ― დიდ საბჭოს, სადაც ამქრები ბატონობდნენ. საერო ხელისუფლებას დაემორჩილა ეკლესიაც, ქალაქიდან განდევნეს ანაბაპტისტები. ცვინგლი დაუპირისპირდა კათოლიკური ტყის კანტონებს და მათთან სამხედრო შეტაკებისას (კაპელთან ბრძოლაში) ციურიხის ჯარი დამარცხდა, ცვინგლი ამ ბრძოლაში დაიღუპა.
იხ. ვიდეო
ცვინგლიანობა
პროტესტანტიზმის ერთ-ერთი მიმართულება, რომელიც აღმოცენდა შვეიცარიაში XVI საუკუნეში, რეფორმაციის დროს. რელიგიურ-ეთიკური და სოციალურ-პოლიტიკური მოძღვრება, რომელიც შეიმუშავა ულრიხ ცვინგლიმ.
ცვინგლიანობას ბევრი საერთო აქვს ლუთერანობასთან. ამ უკანასკნელის მსგავსად ცვინგლიაობა უარყოფდა კათოლიციზმის ძირითად დოგმას, კერძოდ, იმას, რომ ეკლესია და სამღვდელოება აუცილებელი შუამავლები არიან ადამიანსა და ღმერთს შორის, სულის ხსნის ერთადერთ გზად აცხადებდა ჭეშშმარიტ რწმენას, ქრისტიანობის განახლების საფუძვლად მიაჩნდა საღვთო წერილი, უგულვებელყოფდა ინდულგენციებს, ხატებისადმი თაყვანისცემას, მარხვას, მღვდლების უცოლობას და ა.შ. საიდუმლოთაგან დატოვა მხოლოდ ორი მთავარი — ნათლობა და ზიარება. ამასთანავე, ლუთერანობასთან შედარებით ცვინგლიანობა უფრო გაბედულად გამოდიოდა კათოლიკური კულტის წეს-ჩვეულებების წინააღმდეგ. რაციონალურად განმარტავდა ზიარებას, განიხილავდა მას არა როგორც საიდუმლოს, არამედ როგორც ქრისტეს მიერ გაღებული მსხვერპლის სიმბოლურ გახსენებას. ცვინგლიანობა ეკლესიას საერო ხელისუფლებას უმორჩილებდა.
Комментариев нет:
Отправить комментарий